ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


უბის წიგნიდან - ,,გულის ნაფოტები''

მცირე  შვიდეული  წიგნიდან  << ჭყონდიდური  გვირგვინი >>


1.        უფალო  -  მაღლით შენ რომ დაჰკარი,
        ქართლს დამღა იგი დღემდის ზედ აზის!..
        მტკვარსადინარი  -  როგორც ნაპრალი,
        ისე სჩანს დღემდის მთიდან ზედაზნის...

2.    სამშობლო

        აკვნით კუბომდი საერთგულები,
        უფალო, შენ ხომ უწყი რაც არი -
        სისხლის კენჭებით და აგურებით
        სიმწრით ნაშენი წმინდა ტაძარი?!.

3.    მიწყივსანატრელი დღისა

        იმ დღეს ვნატრობ გაჩენიდან აქამდის,
        მამულში რომ გულმსუბუქად გავივლი... -
        საქართველოს აწმყოსი და მყოფადის
        რომ არ მქონდეს დარდი არანაირი...

4.    დედულ-მამულის გამყიდველებს

        თუმცა ბევრი დაატეხეთ მეხი,
        უფლის წილხვედრს ვერ შეირგებთ, მჯერა!..
        - ტვინზე ეშმამ თუ დაგადგათ ფეხი,
        რომ დაგხშვიათ გონებაც და მზერაც?!.

5.    ხმა მიწიდან...

      მზე რომ მოიხსნის ღრუბლის პირბადეს
      და პირს დაიბანს ცრემლით მაისის,
      ,, - ეს ცა და მიწა ვით არ გიყვარდეს!..''
      -  მიწიდან რაღაც მსგავსი ხმა ისმის...

6.    გადაუხდელი ვალისა...

      სულ რომ შენდა ლოცვად ვემხო,
      სულ რომ შენი ხატი ვხატო,
      მაინც ვეჭვ რომ ძალა მეყოს,
      შენი ვალი გადვიხადო!..

7.    ეჭვგარეული  მოლოდინისა...

      თუ კვლავ გაწბილდა ჭირთათმენაში
      და თუ ეს გული კვლავ გამიხევდა...
      -  დავეყუდები ჩემს მწირ სენაკში
      და სარკმლიდანაც არ გავიხედავ...



ვ ე რ ც ხ ლ ი ს  ქ ა მ რ ი ს ა

პოეზიის დღის  ექსპრომტი მირან ფალიანს

              ,, შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები, არვინ დაგმარხავს -
                თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი!..''
                                                                      ტიციან

               
-  ლექსის დღე ლექსად ხომ დავაღამეთ?!.
-  უმჯობესს ველი  ლექსის ალიონს!..
-  ვიდრე შუბლს ტყვიით დაგვიდაღავენ,
ვინძლო, ხვალ ძმურად თითოც დავლიოთ!..

მიწყივ მარხულობს ჩვენი ამქარი
-  არც-სით მწე გვიჩნს და არც-სით მფარველი...
ჟამთა  ქართ  ფიქრთა  მოაქვთ  ნამქერი
და  გულს  ხრავს  ჯავრი  გაუქარველი...
არც-ვინ  -  მკურნალი  თუ დასტაქარი
და არც-საიდან მხსნელსაც არ ველით...

და არც-ვის ჩვენი უნდა ხელობა...
-  წერავ, პოეტებს ვით აგვიხირდი...
-  ან ნიჭს რას ვაქნევთ, ანდა ქველობას,
ვერცხლის ქამარსაც თუ ვერ გვიყიდის?!.

                                  7 მაისი, 2008.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები