ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2009


ოთხი სააპრილო სონეტი დედას

წიგნიდან  << თავისუფალი  სონეტები >>

1.    აპრილის თავსხმის  ნაკლული სონეტი


ღვარცოფი ნაცრავს ყვავილთა ხანძარს...
უმწეოს შემწედ ახლა მჭირდები!..
აპრილმა ყელი ჩამოიკაწრა
ხმაჩაწყვეტილი სველი ჩიტებით...

ზეცამაც ღაწვი ჩამოიკაწრა...
ამ თქეშს ხეებიც როგორ უძლებენ?1.
ან გულს  -  ნუგეშად რომ დარჩა არც-რა,
რა წამალ-სამთელს აწ მოვუძებნი...

ღვარს -  მგლოვარ დღეთა ფერფლად და ნაცრად
მიაქვს გაძარცვულ ვარდთა ფურცლები...



2.    მოლოდინის  ნაკლული სონეტი


ღამეს ანათებს  შუქი ვარდების,
ვაზი სურნელით ნათლავს ბუნებას...
შენ შორეთიდან მოემართები,
რადგან არ ძალგიძს არდაბრუნება!..

რადგან შენა ხარ,  ნიჭი გაძლების
ვინც მიწილადა, დასჯილს ობლობით,
რისი მადლითაც არ ვინაცრები
დრემდე, დარდი რომ დამეუფლება...

ესეც რომ შემრჩა მარტოდ დარჩენილს,
მადლობელი ვარ ამად გამჩენის!..


3.    ტკივილიანი მონატრებისა

        /ანუ ნატურმორტი ღამისმთეველი ვარდებით/


... თვალს რომ ამიწვავს ღამე ცრემლებით,
ძილს ვნატრობ  -  სიზმრად  ვინძლო გიხილო!..
შენც ამ ცრემლების ღვარში ევლები,
ვით ცისლრის ცვარში ბაღის ღიღილო...

შენი ხატის წინ  დახრილ  ვარდებთან
დღედაღამ  ფხიზლობს  ძველი შანდალი...
საწუთრო კიდევ რას მემართლება,
ერთხელ შენ მაინც მითხარ მართალი!..

ან  -  ამ გულს ტკივილს რა გაუნელებს  -
სხვა ვიღა მეტყვის დაბეჯითებით?!.

და როს ვერც ვაზის მშველის სურნელი,
ვერც ჟრიამული ჭრელი ჩიტების,
სნეული სენით განუკურნელით,
კვლავ შენთვის ვარდთა კრეფით ვმშვიდდები...



4.    დაობლებულისა...
     
                          ღვთისმშობლისადმი


ცრემლიან  თვალებს ვით მილულავს  ღამისმთევარი
სევდა, როს ღამეც შეძრულია უხმო გოდებით
გულის  -  ოდითგან დღემდე ობლის ბედის მძევალის,
ახლა გულმკერდს რომ ეხეთქება თავგამოდებით!..

ვინ, თუ არა შენ,  უწყის უკეთ ყველა დედაზე,
ტკივილი ცრემლში თუ რა ძნელად დასამალია?!
შენ მოუფონე, შენ უკურთხე ცრემლი  -  ზედაშე!..  -
გულმწუხარსა და მგლოვარს ყოველს,  დედა მარიამ!..

შეათბო მარტმა გარეშემო ღიმით ნუშების,
აპრილი უფრო გაამშვენებს ირგვლივ სანახებს...
კვირტი ყოველი  -  გაშლილი თუ ჯერ გაუშლელი  -
რა სიყვარულით შესციცინებს გრძნობას განახელს!..

მაგრამ სატკივართ, გულში ნაჭრევთ  მოუშუშებელს,
რით უსალბუნებს, რით უწამლებს, რითი უშველის?!.



მრავალი  ბედნიერი  ბრწყინვალე  აღდგომა  გაგითენოთ  ღმერთმა
ბედნიერ  და ერთიან  საქართველოში!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს