ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2009


ჩემი ქალაქის ძიებაში - მატარებელი

კვლავ მაქვს იმედი, რომ არსებობს ქალაქი სადაც ადამიანებს ვარსკვლავები ისევ სჭირდებათ.

იქნება სადღაც მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც გამვლელები მუსიკოსებთან ჩერდებიან, მღერიან და მხოლოდ ამის შემდეგ ყრიან ხურდებს გიტარისა თუ ქალის ფორმის ღია ჩანთებში.

ხურდები ოქროსია და ზედ ბავშვების სურათებია ამოტვიფრული.

იქნება სადღაც ქუჩა, სადაც სახლების აბრებს არ აწერია ციფრები და სადაც ამ სახლებს
ქუჩა არ დაყოფს მარჯვნივ ლუწ და მარცხნივ კენტ  სახლებად.

(ალბათ რა ცოდოა ადამიანი, რომელიც კენტ სახლში ცხოვრობს)

და ისიც ვიცი ამ აბრებზე რა ეწერება: ეს მომღერალი და მსუქანი ნოეს სახლია...

რა ენაზეა ეს წარწერა ჯერაც არ ვიცი.

და ამიტომაც ვეძებ ქალაქს, ყველგან სადაც ქალები და კაცები ცხოვრობენ... ვეძებ ქალაქს სადაც მხოლოდ ადამიანები ცხოვრობენ. ვეძებ უკვე ოცდაცხრა წელიწადია და თქვენ არ იცით როგორ მეზარება, ხვალ დილაადრიან ადგომა.

ხვალ დილაადრიან უნდა ჩავჯდე მატარებელში, რომელიც თბილისიდან სამწუხაროდ მხოლოდ ბათუმში ჩამიყვანს, სადაც ქუჩები, ისევე როგორც ყველა სხვა ჩემთვის ნაცნობ ქალაქში, სახლებს მარჯვნივ ლუწ და მარცხნივ კენტ სახლებად ახარისხებენ.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები