ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


შენ ხარ...

მზე უფრო ცხელი ვიდრე ასი მზე
ვარსკვლავი ყველა ქალზე ციმციმა
ზღვა რომ ვერ გახვალ ვერასოდეს ამ ზღვის ნაპირზე
ყველა წვიმაზე უფრო თბილი და დიდი წვიმა

მოვიდა ჩემთან...

რაღაც იყო სათუთი მასში
და ერთდროულად ჩემი იყო ეს ”რაღაც” თითქოს
და მივხვდი ჩემი ოცნებები თვლემდნენ მის თმაში
და ვეხებოდი ამ თმებს მერე მე თითი თითო...

გაყუჩდა, თვლემდა ჩემს მკლავებში როგორც ავაზა,
ან როგორც კატა, ავხორცი და თან სევდიანი
წარსულის ყველა კარი უცებ გადაირაზა
და მივხვდი რატომ მქვია ”მაინც ადამიანი”

დამთავრდა ყველა ფათერაკი, დამთავრდა ღამე
ასე უწყვეტი, ღამე ყველა ბოთლის ჯამბაზი...
ყველა სიგიჟემ გზა დაუთმო სიმშვიდეს და მე
გამშორდა ყველა მოგონება აღსავსე ბრაზით

და სისასტიკით და ტკივილით ნაკვები ღამე
მორჩა...
და მორჩა
ახლა ახალ ცხოვრებას ვიწყებ
ვიქნებით სადღაც ზღვის ნაპირზე
მხოლოდ შენ და მე!
მზეზე თბილო მზე...
მოგიგონებ კიდევ სხვა სიტყვებს

აღვიდგენ ენას მოფერების, ნელ ნელა, მშვიდად,
და ვიცი შენთან დავიცლები ამ ღამისაგან
რომელიც სანამ მოვიდოდი, მაქცევდა ტვირთად
მიწისთვის და თან მიბიძგებდა ამ მიწისაგან

ან მიწისაკენ...

ახლა შენსკენ... მოვედი სული
შენ დამეხმარე, აღვიდგინო მინდა სხეული...

და დავდო მინდა ეს სხეული შენს სიახლოვე
მომე მეტი მზე, ვარსკვლავები და წვიმა მომე.

მზე უფრო თბილი ვიდრე ასი მზე,
ვარსკვლავი ყველა ქალზე ციმციმა
ზღვა რომ ვერ გახვალ ვერასოდეს ამ ზღვის ნაპირზე
ყველა წვიმაზე უფრო თბილი და დიდი წვიმა...

შენ ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები