ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


ვინც იყო და აღარ არის…



                    ვინც  არის  და  ვინც  არ  არის,
                  ყველა  ვიცი  ვინც  არის...
                  მეგობრები  ვეღარ  მცნობენ,
                  რაც  ცხოვრება  ვიცანი...

                                ღვიღვა  /ელდარ  კერძევაძე/


      1991-დან  დღემდის  სიცოცხლემოსწრაფებულ
      მეგობრებს...


ვინც  იყო  და  აღარ  არის
- მოეცარა  ბედი  ვისაც...
ვისაც  ამ  ცის  -  ფარღალალის!..  –
ცქერაც  არ  აცალა  მიწამ...

ვინც  რო  ლექსი  -  ნაბახუსევს!..  –
დღით  ნაწერი  -  ღამით  ფხრიწა...
ვინც  ჭმუჭნიდა  თაბახს  უცებ,
თუ  ლექსს  ვერ  უხსნიდა  კრიჭას...

შერეოდა  რადგან  ეჭვი
შხამ-სამსალად,  სენად,  ხინჯად,
თმენის  ცვილით  გადაბეჭდილ
ნაღვლით  სავსე  გულის  ფიჭას...

ეჭვი  -  რასაც  სიკვდილამდის
სული  ვეღარ  გამოგლიჯა
და  ქვეშ  მისი  დიდი  ლანდის
ხორცსაც  ამჭლევებდა  დინჯად...

ვინც  სტუმრობდა  ხშირად  სარდაფს,
დოქი  ხმობდა  სადაც  სველი...
და  ძველ  ჯამში  ხრჩობით  კლავდა,
რაც  რამ  ჯავრი  ჰქონდა  ძველი...

ვინც,  თუმც  სცადა,  ვერ  გაუძლო
ცრემლად  დენას  ჭირის  ოფლის...
ვერც  მჭორავთა  ენას  უძვლოს,
ვერც  სიმუხთლეს  წუთისოფლის...

კაცად  იშვა  ვინაც  მუცლით,
რძესაც  წოვდა  წმინდად  ნაწურს
და  სავსეს  ცრუ  ფაციფუცით
ყოფას  შეხვდა  არაკაცურს...

ვინც  დაქცევა  ნახა  ქვეყნის
და  ცდილობდა  გადარჩენას...
ვინაც  ერთგულ  სპათა  შეყრის
იმედით  ასცქერდა  ზენას...

ვინც  ვერ  გაიმეტა  სული
გასასყიდლად  ხურდა-ვერცხლად...
და  უმრავლა  ჯავრმაც  წყლული,
წამალი  რომ  შველის  ვერც-რა...

ჩინოსნობის  ვისაც  ნიჭი
არ  არგუნა  ბედისწერამ...
აწბილებდა  ვისაც  მიწყივ
მზემიმცხრალი  ზეცის  ცქერა...

კაცთდამცრობის  მრავლის  მომსწრეც
კაცად  დარჩა  ვინც  ბოლომდის...
ვინც  გულს  -  უმოწყალოდ  მოწყლულს... –
მიწყივ  აძალებდა  ლოდინს...

და  უძლებდა  სენსაც,  ვიდრე
გრდემლად  ექცა  საფეთქლები
და  ვიდრე  არ  გააფითრა
სუსხმა  გულის  აფეთქების...

ჩემს  ლოთ  ძმებს  და  ჩემს  გიჟ  ბიჭებს,
ვინც  დიდად  ვერ  გაიხარეთ...
ვინც  რო  გული  გაიგლიჟეთ,
ვინც  რო  ტყვია  დაიხალეთ...

ვინც  შეასკდით  ავტოს  სიმწრით  -
მიაშავეთ  მიწას  ვალი,
ანუ  -  ის  ალალი  სისხლიც,
მოწამლული  ჭირთა  მალვით...

ვინც  ეწამეთ  უწამლობით,
ან  ირჩიეთ  საწამლავი,
რადგან  გაწამებდათ  წლობით
ეჭვი  -  სულის  გამჭვალავი...

თქვენ  მოგდევთ  და  თქვენ  მოგტირით
გულიც  ჩემი  მწარედ,  უხმოდ...
ვინ  თქვა  -  სული  არის  ტკბილი?!.
ველი  -  დღესვე  ამ  სულს  უხმოთ!..

რადგან  თუკი  ასე  დარჩა
ეს  ყოფა,  რომ  არ  ღირს  კვეხნად
და  ეშმას  ამდენი  ხარჭა
ასე  ურცხვად  ივლის  ქვეყნად...

ყოფა  შავი,  თქმული  თეთრად,
სად  ღვთივ  ელის  შეჩვენებას
და  თუ  არ  უშველა  ღმერთმა,
სხვა  ვეღარც-რით  ეშველება...

სადაც  წეს  არს  -  ის  თქვან  გმირად,
ღმერთს  ვინც  კაცად  არ  უქნია,
მაშინ  არ  ღირს  არცა  ჩირად
ადრე  წახვალ  ანთუ  გვიან...

თქვენ  გეძებთ  და  თქვენ  მოგელით
რიჟრაჟზე  თუ  ნაშვაღამევს,
ვიდრე  მთვარე  - მწირშუქმფენი  -
ცივ-მშრალ  თვალებს  ახამხამებს...

თქვენ  -  ვინც  ნირი  არ  იცვალეთ,
ვით  მავანმა  -  გუნებანი,
გამაგონოთ  ვინძლო  მალე
კარზე  მოკაკუნებანი!..

ყველას  -  ვისაც  გცნობდით  კაცად
და  ნამუსის  ქუდის  პატრონს,
ვისაც  სული  დაგიკაწრათ
ყოვლად  უსულგულო  ამ  დრომ...

ძმობის  ვისიც  ვიყავ  მოწმე
( დღემდის  წელში  გადამსხვრევის...) –
ყველას  გიგლოვთ,  თუ  დროს  მომცემს
ჩემი  ორი  პარასკევი...

ვერას  მიგებს  უკვე  ვერვინ
და  ვერც  გულის  ტკივილს  ვუვლი...
მთელი  -  აღარც  ძაფი  ნერვის...
სამყო  -  აღარც  ჯიბის  ფული...

ვერიდები  უკვე  ღვინოს,
ვხვრეპ  არაყს  და  ვერა  ვთვრები...
და  უძილო  ღამის  ყინულს
ვადნობ  წვრილ-წვრილ  კელაპტრებით...

ცას  -  თქვენს  ჭიშკარს  -  ავცქერ  მარტოდ,
ღვთივ  მანდ  ველი  შემოშვებას...
-  ალალ  თქვენი,  ეს  უვადო
თქვენზე  ჩემი  წვერმოშვება!..

ყველა  ნაღდს  და  ყველა  ღვიღვას
შემოგევლოთ  ჩემი  თავი...
-  იქნებ  კვანტი  მოსდოთ  იღბალს,
მიაშავოთ  ის  საფლავიც,

სადაც  თქვენი  ჩადნა  ხორცი,
სული  კი  ვერ  ჩაეტია!..
მერე    ( ყველას  გასაოცრად!..)
ღამე  ლხინში  გაგვეთია...

ანდა  გვექნა  უკეთესიც:
-  სული  ყუნწში  გაგვეტია!..
და  გვეცვალა  უცებ  გეზი  -
სადიდგორედ  გაგვეტია!..

რათა  ნაცვლად  მიწიერი
ბრძოლის  -  უქმად  რომ  დავშვერით!..  –
ხსნას  ვეწიოთ  ამიერით
უფლის  ლაშქრის  მოლაშქრენი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები