ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


სამი ვარიაცია

დღევანდელი  ,,  ქართლის  ჭირის’’  თემებზე 


ნამეტი  სონეტი
ძმათაომის  დატირებისა


ხოცეს  და  ხოცეს  -
          ხოხბებივით!.. –
                      ძმებმა  -  მოძმენი...
იდგნენ  გარშემო  მთები  -  ვითარც  უტყვნი  მოწმენი...

უნდა  გუშინდელ  ისტორიას
          გადამოწმება?!.
ვეღარ  უშველეს  შვილთ 
          უწმინდეს  დედის  ლოცვებმაც...

და  არ  ჩერდება  აქამომდის
          სიკვდილის  კალოც...
-  საფლავთა  ზედაც
          კვლავ  კაენის  ყორანი  ,,გალობს’’...

აწ  საქართველოს  -  დედას  მგლოვარს  -
          მიწყივ  რომ  წვალობს  -
შენ  მოეც  მადლი  ნუგეშისა  -
          დიდო  უფალო!!!
რადგან  არ  არის  საქმე,
          ვით  ჩანს ,
                    ისე  უბრალოდ...

16.52008



შურისა  და  ღალატის  ბალადა
 
      !991  წლის  მიწურულის  არდავიწყებისთვის...


...  რაც  მაშინ  შურმა  აიშვა  თავი!..
რაღა  აიშვა  -  მთლად  აიწყვიტა!..
და  ის  ყასიდიც  დაირღვა  ზავი
სინდისნამუსთან,  რიდთან,  სირცხვილთან...

,, -  ვით  იმღერეო  უჩემოდ!..’’  -  ერსაც
შეჰკადრა  რიხით  ავ-კადნიერით
( თვით  კრავის  ტყავში  გახვეულ  მგელსაც
შეაცბუნებდა  ალბათ  იერით!..)

ბილწი  სიცრუე  იფარა  ფარად,
აისხა  მისივ  ჯავშან-აბჯარი...
ფრთაც  ლიზღ-ბეზღობის  ლაღად  გაშალა
და  ღალატთანაც  იფსკვნა  მსწრაფლ  ჯვარი...

და  კიდევ  ერთხელ  -  ეს  მერამდენედ!..  –
გაიჯეჯილა  კაენის  გენმა!..
-  ძმად  გაეფიცა  მტერს  შინამტერი
და  დედას  ქართვლის  კვლავ  დასცდა  გმინვა...

და  აქამომდის  -  ხატებს  და  ტაძრებს
ვეღარ  აშრება  ცრემლი  იმ  დედის,
იმსაახალწლოდ  შეკერილ  ძაძებს
გაუხდელად  რომ  ატარებს  დღემდის...

და  დღემდის  ხეზე  არ  ჯდება  მწყერიც...
დღემდის  არც  ყორანს  უცვლია  ფერი...
შურიც  -  ზნემწირთა  მარადი  მღერი!.. –
კვლავ  იმ  კამათლის  ერთობა  მღერით...

ის  მღერაც  კვლავ  მტერს  ახარებს  ოდენ,
ეს  ურვა  -  ერის  კეთილთა  ზედა...
და  კვლავ  ავს  უგრძნობს  გულიც...
                          და  ჰგოდებს
შავგაუხდელი  ქართველი  დედა...



ორკეცი  სონეტი-რეპორტაჟი
                ქვასროლიათა  ასპარეზობიდან
   
    /  ქვაზიირონიული /

კაცი  ბრძენი,  ენამჭევრი,
ვინც  რომ  სიტყვით  ქვასა  ხეთქავს,
ცდილობს,  მაგრამ  ვერ  მიმხვდარა,
ვინ  ვისას  და  რასა  ეთქავს...

თვით  ღორიც  კი  ხვდება  ძღომას  -
წაუსვენებს  ისიც  ერთხანს...
ესენი  კი  -  ლეღვს  ასულნი
კაკლისაც  ლამობენ  ბერტყვას...

ქლიავზე  მსხდომთ  -  ეტყემლებათ,
მუნჯი  იღებს  ბლუზე  მეტ  ხმას...
მე  კი  ეს  ცა  -  ჩემზედ  მწყრალი  -
ხან  მმეხავს  და  ხანაც  მსეტყვავს...

ზოგჯერ  ვშიშობ,  რომ  ჩემსავეს
მივაყურო  გულის  ფეთქვას...

მაგრამ  -  თუნდაც  უკანასკნელს!..  –
მართალს  ვიტყვი  მაინც  სიტყვას:
-  ვინ  არ  იცის,  ღვთივ,  ბუნება
აჩენს  მეტ  არწივს  თუ  მეტ  ყვავს?!.

ვინ  მოძმეა,  ვინ  მოყვარე,
ანდა  ვინ  ვის  აძრობს  მეტ  ტყავს...
რას  უშველის  -  ღვთივგანწირულს
ზღაპრული  სარტყელიც  ერტყას?!.

როცა  ერთურთს  ეჯიბრება
ყველა  -  ვინ  ვის  ესვრის  მეტ  ქვას,
მეც  დღემუდამ  ველოდები,
თავში  როდის  ვინ  რას  მხეთქავს...

-  ეს  ტიპი  რა  ცერად  მიცქერს...
-  თითქოს  რამ  ისეთი  მეთქვას...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები