ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


ცოდვილთა ღამე/დრამატული ლექსპოემა/

შვილი: მერი მარკოზია
კონგრესის წევრი
მამა: არკადი მარკოზია
უზენაესი საბჭოს დეპუტატი
დაიღუპა 1991-92წ. დეკემბერ-იანვარის
ძმათამკვლელ ომში.
1.
რისთვის მოკლეს მამა?
აი, კითხვა, რომელიც ნათოფარ ნადირივით
აგატირებს, სულერთია _ იქნება ეგ,
ზამთრის უჟმური ყინვებით
გაძეძგილი ღამე,
თუ აგვისტოს მკბენარა სიცხით
გაკოჭილი დღე.

ვერ უპასუხებ კითხვას, რომელსაც
ვერ გაექცევი, ვით ბედისწერას.
საკუთარ სახლში, როგორც საკანში
ზიხარ და ფიქრობ: ,,უცხოა ყველა!”
და როგორც დაჭრილ ნიამორს ტყეში,
აგებნა გეზი, არ ჩანს ნაპირი,
ორი გზა მიდის სხვადასხვა მხარეს,
და სადღაც სისხლით ძღება ვამპირი.
ორი გზა მიდის სხვადასხვა მხარეს_
შვილი და მამა, მამა და შვილი,
ავსულთ ზეობა, დღეა თუ ღამე
და კოშმარებით გამფრთხალი ძილი.
გახსოვს?_ ბავშვობა თეთრი ბაფთებით,
თოჯინებით და ასკინკილათი,
მამის ნაჩუქარ ფერად ფანქრებით,
ლარნაკში ნაზი, ლორთქო იათი.
და მოკლეს მამა, და ქვაფენილზე
მბზინავი სისხლი შენი სისხლია,
კანკელთან ჩუმად ლოცულობს ბერი,
აუტატია ფრთხილად ბიბლია.
_ მამა, როდესაც პირველად ვიგრძენ
შენი თბილი ხმა, მზერა, იერი,
იდგა კი ვინმე მაშინ ჩვენ შორის
ცრუ ცერბერივით, უნდო, ცბიერი.
სამშობლო იყო, იქნებ არც იყო,
და იყო მამა და იყო შვილი,
ცხოვრება იყო... ისიც არ იყო,
გომურში შემძვრალ თაგვივით ფრთხილი.
ვინ ჩადგა, მამა, რატომ ჩვენ შორის?
ვინ ღება სისხლით აკვნები, ძნები,
ვინ აქვითინა თოჯინა ზღაპრის,
ვინ ჩაჭრა პეპლებს ბრჭყვიალა ფრთები?
იქნებ მკვლელი ვარ და ჩემი ხელი
ადევს ცივ დანას გაშეშებული,
იქნებ ლოდი ვარ სამარის თავზე,
ან ფარდა, უკვე ძირს დაშვებული.
იქნებ, უბრალოდ, ნაფოტები ვართ,
მღვრიე მდინარის ჩქერს ჩახვეული,
და სულ არ ვუწყით, სად მიგვაქანებს
აპოკალიფსის ჟამი წყეული.
ვიდექ ტაძარში მცირედმორწმუნე,
მწამდა უფალი, თითქოს არც მწამდა,
თურმე ეშმაკი ფეიერვერკულ
და გენიალურ სპექტაკლებს დგამდა.
იქნებ სტატისტის გვერგო როლები,
სხვადასხვა ფერის მოგვარგეს ფარჩა,
აქეთ მე დამსვეს შავი მანტიით,
მამა მეორე ნაპირზე დარჩა.
                                იქნებ ის ძაფი, ასე რომ გვკრავდა,
ჩაწყდა, ფერნაზი წლები გავიდა,
ისევ კითხვები, კითხვები, მაგრამ
პასუხი რომ არ ჩანს არსაიდან...
2.
და ურჩეულეს ვაჟებს და ქალწულთ
ეშმა გულდაგულ უმიზნებს ისრებს,
გაიწირება ამაღამ ქართლი,
ამოკორტნიან ყვავები ცისკრებს.
გზა ყორნისფერი, ცა ყორნისფერი,
დამარცხებული ქვითინებს ჯარი,
დედა, აქ ყველა ქართველებია,
ვინ დაიტიროს ამდენი მკვდარი.
მაბიჯებ გულზე და სისხლიანი
ისევ გიელავს იატაგანი,
თითქოს სატრფოსთვის რამ მისართმევი,
უძვირფასესი გეპყრას საგანი.
ხარხარი შენი სხეულში ჩამდის,
და ყორნისფერი ბზინავს ენები,
სიზმარში გხედავ, მალამოს მადებ,
სასთუმალს ზიხარ და მეფერები.
ბედსმინდობილი რიყეზე ვგდივარ,
წინ სამარე და გრანიტის ლოდი,
დავითის ხმალი, თამარის სკიპტრა,
აღარც კი მახსოვს, იყო კი? როდის?!
3.
,,ბრძოლად ყოველთვის ორი ცხენი მიჰყავდა სვიმონ მეფეს –
ცეცხლისფერი და ყორნისფერი. პირველს ფალავანი ერქვა, მეორეს
შურდანი. პირველი გამარჯვებისა და ძლევამოსილების თილისმა
იყო, მეორე ბრძოლის ველიდან უკუქცევის, მარცხისა და ბოღმის
მომტანი”.

და დათალხული და ყორნისფერი
ფერებით არის ცა დაჩრდილული,
ცხენის თქარუნზე ფხიზლდება ღამე,
მდინარეებშიც ჩალღვა ყინული.
და ყორნისფერიც უფრო ბაცდება,
სად არის ძლევის ცხენი _ თილისმა,
ბოღმის ნთხევით და სისხლის მორევით
გადაიარა წუხელ თბილისმა.
ხოლო სიკვდილი და ჯოჯოხეთი,
ქალაქში დადის ზმანებად ძრწოლის,
მომგვარეთ ჩემი ცხენი შურდანი,
რომ გავაღწიო, ველიდან ბრძოლის.
4.
ვინ დაიფარავს ცოდვილ კაცუნებს,
როდესაც წარღვნა ჩამოდის ციდან.
იდგა სისხლის ტბა, როგორც მორევი,
შენ კი გეგონა, უბრალოდ წვიმდა.
და სიძულვილით შეშლილ სახეებს,
რომელთაც უმალ დაკარგეს შიში,
ყინვის კვარცხლბეკზე შემდგარ ფიტულებს
უცქერდი ცხადში, უცქერდი ძილში.
სიონის ეზოს დამფრთხალი ბერი
კანკალებდა და ჩოქვით უვლიდა,
ვერ დავიცავით მამული ფიქრშიც,
ვერ ამოვცალეთ ეშმა სულიდან.
აქეთ ,,ჩვენები”, იქით ,,ისინი”,
სისხლი და სისხლი სხეულს ღარავდა,
სიზმარში ვნახე ანგელოსები,
                                ღვთისმშობლის კალთას ცრემლით ნამავდა.
და ეპყრა ყინვის მათრახი ირგვლივ
ღალატს, ზვაობას, წყევას და შიმშილს,
და სისხლიანი ცივი ქარები
თბილისის თავზე ეძებდნენ სიკვდილს.
და ჯოჯოხეთის ღიაა მღვიმე,
ეშმას სისინით წამებს ითვლიან,
ვაიმე, დედა, უმძიმეს ცოდვით
ჩვენი ბიჭები საით მიდიან.
გრძნეული ჟინი ისევ ხელდება,
იტაცებს შავი მეწამულ ფერებს,
ძმის სისხლი ტანზე აღარ გვაშრება,
და ვაფათურებთ ბნელეთში ხელებს...
5.
ვერ ვიმყოფეთ ერთი წყარო,
ამოვლევდით პეშვით თითქოს,
ნაღვერდალში მფეთქავ ცეცხლის
ორად გაყოფილი სითბო.
თოხის ტარზე მაფშალია
მეჯდა ტკბილი გალობითა,
მუდამ სავსე კალო მედგა,
უფლის თვალის წყალობითა.
ვოი, ნანა, ნანაია,
ყრუ ქვითინის ისმის ზარი,
დადიანის ეზოში ვარ,
თუ უბრალოდ, მექცა მხარი.
ვაი, მგონი, კაენური
ტიალდება სამწყსო ჩვენი,
ბაზალეთში გამეტებით
ხმალს იქნევდა პაპაჩვენი.
დამკორტნე და გამომკორტნე,
მომხდურივით აღარ მენდე,
ვაი, ჩვენი ძმობის მადლი,
მეც ავდექ და გაგიმეტე.
ჩემი ხელით მოკლული ხარ,
შავ ფარდაგზე ასვენიხარ,
მე ხომ ვიცი, ძმა ხარ ჩემი,
სხვას ჰგონია, ასკერი ხარ.
6.
VI საუკუნის ლაზიკაში ერთმანეთს დაუპირისპირდა
ორი თვალსაზრისი _ პროსპარსული და პრობიზანტიური.
სპარსული ორიენტაციის პოლიტიკური მოღვაწე იყო
აიეტი, ბიზანტიური ორიენტაციისა  _ ფარტაზი.

აღმოსავლეთი და დასავლეთი,
და იყო სისხლი მარადი ბედი,
და როცა ჩადრში ვფარავდი ცრემლებს,
მაშინაც მჭადზე ნინოს ჯვარს ვწერდი.
აღმოსავლეთი და დასავლეთი,
ჩვენი გოლგოთა და ჩვენი ბედი,
აქეთ _ ირანი და იქით _ რომი,
აქეთ _ ვეშაპი და იქით _ ლომი.
დაუსრულებელს ებრძოდი ტკივილს,
დგებოდი ფეხზე თუ ვერ დგებოდი,
ვენახში გკლავდნენ, წყაროზე გკლავდნენ,
უფლის ლოცვაში იბადებოდი.

აიეტი:
მტერია ირგვლივ, მტერია ყველგან,
სასახლის გარეთ, სასახლის შიგნით,
                                                ცრუ სწავლულნი და ცრუ მწიგნობარნი,
აღზევებულნი სატანურ ნიჭით.
მე უკვე ვხედავ: აი, ისინი!
დიდის ლაშქარით ჩემკენ იძვრიან,
ეგ ღალატია, ძმანო, მამულის,
უბადრუკებმა ეს არ იციან.
შენ, ბიზანტიის ჯაშუშს და მსტოვარს,
უფლის წყევა და სასჯელი გელის,
ფარტაზ! ქვესკნელშიც გაგასამართლებს
ერის ნება და სამსჯავრო ერის.

ფარტაზი:
არ ეშველება მანამდე ლაზიკს,
არ ეშველება მანამდე კოლხეთს,
ვინემ იქნებით იმამის მორჩილ
ფანატიკოსთა უსიტყვო მოწმე.
პირველი სხივიც, აჰა, ინთება,
ღიაა რომის სენატის კარი,
გთხოვთ, ბატონებო, მადლობა
                                  ვთქვათ და   
დასავლეთისკენ მივაპყროთ თვალი.



ჟამთააღმწერელი:
დაგვაღო ისევ ზვაობამ ხელი,
რო განვარისხებთ შემოქმედს _ უფალს,
ჩვენ ისრე ვძიძგნეთ მამული მრთელი,
რომ ბოლოს ლუკმად მიუვალთ სულთანს.
გაცვდა ნამუსი?! გაცუდდა ხმალი?!
აღვდგებით ნუთუ! ისევა მკვდრეთით
და არხევს ქარი თავდახრილ დროშებს
აღმოსავლეთით და დასავლეთით...
7.

ჩარღვეულია ლიბო ჩაშლილი,
ეჭვი მღრღნის, როგორც სულში ობობა,
ნუთუ ეს არის დაჭრილ-დაღრღნილი
და გამოხრული ჩვენი მყოფობა.
ჩვეულებრივად ისე თენდება,
თითქოს თამარის ჟამია ქართლში,
სადა ხარ, მტერო, ცოცხლად მეჩვენე!
დაწყდა ნერვები, მოვდივარ ხმალში!
ჩვეულებრივად თენდება ისე,
თითქოს თამარის ჟამია ქართლში.
8.

როცა სამშობლო გაყოფილია,
როცა ტკივილი გაყოფილია,
ეზო-კარი და ტაძარ-საყდარი,
დაძაბუნებულ-დავრდომილია,
როცა უფალი უძღები შვილის
ცოდვათა გამო განდგომილია,
როცა სატანა, როცა იუდა,
როცა კაენი კმაყოფილია,
რომ ყოველ გოჯზე, ყოველ ნაბიჯზე,
მეკობრე ანდა ქუჩის გზირია,
როცა დაძაძულ დედების ოხვრით
ქვა-ლოდიც ცრემლით გალბობილია,
როცა სატანა, როცა იუდა,
როცა კაენი კმაყოფილია.
9.
გონჯი დღეები წინ ურჩხულად ჩამოგვაფარეს,
კუზიან წამებს აღარ მოაქვთ სიმშვიდე დიდი,
რისთვის მივსდევდით ჩალისფერა დროშების ალებს,
რა იყო ის დრო, დრო სინათლის თუ ჟამი ფლიდი.

და უმლოცველოდ ჩაფიქრებულ ტაძარს სიონის,
და ქაშუეთზე მოზუზუნე ტყვიების წრიაქს,
სისხლის მძივებად გადათხიფულ ნათელს მირონის,
თქვი, დედაჩემო, ნუთუ ამას სამშობლო ჰქვია?

ველის ყვავილნი სანაგვეზე ისროლეს ყინჩად,
იპყრო სატანამ სინათლეზე თავის უფლება,
და იბურება ბნელ სივრცეში ხორკლიან ნისლად
პეპელას ფრთებზე დაწერილი თავისუფლება...

                                                          1993წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები