ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2009


სიყვარული, ზამთარი და ნავთის რიგი 2006



როგორც ეკა მიკითხავს, თურმე ყველაფერი ასე დაიწყო:
„თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
ის იყო თავდაპირველად ღმერთთან.                (იგავ.8,22. 1იოან. 1.1-2).
ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. (დაბ.1,3. ფსალ. 22,6).
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.
ნათელი ბნელში ანათებს და  ბნელმა ვერ მოიცვა იგი”.  (იოან. 3,19)
მე ეკას ვეუბნები, პირველად სიტყვა კი არა, ღვინო იყო-მეთქი. არაო, ის მპასუხობს, ეს იოანეს სახარებაა  და უნდა დაიჯეროო. კარგი მჯერა, მაგრამ თუ პირველად სიტყვა იყო, ის სიტყვა აუცილებლად ღვინო იქნებოდა, თან ისეთი ღვინო კი არა, ხათრით რომ სვამ, აი ნამდვილი ქართული, უშაქრო, უწყლო,  მზიანი და მთვარიანი ღვინო-მეთქი. ამაზე უკვე ლოთი ხარო, მეუბნება.
რაც შეეხება ლოთს. კაცი ღვინოს უნდა სვამდეს, სადღეგრძელოს უნდა ამბობდეს და ილოცებოდეს. სადღეგრძელოს გარეშე შესმული ღვინო უგემურია.
ოღონდ, ისე უნდა დალიოს ფეხი და ენა არ შეეშალოს. კოჭლებთან და ენაბლუებთან ბოდიში. სვით რამდენიც გინდათ.
ხო,  სულ დამავიწდა მეთქვა. ეკა ჩემი ცოლია. ნათლობაში გავიცანი. მეგობარი ნათლავდა დედ-მამას. არ შემშლია, მართლა ასე იყო. მე ცოტა ნასვამი მივედი და ეკას წინ მომიწია დაჯდომა. სხვათა შორის, რომ ამბობენ, მთვრალ კაცს ყველა ქალი ლამაზად ეჩვენებაო, ასე სად არის. ეკა თავიდან ალქაჯი მეგონა. არა, ისე ლამაზი კი იყო, მაგრამ  ქათმის ბაჟე მიირთვით აგერ, ა, მშვენიერი ბარკალია-მეთქი, რომ  შევთავზე,  ისეთი თვალებით შემომხედა, წესით საერთოდ არ უნდა ამომეღო ხმა. მე რა ვიცოდი, თურმე ტელევიზიით გადმოუციათ, მეზობელ ქვეყანაში ქათმის გრიპის კერებია აღმოჩენილიო. მერე ჯანმრთელობის მინისტრს კი უთქვამს, ჯერ საშიში არაფერია, ქათამი ჩემი საყვარელი კერძია და გრიპის რავა შემეშინდებაო, ჭამეთ რამდენიც გინდათო, მაგრამ მინისტრები რომ სანდო ხალხი არ არიან, ამას რად უნდა მტკიცი-ფიცი. ეს ყველაფერი მერე მომიყვა გზაში. მე რა ვიცოდი. ტელევიზორს დასანახად ვერ ვიტან. ისე გამორთული იყოს, რას მიშლის, ვაწყობ ზედ რაღაცეებს.  ხოდა ბაჟეზე რომ უარი მითხრა, რაღაცა ხო უნდა შემეთავაზებინა, და უი რა ლამაზი ხარ, ცოლად ხომ არ გამომყვები-მეთქი, წამომცდა. შევხედე და მივხვდი, კიდევ რამე რომ მეთქვა, იკივლებდა. არ მიყვარს ქალები რომ კივიან. ტურების კივილიც არ მიყვარს პრინციპში. ეს ისე, ვეხუმრე. აბა მართლა ცოლად ხომ არ მოვიყვანდი, რადგან ლამაზი იყო?! ასე შერონ სტოუნი და მიშელ პფაიფერიც კი არიან ლამაზები, მაგრამ ცოლად კი არ მომყავს?! ჰოდა, მართლა კივილი არ დაიწყოს ახლა ამ ქალმა-მეთქი და სუფრიდან წამოსვლა დავაპირე - რატო არ ვიცი, ხო გამახსენდა. იმ დღეს კიდევ ერთისთვის დაბადების დღე მქონდა მისალოცი. „პარდონ” ვთქვი, მეტი სიტყვა არც ვიცი ფრანგულში და ავდექი და ის იყო წამოსვლას ვაპირებ, თვითონაც ადგა და მეუბნება, გამოგყვები მაგრამ სანამდეო. მე უცებ დავიბენი, სად მომყვება ეს ქალი, მგონი მთლად თავისი ძრავი არ უდგას და აგერ მეტროს სადგურამდე გამომყევი-მეთქი. ამანაც არც აცივა და არც აცხელა და მართლა არ წამოვიდა? ჯერ მეტროს სადგურამდე.  მერე იქნებ მეზობლები ვართ-მეთქი, ის მუხიანში ცხოვრობდა, მე ვარკეთილში. იმ დღეს გადავწყვიტე  მუხიანში წასვლა. დაბადების დღეზე რომ ვიყავი წასასვლელი სულ დამავიწყდა. ის კი არა და მგონი ჩემი დაბადების დღეც დამავიწყდა. იმ დღეს გადავწყვიტე გამეგო  მუხიანში მართლა იყო მუხები თუ ესეც მინისტრების მოგონილი მორიგი ზღაპარი იყო. ისე მივაცილე სახლამდე, ეს მაინც ვერ დავადგინე. სამაგიეროდ ეკას გზაში ჯარის ამბებს ვუყვებოდი. ყველაზე საინტერესო ადგილზე რომ ვიყავი, მაშინ მივედით ეკას სახლთან. სხვათა შორის დაინტერესდა. მერე რამდენიმე დღეEვიმეორებდი ამ ვიზიტებს. სასწაული ის იყო, რომ  ყოველთვის საინტერესო ადგილას მიხდებოდა ამბის შეწყვეტა. ჰოდა, მერე რამდენიმე დღე ვაგრძელებდი ჯარის ამბების მოყოლას და თან მუხების საკითხს ვარკვევდი. ამას ის მოჰყვა, რომ ერთხელ ის წამოვიდა ვარკეთილში.  მერე მუხიანში წასვლის სურვილი არც გამოუთქვამს. არც მე დამიძალებია.     
მერე საქორწინო მოგზაურობა დავიწყეთ. მარშუტი ასეთი იყო. ერთი ჩემი ნათესავი - ერთი ეკასი. ჯერ-ჯერობით საქართველოს მასშტაბით. ჩემს ნათესაობას იმედი ჰქონდა გადაწურული, რომ  ცოლს მოვიყვანდი. ყველას ნახევარი საათი ვუმტკიცებდი, რომ ეს გოგო ჩემი მეუღლე იყო და არა ისე  - მეგობარი, რომლებიც რამოდენიმეჯერ ადრეც მახლდა. ეკას მხოლოდ ერთ ნათესავთან ვიყავი, მაშინაც კინაღამ ჩხუბი ავტეხე. ერთი გამომეჭიმა,  „ქალი რომ მეტროს ვაგონით მოგვტაცე,  შენ თავი ვინ გგონიაო”, ხო კიდე  „ტოო” - დააყოლა. მე ვუთხარი, ტრანსგრესიის საკითხებზე ვმუშაობ ახლა და მგონია კი არა და ნობელის პრემიაზე ვარ წარდგენილი-მეთქი. ეს ტრანსგრესია საიდან გამახსენდა? რავი.  ისე გამომადგა.  სიტყვა ვერ ამოიღო. ეკა ძლივს იკავებდა სიცილს.  სამი ჭიქის მერე ჩემს ოპონენტს  თვალები დაუელამდა და მე მეჩხუბებოდა თუ სხვას, ვერ ვარკვევდი და დავანებე თავი.  სახლში დაბრუნებულმა, დამაინტერესა ტრანსგრესია რა იყო და უცხო სიტყვათა ლექსიკონში ამოვიკითხე: ტრანსგრესია -  ხმელეთზე ზღვის  გადმოსვლის პროცესი;  გამოწვეულია ხმელეთის დაწევით (ან იშვიათად ოკეანის დონის აწევით). რა შუაში იყო ტრანსგრესია მეტროს ვაგონით ქალის მოტაცებასთან, ახლაც არ ვიცი. 
და როცა ასე თუ ისე, ალბათ უფრო ისე,  თუ ამათში კარგი რომელიცაა, ისე შევეწყვეთ ერთმანეთს, მაშინ ჩაქრა შუქი, გამოირთო დენი, მოვიდა თოვლი, მოყვა ყინვა და სანამ წყალი მოდიოდა, მოვასწარით და ცოტა მეზობელთანაც  ჩავუშვით. მეზობელმა დააკაკუნა და წყალს რო უშვებდი, ღვინო ჩამოგეშვა,  ჩამოდი ერთი, ნახე, ბინა კი არა ვენეციააო. მეც ათბოთლიანი ღვინის ბოცით ჩავედი. სულ მინდოდა ვენეციის ნახვა და გონდოლიერების სიმღერის მოსმენა. შევედი თუ არა ვუთხარი, ქათამი არ დაკლა-მეთქი და ანეკდოტი მოვუყევი. „მარშუტკაში” ჰყვებოდა ერთი. ჭიჭიკია არის მაგარი ნაცემი, ვალიკია ეკითხება, რა გჭირსო, რაო და მეზობელი მესტუმრა, ქათამს ვუკლავდიო. მეზობელი (ჭიჭიკიას არა, ჩემი),  იუმორზე აცრილი იყო და სად გავიცინოო. სადაც გინდა იქ გაიცინე, თუ გინდა სარკეში-მეთქი. ხო, მეზობელს ხაჩატური ჰქვია, გვარად დადიანია, მე ვეუბნები, ან არამ ხაჭატურიანი უნდა იყო, ანაც ცოტნე დადიანი-მეთქი. ის მეუბნება, ცავათანემ, ბაზრობაზე ვიყავი, სახლისთვის რაღაცეები შევიძინე, ფული მომრჩა, მერე გვარიც ვიყიდეო. სადაც გინდა იქ გაიცინეო, აყოლებს. გაცინების არ ვიცი, მაგრამ დავთვერით.  გონდოლიერებს არ უმღერიათ, ჩვენ ვიმღერეთ და ქვედა სართულის  მეზობელი ამოვიდა, მამედა - ჯანდიერი, რა ყვირილი იყო, გვეგონა გაყაჩაღებდნენ და პატრულში ვაპირებდით დარეკვასო. მეტი არ გვიმღერია. მამედაც დავათვრეთ. სულ „იახში” „საღოლს” იძახოდა, ღვინო მოეწონა.  სანამ დავთვრებოდი, თხუთმეტჯერ დამირეკა ეკამ, არ დალიოო. სახელს კი არ მეკითხებოდა, ან შენ ხარ ან რამეს, პირდაპირ „არ დალიო”.  მერე გავბრაზდი და ვუთხარი, ქალო დაგაბრუნებ ახლა სუფრაზე-თქო. იმ სუფრაზე ვეუბნებოდი, თავიდან მეტრომდე რომ გამომყვა. მერე სამი სადღეგრძელო არ დაურეკია და მომენატრა. რატომ არ რეკავ, კარგად ხო ხარ-მეთქი, მე დავურეკე  და დავამატე, რომ არ ვსვამდი. საერთოდ ასეა, ტელეფონზე რომ ვსაუბრობ, მაშინ არ ვსვამ.
იმ სტადიამდე რომ მივედი, ფეხიც უნდა შემშლოდა, ხელიც და ენაც, ჩვენი მფარველი ანგელოზების სადღეგრძელო დავლიე და წამოვედი. თან სუფრაზე  დავტოვე მამედა ჯანდიერი და არამ დადიანი  ჩახუტებულები, არამას ცოლი კიდევ ეჭვით სავსე თვალებით.
- ხო მითხარი, დათრობა არ მიყვარსო? – დამახვედრა ეკამ პირველი კითხვა შევედი თუ არა. სანთლები ჰქონდა ანთებული.
- მართალია! არ მიყვარს! პროცესი მიყვარს! 
- არა, ახლა ფხიზელი ხარ ხო? - ავტომატურად მომცა მეორე კითხვა.
- რა თქმა უნდა, – არ გავიტეხე იხტიბარი. ასე იხტიბარგაუტეხლადვე გავუღიმე. თურმე რას იღიმი. მთავარი აწი იწყება.
- ნავთია  მოსატანი. დედამ ხვალ სტუმრად მოვდივარ თქვენთAნო. ხო არ გავყინავთ?
  სიდედრი არ ვიცი, ღიმილი კი შემეყინა.
- მოდი ჩვენ წავიდეთ შენებთან. დედაშენიც ვნახოთ და მამაშენიც, – ვნახე გამოსავალი.
- რა ვუთხრა ახლა, დედა არ წამოხვიდე, ჩვენ მოვდივართ შენთან-თქო?
- რა უჭირს, უცხო ხო არაა, დედაა?!
არაფერი მითხრა. ეწყინა. როცა რაიმე სწყინს არაფერს ამბობს. ჩუმად არის. ყველაზე უფრო ის მოქმედებს ჩემზე, როცა არაფერს მეუბნება.
- ხო კარგი მოვიტან ნავთს. ისე სიდედრზე ამბობენ ცივიაო კარგიო თუ ლუდზე ამბობენ, მოიცა ლუდი ხო არ ამოვიტანო? - ვითომ ვხუმრობ.
დუმს.  არაფერს ამბობს. თვალებით მეუბნება, ახია ჩემზე, რამ შემაყვარა შენი თავიო. არა და რო ვაბრაზებ, მაშინაც უჩანს თვალებში, რომ ვუყვარვარ. თვალები გამცემია. არაფერს მალავენ. სიტყვებით თქვი რაც გინდა. ქარია, წამიერი. თვალები კი სულის სარკეა, საუკუნო. მერე მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ყინავდა, ჩვენ ერთი სანთელი გვენთო, გვცხელოდა და მზიან და მთვარიან ოთახში ვარსკვლავებს ვეძებდით... 
გათენდა მეორე დილა. შუქი არ არის. რადიო, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს დაცლაზე მისული ელემენტებით ამბობს, რომ სადღაც, ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუკის მიხედვით რუსეთის ტერიტორიაა,  აუფეთქებიათ საქართველოში შემომავალი გაზის როგორც ძირითადი, აგრეთვე სათადარიგო ხაზი, ამას თურმე მიაყოლეს ელექტროგადამცემი ხაზებიც, რომლითაც დენი შემოდიოდა და თან ჩემთან დღეს სტუმრად მოდის სიდედრი. სიდედრზე რადიოს არაფერი უთქვამს. ეს გუშინ მეუღლემ მითხრა და მწარედ მახსოვს. რადიო ყველაფერს რუსებს აბრალებს. მაქვს ვერსია, რომ სიდედრის მოსვლა კავშირშია ამ აფეთქებებთან. ამ ვერსიით ჩემი სიდედრი კრემლის აგენტი გამოდის. ეს ვერსია ცოლს რომ ვუთხრა დამენგრა ოჯახი. არა და მიყვარს. თუმცა  არასდროს არ მითქვამს, მე ხო ვიცი, რომ მიყვარს.
- როდის გვეწვევა დედაშენი? – ვეკითხები ეკას.
- საღამოს გამოვალო.
დავიღუპე. საღამოს თუ გამოდის ე. ი. რჩება.
- ეკა, უთხარი საღამოს შეიძლება თოვლზე ფეხი დაუცურდეს, არ ჯობდა დღისით გამოსულიყო? – ვეძებ გამოსავალს.  ეკა არაფერს არ ამბობს, ე. ი. სწყინს. 
-  ხო კარგი, წავედი ნავთზე, ბარემ 20 ლიტრს მოვიტან. რა იცი როდის მოვა დენი და როდის... – უნდა დამეყოლებინა, როდის წავა ჩემი სიდედრი სახლში მეთქი, აბა დედაშენი როდის წავა-თქო ხო არ ვეტყოდი,  მაგრამ  გადავიფიქრე, – და როდის გვექნება გაზი.
ეზოში ჩავედი. თოვს. კარგია თოვლი. ლამაზია. მერე რა,  რომ ცივია, თბილიცაა. ლამაზია, ხოდა რო უყურებ, თითქოს გათბობს. თან როცა თოვს მაშინ თბილი ცაა. ლექსი გამოვიდა რა. ლექსების წერა ხო არ დავიწყო? რა დროს ლექსია. ახლა ნავთია საჭირო. როცა სიდედრი მოდის სტუმრად, მაშინ მუზები სდუმან. ვხედავ მეზობელი გამოდის კორპუსიდან.  დილის პეიზაჟი. თოვლი და გრიშა ბიდონით. რატომ არ უნდა აჯობოს ვითომ სურათი რომ იყო სასკოლო წიგნში, „გოგონა ატმით”. აი იმას? დაჯექი და დახატე რა. რა იცი რა ხდება. შეიძლება ცნობილი მხატვარიც გახდე რომ მოკვდები.  ნავთის რიგში  დადგომას არ სჯობს?
- გაუმარჯოს გრიშა. აბა რა ინფორმაციები გვაქვს. სად არის ნავთი ჩვენი არსობისა? – ვეუბნები.
- ბაქოში, – მეუბნება.
- შორსაა. ვარკეთილში არ გეგულება სადმე?
- კალონკაზე.
- წავედით აბა.
- წავედით.
- სიდედრი ხომ არ გყავს სტუმრად, გრიშა?
- არა.
- არც ელი?
- არა.
  ზოგი რა ბედნიერია? წავედით. ისევ თოვს.                 
ამასობაში მე და გრიშაA ორი ბიდონით მიმავალ ბალუს დავეწიეთ. ის მეზობელ კორპუსში ცხოვრობს. დათვს ჰგავს და ყველანი ბალუს ვეძახით. მე მგონი ნამდვილი სახელი თვითონაც არ ახსოვს.  რად უნდა სახელი ან ნავთი, მით უმეტეს ორი ბიდონი. ცოლი მაგას არ ჰყავს და შვილი. მით უმეტეს სიდედრი. შეცივდება და ირბინოს ან დაწვეს. ამ დაწვაზე ანეკდოტი გამახსენდა, ოსი რომ გამორბის ტყიდან შეშინებული. რა გჭირსო - ხალხი ეკითხება. თქვენი ჭირიმე, დათვი ვნახე დამწვარიო. როგორ თუ დამწვარი. იწვა რაო. ეს ანეკდოტი მოვყევი. არცერთს არ გაცინებია.
- აი, დათვი, რა ჭკვიანია, როგორ წყვეტს ენერგეტიკულ პრობლემებს. აცივდება და წევს ჩათბუნებული მეუღლე დათვის გვერდით. არც შუქი უნდა, არც გაზი, – თქვა გრიშამ.
- მით უმეტეს სიდედრიც არ ესტუმრება, – დავამატე მე.
- დათვმა  როგორ უნდა გვაჯობოს ჭკუით,  – თქვა ბალუმ.
მივდივართ და თანდათან ვემატებით და გვემატებიან ბიდონიანი ხალხი. არის თან დებატები და გადაძახილ-გადმოძახილები...
-  ოცდამეერთე საუკუნეში ნავთის შოვნა გინდოდეს და ვერ შეძლო?
- ხო ამბობდა შევარდნაძე, მოგენატრებითო?
- შევარდნაძეE კი არა ბაღნები მენატრება, ამერიკაში რომ არიან.
- ამერიკას რა უჭირს, ჩვენ ვიკითხოთ.
- ხალხო რა გააჭირეთ საქმე ამ ამერიკით, რომ გადაუარა მილიონობით ხალხს გრიგალმა და იქეთ ითხოვდა დახმარებას ამ პაწა ხნის წინ დაგავიწყდათ?
- კაი ბატონო მარა ნავთს ყიდულობდე და ამასაც რიგით. ხო უნდა გეეთვალისწინებინა ამ მთვარობას, რომ შეიძლება დენი ჩაქრეს!
- დოუნახავები ხართ დოუნახავები, 24 სააათი დენი როდის გქონდათ ბოლოს გახსოვთ?
- კი მახსოვს, კომუნისტები იყვნენ მაშინ.
- შევარდნაძის დრო არ იყო ლამპოჩკა ეინთო და რაია აი მამაო, გამიგიჟდა ბაღანა კინაღამ.
- არ ასწავლი ეტყობა ფიზიკას.
- ჭკვიანი კაცი ჰყავდათ ერთი ჟვანია და ისიც მოიშორეს.
- ხო კაი ახლა, არ იცის შენ რა მოხდა და ცოდვას ნუ ამბობ. რაკი ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერი კი არ უნდა თქვა, კბილებიც ხო გაქვს.
- ვინ იცის აბა სიმართლე?
- ღმერთმა იცის.
- ჟვანია იყო, უმტკივნეულოდ რომ დავიბრუნეთ აჭარა.
- აჭარას რა ჭირდა დასაბრუნებელი, ჩვენი არ იყო?
- დაგავიწყდა ოთხასი წელი ვისი იყო?
- პრეზიდენტი და მთავრობა რომ ხარ, აფხაზეთში რუსეთმა მოგიგო ომი და რუსეთი რომ გყავს ჩაყენებული სამშვიდობოდ, ამას რაფერ შობი? რა გვაქვს აფხაზებთან გასაყოფი?
- ან ოსებთან,  რძალი მყავს ოსი, შვილში ვერ გამირჩევია, ისეთი გუნებისაა!
- ხო გაჰყავთ ჯარი.
- ქაღალდზე?
- ჯერ ქაღალდზე, - „პირველად იყო სიტყვა”.
- ეს პრეზიდენტი რომ დაფრინავს ყოველ დღე აქეთ იქეთ, ქვეყანას მიხედოს.
- პატარაა ჯერ აცალეთ, დაღვინდება.
- მაგი რომ დაღვინდება მე თუ დავძმარდი რად მინდა ასეთი პრეზიდენტი.
- პრეზიდენტი პატარაა, მინისტრები ნუცას სკოლა, ხალხმა რა დააშავა! 
- აცალეთ ცოტა. ხალხისთვის ვარო ხომ ამბობს, ვნახოთ რას იზამს.
- ვაცალეთ ბატონო და გვყინავს ხო ხედავ!
- ჩვენ ვართ საზარბაზნე ხორცი.  გაყინული ხორცი კი არ ფუჭდება.
- დეპუტატები რომ ბრონირებული მანქანებით დადიან და დაბურული მინებიდან უყურებენ ცხოვრებას, დადგნენ ახლა რიგში ჩვენთან ერთად...
ასეთი ტკბილი საუბარ-საუბრით ნავთის რიგსაც მივადექით. „კალონკას” „ვაკოილი” ერქვა და წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი. ცალკე ბიდონები იყვნენ ერთმანეთს ჩახუტებულები და ცალკე ხალხი.  ნავთი არ  იყო, მოვაო და რიგი დაიკავეთო. ჩვენც დავდექით რიგში და თანდათანN გავერკვიეთ სიტუაციაში.  შექმნილი იყო „სამართლიანი რიგის”  კომიტეტი, რომელსაც თავმჯომარეობდა ვინმე აბესალომი. რომ მივედით, უკვე დაგინებული დაგვხვდა. „ურიგოდ ვინც წავიდეს იმის ასე და ისეო”, ვერ დავწერ, დაწვავს ფურცელს.  დამგინებელი, ანუ აბესალომი კინაღამ უცემია ვიღაც ორ კაცს. აბესალომი იმხელა იყო, ორი კაცი რას უზამდა. აქეთ უცემია ორივე,  თან ისე, რომ სამართლიანი რიგის კომიტეტის სხვა წევრებს ხელიც კი არ გაუტოკებიათ და ისინიც წასულან სიტყვებით „ჩვენ კი ვიშოვით ნავთს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, ვაი თქვენს პატრონსო”!
ჩვენ რომ მივედით, ყველა თანამდებობა უკვე განაწილებული იყო. რეგისტრაცია გავიარეთ საორგანზაციო კომიტეტში. მე, გრიშასAდა ბალუს 438, 439, 440 ნომრები გვერგო. ჩემი მობილური 440-ით იწყება, ამიტომ მე 440 ავირჩიე. ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი.
1. არ გვეხმაურა;
2. რიგი არ დაგვეტოვებინა;
3. ხმამაღლა არ გვეგინებინა მთავრობა, სანამ ნავთს არ ავიღებდით;
4. საერთოდ არ გვეხსენებინა  პრეზიდენტი.
მერე გრიშამ იკითხა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნავთი არისო? აბესალომმა ირონიულად გამოხედა და კითხვა უპასუხოდ დატოვა. ალბათ თუ ეწყინა, ჩემს კომპეტენციაში იჭრებაო, მაგრამ ერთ-ერთ მოადგილეს მაინც დაავალა - მიდი „კალონკის” მორიგესთან და დააზუსტე, რომელ საათზე იქნება ნავთიო. ისიც წავიდა. ჩვენ ამასობაში ვეგუებით სიტუაციას. არ თოვს, მაგრამ ყინავს. ბალუს ფეხებზე შეცივდა და აცეკვდა, ზუსტად ისე, ანიმაციურ ფილმში მაუგლისთან ერთად რომ ცეკვავს ბალუ. ირგვლივ მაღაზია არ ჩანს.  დალევდა ახლა კაცი რამეს. არა და აუცილებელიცაა. ამასობაში მოადგილეც დაბრუნდა, აშკარად ანერვიულებული  და სახეზე აწითლებული.
- რა ხდება? - ვერ მოითმინა და შორიდანვე დაუძახა აბესალომმა. 
- კალონკის დირექტორმა ნავთი არ იქნებაო,  ესენი გიჟები ხომ არ არიანო, ჩემთვის არავის არ უთქვამს ნავთს მოგიტანო, თან ცარიელი ავზიც არ მაქვსო, თუ გინდათ ბენზინი იყიდეთო! – მოგვაყარა მაცნემ.
- რაო? – თვალში ცეცხლი  ააკვესა აბესალომმა. კიდევ კარგი კალონკა არ აფეთქდა.
- არაო, – მოკლედ მოჭრა მაცნემ. 
- გამიშვით მაგის! – ისე თქვა აბესალომმა, გეგონებოდა ოცი კაცი იჭერდა. 
მე გაყინული სიდედრი წარმოვიდგინე.  ეს არაფერი. მერე ეკას ცრემლიანი თვალები წარმომიდგა წინ.
-  კაცო, აქ რომ ეს კომიტეტები შეგიქმნიათ, ჯერ გაგერკვიათ ნავთი იქნება  თუ არა! – ვთქვი და მე თვითონ წავედი საქმის არსის გასარკვევად. აბესალომიც წამოვიდა და რამდენიმე საორგანიზაციო კომიტეტის წევრიც. არსი არ ვიცი, მაგრამ ის კი გავარკვიეთ რომ, თურმე ამ კალონკაზე, ესე იგი წითელ ვაკოილზე საერთოდ არ მოჰქონდათ ნავთი. ნავთს მიიტანდნენ  მწვანე „ვაკოილზე”, რომელიც კარგა ორი კილომეტრით იყო მოცილებული. ერთი სიკეთე ამ ამბავში ის იყო, რომ მწვანე ვაკოილთან მაღაზიები იყო, იქ შეიძლებოდა სასმელის ყიდვა, არა და სასმელი ახლა აუცილებელია. ახლა 100 გრამი ჭაჭაA და შეიძლება ოფლი არ მოგივიდეს, მაგრამ და ცოტა მაინც ჩათბები.
რაღა უნდა გვექნა. ზოგმა თქვა მოდი წესები შევცვალოთ, ხმამაღლა ვაგინოთ მთვარობა და პრეზიდენტის ხსენების უფლებაზე რომ არის საუბარი ის მუხლიც გადაიხედოსო. ზოგმა უარი განაცხადა. ახლა მთავარია ნავთი ავიღო, სახლში ბავშვები მეყინება სიცივით, გინება გაზაფხულზეც შეიძლება, ცოტა რომ  ჩამოთბებაო. მოკლედ გადავწყვიტეთ მწვანე ვაკოილზე გადასვლა. ამ დროს გზაზე შეშით დატვირთულმა მანქანამ ჩაიარა. მანაქანაზე  დიდ ტრანსპარანტი იყო გამოკიდებული. „მმართველი პარტია შეშით დაეხმარება ყველა თბილისელს”.
    ავიღეთ ყველამ ჩვენ ჩვენი ბიდონები და დავადექით გზას მწვანე ვაკოილისაკენ. რიგი არც აქ დაგვირღვევია. წეროებს რომ გადმოევლო ჩვენს თავზე, სახტად დარჩებოდნენ, ჯერ ალბათ ცხვრები ვეგონებოდით. მერე უფრო კარგად დაგვაკვირდებოდნენ და მიხვდებოდნენ რომ  ადამიანები ვართ. ერთმანეთს  გადაულაპარაკებდნენ, ნახეთ ადამიანების გუნდი,  როგორ ჩამწკვრივებულა და როგორ ლამაზად მიდიანო. მერე შეიძლება ნავთის ბიდონებიც შეენიშნათ და სახტად დარჩებოიდნენ, ისე რომ ბავშვი არ ვიცი, მაგრამ ფრთებიდან შეიძლება პატარა წეროები ჩამოცვენოდათ - ეს ბიდონები რაღად უნდათო? შეიძლება გაკვირვებოდათ, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ნავთის რიგი ვის გაუგია, და შეიძლება ეკითხათ კიდეც - „ბნელაო?”,  მაგრამ წეროები საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ (ამ ქათმის გრიპის გადამკიდე), მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე დაფრინავენ ჩვენი არც თუU ისე დაცული  ცის კაბადონზე შორეული რეისებით და ამ რეისებს კიდევ აწი „ეიჩ ხუთი ენ ერთი” ტიპის გრიპის ვირუსის ბობმებიც  თუ გამოაყოლეს, მაშინ ვართ ცოდო... 
მწვანე ვაკოილი მხოლოდ ორ კილომეტრში თუ იქნებოდა ჩვენგან, მაგრამ არ ჩანდა, რადგან მოსახვევი უნდა გაგვევლო. მოსახვევს რომ ავცდით, არ გვესიამოვნა. „კალონკა” ისე ჩანდა, როგორც ფუტკარი გაზაფხულზე რომ გამოეყოფა ოჯახს და ახალაზრდა დედას რომ ეხვევიან თავზე. ხალხის რაოდენობა ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდა. აბესალომმა დესპანი გაგზავნა, ჩვენ მთავრობისაგან მოტყუებული ხალხი ვართ და ისევე გვეკუთვნის ამ კალონკაზე რიგი, როგორც თქვენო. იმათ პასუხად შემოთვალეს, ჩვენც იგივე მთავრობა გვყავს,  რაც თქვენ,  დადექით რიგში და აიღეთ ნავთიო. აბესალომმა ამ საკითხს შეჯერება სჭირდება, ხალხი დილის 9 საათიდან დგას რიგში. ახლა ბოლოში ხომ არ დავაყენებო.  ამასობაში მწვანე ვაკოილთანაც ავედით. საბოლოოდ გადაწყდა ჩვენი რიგის ხელმძღვანელი აბესალომი და მწვანე ვაკოილთან უკვე დაბანაკებული რიგის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვარშავა (კაცს ერქვა ასე) ორ-ორი პირის თანდასწრებით შევხვედროდით ერთმანეთს. ერთ-ერთი დელეგატი მეც ვიყავი. რიგის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა დროებით თავიანთ მოადგილეებს გადააბარეს კომპეტენციები და ზუსტად 13 საათსა და 13 წუთზე შეხვედრა გაიმართა იქვე მდებარე ლუდის ბარის, „თავისუფალი საქართველოს” მრგვალ მაგიდასთან. რადგან ბარში ისე ყოფნა არ შეიძლებოდა, მე 12 ბოთლი ლუდი ავიღე, აბესალომმა, საიდანღაც ჭაჭაA გამოაძვრინა, ვარშავამ კიდევ სალა. სალასთან ერთად ვარშავა გვთვაზობდა წინადადებას, უბრალოდ შემოერთებოდნენ წითლები (ანუ ჩვენ) მწვანეებს (ანუ მწვანე ვაკოილის რიგში მდგომებს).
-  ეს რა წესია.  კაცი რომელიც პირველი იყო რიგში, როგორ ვუთხრა ახლა 584-ე იყავი-თქო. – დასვა კითხვა აბესალომმა.
-  კი ბატონო მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ დამნაშავე რომ თქვენ დადექით შეცდომით კალონკაზე, სადაც ნავთი საერთოდ არ მიდიოდა? – ხელები გაშალა ვარშავამ  და ლუდი მოსვა.
-  კი ბატონო,  შეცდომით დავდექით,  მაგრამ  ჩვენ კი არ გვეხალისებოდა დგომა. მე თვითონ მოვისმინე, ვაკოილებზე იქნება ნავთიო, ის არ უთქვამთ მწვანეზე იქნება, წითელზე თუ ნარინჯისფერზეო! -  თქვა აბესალომმა და მანაც მოსვა ლუდი.
-  მოდით სიცივე გვაშორის ღმერთმა და სითბო და სინათლე მოგვცეს ნავთი მოგვცეს. – ვთქვი მე და ჭაჭაA გადავკარი.
- ასე იყოს. – თქვეს სხვებმაც და იმათაც გადაჰკრეს. კარგია სიცივეში ჭაჭა. როგორაა, „გაიყინა რაჭა,A აღარა აქვთ ჭაჭა.” სიმღერის ხასიათზე ვდგები. სტოპ მამა. სიდედრი მახსენდება.  ქალბატონი ნელი.  რა კარგი სახელი აქვს. ნელა ივლიდეს მაინცაა. იქნებ ხვლამადე ვერც გამოვიდეს მუხიანიდან. თითქოს ფიქრს მიხვდაო, ამ დროს ეკამაც გადმორეკა, რას შვრებიო. ვუთხარი ხელს ნუ მიშლი, ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ-მეთქი. რა მნიშვნელოვანი საკითხი, ნავთზე არ წახვედი - გაუკვირდა. სწორედ რომ Nნავთის შესახებ გვაქვს  მნიშვნელოვანი შეხვედრა-მეთქი. კაი აბაო, რაღაც დაეჭვებულმა მითხრა. ეჭვი კი ოჯახის პირველი მტერია, მინგრევს ეს მთავრობა ამ სიმწრით შეკოწიწებულ ოჯახს...
- აგერ არის ჩემი სია. 522 კაცი მყავს. სულ წუთებით და წამებით არის  აღნიშნული ვინ რომელ საათზე მოვიდა და დადგა რიგში.  გსურთ, შევაჯეროთ  სიები! დროების მიხედვით გავანაწილოთ ხალხი! დაგინებულია მაინც, ურიგოდ ვერავინ ვერ წავა! – თქვა აბესალომმა და მრგვალ მაგიდაზე ნაპოლეონივით გადაფინა სია.
- ჩვენ სიაში დრო არ გვაქვს აღნიშნული. უბრალოდ თანმიმდევრობაა, - თქვა ვარშავამ და თავის სიას ჩახედა. 
  -  მოკლედ ჩემი წინადადება ასეთია, ერთი კაცი თქვენი რიგიდან, ერთი ჩვენი რიგიდან. თქვენ იწყებთ. მოსულა?  თუ უარს იტყვით, ვიომოთ ძმაო! – თქვა აბესალომმა. მე მგონი აზარტში შევიდა. ახლა საქმე იმაზე იყო, ვარშავა რას იტყოდა - ომი თუ მშვიდობა.
- ომი გვაკლია ჩვენ, ახლა ნავთის რიგისთვის რომ არ ვიომოთ? -  უკან დაიხია ვარშავამ. - ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ. ხალხს უნდა ვკითხო. კი ბატონო მე თანახმა ვარ, მაგრამ ხალხი? 478 კაცია სიაში.
- დაგვიმრგვალებია და ესაა, – ვთქვი მე. გუნებაში დავიანგარიშეE და თუ აბესალომის წინადადება გავიდოდა, მაშინ მიწევდა ნავთი 880-ეს. „აუუუ”. ეს არაფერი. თუ ჩვეულებრივ შევუერთდებოდით რიგს, ვარშავას ხაზის 918-ე გამოვდიოდი. აბესალომის გეგმით შეღავათი კი იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი. რა ბედნიერია ვინც ნავთის რიგში დგას და მიმატება-გამოკლება მხოლოდ ასის ფარგლებში იცის!
მოლაპარაკებაზე საბოლოოდ მაინც მშვიდობამ გაიმარჯვა. წითლებსა და მწვანეებს შორის ომი არ ამტყდარა. გამოსავალიც მოინახა. შეხვედრაზე დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულმა მწვანე ვაკოილის დირექტორმა გადაწყვიტა, ორი ლულა იმუშავებსო. თანAდაამატა, ნავთი თუ მოიტანესო. საბოლოოდ ისევ ჩემმა წინადადებამ გაიმარჯვა. Yყველამ თავის მამიდას მიხედოს-მეთქი და ერთ ლულასთან ერთი რიგი დადგეს, მეორესთან მეორე-მეთქი.Qამ შედეგებით დამთავრდა სამმიტი.     
  ახლა მთავარია ნავთი მოვიდეს. რა კარგია ეკას დედას რომ ნელი ჰქვია. რა იცი იქნებ იმდენად ნელია, დღეს არ მოვიდეს. ხვალ შეიძლება შუქიც მოვიდეს და კი ბატონო მოვიდეს ქალბატონი ნელიც. იმედია წასვლის დროს იქნება ჩქარი. გრიშასთან და ბალუსთან მივედი. იმათ მოლაპარაკების შედეგები უკვე იცოდნენ.  გრიშასთვის ცოლს ჩამოეკითხა. თან სადილიც ჩამოეტანა. უცებ ბალუ დაგვეკარგა თვალს და ხელს შუა და მალე საიდანღაც ლუდით და არყით დაბრუნდა. ცოტა ხანში ისე გვიყვარდა ერთმანეთი,  რომ ვახტანგურს ვსვამდით და მერე პირში სიგარეტგაჩრილები მხურვალედ ვკოცნიდით ერთმანეთს.
  ამასობაში ჩამობნელდა და სანამ ენაც და ჭკუაც შემეშლებოდა, ნავთიც მოიტანეს და ეკამაც დარეკა და  მითხრა, დედა დღეს არ მოდის, გადმორეკა და მითხრა, მეშინია ფეხი არ დამიცდესო. ამდენი ბედნიერება ერთად მეტის-მეტი ხომ არაა-მეთქი და პირჯვარი გადავიწერე და სასწაული... შუქი მოვიდა. უცებ გადანათდა მთელი ვარკეთილი და თბილისი. შუქის მოსვლას ისეთი ყიჟინა მოჰყვა, თითქოს ახალი დიდგორის ომი მოგვეგო. სულ დამავიწყდა ნავთიც და ბიდონიც...
... ჩვენ მაინც სანთელი გვენთო. მე მთვრალი ვიყავი და ეკას ვუყურებდი. ეკა იყო ძალიან ლამაზი. ის იჯდა ჩემს თავთან და მიკითხავდა: „... და სიცოცხლე  იყო ადამიანთა ნათელი.
ნათელი ბნელში ანათებს და  ბნელმა ვერ მოიცვა იგი”.  (იოან. 3,19)
ადიოს ამიგოს.  კარგად ბრძანდებოდეთ...


20 მარტი, 2006 წ. 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები