ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2009


ცადსაფრენი წერილებიდან

/ორი  მინაწერი/


მკათათვის  ხვატში  გამომცხვარი  სონეტი


ესეც  მკათათვე...
მოლოდინს  ჩემსას
თაკარა  მზეზე  წყურვილი  ბუგავს...
ბალახის  ჩრდილში  გალურსულ  მგესლავს
ველური  ალით  უელავს  გუგა...

ტანზე  ეკლებად  მეზრდება  ჟრჟოლა,
ცხინვარე  სივრცეს  გავცქერი  შიშით...
ამ  სანახსმიღმა  ცისკიდე  ბოლავს 
-  ეწვის  უდაბნოს  სუდარა  ქვიშის,,,
ვითღა  მივატან  ამ  გზათა  ბოლოს,
თუკი  ამ  თონის  სახმილად  ვიშვი?!.

ვინ  გაექცევა  მონუსხულ  სივრცეს,
ხვატის  მსახვრალი  რომ  იცავს  ცელი?!.
და  ხარისთვალას  ჩხვლეტია  ცისფერს
ეცემა  წყვილი  უმწეო  ცრემლი...



დამარცხებული  შიშისა


რა  ცოტა  დღეა... 
-  რა  მოკლეა  წუთისოფელი...
და  მაინც 
-  ჯერაც  ვერ  გავსულვარ 
სოფლის  ბოლომდის...
იმ  უცაბედი  წამის  ველი  ჯერაც  მოფრენას...
ერთბაშად 
ბოლოს  რომ  დაუდებს 
ყველა  მოლოდინს...

რას  ვიზამ... 
-  როგორც  დღემდე  ვძლებდი, 
გავძლებ  მანამდეც...
თუმც  შიში  ხშირად  ძილშიც  შეშლილ  ლექსებს  მაბოდებს...
ჩემს  საწუთროსაც 
ხან  მოწყალე  მზერა  ანათებს,
ხან  ჟამი 
ჩემს  ძვლებს 
წკვარამისკენ 
მიანაფოტებს...

შენ  კი 
-  ასე  შორს!..  - 
გული  ჩემი  ხმას  ვით  მოგაწვდენს?!.
შენ 
-  თვალშეუდგამს!..  - 
ცისარტყელაც  ვიღ  შემოგწვდება?!.
შენ 
-  მარადს !..  - 
სივრცე  კვართებრ  ტანზეც  რომ  შემოგაცვდეს,
ვინ  გაიკვირვებს, 
ყასიდადაც  ვინ  გაოცდება?!.

არც  მე  მაოცებს,
არც  მე  მიკვირს, 
ჩემს  თავს  რაც  ხდება  -
სოფლის  ბოლოსკენ
ჩემი  შიშიც 
ცვდება, 
მარცხდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები