ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2009


მეუღლისადმი

ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი,
ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა,
მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით,
კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.

ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა,
ნისლებთან ახლოს ვისურვე ბინა,
ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა,
უფლის დუმილი რომ მომესმინა.

მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა,
ევას მწყურვალე ვნებით ნამული,
ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და
გედებგაფრენილ ტბის სინანული.

ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს,
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები,
ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს,
სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები.

ეს ოცი წელი, ოცი ბორკილი,
თუ ზეცის თაღზე ბუდე ოცნების,
სტრიქონში ჯვარცმა მქონდა მოსჯილი
და მოჩურჩულე ქარში ლოცვები.

ახლა რა დარჩა გზა საჯილდაო,
და პარნასისკენ დაძრული ლოდი,
ჩვენი თამუნა და ჩვენი დათო,
ჩვენი გვირილა და მუხის ტოტი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები