ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2009


როგორ ამშვენებს



"ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,"_
ამ სასწაულის გამგონეს
რა სიბრძნე გაგიკვირდება?!
როგორ ამშვენებს სამყაროს
მიზეზი დარდის,ლხენისა_
მშვენიერება უთქმელი
სოფლისა,ბინდისფერისა.
"რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,"_
იტყვი და გულის სიღრმეში
ეს ფიქრი გაგიბრწყინდება:
როგორ ამშვენებს სამყაროს
ხატი მზისა და ჩრდილისა_
მშვენიერება სიცოცხლის,
ჩიტივით გაფრენილისა.

უფალი გეტყვის სიტყვებსა
-------------------------------
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა,_
მტერიც დაგლოცავს,ზურგს უკან
აღარ გაგითხრის ხაროსა,
შუქი რამ, აუმღვრეველი,
შემოგეხვევა სამოსად,
ისეთი სითბო ექნება,
როგორც წინაპრის ჯვალოსა,
ტყვია და ხმალი კი არა,
ელვაც ვერ გაეკაროსა.
ფიქრი გასცდება სივრცეებს,
რომ მზის თვალს ეწამწამოსა,
უფალი გეტყვის სიტყვებსა
სურნელოვანსა,ამოსა,
იის ხმით მოგეფერება
მგალობელს უსახლკაროსა...
მაღლა ცამ,დაბლა ქვეყანამ
როგორ არ გაიხაროსა,_
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა!
***
ფესვების დღესასწაულო,
ბედნიერებავ ფუძისა,
სხვაგვარად გასხივოსნებავ
ხმისა,სუნთქვისა,შუბლისა,
ფეთქვავ იის და ვარსკვლავის,
სითბოვ მიწის და ღრუბლისა,
სასუფეველშიც ტარებავ
მარადიული უღლისა,
ჯავარდენო და ჯავარო,
მზევ,გულში ამომავალო,
დასაფიცარო უფლისა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები