| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 18 მაისი, 2009 |
IV ნაწილი
ეს არის ცხოვრება? ზრდი შვილს, ზრდი და რისთვის?... ერთ დღეს ვიღაცას შეიყვარებს, ვის, - ღმერთმა იცის... და წავა... ან, ერთ დღეს ვიღაცა მოიტაცებს... ღმერთო, რა საშინელებაა! ხო არ ვიმსახურებ ამას. მამამისი მაინც იყოს ცოცხალი... ეჰ შალვა, ნინის მიხედეო, კიდე იმას მეხვეწებოდი; აბა, თავს მიხედეო, კი არ გითქვამს... შენ უნდა ჰყავდე ახლა გვერდით. ეს გუშინდელი სიზმარი რაღა იყო? - კვანძი გაქვსო მკერდზე... მიხარია შალვა, სიზმარში მაინც რომ მოდიხარ ჩემთან, მაგრამ, შემაშინე ღამით... ექიმის გვარიც მითხარი, - მამოლოგი მახათაძეა ონკოლოგიურში და იმასთან მიდი, კარგი ექიმიაო... შეშინებულმა გავიღვიძე... მართლა ხელებით მოვსინჯე ის ადგილი და არის რაღაცა კვანძი... ნინი აბაზანაში რომ იყო, ონკოლოგიურის ტელეფონი გავიგე ნოლცხრით... მართლა ყოფილა ექიმი მამოლოგი - სერგი მახათაძე... საიდან იცოდი ეს გვარი, ან ეს მამოლოგი? შენ უნდა ყოფილიყავი მამოლოგი, შალვა, ძუძუს ვერ გაშორებდი, სანამ ნინი შეგვეძინებოდა... (ნეტა, ამ ფიქრებს არ წაიკითხავდეს ვინმე...) ან იქნებ სადმე საუბარში მოვისმინე და მახსოვდა... შევშინდი, შალვა... საუზმისას ნინიმ ეტყობა, რაღაც შემატყო... მოვიდა და ჩამეხუტა, - დედა რად ხარ აფორიაქებულიო? ბავშვი აღარ შევაშინე. - რაღაც არ მომწონხარ ამ ბოლოს-მეთქი, - მას გადავაბრალე, თუმცა, მართლა არ მომწონს... რა ვუყო, შალვა, ნინის? შეიცვალა... მიმალავს თითქოს რაღაცას, მაგრამ მე რას გამომაპარებს... შეყვარებულია, ვხვდები... მიმალავს, მაგრამ აბა, მე რას დამიმალავს... ისიც ვიცი, ვინ უყვარს... რაც ის ნაციხარი ბიჭი დაუმატეს ჯგუფში, ამის მერე შეიცვალა სულ... … რა მეშველება, შალვა?! როგორ ვუთხრა, - ინსტიტუტში არ იარო-მეთქი... ან ის როგორ ვუთხრა, - ამისთვის გზრდიდი-მეთქი?! ხო არ დავამადლი, რო ვზრდიდი... შალვა, როგორ მიჭირს უშენობა, ნახევარი დავრჩი და ასე ნახევარმა შენი საქმეც უნდა ვაკეთო... ახლა კიდე, ეს კვანძი. იქეთ, ის ნაციხარი ბიჭი... ნინი ლექციებზე რო წავიდა, მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტე დარეკვა. უნდა მოხვიდეთ და ჩაეწეროთ ქალბატონოო, - მიპასუხეს... შეიძლება, ტელეფონით ვკითხო რაღაც-მეთქი... იქვე იყო და გადასცეს ეტყობა, ყურმილი. აბა, რა გვტკივაო? - ასე მკითხა, თითქოს მასაც ტკიოდა ჩემი ტკივილი... ტკივილით არ მტკივა, რაღაც კვანძი მაქვს-მეთქი... სამშაბათისთვის არის თავისუფალი დრო, თუ გაწყობთო... კარგით-მეთქი... რა გაძლებს, შალვა, სამშაბათამდე?! სკოლაში უნდა დავეთხოვო, მაგრამ არ ვიტყვი, სად მივდივარ... ვიცი, რა კვანძიცაა ეს, შალვა, უშენობის კვანძია და დარდია...
* * *
შალვა, რომ მეუბნებოდი, ჭამეო, ყველა გამხდარი, ავადმყოფი რომ გეგონა, დღეს პირიქით მითხრა ექიმმა, - გიხაროდეს, გამხდარი რომ ხარო... პირიქით, მსუქნობა ყოფილა ავადმყოფობა... გახსოვს, გაზეთში რომ ამოიკითხე, აფრიკაში სიმსუქნე სირცხვილად ითვლებაო? მაგრამ, თუ ავადმყოფობაა სიმსუქნე, გამოდის, ავადმყოფობაა სირცხვილი... ეე, რეებს ვბოდიალობ, აბა... მართლა კარგი ექიმია... საიდან იცოდი ეს გვარი? თუ მე ვიცოდი და სიზმარში ამოტივტივდა... ტკივილზე გამახსენდა: შალვა, ბებია ასრვა წლის გარდაიცვალა, ხო გახსოვს. ალბათ ასშვიდის იქნებოდა მაშინ, ბოლოს რომ ვნახეთ და რო შემოგვჩივლა, თავს ვიტკიებ ხანდახანო. იქედან წამოსულები, დიდხანს რომ იცინოდი გზაში, - მინდოდა მეთქვა, რა დროს თქვენი თავის ტკივილია, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, ლამაზად არ გამოდიოდაო... რა ლამაზად მოკვდა თოვნასი ბებია! რა ვიცი აბა, ლამაზად სიკვდილი თუ შეიძლება იყოს... ჩემებმა მიამბეს, - კოხტად დაულაგებია თავისი ნივთები, ყვლაფერი დარეცხილ-დაუთოვებულ-დაკეცილი... ჩემი ბერიკაცი მეძახის, მივდივარ ამ საღამოსო, - უთქვამს დაწოლის წინ... ხუმრობაში ჩაუთვლიათ... მართლაც დაუძინია და არ გაუღვიძია დილით... სახე ჰქონდა ისეთი ნაზი, გაღიმებული, თითქოს, მართლა მონატრებულ ბერიკაცს ხვდებაო იმ ქვეყნად...
* * *
როგორ მინდოდა შენთან ერთად დაბერება, შალვა... რა ცუდი ხარ, შენ არასდროს არ დაბერდები... გახსოვს, როცა გაგიცანი, ახალგაზრდობის ფორმულა ვიციო, - მეუბნებოდი... - `ისკა ტონგა ფეენ~ უნდა თქვა ყოველ დილით სამჯერ და სულ ახალგაზრდა იქნებიო... სადღაც წავიკითხეო... მეგონა, ხუმრობდი, მაგრამ მერე, მართლა მეც წავიკითხე იგივე, რომელიღაც გაზეთში... აცტეკების ტომების ნაქალაქევის გათხრების დროს უნახავთ ეს წარწერა... პირველი რასაც დავხედე, თარიღი იყო გაზეთის, - საპირველაპრილო ხუმრობა ხომ არ არის-მეთქი... ხოდა, ვისაც ეს წარწერა ამოუკითხავს, ამ სიტყვებს ამბობს ყოველ დილით თურმე, რომ გაიღვიძებს... და ამის მერე ასაკი გაჩერდა იმისთვის თითქოს. ჩვენც ვამბობდით დილ-დილობით... თან ვიცინოდით... ხო არაფერი, მაგრამ კოდია ალბათ, რომ სიცოცხლე გიხარია, რომ სიცოცხლე გიყვარს... ეჰ, რაც შენ წახვედი, აღარ მითქვამს ეს სიტყვები... შალვა, იცი ვინ დარეკა? შენ რომ ქალს ადგილი დაუთმე ავტობუსში, იმან დარეკა... სიცოცხლე თქვენმა ქმარმა მაჩუქა, ქალბატონოო... როგორ დავამადლო სიცოცხლე, შალვა, მაგრამ რომ მჯდარიყავი, Eშეიძლება, ჩემს გვერდით მჯდარიყავი ახლაც... ხო გეხვეწე იმ დილით, შალვა, - ცუდი სიზმარი ვნახე, ნუ წახვალ დღეს-მეთქი... თითქოს მიდიოდი და სიცილით მემშვიდობებოდი, - აბა, შენ იციო... თან, როგორ თოვდა...
იცინოდი, - წყალს მოუყევიო... ყველაფერი კარგად იქნებაო... ეჰ, წყალს მართლა მოვუყევი, მაგრამ არის ყველაფერი კარგად? ცუდად მენიშნა... გთხოვე, - ნუ წახვალ-მეთქი... კლასელის დაკრძალვაზე მიდიოდი სოფელში, სიმსივნე ჰქონოდა და გვიან გაუგეს... ეს პირველი ჩვენი კლასელია, ვინც გამოგვაკლდაო, - ამბობდი, - უნდა წავიდე აუცილებლადო... და როგორ უცებ გააორე... დილით ადრე ავტობუსით აპირებდი წასვლას... დამპირდი, - საღამოსვე მატარებლით წამოვალ და დილით აქ ვიქნებიო... მაშინ, მეც წამოვალ-მეთქი, - გითხარი, - ნინისაც წამოვიყვან მეთქი, სკოლაში ერთი დღით გავითავისუფლებდი თავს... ვერაფრით დაგითანხმე, - რატო უნდა იწვალო ამ თოვლში, ან ბავშვი რატო ვაწვალოთ, ხვალ დილით აქ ვიქნებიო... წახვედი და ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წუთით მოგისწარი საავადმყოფოში... და სულ წახვედი...
* * *
ახლა რა მიხარია, შალვა? შენი გახსენება მიხარია და ნინი მიხარია... და მეშინია, შალვა... მომავალი მაშინებს მისი! მოსაცდელში იმდენი შეშინებული ქალი იყო, მერე უფრო შემეშინდა. როგორია, ექიმს ელოდები და თითქოს სასამართლომ უნდა გამოგიტანოს განაჩენი - ან იცოცხლებ, ან არა... არც ნაფიცი მსაჯულებია აქ, არც მოსამართლე და არც ადვოკატი... ექიმია მხოლოდ და ის გამოიტანს განაჩენს... მერე ერთმა რაღაც დაიჩივლა, თავის ამბავს მოყვა, როგორ მოუწამლა სიცოცხლე დედამთილმა... მერე მეორემ, როგორ ეჩხუბება ქმარი ყოველდღე და როგორ უხარია, როცა ქმარი მთვრალი მოდის – ისეთი, რომ ლაპარაკის და ცემის თავი არა აქვს... იცი, შალვა, რას მიხვდი? - ყველა ავადმყოფობას დარდი აჩენს ალბათ... აქ რომ იყო ახლა, სიცილს დამაყრიდი... მერე საჭმელებზე ჩამოვარდა საუბარი... შალვა, გახსოვს, რა კარგი ჩაქაფული იცოდი? მოსაცდელში ქალებს რეცეპტი ჩავაწერინე შენი ჩაქაფულის: 1. ჩავყაროთ ქვაბში დაჭრილი ხორცი (ოთხი კგ. მაინც. თუ ხორცი არ გვაქვს, დანარჩენ პუნქტებზე არ გადავიდეთ); 2. ხახვი, ბევრი ტარხუნა, ბევრი ქინძი, სურვილისამაბერ ცოტა კამა და პიტნა; 3. ცოტა ნიორი და ერთ ჭიქაზე ნაკლები თეთრი ღვინო; 4. წიწაკა და ახალი ტყემალი ერთი ჭიქა (ცოტა მჟავე უნდა იყოს)... ერთმა მთხოვა, - დამიწერეო... და დავუწერე... დასაწყისზე იცინა... შალვა, ეს ფურცელი, შენი რეცეპტი სულ თან დამაქვს... შალვა, გახსოვს, შენი დაბადების დღე? ინსტიტუტის თანამშრომლებმა მაისური მოგიტანეს და იაპონური საყვავილე. მერე გული გაგიწვრილეს, - გაისინჯე, გაისინჯეო... გაისინჯე და ერთი ზომით პატარა იყო... შენ არ დაგიწუნებია, - არაფერიც არ მიჭერს, ხო, ცოტა საყვავილე მიჭერსო, ამბობდი... მაინც წაიღეს გადასაცვლელად... მაისური. შალვა, რატო იყავი, კაცო, ასეთი კარგი? ერთხელ მანც გეწყენინებინა, იმას გავიხსენებდი და ასე არ ვიქნებოდი დამწვარ-დადაგული... ხო არის ოჯახები, ჩხუბობს ცოლ-ქმარი და მაინც ერთად არიან?! ერთხელ გეჩხუბა რამეზე... ან სიმთვრალეში მაინც გაგებრაზებინე... ხოდა, გავიხსენებდი იმას, ძალიან რომ მომენატრებოდი და აღარ მომენატრებოდი ასე... არა, თუმცა, ხო გამაბრაზე, - რას იზამ, გათხოვდებიო? - ეს როგორ მკითხე, შალვა? შენი მოგონება რომ მირჩევნია მთელ ქვეყანას, ეს როგორ არ იცი?! შალვა, იცი, ნინის როდის ვეფერები? რო დაიძინებს... რატო, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ბევრმა ფერებამ არ იმოქმედოს ცუდად... შალვა, რა მეშველება, თუ მართლა უყვარს ის ნაციხარი... ჩუმად ხო არ მივიდე და ვნახო ვინ არის, ერთი? ბავშვის მერიდება, მაგრამ დედა ვარ, შალვა, და უნდა გაიგოს... გახსოვს, შალვა, ნინი რომ დაგხვდა კარებთან და, - დღესო, სუპი ვჭამე და არ მიტირიაო, რო გითხრა, რამდენი იცინე... ისევ ისეთი უჭმელია ახლაც... გახსოვს, პატარობაში რო კითხავდნენ - ვინ უფრო გიყვარსო? - დედა მიყვარს და მამაჩემის ფანი ვარო... შენ უფრო უყვარდი, იმიტომ, რომ არ ეჩხუბებოდი და ყველაფერს უსრულებდი... რა თეატრებს გვიწყობდა სახლში? ეჰ, ნეტა ის დრო, შალვა! მაშინ გვერდით მყავდი, რა ბედნიერი ვიყავი თურმე... მგონი, მოჩვენებები მეწყება. ხანდახან მეჩვენება, თითქოს კიბეზე შენი ფეხის ხმა მესმის. გახსოვს, შალვა, ნინიმ რომ აიტეხა, თეატრალურში უნდა ვისწავლოო... მე ვიყავი წინააღმდეგი... შენ ნინის მხარეს იყავი... მაგრამ ორივეს გაჯობეთ... მგონი, სულ ტყუილად მოგიმდურეთ ორივე. ეკონომიკურ ინსტიტუტში თეატრალური დასი გამიგია?! თუმცა, რომ მითხრა, ჩავეწერეო, გამიხარდა კიდეც, იმიტომ, რომ რაღაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს... თუმცა, წამოცდა, რომ ის ბიჭიც იმ დასშია და მაშინ უკვე გადამიქანდა გული...
* * *
იქ იმდენი ცრემლიანი თვალები ვნახე, საშინელებაა. თან, რომ ელი და არ იცი, რას გეტყვიან. ცუდად კინაღამ გავხდი. მერე, სულ ახალგაზრდა გოგო იყო ერთი, ექიმის მისაღებში, მოშხამულები ვიჯექით ქალები, ის კი იცინოდა, ჩვენი გამხიარულება უნდოდა თითქოს... ხოდა, ანეკდოტს მოყვა ეს გოგო. მოგიყვე? იცი კიდეც შეიძლება, მაგრამ ჩემთვის არ მოგიყოლია. კაცი მგზავრობს კუპით, მარტოა და შემოდის დედა ძუძუთა ბავშვით, - შეიძლება თქვენთან ერთად რომ ვიმგზავროო? კი ბატონოო, - კაცმა... იცი, ეს ანეკდოტი თუ გავაგრძელო? ...ცოტა ხანში ატირდა ბავშვი, მაპატიეთ ბატონო, უნდა ვაჭამოო, - ქალმა. აჭმევს ქალი ძუძუს ბავშვს თურმე, ბავშვი კი ჭირვეულობს, არ ჭამს. აშინებს ქალი, - ჭამე, თუ არა, ამ ბიძიას ვაჭმევ ძუძუსო... ერთხელ, ორჯერ ასე... მეათეჯერ. შედიან ამასობაში ხაშურში. კაცი ეუბნება ქალს, - ე, ქალბატონო, თუ მაჭმევთ, მაჭამეთ მეც ძუძუ, თორემ გორში ჩავდიოდიო... იმდენი ვიცინეთ, შეშინებულმა შემოიხედა ექიმმა მოსაცდელში, ალბათ იფიქრა, ხო არ გააფრინეს ქალებმაო. მოვედით ცოტა ხასიათზე. იმდენად აღარ გვეშინოდა უკვე... მოვიდა ჩემი რიგი და შევედი... იქ, შალვა, რომ შედიხარ, კაცი და ქალი არ არსებობს... ერთსქესიანი ხდება ყველა... კარგი პიანისტივით ჩამომიარა, აათამაშა თითები ძუძუებზე... ისე მსინჯავდა, თითქოს მართლა პიანინოს კლავიშებს ეხებოდა... უბრალო შემაგრება ყოფილა ის კვანძი, ასე რომ შეგვაშინა ორივე. სიმსივნური არ არის, გაიწოვებაო, - ექიმმა... მაშინ მითხრა, - კარგია, გამხდარი რომ ხარო. შალვა, გულზეც გადავიღე სურათი. გახსოვს სარქველთან შემკვრივება რომ მქონდა, ოთხი მილიმეტრი? რომ გვეშინოდა, პროგრესირებადი არ ყოფილიყო? შვიდ მილიმეტრზე ხო ოპერაცია იქნებოდა საჭირო? სამი და სამი მეათედია ახლა, შალვა. არ სჯეროდათ ექიმებს, ასეთი რამ არ ხდებაო. ეს Gღმერთმა ალბათ, იმიტომ გააკეთა, ნინის რომ ვჭირდები... გამიხარდა შალვა... ნინის რა ვუყო? რა ეშველება ნინის, მეც რომ მივატოვო?! მე რომ წამოვალ შენთან, მინდა, მასზე ფიქრმა არ შემაწუხოს. შვილი მინდა გავუზარდო და შალვა მინდა დაარქვას. აღდგომის მეორე დღეს მზიანი ამინდი რომ იყო და უცებ შენს საფლავზე რომ წამოვიდა წვიმა, ახლაც ამაზე ლაპარაკობს ყველა... როგორ გაზრდილა ეს ბალახი... ნინი და მე ერთად ვიყავით წინა კვირას და, - არ მოვთხაროთო, იყოს დედაო... კაი, იყოს-მეთქი... სხვა ყველაფერი გავწმინდე, ასე მგონია, შენ მოგიარე დაღლილს... დღეს ვერ წამოვიდა ნინი, სამეცადინო მაქვს ბევრიო და როლიც უნდა ვისწავლოო... იქეთ კვირას ერთად ამოვალთ ისევ...
IV ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. არ მითქვამს,ახლა ვიყვირებ,ძალიან ძალიან კარგია! არ მითქვამს,ახლა ვიყვირებ,ძალიან ძალიან კარგია!
16. ძალიან მომწონს ეს თქვენი მოთხრობა..... ამ მე-4 ნაწილზე ვიტირე...... მშვენიერია.... გმადლობთ და ველი გაგრძელებას.....:) ძალიან მომწონს ეს თქვენი მოთხრობა..... ამ მე-4 ნაწილზე ვიტირე...... მშვენიერია.... გმადლობთ და ველი გაგრძელებას.....:)
14. იქაც შეგაფასე, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. დროზე გააგრძელე. იქაც შეგაფასე, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. დროზე გააგრძელე.
13. იქაც შეგაფასე, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. დროზე გააგრძელე. იქაც შეგაფასე, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. დროზე გააგრძელე.
11. კარგია... სულ ველოდები-ხოლმე შენებს... სიმართლე გითხრა, შენებს ველოდები და თამრიკოსებს... ლამაზი ენა გაქვთ ორივეს! 5 კარგია... სულ ველოდები-ხოლმე შენებს... სიმართლე გითხრა, შენებს ველოდები და თამრიკოსებს... ლამაზი ენა გაქვთ ორივეს! 5
10. აქამდე იუმორით უფრო გვანებივრებდი...ეს ცოტა მძიმე იყო, მაგრამ იმდენად კარგი და უბრალო... რომ სიტყვები არ მყოფნის...ვიტირე კიდეც...ამ მოთხრობიდან კარგად ჩანს,რა მარტივი ფორმულა აქვს სიყვარულს-ერთმანეთის მიმართ ყურადღება მხოლოდ-ადამიანები კი ყოველთვის ვართულებთ... არაჩვეულებრივად წერთ....55555555 აქამდე იუმორით უფრო გვანებივრებდი...ეს ცოტა მძიმე იყო, მაგრამ იმდენად კარგი და უბრალო... რომ სიტყვები არ მყოფნის...ვიტირე კიდეც...ამ მოთხრობიდან კარგად ჩანს,რა მარტივი ფორმულა აქვს სიყვარულს-ერთმანეთის მიმართ ყურადღება მხოლოდ-ადამიანები კი ყოველთვის ვართულებთ... არაჩვეულებრივად წერთ....55555555
9. მოგიკითხეთ ბატონო ლევან... ყველა თავს ერთად წავიკითხავ და მოგახსენებთ ჩემს ,,ბრძნულ " აზრს :)) მიხარია აქ რომ ხართ.... მოგიკითხეთ ბატონო ლევან... ყველა თავს ერთად წავიკითხავ და მოგახსენებთ ჩემს ,,ბრძნულ " აზრს :)) მიხარია აქ რომ ხართ....
8. ...გუშინ წავიკითხე და ეს "გაგრძელება იქნება" დღესაც ნერვებს მიშლის... თუმცა უნდა ვაღიარო "დასასრული" უფრო უგემური იქნება... "მოლოდინის" რეჟიმში კი მხოლოდ ხინკალს თუ ველი აუღელვებლად... :) ...გუშინ წავიკითხე და ეს "გაგრძელება იქნება" დღესაც ნერვებს მიშლის... თუმცა უნდა ვაღიარო "დასასრული" უფრო უგემური იქნება... "მოლოდინის" რეჟიმში კი მხოლოდ ხინკალს თუ ველი აუღელვებლად... :)
7. ყოჩაღ მეგობარო!!! ყოჩაღ მეგობარო!!!
6. ძალიან კარგი ადამიანი და ნიჭიერი პროზაიკოსი.
:)
ყველა მონაცემი რომ გახდეს კარგი მწერალი:) უკმარისობის განცდა ან რამე შენიშვნები ტუ მაქვს ხოლმე ,უბრალოდ უკვე ამ დიდი მწერლის აწეული თამასიდან ვუყურებ მის მოთხრობებს ძალიან კარგი ადამიანი და ნიჭიერი პროზაიკოსი.
:)
ყველა მონაცემი რომ გახდეს კარგი მწერალი:) უკმარისობის განცდა ან რამე შენიშვნები ტუ მაქვს ხოლმე ,უბრალოდ უკვე ამ დიდი მწერლის აწეული თამასიდან ვუყურებ მის მოთხრობებს
5. გახსოვს, პატარობაში რო კითხავდნენ - ვინ უფრო გიყვარსო? - დედა მიყვარს და მამაჩემის ფანი ვარო... შენ უფრო უყვარდი, იმიტომ, რომ არ ეჩხუბებოდი და ყველაფერს უსრულებდი... რა თეატრებს გვიწყობდა სახლში? ეჰ, ნეტა ის დრო, შალვა! მაშინ გვერდით მყავდი, რა ბედნიერი ვიყავი თურმე...
გაიხარე, ლევან! იუმორი და ტრაგედია ასე როგორ გადააწანი ერთმანეთს? 5 გახსოვს, პატარობაში რო კითხავდნენ - ვინ უფრო გიყვარსო? - დედა მიყვარს და მამაჩემის ფანი ვარო... შენ უფრო უყვარდი, იმიტომ, რომ არ ეჩხუბებოდი და ყველაფერს უსრულებდი... რა თეატრებს გვიწყობდა სახლში? ეჰ, ნეტა ის დრო, შალვა! მაშინ გვერდით მყავდი, რა ბედნიერი ვიყავი თურმე...
გაიხარე, ლევან! იუმორი და ტრაგედია ასე როგორ გადააწანი ერთმანეთს? 5
4. თბილო.. ტკბილო... საყვარელო ადამიანო... თბილო.. ტკბილო... საყვარელო ადამიანო...
3. გახსოვს, შალვა, ნინიმ რომ აიტეხა, თეატრალურში უნდა ვისწავლოო... მე ვიყავი წინააღმდეგი... შენ ნინის მხარეს იყავი... მაგრამ ორივეს გაჯობეთ... მგონი, სულ ტყუილად მოგიმდურეთ ორივე. ეკონომიკურ ინსტიტუტში თეატრალური დასი გამიგია?!
:) გახსოვს, შალვა, ნინიმ რომ აიტეხა, თეატრალურში უნდა ვისწავლოო... მე ვიყავი წინააღმდეგი... შენ ნინის მხარეს იყავი... მაგრამ ორივეს გაჯობეთ... მგონი, სულ ტყუილად მოგიმდურეთ ორივე. ეკონომიკურ ინსტიტუტში თეატრალური დასი გამიგია?!
:)
2. ძალიან მიყვარს თქვენი ნაწერები :) და ბოლოსკენ სულ გული მწყდება რომ გაგრძელება არ ვიცი როდის იქნება :D ძალიან მიყვარს თქვენი ნაწერები :) და ბოლოსკენ სულ გული მწყდება რომ გაგრძელება არ ვიცი როდის იქნება :D
1. კარგად წერ, მშვენიერია.:) კარგად წერ, მშვენიერია.:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|