ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2009


თავი 28. დასასრულის დასაწყისი ("გაცვლა")

აღარ დაადგა საშველი გათენებას.
თეონა დივანის კუთხეში განმარტოვდა და ჩუმად მიეცა ფიქრებს.

“ნეტა მართლა გავყოლოდი დედაჩემს... ამ გაუგებრობას ხომ მაინც ავიცილებდი თავიდან? ოხ, ემზარ, რა გველი ყოფილხარ? როგორ მიუტანა ამბავი ზეიკოს?! და ზეიკომ – ჯაბას უთხრა?... განა რა გავაკეთე ასეთი უსაშველო? სიყვარულის ახსნის უფლებაც არ მივეცი არავის, არც ზურას, არც იმ ჟერარს... ან რა უნდა მეთქვა, 7 წლის წინ სურათი რატომ დახატე-მეთქი?....”

თვალები დახუჭა და სცადა, არაფერზე ეფიქრა. არაფერი გამოუვიდა: კარუსელივით ტრიალებდნენ ფიქრები მის გარშემო, მოსვენებას არ აძლევდნენ...

“ოხ, ჯაბა, ჯაბა... ნუთუ დღეს დამთავრდა ყველაფერი? “ბანკეტამდე მოითმინეო”, არა? აი, რა სიურპრიზის გაკეთება სდომებია! ან, თუ იცოდა ჟერარის შესახებ რამე, ადრე ვერ მკითხა? სულაც აღარ მოვიდოდი აქ, თუ ამდენად ვერ მენდობა!... ან ეს ვაჟა რამ გადარია დღეს? პირველად მნახა?... ღმერთო, შენ ნუ გადამრევ!”

ასე თვალდახუჭულს ჩასთვლიმა, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც მოასწრო უცნაური სიზმრის ნახვა:

თეონა, რაღაც უცნაურ ყვავილად ნაქცევი, მიწიან ქოთანში იყო ჩარგული. მასთან ერთად იმავე ქოთანში იყო ჩარგული სხვა სახეობის ყვავილიც. ვიღაცამ ყვავილის ქოთანი გატეხა. ფესვებგადახლართული ყვავილები ძლივს დააცალ-ცალკევეს და სხვადასხვა ქოთნებში ჩარგეს. მიწაში ოქროს რგოლი ეგდო. როგორც კი ეს რგოლი ხელში აიღეს, ის მომენტალურად გასკდა შუაზე. ბეჭდის ნახევარი ერთ ქოთანში ჩააყოლეს და მეორე ნახევარი – მეორეში. მოიწყინეს ყვავილებმა უერთმანეთოდ, ჭკნობა დაიწყეს.
- ნახე, რა მოხდა? ვიდრე ერთ ქოთანში ისხდნენ, - ორივე ყვაოდა და ახლა – ერთმანეთს აჭკნობენ... ერთ-ერთი სხვა ოთახში გავიტანოთ, ერთმანეთის სიახლოვის გარეშე ორივე ისევ აყვავდებაო... – გაიგო ვიღაცის ხმა თეონა-ყვავილმა... და ქოთნიანად გაიტანეს მეორე ოთახში.
- არ მინდა ცალკე ქოთანში, - იყვირა მან და... სისხლად დაიღვარა.

გაეღვიძა.
არავის შეუმჩნევია, თუ ეძინა, - ყველას ეგონა, თვალდახუჭული იჯდა ისევ.
დაჟინებული მზერა იგრძნო. მიიხედა და ჯაბას თვალებს წააწყდა.
ჯაბა მიუახლოვდა და ისე დაჯდა მის გვერდით, რომ თეონას თავისუფლად შეეძლო მის მხარზე თავის ჩამოდება.
ჯაბამ ხელი გადახვია და მიიზიდა.
- ოთხი საათია ჯერ, დაიძინე... როგორც მაშინ, იქ, სოხუმში...
- ჰო, მეძინება... – თეონა თბილად და მოხერხებულად მოეწყო ჯაბას მხარზე, თვალები დახუჭა და მაშინვე ჩაეძინა.
- მიყვარხარ, თეონა... – დაიჩურჩულა ჯაბამ და თეონას ოქროსფერი თმაში ჩამალა სახე.

თეონას აღარაფერი გაუგია, - მშვიდად და უშფოთველად ეძინა.
ჯაბასაც უცებ ჩაეძინა.
ორ საათზე მეტი ეძინათ თეონას და ჯაბას ასე, მხარ-თავგადაჭდობილებს.

ცა ჯერ განაცრისფერდა, შემდეგ – კიდევ უფრო გაბაცდა და ბოლოს ლამაზი ვარდისფერი შეერია.  ცოტა ხანში – ვარდისფერს ოქროსფერიც შეემატა და მზეც ამოვიდა მთელი თავისი დიდებულებით.

რამდენიმე ბიჭი – ქეიფს აგრძელებდა და სიყვარულს უმტკიცებდა ერთმანეთს.
გიგა და ზურაც სუფრას მისხდომოდნენ და ჩუმად საუბრობდნენ. გიგამ უხმოდ მიახედა ზურა ჯაბასკენ.
თეონას და ჯაბას ერთი დიდი პლედი ეფარა. თეონას, ჯაბას მხრიდან, მის მკერდზე ჩამოვარდნოდა თავი. ჯაბას ორივე ხელი მოეხვია თეონასთვის და მკერდში ჩაეკრა.

- ვაახ, რა ჩერჩეტი კაცია, ტოოო... ასე მიყვარდეს გოგო და ხმას ვერ ვიღებდე? იცი, როგორ უყვარს? – თქვა გიგამ და საქმიანად ამოიოხრა.
- ვიცი... და რაც მთავარია, თეონასაც უყვარს! რა აჩერებს ჯაბას – არ მესმის!
- ბეჭედი ჯიბეში უდევს და მისი დანიშნულებით გამოყენება ვერ მოუხერხებია!
- რა ბეჭედი?
- თეონასთვის... რგოლი, დასანიშნად!

თეონამ თვალები გაახილა და დაინახა, რომ, თითქმის, ყველას ეძინა, ზოგს – სავარძლებში, ზოგს – საწოლებზე მიწოლილებს, ზოგს – მათსავით, დივანზე... ვიღაცის მზრუნველ ხელს მათთვის პლედები, ადიალები, თხელი გადასაფარებლები მიეფარებინა. შებორკილად იგრძნო თავი. მიხვდა, რომ ჯაბას მკლავებში იყო მომწყვდეული და ბედნიერი სახით გაიღიმა.

ჯაბასაც გაეღვიძა და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები თეონას.
- ჯაბააა, აღარ მიბრაზდები? – ისე ჩაილაპარაკა, თავი არ აუწევია თეონას.
- შენ ან როდის გიბრაზდებოდი? – თმაზე აკოცა ჯაბამ თეონას, ქალს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა!...
- მე არაფერში ვარ დამნაშავე...
- ჩუუუ, ვიცი... თეეე, იცი რააა... – და ვეღარ მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ მათ ვაჟა მიუახლოვდათ.
- ეი, გოგო, უჩემოდ არ წახვიდე სახლში... მე გაგაცილებ და თან იმ ჩემს ძმაკაცზე უნდა გკითხო რაღაც...
- ვაჟა, გადი აქედან... შენს სისხლს ნუ დამაღვრევინებ! – ჯაბამ კბილებს შორის გამოსცრა და კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი თეონას.
- მე ლადოს მაშინ მივეცი სიტყვა, როცა არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა! ამის ბედი, რომ ის გადარჩა, თორემ მაგ შენს თეონას მის საფლავზე დავა... – და ახლა ვაჟამ ვეღარ მოასწრო წინადადების დასრულება, რადგან ზურას ტორებმა ვაჟა ასწიეს და ღია აივანზე დააგდეს, ასე რომ ფეხზე წამომხტარი ჯაბა მარტო დარჩა საბრძოლო არენაზე.
- ვაიმე, თეონა! თეეეეე! გონზე მოდი, გეხვეწები, რააა! – გაიგეს ერთ-ერთი გოგონას, სალომეს ხმა.

ყველამ თეონას გახედა და მაშინვე მიავიწყდა ვაჟაც და მისი ძმაკაციც:
მიტკალივით გაფითრებული თეონა სალომეს ხმაზე აღარ რეაგირებდა, ხმას აღარ იღებდა, - მინის თვალებით იყურებოდა სადღაც, ყველას მიღმა. ვეღარავის ხედავდა, ვეღარაფერს აღიქვამდა, მაგრამ არც გულწასული ეთქმოდა...
სალომემ ნიშადურის სპირტიც აყნოსა, სველი ხელებით უზელდა ყურებს, - არანაირი რეაქცია არ ჰქონია თეონას სხეულს.

და უცებ თეონა მოწყვეტით გადავარდა საზურგეზე.

- მიშველეთ, მოკვდა! – იყვირა სალომემ და თავადაც გული წაუვიდა. კარგია, სალომესთვის ხელის შეშველება მოასწრეს! ნიშადურით - უცებ მოასულიერეს...

თეონას ვერ უშველეს ვერაფერი, - თვალღია მიცვალებული ეწვინათ დივანზე.
ჯაბა დაჭრილი დათვივით ღრიალებდა. ბიჭებიდან ზოგი ჯაბას აკავებდა, რომ ვაჟა არ მოეკლა, ზოგი – ვაჟას მივარდა, რომ თავისი თავისთვის არაფერი აეტეხა და ზოგი – გოგონების დაშოშმინებას ცდილობდა, რადგან გოგონები გაბმულად კიოდნენ...
სასწრაფოში – ვერ დარეკეს, ოჯახში კი არა, უბანშიც არავის ჰქონდა ტელეფონი, - ახალი უბანი იყო და სატელეფონო კაბელები გაყავდათ იმჟამად.

- ვაჟა, თეონას რომ რამე დაემართოს, შენს სისხლს დავლევ, იცოდე!... – შემზარავი ხმით იყვირა ჯაბამ და თეონას გადაემხო.
- თეონააა, მაპატიე, თეონა! მე არ მინდოდა ასეეე! – ნერვიულობისაგან ბურთივით ხტოდა ვაჟაც და ხელებს იჭამდა.


თეონა კი... შორს იყო წასული!
თაიამ ყიფლიბანდის არე გამოარღვია და ზეცაში აიჭრა.


. . . . . .

მამა-ღმერთის სამყოფელი.


- მეუფეო, თაია ბრუნდება! – მოახსენეს მამა-ღმერთს ქერუბიმებმა.
- როგორ თუ “ბრუნდება”?! სად არის?
- სხეული დატოვა და აქეთ მოდის!
- გიორგის მიხმეთ!

მაშინვე ეახლა წმ.გიორგი.
- გიორგი, თაიას დახვდი და უკან დააბრუნე, სასწრაფოდ! სინათლის ანგელოზები გაიყოლე! გახსოვდეს, მან ვერ უნდა გაიხსენოს, რომ თაიაა!
- გასაგებია! მივდივარ... – გიორგი დარბაზიდან გამოვიდა...

სწრაფად იპოვეს თაია.
- უკან დაბრუნდი, თეონა...
- აღარ მინდა იქ! აქ მირჩევნია!...
- შეიძლება, მაგრამ უნდა დაბრუნდე... მამას ბრძანებაა!
- აუცილებელია?
- ხო, ეს მისიაა... ცოტა ხანში – თავად მოგძებნი, თეონა! ახლა კი – დაბრუნდი... მიგაცილებენ!

გიორგის ამ სიტყვებზე სინათლის ანგელოზები ორივე მხრიდან ამოუდგნენ თაიას და... წამზე უსწრაფესად დააბრუნეს სხეულში.



. . . . . . . .

- ღმერთო, ეს რა არის? – იყვირა მეორე გოგონამ, დალიმ, რომელმაც დაინახა, როგორ გაბრწყინდა თეონას ირგვლივ არე. თითქმის მაშინვე თეონამ ღრმად ამოიხვნეშა და თვალი გაახილა.
- ჯაბა... – ამოიჩურჩულა თეონამ.
- თეონააა,  თეეეეეეეეეეე.... როგორ შემაშინე! – არანორმალურად იყვირა ჯაბამ, თეონას ხელს სტაცა ხელი და კოცნა დაუწყო.
- კარგი, არაფერი მომხდარა! ნუ შეაშინებთ გოგოს! – გიგა ცდილობდა გარშემომყოფთა დაშოშმინებას.

მაგრამ, თეონა შეშინებულს სულაც არ ჰგავდა.
მართალია, სხეულიდან გასულს, სხვა ეგონა თავი, მაგრამ... “თეონა ხარო”, - უთხრეს და მანაც დაიჯერა... სხვა რა გზა ჰქონდა?!
ამ გასვლით მან გაიგო, რომ რაღაც მისია ჰქონდა შესასრულებელი.
და ამ ახალი ინფორმაციის ფონზე, ღმერთოოო, რა საოცრად უმნიშვნელო და არაფრისმაქნისი ჩანდა ყველაფერი!

- სახლში მინდა!... – ისევ ამოიჩურჩულა თეონამ და წამოჯდომა სცადა.
- წავიდეთ, თეონა! – ფეხზე წამოხტა ჯაბა.

უკვე კარგად გათენებულიყო.

ყველანი ერთად გამოიშალნენ სახლიდან. ფეხით გავიდნენ ცენტრალურ ტრასამდე.
ტაქსი გააჩერეს და ჯაბამ თეონა, დალი და სალომე ჩაისვა მანქანაში.

ჯერ სალომე მიიყვანეს, შემდეგ დალი...
ჯაბა უკანა სკამზე გადაჯდა, თეონასთან.
- ახლა როგორ ხარ, თეეე? ცუდად ხომ არ ხარ ისევ?
- ცუდად როდის ვიყავი?
- რა ვიცი, მგონი გული წაგივიდა... – დაიბნა ჯაბა.
- ააა... არა, ცუდად კი არ ვიყავი, წავედი, მაგრამ... დამაბრუნეს!
- სად წახვედი, თეეე? ნუ მაშინებ!...
- არ გაშინებ, - მხრები აიჩეჩა თეონამ, - აღარ მინდოდა აქ ყოფნა, დავიღალე...
- როგორ თუ “აღარ გინდოდა”? – ჯაბამ იგრძნო, რომ ახლა თავად გახდებოდა ცუდად, თუ თეონა დროზე არ აუხსნიდა, რას ამბობდა. თმა ყალყზე დაუდგა.
- ისე, ჩვეულებრივად... წავედი და დამაბრუნეს... “მისია გაქვს შესასრულებელიო”...
- რა მისიაო? – ძლივს მოაბრუნა ჯაბამ ენა.
- ეს არ უთქვამს... მან მითხრა, მალე თავად მოგძებნიო, ახლა კი – დაბრუნდიო და მეც – დავბრუნდი. სინათლის ანგელოზებმა დამაბრუნეს.
- კარგი, თეეე, ნუღარაფერს იტყვი... მაშინებ!
- ეს შენი პრობლემაა! ნურაფრის გეშინია... არაფერი შეცვლილა.

ამასობაში თეონას სახლთანაც მივიდნენ.
ჯაბამ ჯიბეში ჩაიყო ხელი ფულისთვის, მაგრამ მძღოლმა გააჩერა:
- არ გეწყინოს, ძმაო, მაგრამ... ჩემდაუნებურად მესმოდა თქვენი ლაპარაკი. მე ახლა ანგელოზებთან მოლაპარაკე ადამიანი მეჯდა მანქანაში, თავადაც ანგელოზი. ნება მომეცი, ამ ანგელოზისადმი პატივისცემა რამით მაინც გამოვხატო და ეს მგზავრობა ჩემს ხარჯზე იყოს! იმედია, ცუდად არ გამიგებ!. - მძღოლმა მანქანა დასძრა და “კარგად იყავითო”, ფანჯრიდან მოაძახა.
“ვაახ, ეს რა დღეში ვარ, ააა? ამ მძღოლს, მგონი შეეშინდა და ამიტომ არ გამომართვა ფული... და რა, მე არ მეშინია? სულ ვამბობდი, თეონა, რაღაც, განსხვავებული გოგოა-მეთქი... აჰა, არ ვყოფილვარ მართალი?”

- ჯაბა, ამოხვალ? – გამოაფხიზლა თეონას ხმამ.
- ჰო, ქალბატონ თინას ჩავაბარებ შენს თავს.
- მხოლოდ ამიტომ ამოდიხარ? მაშინ წადი, უძინარი ხარ შენც.
- კარგი, თეონა, როგორც გინდა....
- ჰო, მართლა, სამთვიან ჯარში როდის მიდიხარ?
- არ ვიცი. რომ გავიგებ, დაგირეკავ. მოხვალ გასაცილებლად?
- აუცილებლად... აბა, კარგად იყავი, - თეონამ ჯაბა გადაკოცნა და სწრაფად აირბინა კიბეზე.

“არაფერზე იფიქრო ახლა, ჯაბა! ახლა მაინც არ იფიქრო თეონაზე, თორემ გაგიჟება გარანტირებული გაქვს!” – ფიქრობდა ჯაბა და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ჯერ ისევ ცარიელ ქუჩაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები