ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2009


გამოფხიზლების ბალადა

                წიგნიდან  ,, ფიქრთაცვენა ’’


... კვლავ  ავუქშიე
გადარეულ  დღეთა  სერიას...
კვლავ  -  დამთრგუნველმა  ღრიანცელმა
ჩაწიხლა  თრობა...

გამოფხიზლება  -
მობეზრებულ  ხილვათა  რთვლობა  -
კვლავ  შავთეთრ  ხედებს  მიანათებს
თვალებს  ცრემლიანს...

უმეტეს  ღვინის
და  უმეტეს  ცეცხლოვან  არყის,
ძარღვებში  ცრემლი  მოწანწკარებს,
ვფიცავარ  ძმობას...

სენს  ესევითარს
ვერანაირს  მოარგებ  გრძნობას,
მენდე,  ამაზე  კრინტის  დაძვრა
ჩირადაც არღირს...

მზე  დაიტირეს
ღამეებმა  უძილო  ზამთრის...
ეს  დეკემბერიც 
იმ  უძილო  კოშმარში  გაცვდა...

გამოფხიზლება  -
უმწეობის  მსახვრალი  განცდა -
სიფრთხილით  ზვერავს
ხვალისდღისკენ  გასაჭრელ  გზაწვრილს...

ვისაც  თუნდ  ერთხელ
სიყვარულმა  წაჰგვარა  ცნობა,
გული  უკორტნა  (თუნდაც  ერთხელ!..)
ღალატის  ძერამ...

აწ  წყვილი,  მწარე,  მწველი  წვეთი
უბინდავს  მზერას
და  ახრჩოლებულ  სარდაფების
მორევში  ტოპავს...

სულ  ორად-ორი  აშავია
ამ  მზერას  გეზი:
მიაპყრობ  წარსულს  -
დაარწყულებ  ხსოვნას  გასენილს...

იმ  უღრანიდან 
სასიკეთოს  აღარას  ელი,
გარდა  დამცინავ  იღბლის  მზერის,
ორსულის  გესლით...

თვალს  მოარიდებ
ბილწ  ჩვენებას,  მრავალგზის  ჩენილს...
სხვა  რამ  სახილველს  რომ  მიაპყრო
სანაცვლოდ  ამის...

მიედინება  აწმყო  გარეთ
სივრცის  და  ჟამის...
და  შენს  სატკივარს  ვერცრას  წამლობს,
ვერც  რასმე  შველის...

მეორე  გეზი -
ჟამგადაღმა  ბურუსში  კრთება
სავალით  ძნელით
და  ბილიკი  ქარაფზე გადის...

შენც  -  მერამდენედ!.. –
გაამხნევებ  გათანგულ  ქადილს,
რომ  არ ეგების
ძილბურანში  დათვივით  გდება...

ფხიზლდები  კვლავ  და...
გრძნობ  -  მაცილი  შენს  ფიქრსაც  უსმენს...
ტელეპატიის 
გაბლანდულა  გარშემო  ქსელი...

მაცხოვრის  სისხლი  შეხმობია
ჟანგიან  ლურსმნებს...
ცად  კი...  -
იუდას  აღუპყრია  თვალები  სველი... 

*********************************************


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები