ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2009


მატადორის მონოლოგიდან

*******************************************************************************

              ელდარ  კერძევაძეს  -  ე.  ევტუშენკოს  პოემის
              ,, კორიდას ’’  თარგმანზე...

... მე  სიხარულიც  მქონდა  ოდესღაც...
სულ  ერთი  მუჭა  სიხარული  -  ჩუმი,  ბავშვური...
მერე  დამწყევლა  მაწყევარმა  უბოროტესმა,
რომ  დოლაბივით
გამომბმოდა
ფეხზე
წარსული...

ესეც  დასძინა:
სიმძიმილი  არ  დაგელევა!..
ხარ  ამიერით  ბედისწერის  ძელზე  გასმული!..
გწამდეს  -  წამითაც  ვერ  ეწევა  ბედნიერებას,
უკან  ეწევა  დოლაბივით  ვისაც  წარსული!..

ასე  გამწირა  წარუვალმა  მწარე  სვე-წერამ
მწირი  წლებისთვის,
წრიალისთვის  სვედათარსულის...
და  დღემდის  მიმზერს
ცის  ტატნობზე  მდგომიც  მზე  ცერად
და  ჩემს  წყლულ-ნაჭრევთ
შვების  სიოც  მიწყივ  გარს  უვლის...

... მიდიან  წლები...
ყველა  იმედს  ყავლი  გაუდის..
ჩემი  ცხოვრებაც  ლამაზია  იქნებ  შორიდან,
შუა  ბრძოლისას  რომ  შემეძლოს  ტაიმ-აუტის
აღება,
წამით  ლოჟიდან  რომ ვნახო  კორიდა!..

მიდიან  წლები...
მე  კი  ისევ  ამ  ჭრელ  ბრბოში  ვარ...
დაჭრილი  ბუღა
უშველებელ 
ტკივილს
მიარწევს...
ვერ  განვერიდე
სულისამრევ  სისხლის  ოხშივარს
და  გადარეულ  ხარის  რქებზე
აცმულ  ღრიანცელს!..

თუმცა  ბარბაცებს...
სადაცაა  ჩაიკეცება
ქანცგაწყვეტილი...
მაგრამ  სულის  მოთქმას  ვინ  აცლის...
ბრბოს  ღრიანცელი 
რა  იოლად  გვაქცევს  მხეცებად!..
რა  მონდომებით  -
გასართობად  ვიბრძვით  ვიღაცის?!.

მაგრამ  როდემდის?!.  –
ეს  თამაში  რით  ვერ  დასრულდა?!.
ბრბოს  გამართობად  დაბადება 
ნუთუ  მემართა?!.
უნდა  გავწყვიტო 
ყველა  ძაფი 
დღესვე,
წარსულთან
და  ხელთათმანი  გადვისროლო
ბედისწერასთან!..

და  თუმც  იმედი  გამარჯვების
მრჩება  მცირედი  -
მე  ხომ  ბრმა  ხართან  ბრძოლასა  ვარ
მხოლოდ  ნაჩვევი?!.
მაგრამ  ყაბულს  ვარ, 
თუ  ნაღდ  ბრძოლას  შევეწირები!..
ხოლო  ძლეული  თუ  გადავრჩები  -

შევსთხოვ  განგებას:
-  უმწეობამ  რომ  არ  მადარდოს,
დაუნანებლად
დამიფლითოს
გულის  პერანგი!..
ოღონდ  მარცხისთვის  ნუ  დასძრახავთ
ნურცერთ  მატადორს!..  –
თვით  ცხოვრებაა  ჩვენი  -  მარცხი  და  ფათერაკი!..

გულს  აბორგებულს
ბაგაბუგი
გაბმით  გაუდის...
-  თქვენი  სულები  ვინ  დაიხსნას
თქვენივ  მძორიდან,
მთელი  სიცოცხლე  ვისიც  არის  ტაიმ-აუტი
და  მუდამ 
მხოლოდ  ლოჟებიდან 
უმზერთ  კორიდას?!!

*****************************************************************************************************
1973  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები