ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2009


ლექსი ცოტაი

ურაკ-პურაკულნი 
***************************************

პროლოგის  მაგიერ

- ურაკელთადმი



მამულს  -  ღვთის  წილხვედრს
ავს  უქადის  ჯარი  მუხთლების...
დღე  ვუმკლავდები  ჯავრს  და
ღდინზე  ღამით  ვუხტები!..
გულს  ერთხელ  კიდევ  რო  შევახევ
ჯავრისქვის  კედელს
და  რო  მგონია  -
აწ  კუბოზე  ყვავილს  ვუხდები...
წერამწერალი
კვლავ  გამიხმობს
თქვენს  მარაქაში
და  მეც  გულმკვდარი
კვლავ  სიცოცხლით  დავიმუხტები!..
გონზე  მოსული
გულს  ბევრნაგვემს 
დავტუქსავ  ისევ:
ჩადექ  საგულეს  გულო,  მშვიდად!
ავი  ნუ  ხდები!



ზეზვა  მედულაშვილს  -  კაფიობის 
მსოფლიო  ჩემპიონს

დიდი  ძმა  მყევხარ,  ზეზვაო  -
გროშ  არ  გიჯდება  ლექსვაო!
მობილურებით  გეძებეთ,
შენთან  რო  ღვინო  გვესვაო...
დღეს  ერთი  ჭური  ვიკმაროთ,
ხვალ  ქუდს  ორს  მოვხდით  ქვევრსაო!




სიყრმის  მეგობრებს

გვარგუნა  ბედმა  გლეჯა  გულების
ამ  წლემით  -  მგლურებრ  შეჯაგრულებით!..
ჯერ  ვერ  დავწურე  ჩემი  ძველშავის
მტევნები  -  შავად  შეჯაგნულები...
ვეღარც  დავლაშქრე  ის  მწვერვალები -
ბროლ-მყინვარებით  შეჩაჩქნულები...
და  უკვე  -  ჩემი  სამარის  კარის
ურდულს  ბეჩავად  ვეჯაჯგურები...



სახელდახელოდ  -  მირან  ფალიანს
-  თითქმის  უკვე  ურაკელს...

1.    უძღები  გულისა

მიკვირს  -  მწუხრის  სუსხხზე  მსახვრალს
გული  ტკივილს  კვლავ  რომ  უძლებს...
-  ცაც  მინდა  და  მიწაც  სახლად!...
გულს  ერთი  არ  ჰყოფნის  უძღებს...


2.    მინაწერი  მცნებასა  ზედა  -
        ,, არა  ცილი  სწამო!..’’

ვინც  ჩემზე  იტყვის  -  ლოთიაო !..  –
შეცდება  მწარედ!..
- ლოთი  რო  ვიყო, 
თავს  სირცხვილით  გავყოფდი  გარეთ?!.
ერთხელ  დავთვერი,
იმის  მერე  პახმელიაზე
გამოვდივარ  და...
ჯერ  ამ  საქმეს  ვერ  მოვრჩი,  მარე...


3.    სისხლისგამშრობი  სენისა

ღვთისმშობლის  გარდა  ქრისტეს  ვინ  გვიშობს?!.
- ჟამი  მინდობის  მორჩა  ბალღური!..
სენს  -  ორთავეს  რომ  ოდით  სისხლს  გვიშრობს  -
ერთად  ამოვკრათ  უნდა  პანღური!!!



თეას
/თაბაგარს,  რა  თქმა  უნდა!/

1.

გუშინ  ვომობდი  უზრდელ  დათვებთან...
ვიჯერე  გული  ,, ზრდილობის  თესვით ``...
ეს  დილაც,  ღვთით  რო  კიდევ  გათენდა,
ბარემ  დავიწყო  ლამაზი  ლექსით!


2.

,,მუხლებმოკვეთილი  კალამი  ფურცელზე  წაიქცა...’’
                                   
                                                    თ.თ.

მგვრის  სიამაყეს 
მზერა  ლომის  სწორფერ  ბოკვერთა,
,, ლეკვი  ლომისა  სწორიაო!..’’ –
კვლავ  რო  მამხნევებს...
არ  ემუქრება  ნაკურთხ  კალამს
მუხლის  მოკვეთა...
არვის    ჰპატიობს  ბედისწერაც 
უკან  დახევას!..


დილის  სალამის  სანაცვლოდ  -  თათა  თემისს

/ თათას  ჩემი  პატარა  გიო  ეძახის 
თავის  პაწია  დაიკოს  -  თამარს.../

პატარა  თათა  ვინც  მაჩუქა  მადლად  -  მე  მისი
მადლი  მსურს  არცროს  ისაკლისონ 
მოყვასთა  ჩემთა!..
-  აქ  ისე  კოხტად  ირითმება  ,, თათა  თემისი ’’ –
ამ  წუთას  მე  მის  გაბრწყინებულ
თვალებსაც  ვხედავ,
ნათელს  უქრობელს  რომ  ირეკლავს
ცათა  მთევისას
და  ნათელს  მისგან  ანთებულთა 
მნათთა  და  მზეთა!..



ლალის

სხივმოელვარე  ვით  ახარებს
თვალებს  ლალები,
ისე  მახარებს  ზოგჯერ  მისი
სიტყვა  კეთილი...
ფუტკარს  მაგონებს  -
ნესტარი  აქვს  შეუბრალები...
ნეტავ,  რამდენის  ადევს  ცოდვა 
გულდაჩხვლეტილის?!.
დიდება  უფალს,
იმ  ასაკში  რომ  არ  ვარ  ახლა  -
კიდევ  ერთ  ტრფობას  რომ  დავუსვა
მრავალწერტილი!..


სიფრთხილედავიწყებული
,,ლომებისა’’

მინაწერი 
ლუბა  ელიაშვილის
ლექსზე -
,, ლომებიანი  სიზმრები ’’

ღრიალიც  გვსმენია... 
( -  ბაგაზე  რომ  ებნენ
და  ერთხელ
სიფრთხილემ  უმტყუნათ!.. ) -
იმ  ბუტაფორიული  ლომების...
თუმც  დათვებს 
არც  ეყოთ  ბურდღუნად...



რეჟისორს

შარს  უპრობლემოდ
იმო  ძიაც 
ჯერეც  იშოვის...
დიდ  ზღვარს  ვერ  ვხედავ 
შესარეკს  და  შერეკილს  შორის...
ქალებრ  მექცევა  -
ხან  მწყალობს  და  ხან  მექუფრება
ცაც  -  ჯერ  რომ  მტანჯა  სიახლოვით,
მერე  სიშორით...
სულ  ცოდვის  კალო 
წამდაუწუმ 
სადაც  ტრიალებს,
არა  მესმის  რა  იმ  სპექტაკლის
მე  რეჟისორის...



ბექას

ენძელამ  თავი  ახალა  იას -
მე  მოვწონვარო  ახალაიას!
ერთი  პოეტი  შეემატაო 
ახალ  კოლხეთს  და  ახალ  აიას!
ორწერტილი  რომ  აზის  კენწეროს -
ყვავი  და  ყვავის  ბახალაია...



სოსო  ნადირაძეს -
იგივე  ნადირს

1.

ღვინომ  დამცადა... 
-  არ  მჩვევია  ასე  თრობაი...
პახმელიაზე  გაიჩითა  ესე  რობაი...
შენმა  რომანმა  - 
რომანები  გაშანსა  ლამის...
ღმერთმაც  გვიკურთხოს:
-  ძმასთან  -  ძმობა,
მტერთან  -  მტრობაი!..
                                                           
2.

კაცო  -  კაცადო, ერობაში,
ლექსში  -  ნადირო!
ძალგიძს  კი,  რომ  თქვა
რამ  უჯიგრო
რამ  -  უნამდვილო?!.
ბერტყე  ეგ  გული  სულ  -
რომ  ცრემლი  ყარო  ლექსებად!..
ამ  თახსირმა  დრომ
რომ  დიაცებრ  არ  აგვატიროს!



პახმელიაზე
აკვიატებული
ექსპრომტი
დეპეშასავით

თამარსა,  დასა,  ბუკიას:
-  ამეკვიატა  დილიდან,
ეს  გული  დასაბუგია
ქალით,  ლექსით და  ღვინითა!..

რო  შევყევ  ბაზარს  ბნედიანს,
ეს  რითმაც  ქვას  ამესხლიტა:
ეს  გული  დასაბრედია
ღვინით,  ქალით  და  ლექსითა!..

ზურგს  უკან  ყაზახს  -  ცელიანს
ვხედავ  -  მეპარვის  მალვითა!..
-  მას  მტრობს, ვინც  დასასჯელია
ლექსით,  ღვინით  და  ქალითა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები