ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


ტბასახსოვარი (ნ-ს)

გულივით ტბაა, ნატალია,
ზუსტად ისეთი, ჯვარზე რომ გვაქვს,
მაგრამ ამ ტბაში,
უამრავი იხვი, თოლია, თითო-ოროლა
გედიც დაცურავს.

და ტბაც ცოცხლობს
და ტბაც სავსეა,
ფოთლებით და მოგონებებით
და როდესაც ქარი უბერავს,
ტირიფის ტოტებს, აბანავებს და აშრიალებს,

ტბას შეუძლია მოიფიქროს იმაზე მეტი,
ვიდრე მე, შენ, ან სხვას შეუძლია...

ტბას შეუძლია მოიფიქროს - ხვეული თმები.
აი შენ, რომ თავს დაჰკიდებდი ხოლმე,
ხანდახან,
აბაზანიდან გამოსული და იმშრალებდი.

ტბას შეუძლია იყოს - ის დღეც,
- ის შემოდგომაც,
- ის მკვდარი გულიც,
შენ რომ სახსოვრად დამიტოვე და
დაგავიწყდა,
რომ ნასახსოვრალ, მნიშვნელოვან ნივთებს ვინახავ.

რომ მას შემდეგ ორი გამიხდა,
ორ გულს ვატარებ,
............. ორი ხელივით
ორივეს ვხმარობ.
ორივესთვის დღეს სულ ერთი ვარ...

ვუძლებ ორივეს შემოტევას
და კაპილარებს
და სისხლძარღვებს
და მათში ყველა,
(ტბაში ჩაცვენილ ფოთლებივით, ბუმბულებივით).
უცხო სხეულს. ანტისხეულებს...

ავუდივარ, თუ ვერ ავუდივარ,
მებაღესავით,
ძველისძველი, მომწვანო ნავით,
პეპლების ბადით დავუყვები ანტისხეულებს,
როცა პარკი ცარიელია.

როცა პარკში არავინ არის,
ტბას შეუძლია მოიფიქროს - ზღაპარი რამე
და გედებივით, ნებიერად შემოაცუროს,
გულის სიღრმეში საიდანაც აღარ ქრებიან

არცა სიტყვები...
არცა ხალხი...
და მათი გრძნობა

ორივე გულით მიწევს ხოლმე
ჰო... ნატალია... ორივე გული,
იმახსოვრებს ტბისეულ ზღაპარს
და ორივე, მერე მითარგმნის.

ვერაფრით ვიტყვი თარგმანები იდენტურია,

როგორც არ უნდა გაგიკვირდეს, მოკლული გული,
აი - შენგან ნასახსოვრალი,
უფრო მეტი გრძნობით მითარგმნის.
უფრო მეტ წვრილმანს უღრმავდება, მოკლული გული
უფრო მეტად ლმობიერია.

და რაც არ უნდა გაგიკვირდეს,
ჰო ნატალია !
სწორედ შენი ნასახსოვრალით,
გისახსოვრო მინდა ეს ლექსი,

ხოლო ახლა კი:

ტბას შეუძლია მოიფიქროს
- ათასი რამე...
ან,
დასასრული.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები