ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


ჩიტი-ჩიორას ზღაპრისა

********************************************************************************

            რკალიდან 
            < ვარიაციები  ქართული  ზღაპრებიდან >

             
            ,, ერთი  ბარტყი  გადმომიგდე!..’’


შენ  რაღა  გიჭირს,  ჩიტო-ჩიორა
-  ზღაპარში  ვინმე  კიდევ  გიშველის
და  უზრუნველი  ფრთხიალ-ფიორით
ფრთას  სხვა  ზღაპრისკენ  ისევ  გაიშვერ!..

ზღაპარში  რაა  დრო  და  მანძილი...  -
კვლავ  მიჰყოფ  ნისკარტს  ახალ  ბუდობას ...
და  მელაკუდაც  კვლავ  გააგრძელებს
გზას  მსუნაგობა-მელაკუდობის...

ეს  -  მე  დავრჩები  ასე  პირშავად
კვლავ  -  სინამდვილის  სიზმარ-ცხადებთან  -
სულშიგან  -  ძაძა-ფლასის  არშიით...
გულსგარეთ  -  ნიღბით  შეურაცხადის...

და  ჩემს  ჩრჩილნაჭამ  ხსოვნის  ზარდახშას
ერთხელ  მაინც  რომ  შემოაფრინდე ,
ხომ  შენი  თვალით  ნახავ,  რაც  დარჩა
ჩემი  ბავშვობის  მოკლე  ზღაპრიდან...

მომიმცვრევია  რაც  ხელმოცარულს
სიამის  ცრემლისხელა  წუთებად,
სულ    ნანცეც-ნამცეც  გამომაცალეს
წლებმა  -  მსუნაგმა  მელაკუდებმა...

მწირი  წარსულიც  წვრილად  გაწეწეს
და  გაძარცვულიც  ასე  მიტომ  ვარ...
რითიც  ვცოცხლობდი  -  მცირე  ნამცეციც
სანუგეშოდაც  არ  დამიტოვეს...

არც  ის  ნატვრისხე  -  ღდინზე  მობელეს...
აღარც  სამზერად  ამო  ვარდნარი...
არც  გული  -  თოთო  ბარტყი  ობოლი,
გულისბუდიდან  ამოვარდნილი...

და  ვიდრე  მზე  გზას  კიდევ  მიჩვენებს  -
მოკლედ  მოკვეცილს  ვზვერავ  უტევანს...
-  ჩემს  ორ  პარასკევს  -  რაც  შემარჩინეს
წლებმა  -  მსუნაგმა  მელაკუდებმა...

და  შენს  ბედს  ვნატრობ,  ჩემო  ჩიორავ...
-  იმ  შენს  ზღაპარში,  იქვე,  მეზობლად,
იქნებ  ერთი  რტო  მეც  შემირჩიო
და  მერე  მელამ  ნურც  მე  დამზოგოს!..


22.  6.  2009.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები