ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2009


ავტოპიარი

(თვითირონიული ლექსი "სალაღობოდ, სააშიკოდ, ამხანაგთა სათრეველად")


ო.შ.მ.? არა, ლ.შ.მ-სთვის
რაც „ლექსის შექმნად”
გაიშიფრება,
თუ დაფიქრდა ადამიანი,
გამოვაცხადებ:
ვინაიდან არ იყიდება
წინდაც კი,
თუკი არ ექნება წინდას პიარი,

ხოლო ცხოვრება -
ერთი დიდი ბაზრობა გახდა,
თავისთავს ყიდის ავაზაკიც,
მეძავიც, გლახაც,
და ხელოვანიც,
(სხვა ან რა აქვს?) თავის თავს ყიდის,
არც ფასებშია განსხვავება,
თუ მკითხავთ, დიდი,

გადავწყვიტე და ვიქირავე
მეც ერთი დახლი,
საქონელმცოდნე მუშტარს ველი,
მობრძანდით ახლოს!
და უნდათ ფორტედ ჩამითვალონ,
უნდათ - პიანოდ,
გადავწყვიტე და წამოვიწყე-
ავტოპიარი!

ქალი ვარ -
ზოგჯერ კაბას ვიქსოვ
ჭიკჭიკით მერცხლის,
საქმეს თუ უნდა -
დაღესტნურიც ვყოფილვარ ვერცხლი,
თუმც ტაფის შიშინს მირჩევნია
შიშინი ლექსის,
ჯერ არ მომსვლია -
რომ ნაჭუჭით შემეწვას კვერცხი!


პირველ შვილს,
გოგოს,
ლილეს ვარქმევ, მეორეს - საბას,
არასდროს მივცემ ტირილის და
მოწყენის საბაბს,
ბავშვური ძილი
ვიცი საშიშ ზღაპრებზე გადის,
დედური ხელით ჩავუკეცავ
ხშირ-ხშირად საბანს.

და პოეტ კაცებს,
აგიტოკდათ ტყუილად, გული,
არ ვიყიდები არც ლექსებზე,
არც მინდა ფული,
გიცნობთ თაყაო,
რა უჯიშო რამეებიც ხართ,
მყიდველი მინდა-
მე საშუალოდ სტატისტიკური!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები