ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


მე შენთვის არ მიმღერია!

                  ...ძველად ჩვენში ქორწინება გარიგებით ხდებოდა...

ისე ავლიე აღმართი,
არ დამითვლია დღენია,
მე სულ სხვის ჰანგზე ვმღეროდი...
მე შენთვის არ მიმღერია!
წამოწვნენ გზაზე ნისლები,
ჩამომეშალნენ ქვანია,
გზებზე დამიხვდნენ ჭინკები
შემომიკვეცეს ფრთანია.
ისე ავლიე აღმართი,
არ მომიხედავს უკანა,
მე გეზი სხვისკენ მეჭირა,
ძაღლმა კუდი სხვას უქანა.
მივედი ბედის აღმართთან,
(მე არა,ცამ სხვას უდარა...)
მუხლმოდრეკილმა ვილოცე,
არვინ ისმინა მუდარა.
აღმართს შევუდექ გოდებით,
გულზე დამაწვა ლოდები,
რა დაშავდება,ნუ მოხვალ
და მე სხვას დაველოდები?!
ისე ავლიე აღმართი,
არ დამითვლია დღენია,
მე სულ სხვის ჰანგზე ვმღეროდი,
მე შენთვის არ მიმღერია!
                    1.11.2000 წ.                                                   
                                                                                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები