ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: იუმორისტული
29 ივნისი, 2009


ო, ჩემო ნონა(„ოტელოს” ქართული ვარიანტი)

(თბილისელი ოტელო, წასული უცხოეთში  ფულის საშოვნელად, ბრუნდება სახლში, მისი მეუღლე ნონა კი სახლში არ არის)

- (ოტელო) ო,  ჩემო ნონა, როგორ მიყვარდა ეს ქალი,
მისმა სინაზემ და სილამაზემ მე დამიმონა.
რა წამს ვიხილე, მის მშვენებამ,
მე ამირია  თავში აზრები,
როგორ მიყვარდა მისი ხაზები და ნახაზები.
მაგრამ რა მითხრეს, გიღალატაო,
ეს რა  ისმინეს ჩემმა ყურებმა
და ან საერთოდ რად მეყურება.
მითხარი ერთი ვით გაივლე ღალატი  გულში.
სადილობისას რად არ იყავ შენ სახლში გუშინ
ო, ჩემო ნონა...

(შემოდის ნავთის ბიდონით ხელში)

- (ნონა) აქა ვარ საყვარელო!

- (ოტელო) საყვარელოო, მე ქმარი ვარ შენი თუ საყვარელი,
  მითხარი ერთი, თან ახსენე მაღალი ღმერთი!

- (ნონა) ღმერთს გეფიცები, რომ ხარ ქმარი და  რომ მიყვარხარ.

- (ოტელო) რა ლამაზია, ღმერთო  ნუთუ  ამ თვალთა პატრონს,
  შეუძლია რომ  გიღალატოს.
  რა უყავ ქალო ცვირსახოცი, მე რომ გაჩუქე ამას წინებზე,
  ოქროთ  ნაქსოვი, თხუთმეტ ლარად შეძენილი ლილოში,
  ზაფხული იყო, ცხელოდა ძლიერ,
  მახსოვს შენ იჯექ მაშინ გრილოში.
მე კი ხუთი წრე დავუარე მთელ ბაზრობას,
რომ მეპოვნა საჭირო ზომა,
თუმც მომიწია სამი საათი მე რიგში დგომა.

- (ნონა) ცვირსახოციო, ნუთუ ცვირსახოცს შეუძლია
  რომ დაჩრდილოს სიყვარული ჩემი შენდამი.

- (ოტელო) ჩუ, ჩუ,  გაჩუმდი!
ვერ  მომხიბლავ ლამაზ სიტყვებით!
ვერ მომატყუებ, გინდაც რკინას მოკიდო ხელი!
რა უყავ ჩვენი სიყვარულის ხსოვნა პატარა?
რა უყავ ქალო ცვირსახოცი, თქვი,  თქვი, თქვი  ჩქარა!

- (ნონა) გუშინ საღამოს, რომ ვიყავი მე ნავთის რიგში,
მგონი მაშინ ამომაცალეს.

- (ოტელო) ნავთის რიგშიო? ნუ ტყუიხარ! ღმერთს გეფიცები,
რადიომ თქვა, რომ შემოიტანეს ნავთის პარტია,
და აკეთებს ამას თურმე მმართველი პარტია,
და ამბობენ, რომ ახლა ნავთი არის ურიგოდ,
მასაც მბობენ, რომ არ არის იგი ურიგო.

- (ნონა) მაგრამ ვაგზალზე ის რვა თეთრით არის იაფი,
  თუმცა რიგია.

- (ოტელო) ვაი სირცხვილო,
ქალო ვაგზლად რამ წაგიყვანა?
იქნებ ცირკთანაც აიარე,
იყიდებაო თურმე იქ გაზი.
წარმოდგენებსაც აჩვენებენ,
ჩამოსულაო ფრანგული დასი.

- (ნონა) მე მინდოდა რომ გამეწია ეკონომია,
მსმენია შენგან ეს ცხოვრება ფულთა  ომია.

- (ოტელო) წუხელ სად იყავ?

- (ნონა) მეტროში დენი გამოირთო, ვაგონში ვიყავ,
ნავთის ბიდონზე მედო ხელი  და მით ვთბებოდი.

- (ოტელო) მეტრო ჯერ კიდევ არ მიაყიდეს ამერიკელებს?

- (ნონა) არა ძვირფასო, ჩვენი მეტრო
  ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი აღმოჩნდა მხოლოდ.

- (ოტელო) ახლა ისიც თქვი ამ არჩევნებზე,
ჩემს არ ყოფნაში, ხმა ვის მიეცი?

- (ნონა) მე არავისთვის არ მიმიცია.

- (ოტელო) ჰა, ჰა, ჰა და კიდე  ერთი ჰა.
ეს არის შენი პატრიოტული
სულისკვეთება და ფერთა გამა?!
ოოო, გული მტკივა,
ნეტა რაღირს კარდიოგრამა.

-  (ნონა) არ გინდა კაპლი?

- (ოტელო) კაპლიო? დედაკაცო,
  არარაობა უნდა გერქვას შენ.
  (აქ უკვე არეული სახით – სახეზე აქვს შეშლის ნიშნები,  იცინის)
მართლა რა გქვია, ან ვინა ხარ?
აქ საიდან გაჩნდი?
იქნებ პატარა ყვავილი ხარ,
გინდა  მოგწყვიტო?

- (ნონა) შენი ნონა ვარ.

- (ოტელო – გონება უბრუნდება)) ააა, გამახსენდა და ისიც მახსოვს
ამ ხელებმა უნდა დაგახრჩოს.
მაგრამ მოიცა, შენ არა ხარ ამ ხელთაA ღირსი,
შენ უნდა მწარე  წამებით მოკვდე!
აჰა, თურქული შოკოლადი,
ჭამე ორგულო - ნახევარი,
ნახევარიც მე დამიტოვე,
რაღა მინდა ცოდვილ მიწაზე!
    (აძლევს ნონას თურქულ შოკოლადს)

- (ნონა) რაკი არ გჯერა რომ უბრალო ვარ,
მიჯობს რომ მოვკვდე.
      (ნონა ჭამს ნახევარ შოკოლადს, მეორე ნახევარს ოტელო ჭამს და ამბობს)

- (ოტელო) გემრიელია, ტკბილიც არის,
  თუმც საწამლავი გინდაც ტკბილი საზიზღარია.
  მაგრამ მოიცა! რომ აღარ ვკვდები, შენც, შენც ცოცხალი ხარ,
იქნება  თურქმა დათუნია შემოგვაპარა?!

- (ნონა) ჰო, ცოცხალი ვარ, ოღონდ მომკლა შენმა ეჭვებმა!

- (ოტელო) რაკი გადავრჩით არა მჯერა, ავი ჭორების და ჩურჩულების,
ო ჩემო ნონა მიყვარხარ და გეამბორები
(ბავშვებმა იქეთ მიიხედეთ - კოცნის)

(დასასრული)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები