ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


ლექსი ცოტაი

წიგნიდან 
 
,, უხმოდ  ნატირლები ’’




იმ  ბოლო  დღისა

ვიდრე  დაისი  ცად  კიდევ  სამხრობს
და  ჟამი  ბოლო  თასსაც  დაგილევს...
მკერდს  დაგაყრიან  ვიდრემდის  ქვაღორღს,
ზედაც  ( დესერტად !..)  -  მინდვრის  ყვავილებს...

მრავალჯერ  სიმწრით  გახედავ  ნამყოს
და  გულშიც  ამ  დროს  რას  არ  გაივლებ...





ძველი  შიშისა

როს  ცრემლი
ყელთან  შეფსკვნილი
ჯავრის  უფსკრულში  ჩამითრევს,
ვშიშობ  -  ანაზდად  ეს  გული
საბედისწეროდ  დამითვრეს...


ბოლოჟამისა

როცა  უწყავი  ურვა  ხროვდება,
გულს  სძრავს  გოდება  ყოვლის    ამკლები...
-  მზე  დასალიერს  უახლოვდება,
თუ  ახლოვდება  დრო  აბარგების?!.



თეთრი  მტვრისა


მიწა  იყავ  და  მიწად  იქცევი...
იცი,  და  ვითომც  არაფერია...
-  ქვეყანა  ამით  არ  დაიქცევა
და  არც  მიწის  გშურს: 
-  მიწაც  მტვერია...



მივიწყებული  საფლავებისა

ზედ  ნუ  შედგებით,
ნუ  გადუვლით  ასე  უგულოდ!..
ამ  ჩაჟამებულ
დამსკდარ  ლოდებქვეშ
წვანან  ცხოვრების  რიგითი  და 
აწ  სულ  უცნობი, 
უსახელო  ჯარისკაცები,
რომელთა  ბედით  ტყუპისცალებიც
ვართ  იქნებ  ჩვენც  და
ჩვენს  გვერდით,  თვალწინ,
თუ  ჩვენს  გარშემოც  -
ჯერხნობით
მხნედ  და  არხეინად  რომ  დააბიჯებენ,
ყველა  ასაკის  ის  ჯანმრთელი
,,წვევამდელებიც...’’


**********



დაობლებული  ბავშვის  გულისა

ნუ  დაგყავთ  ბავშვი  ასე  ხშირად
საფლავზე  მამის...
მის  ფერმკრთალ  სახეს
გაფითრება  ძნელად  ემჩნევა...
მაგრამ  უმანკო  გულისათვის  - 
სევდას  რომ  მალავს,
ნაადრევია 
ჯერ  სიკვდილზე  ფიქრთან  შეჩვევა...



ღვიღვას
გახსენებისას
ჩაწერილი 
ნაუცბათევი
სტრიქონები


1.
ბოლო 
ქველმოქმედებისა

უცებ  გაგიშინაურდი  -
თითქოს  ძმა  ვიყავი  შემი...
განა  მხოლოდ  ლუკმაპური  -
გულიც  გამიყავი  შენი...
შენ  იკლებდი,  მე  მაჭმევდი  -
სამართალი  ჰყავი  შენი...
ისღა  დაგრჩა  -  მე  დამითმო
დაბოლოს  -  საფლავი  შენი...


2.
თანამდევი 
ლანდისა

/ისევ  ღვიღვაზე  ფიქრისას/


,,  -  იმო  და  ათონ!..’’
დღემდე  ჩამესმის ...
ისევ  ელდა  ხევს  გულსაც  -  სამიწეს...
გავცქერ  ღამიდან 
ღამეს  გალეწილს...
ერდოზე  უფრო  მთვრალი  ღამე  წევს...

დღე  ვერ  გაეძლო  ერთიც  უჩვენოდ...
დღეს  კი  საიდან  თმენა  ამდენი?!.
სიკვდილის  ლანდი  -
ბრმა  და  უშვერი  -
უერთგულესი  ჩანს  თანამდევი...



ღვიღვას -
გაუგზავნელი
დეპეშასავით

თბილისში  წვიმამ
კვლავ  მოუხშირა...
დარი 
მაისმაც  ვეღარ  გაქაჩა...
გრძელდება
ყოფა  ესე
დუხჭირი...
საშველიც, 
ჩანს  რომ
არცსით  აღარ  ჩანს...




ოთხი  ვარიაცია  ეპიტაფიისათვის

1.

ყვავილივით  მარად  მერგო
მიწა  -  გულთან,
ზეცა  -  სულთან...
ნაცვლად  თუ  ეს  ორმო  მერგო  -
დასტურ  გამჩენს  ასე  სურდა...

2.

იმდენი  ვიკავე  თავი...
იმდენი  გარიდე  მზერა...
იმდენჯერ  დაგიდე  ზავი...
და  მაინც... 
ვერა  და  ვერა!..


3.
უცებ  შეამცივნა  ნატვრამ...
ღამეც  მოეუცაბედა...
და  ისევ  იმ  თრობით  დათვრა,
სიცოცხლეს  რომ  უსწრაფებდა...




4.    ცოცხალი  პოეტის  ეპიტაფია


  -  გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე    ს ი კ ვ დ ი ლ ი !...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები