ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


ლექსი ცოტაი


(გულ)ნაკლული  სონეტები


დედისადმი

1.

მოლოდინისა

ღამეს  ანათებს  შუქი  ვარდების...
ვაზი  -  სურნელით  ნათლავს  ბუნებას...
შენ  -  შორეთიდან  მოემართები,
რადგან  არ  ძალგიძს  არდაბრუნება...

რადგან  შენა  ხარ,  დასჯილს  ობლობით
ვინც  მიწილადა  ნიჭი  გაძლების...
დღემდეც,  დარდი  რომ  დამეუფლება,
რისი  მადლითაც  არ  ვინაცრები...

ესეც  რომ  შემრჩა  მარტოდ  დარჩენილს  -
მადლიერი  ვარ  ამად  გამჩენის!..

1999 წ.ქ.შ.


2.

აპრილის 
თავსხმისა

ნაცრავს  ღვარცოფი  ყვავილთა  ხანძარს...
უმწეოს  შრმწედ  ახლა  მჭირდები!..
აპრილმა  ყელი ჩამოიკაწრა
ხმაჩაწყვეტილი  სველი  ჩიტებით...

ცამაც  ღაწვები  ჩამოიკაწრა...
ამ  თქეშს  ან  ხენი  როგორ  უძლებენ?!.
ან  გულს  -  ნუგეშად  რომ  დარჩა  არცრა,
რა  წამალ-სამთელს  აწ  მოუძებნი?!.

ღვარს  მგლოვარ დღეთა  ფერფლად  და  ნაცრად
მიაქვს  გაძარცვულ  ვარდთა  ფურცლები...

        2000  წ.ქ.შ.




აწ  ცათაბინადარ
მეგობართათვის


1.
ხსოვნის 
ანაზდეული
შეღონებისა


ხსოვნა  ძილღვიძილში  მალვით
უცებ  მიფეშქაშებს  რასმე...
ვსვამდით  ღვინოს  -  ფერად  ქარვის,
იმგვარს,  დღეს  რომ  ვერვინ  გვასმევს...

მსხდარნი  მორჭმით  ჭრაქქვეშ  მთვარის,
ნება-ნება  ვცლიდით  თასებს...
და  ცის  სილამაზით  მთვრალი,
ვედრებით  ავცქერდი  ცასვე...

სითბო  იმ  მადლიან  ღამის
სულს  სინათლით  დღემდის  ავსებს!..

15.5.2008


2.    ცრემლშეუმშრალი 
        ცისა


ერთ  ზარსაც  გეტყვით...
სხვა  რაღა  მეთქმის...
ვისი  რად  უნდა  ამას  დასტური...
ჩემს  გულისცემას  ცივი  ღამე  თვლის,
როცა  თქვენს  საფლავთ  ქარი  დასტირის...

ზღვა-ცრემლი  ახრჩობს  ზეცას  -  ყიამეთს,
საცაა  -  წარღვნად  რომ  წამოსკდება...
ვინმე  ამ  ტკივილს  დამიამებდეს  -
მასზე  ვილოცებ  დღე  და  მოსწრება...

ამ  ყოფას  მიჯობს  -  წვესკნელს  მასტუმროს,
ზესკნელს  მასტუმრა  ვისმა  დასტურმაც!..


   
ღვიღვასადმი

1.

ვერდაჯერებული 
სიკვდილისა

            ,, რადგანაც  არსებობს  ღვიღვა,
            ღვიღვა  არასოდეს  მოკვდება!.. ”

                                              ღვიღვა

ეს  კაცი  ჩემი  დარდისმტე  იყო  -
გულგაბასრული  მოძმის  ღალატით...
ბოლოწამამდე  მაინც  მხნე  იყო
ძმობის  მადლით  და  მგოსნის  ხალათით...

ძლივას  დავცილდიტ  -  როგორც  გვჩვეოდა,
ხვალევე  ისევ  შეყრის  იმედით...
თურმე  სიკვდილი  გვჭვრეტდა  ჩეროდან
და  გვიმზადებდა  უნდოდ  მძიმე  ტვირთს...

ვერ  დავიჯერე  ღვიღვას  სიკვდილი,
მის  პანაშვიდზე  თუმცა  მივედი...


2.

ამაო
წამალ-
სამთელისა

,,  -  იმო  და  ათონ!..’’
დღემდე  ჩამესმის ...
ისევ  ელდა(რ)  ხევს  გულსაც  -  სამიწეს...
ღამეს  გავცქერი 
ჩემზე  გალეწილს...
ერდოზე  უფრო  მთვრალი  ღამე  წევს...

დღე  ვერ  გაეძლო  ერთიც  უჩვენოდ...
დღეს  კი  საიდან  თმენა  ამდენი?!.
სიკვდილის  ლანდი  -
ბრმა  და  უშვერი  -
უერთგულესი  ჩანს  თანამდევი...

თუკი  ღვიღვა-გულს  ვეღარ  უშველა,
მე  რას  მიშველის  წამალ-სამთელი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები