ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივლისი, 2009


მე ვარ ამბოხი

                    "უკეთუ ტკბილი არა დაღვინებულ იყოს,
                                ამბოხ იწოდება."
                                                        საბა

მე ამბოხი ვარ_
შენი ცრემლით დარწყულებული.
ახალ მთვარეზე ამისხიპეს დედას მკლავები.
უმთვარო ცაზე დაჩენილი ვარსკვლავებიდან
ერთი მათგანი შენიც იყო_დაწუნებული.
(შენ ხომ სულ მუდამ ემდუროდი ბედის ვარსკვლავებს...)
რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენ ერთ ძელზე მაინც გაგვსვამენ,
ოღონდ, ეს მერე, მერე, ჩემო... სხვა დროს მოხდება...

მანამ კი, დედას შესხეპილი მკლავების კოცონს
მთვრალი ჭინკები გადმოჰყავდა ძველი მარნიდან.
ცა უნათებდა გამურული, ძველი ფარნიდან
და მთების იქით გადარბოდნენ; ღვინიან ბოცებს
ჭამპურა ჭინკა მიათრევდა, ბუძგა, ბაჯბაჯა...
ძველისძველ ამბებს რომ გიყვები ვიცი, კვლავ მოგწონს
და კუთხეს, ტუჩის, შეღიმება ძლიერ უხდება.

გავიზაფხულე. და შენ ჩემი იყავ ტაროსი,
მოოქვრილ კევრებს აბრუნებდი ცისფერ კალოზე,
დილით ნამავდი დედის კაბას ზურმუხტდაფერილს
და შენი ცრემლი უხდებოდა მსუბუქ სამოსელს.
აღარ მახსოვდა, იცი, მერე აღარაფერი,
კაცის თვალით რომ დავინახე შენი ცრემლები...
შენთვის რომ ტირი, სადღაც, ჩუმად, ახლაც ვევნები.

ღვინობისთვეში უკვე გახდი ჩემი ნაწილი,
ისე ერთბაშად გადმოხვედი ჩემში_დავმწიფდი.
დამიდიოდი...
ერთადერთი, და, რაც მიკვირდა_
ისევ ჭინკები ქირქილებდნენ მარნის იქიდან.
მერე კი, მერე, წვიმაში რომ მშრალ ხიდს გამოვცდით
და ღიმილები დამიტოვე ტაძრის ეზოში,
ბოლოჯერ მივხვდი: არაფერი აღარ მაოცებს.

მერე თვეობით ვასკდებოდი ხორკლიან კედლებს,
ვცდილობდი მთელი შენი სიტკბო გამექრო ჩემში,
ბოლოს მოვდუნდი და ფუთფუთა ჩემს იღბალს ვენდე.
მთვარე ირიბად უყურებდა შენთმისფერ ფერდობს.
(კვლავ რა ნეტარი სიმშვიდეა შენს სახლში, ღმერთო!)
ახლა მშვიდად ვარ... ალბათ მალე სიმშვიდე შემშლის!
მე ვარ ამბოხი...
ამბოხი ვარ!
ამბოხი!
გესმის?..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები