ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


პატარა წყარო და გლობალიზაცია

მდელოდან მოსჩქეფს, ანკარა წყარო,
ყინულზე ცივი და საოცარი,
ჯერ არ დამლიო, პატარა ვარო,
მალე გავხდები გასაოცარი...

ტრამალებს მშვიდად მიუყვებოდა,
წვიმის წვეთები ეხმარებოდა,
ჩანაფიქრს ვერვინ მიუხვდებოდა,
იდუმალება შეჰყვარებოდა...

პატარა წყარო, ნელა, თანდათან,
იზრდებოდა და ფართოვდებოდა,
დაფიქრდებოდა ისიც ხანდახან,
როცა კლდის კიდე ახლოვდებოდა...

გადალახავდა მასაც მშვიდობით,
გაივაკებდა, გაილაღებდა,
შეუდგებოდა მეტი ცქვიტობით
და მეტისმეტად გაიხარებდა...

თუმცა კი გრძნობდა, მისი ხალისი,
არ იქნებოდა ესოდენ დიდი
და დასასრული შესაბამისი
ზღვა იქნებოდა ტიალი, ფლიდი...

და ისიც როგორც ყველა პატარა,
მის დიდი ტალღებში დაინთქმებოდა,
ისევ სპეტაკი, ისევ ანკარა
აღარასოდეს არ იქნებოდა...

აღარ იცოდა წყარომ რა ექნა,
დაიწყო ლოცვა, ღმერთს სთხოვა შველა,
იცოდა მხოლოდ რომ ღმერთმა შექმნა
და ისევ მასვე სთხოვდა ეშველა...

გამოეღვიძა ღრუბლებიდან მზეს,
ისე ჩამოცხა მიჭირს გამოთქმა,
ვეღარ გაუძლო წყარომ ამ სიცხეს
და წამიერად, უცებ აორთქლდა...

არავინ იცის სად გაქრა წყარო,
მაგრამ ყოველთვის წვიმის წვეთები,
მეუბნებიან ის წყარო ვარო,
ზღვას, რომ ებრძოდა თავგამეტებით...


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები