ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2009


ღალატი

        წინ მივდიოდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იგი გამუდმებით უკან მომდევდა. ერთ დიდ ნაბიჯს რომ გადავალაჯებდი, მას ორი მოკლე ნაბიჯის გადადგმა მაინც უხდებოდა. ვცდილობდი, ჩემი პატარა კეპი ბოლომდე ჩამომეფხატა და ისე მევლო. მაიკო ცახცახებდა. ალბათ, სიცივის ან შიშისაგან. მთელი ქუჩა ამაზრზენ, გულისდამამძიმებელ სიბნელეს მოეცვა. როგორც ღამით, მიყრუებულ სასაფლაოზე, ისეთი აუტანელი, ზაფრისდამცემი სიჩუმე იდგა. ისროდნენ; ზოგჯერ კანტიკუნტად, ზოგჯერ მიჯრით. ქუჩაში შემორჩენილი მგზავრები უფრო გარბოდნენ, ვიდრე მიდიოდნენ. ხანდახან შევჩერდებოდი, მის პატარა სხეულს ჩემი ლაბადის ქვეშ ვმალავდი, გაყინულ შუბლზე ხელს ვუსვამდი და ვეკითხებოდი:
    _ გეშინია?
    _ არა, _ მეტყოდა და სახეზე უმალ ნაძალადევი გამოცოცხლება დაეტყობოდა.
    _ გცივა?
    _ ცოტა კი.
    მერე ისევ გზას ვაგრძელებდით. ორივენი საწოლზე ვფიქრობდით. მაგრამ ჩვენს ჯიბრზე გზა სახლამდე,  თითქოს განზრახ იწელებოდა.
      ცოცხალი კადრი, როგორც ვიდეოფირი, გამუდმებით თვალწინ მედგა:
      (მაიკო კარის გასაღებს ატრიალებს. რამდენიმე წამი და, მის ოთახში ვართ. ხელში ვიტაცებ და თმებსა და სახეზე ვკოცნი.
    _ ჩამომსვი, _ იცინის...  _ მოიცა, სული მოვითქვა.
სასწრაფოდ კარს ვრაზავ.
    _ ასანთს მოვძებნი.
    _ არ გინდა, სანთელი ავანთო? ცხელ ჩაის გაგიმზადებ, გავთბებით.
    _ არა! _ ვეუბნები. ფრთხილად ხელში ამყავს და საწოლზე ვსვამ...)
      ჩათავდება ეს ქუჩაც და მარცხნივ უნდა გადავუხვიოთ.  აქედან შეაღმართებაა და ბეტონისსაფეხურებიანი კიბე იწყება. გამახსენდა, ზუსტად ერთი თვის წინ, ახალი  მოთოვილი იყო, კიბის საფეხურებზე  ყინვის გლუვი მასა სარკესავით ლაპლაპებდა. კიბეებთან რომ შევჩერდით, მაიკომ რატომღაც ძალიან  სერიოზულად მითხრა: _ ახლა რომ წაიქცე, იცოდე, აღარასოდეს შეგხვდებიო. _ არ ვიცი, ამ დროს რა ჩაუთქვა, მაგრამ კარგად მახსოვს, რა გულისფანცქალით ავედი მშვიდობიანად ბოლო საფეხურამდე. თან მაიკოს ბედიც ჩემ ხელთ იყო, მარჯვენა ხელით მისი მკლავი მეჭირა და ისე ამყავდა. ახლაც ბეტონის საფეხურებთან შევჩერდით. სავაჭრო ჯიხურიდან ავტომატიან ტიპებს შამპანურები გამოჰქონდათ.  “ჟიგულის” მარკის მანქანაში გოგოები ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მანქანიდან ბანალურ ტექსტზე შედგენილი სიმღერა ისმოდა, რომელსაც თითქმის ყველა მუსიკალური სალონიდან მოჰკრავდით ყურს. გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი თუ არა, ჩაბნელებული კვარტალი განათდა.
        უუუ!! _ სიხარულით იჟივლა ხალხმა. წამიც და თითქოს გაცოცხლდა, აფუთფუთდა მკვდარი, უჟმურ სიბნელეში ჩანთქმული ქალაქი. თითქოს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ ადამიანებს.
სადარბაზოში ლიფტი არ მუშაობდა. კიბეზე თითქმის სირბილით ავედით.,,გლაზოკიდან”  ჩანდა, ბინაში სინათლე ენთო. მაიკოს გაუკვირდა, დილით, კარგად მახსოვს, შუქი რომ გამოვრთეო. კარი გაიღო, ასე ოცდახუთიოდე წლის ბიჭი გამოჩნდა.
      _ გელა!_ შესძახა მაიკომ და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
      _ ჩემი ძმაა,_ გაიცანი, _ ეს კი ზაზაა, _ მიუბრუნდა გელას.
      _ გზაზე შემთხვევით შემხვდა. ამ სიბნელეში მარტოს შეგეშინდებაო, _ მითხრა და გამომაცილა.
      _ შემობრძანდით, _ მითხრა ბიჭმა
    _ გმადლობთ, გვიანაა _ ვთქვი მოულოდნელობისგან დაბნეულმა. უცბად გამოვემშვიდობე ზღურბლს იქით მდგარ და-ძმას და კიბეებზე დავეშვი.
                                *
      _ წუხელის რაღაცას წერდი, მადლობა ღმერთს. დავიწყებულიც მქონდა, რომ მწერალი ხარ.  _ მითხრა მედიკომ,  მაგიდაზე გადაშლილ ფურცლებში თავი  ჩარგო და კითხვას შეუდგა. თვალი არ მომიშორებია.  ყოველთვის რაღაც  ბავშვურობამდე დაყვანილი ინტერესით, ღელვითა და ფარული სიხარულით კითხულობდა ჩემს ყოველ ახალ ნაწერს. რა ბედნიერი იყო, როცა მოეწონებოდა და როგორ დაუნაღვლიანდებოდა სახე, თუ ისეთი არ აღმოჩნდებოდა, როგორიც მას სურდა. მედიკო ახლა ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაფაქიზებული ინტერესით ჩართულიყო ხელნაწერის კითხვაში, ისე რომ, გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი დაეკარგა. ვხედავდი, თანდათან როგორ ეძაბებოდა  სახე, ცუდად მენიშნა. ცნობისმოყვარეობამ წამძლია და თვალი ჩემი გუშინდელი ნაცოდვილარისკენ გამექცა: _,,მე წინ მივდიოდი, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ იგი გამუდმებით უკან მომდევდა, ერთ დიდ ნაბიჯს რომ გადავალაჯებდი, მას ორი მოკლე ნაბიჯის გადადგმა მაინც უხდებოდა. ვცდილობდი ჩემი პატარა კეპი ბოლომდე ცამომეფხატა დაისე მევლო...”.
      ეტყობა, რაღაცას მიხვდა. ისედაც უგუნებო განწყობილება უფრო ამემღვრა. ერთადერთი, რაც ნერვებს მიღრნიდა მასთან ურთიერთობაში, იყო ის, რომ ამ ქალმა ტიბეტელი მისანივით ჩემში არაფერი დატოვა ამოუცნობი, უჯრედ-უჯრედ, ნერვიდან_ნერვამდე შემისწავლა. მედიკო ადგა, არც შემოუხედავს, ნაწერები თავის ადგილას უხმოდ დადო და სამზარეულოში გავიდა. ონკანი გახსნა, მერე ისევ დაკეტა და კარტოფილის ფცქვნას შეუდგა. არასდროს ასე არ მოქცეულა, წაიკითხავდა თუ არა ჩემს ახალ ნაწარმოებს, უმალ თავის აზრს გამოთქვამდა. ქალური ინსტინქტით იგრძნო, რომ მოთხრობას წარმოსახვის ნაყოფი კი არა რეალური ამბავი ედო საფუძვლად.   
          თეონამ გაიღვიძა. _ დედაა! _ დაიძახა ისეთი სუსტი ხმით, რომ  მედიკოს არც კი გაუგონია. თეონას ხმაზე აჩიკომაც თვალები ჭყიტა. ბავშვის ხმამ დაარღვია არაბუნებრივი, უხერხული სიჩუმე.
        _ სამსახურში უნდა წავიდე, აუცილებელი საქმე მაქვს _ უცებ ვიპოვე მდგომარეობიდან გამოსავალი. ცოლმა არაფერი მიპასუხა. სასწრაფოდ გადავიცვი ტანზე და ათი წუთის შემდეგ ქუჩაში ვიყავი. ვარკეთილის მეტროს წინ გაწამებული ხალხი იდგა და მეტროს ამუშავებას ელოდა. ამბავი მოიტანეს _ თანამშრომლები გაიფიცნენო. გაფიცვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არავის უკვირდა. ისეთ  განწყობაზე ვიყავი, ფიქრებთან მარტო დარჩენას გავურბოდი. ხალხში გავერიე ყველა ძირითადად პოლიტიკასა და თავის გაწვალებულ ყოფაზე ლაპარაკობდა. ერთმა შუა ხნის კაცმა თითქმის თავისივე ასაკის თანამოსაუბრეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თავში წაუთაქა. ახლომახლო პოლიციელის ჭაჭანება არ იყო და ისევ ხალხმა გააშველა. _ სულ გაგიჟდა ეს ხალხი, დახოცავენ ერთმანეთს _ ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით მდგარმა მოხუცმა ქალმა.  _ გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვიდეს, ვინც მოსაკლავი და მოსაცილებელია, დროზე თუ არ მოვიშორეთ, უარესი დატრიალდება. _ შეეპასუხა დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცი, რომელსაც, ეტყობა, თანამდებობებზე ყოფნის საკმაო ,,სტაჟი” ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ მეტრო ამუშავდა. მალე შესასვლელი კარები გააღეს და უზარმაზარი მასა  გასასვლელისკენ დაიძრა. შუაში მოვხვდი, გვერდებიდან და უკანა მხრიდან ისეთი ძალით მაწვებოდნენ, რომ სუნთქვა მიჭირდა. ძლიერი ტალღა ისე მიმათრევდა, საკუთარი თავის მიმართ უმწეობის ამაზრზენი გრძნობა გამიჩნდა. ტელევიზიით ნანახი სტალინის დაკრძალვის  კადრები გამახსენდა, როცა ფანატიზმით გაცუცურაკებული ბრბოს ნაწილი პროცესიის დროს გაიჭყლიტა. შემეშინდა, რადგანაც მასას თავისუფლად შეეძლო კედელზე მივესრისე. როგორც იქნა, ესკალატორამდე მივაღწიე. (უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ მიმაგდეს.) ასე, ჯახირითა და წამებით ნამგზავრი თორმეტი საათისთვის უკვე სამსახურში ვიყავი. უფროსი ადგილზე არ დამხვდა. თანამშრომლები, ბუნებრივია, გაკრეფილიყვნენ. ბუღალტერიაში მხოლოდ მოხუცი ბუღალტერი ალექსანდრა დარჩენილიყო. მასთან ლაქლაქისა და ჭორაობის თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა. ჩემს სამუშაო ოთახში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი. თავი მსუბუქად, მაგრამ მაინც მტკიოდა. _ მაინც როგორ, რა ქალური ინსტინქტით ჩაწვდა მედიკო ყველაფერს? _ მაგრამ რაც უფრო ღრმად ვუკვირდებოდი, ვგრძნობდი, რომ ქალური ინსტინქტი აქ არაფერ შუაში იყო. სამი წლის წინ დაწყებული რომანი გამახსენდა, რომელიც დასაწყისშივე შევწყვიტე და რომლის არსებობა უკვე აღარც მახსოვდა. თუმცა მაშინ თითქმის დოკუმენტურ მასალაზე აგებულ დაუმთავრებელ რომანში პროტოტიპთა სახელებიც კი უცვლელი დავტოვე, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არაფერი ისე არ გამოხატავს პიროვნების ხასიათს, როგორც _ სახელი.
        წუხანდელი ხელნაწერიც ჩემი ძველი რომანის გაგრძელებაა. როგორც ჩანს, ამას უმალ მიხვდა მედიკო. ახლა უკვე ცნობისმოყვარეობა მკლავდა, სახლში როდის მივიდოდი და ჩემს ხელნაწერს ჩავუჯდებოდი.
        კაბინეტის კარი გამოვიხურე და სასწრაფოდ შინ დავბრუნდი. სახლში მისულს ელდა მეცა, არავინ დამხვდა. მედიკოს საკუთარი ნივთები ჩემოდნებში ჩაელაგებინა და წასულიყო. შეშლილივით ყურმილს დავწვდი და სასწრაფოდ სიდედრის ტელეფონის ნომერი ავკრიფე. იქიდან ცოლის ხმამ მიპასუხა. თითქმის მუდარანარევი, ნერვიული ხმით ყურმილში ჩავძახე: _ მედიკო, გამაგებინე რას ნიშნავს ეს, რატომ წახვედი?
    _ დღეიდან შენ ცოლ-შვილი აღარა გყავს!..
    _ რაა?! როგორ?! _ ჩემი ხმა უკვე ყვირილში გადასულიყო. ყურმილში კი _მხოლოდ გაბმული ზუმერი ისმოდა...
                                  * * *
      დილით,  თავი საშინლად მტკიოდა. ისეთ გუნებაზე გახლდით, თითქოს ნაბახუსევი ვყოფილიყავი.
    _ რა იყო, მთელი ღამე ჩემს სახელს რომ აბოდებდი, ასე ძალიან შეგიყვარდი ამ ბოლო დროს თუ რა არის?! _ მომესმა გვერდითა ოთახიდან მედიკოს ხმა. იმის მიხვედრამ, რომ ყველაფერი სიზმარი იყო _ ნამდვილი სიზმარი... მშვენიერ განწყობილებაზე დამაყენა. გული სიხარულისაგან გარეთ გამოხტომას ლამობდა. საწოლ ოთახს გავხედე, თეონასა და აჩიკოს მშვიდად ეძინათ.
        _ ალო! _ მედიკომ ტელეფონი აიღო.
      _ ვიღაც ქალია! შენ გკითხულობს! _ მომაძახა მეორე ოთახიდან.
მაიკოს ხმა იყო.
    _ სამსახურიდან მირეკავენ, _ ვთქვი მთელი სერიოზულობით.
    კარი გამოვიხურე და მაიკოსთან შესახვედრად გავემართე...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები