ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2009


სამოთხის ღამე

ეს ღამე ორჯერ სამოთხეშიც ვერ გაითევა...
ცრემლის უბრწყინავს
მთვარის შუქზე ფოთოლს საყურე...
მოყურთავებულ კარის ზღურბლთან
ყოყმანობს ევა
და პირველცოდვის
ბოლომრუმე
ბილიკს გაჰყურებს...

უტყვსა თუ მეტყველს
თითქოს ენის შეჰყრიათ კეთრი...
ოდენ - ძუ მგელი
ხვადს ბნელიდან
მწარედ გაჰყმუვლებს...
მძინართაც აკრთობს
ვნებათღელვის ნიშანი მკვეთრი,
აქამდე ვნება უდრტვინველად
რომ იმარხულეს...

ნისლის კრეტსაბმელს
ცეტად გასწევს
ვარსკვლავი კენტი,
შეკიდულ ციდან
ურცხვ და ელამ თვალს აფახულებს...
ღამე არ იყოს - ახლა ვნებადამცხრალი მკერდი
ქათქათით  ცხელი ტროპიკების მზეს გაახუნებს...

,, - შენ წადი ადამ!.. უფალს ამბავს მაინც აუტან!..
ნუ გეშინია - შემოქმედმა არ იცის წყევა!..”
ამბობს და ასცქერს მიბნედილ ცას
ცოდვაგაუმტარ
და გულუბრყვილო ანგელოზის თვალებით
-  ევა...

და უცოდველი  ნეკნი  დღესაც  ,,ოპტომ" იმტვრევა,
და  შემოქმედიც
არ ამადლის სულის შთაბერვას...
და  იმდენივე
ფეხისწვერზე
შემდგარი ევაც
ერთ ვაშლს რომ მაინც ვეღარ მისწვდეს -
ტოტებს დაბელავს!..

და ისევ:
,,- ადამ!.. წადი, ამბავს მაინც აუტან!..
ნუ გეშინია, მამაღმერთმა არ იცის წყევა!.."
-  სუპერმარკეტში
სანთლით
სუპერცოდვაგაუმტარ
ლეღვის ფოთლების
ღამის  ,,შმოტკებს"
დაეძებს ევა...

19. 07. 2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს