ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2009


დღევანდელები

ექვსი  სონეტი  წიგნიდან
,, თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი    ს ო ნ ე ტ ე ბ ი "


1*

ძმა  ვიიონის  გახსენებისას
დაცდენილი 
ორკეცი  სონეტი-ექსპრომტი
           
                  ფორუმთმავალს,
        რომელმაც  შემოაგდო  კითხვა:
        - როგორი  უნდა  იყოს  პოეტი?


პოეტი,  ერთობ  ფხიზელი,
დიდად  შორს  ძნელად  წავა…
პოეტს  არ  უყვარს  კისელი,
მაგრამ  ესმევა  ყავა;

მთხლეა  პოეტში  მიზერი,
მის  ჯანში  ღვინო  დავა;
ის  ბუნტარია  ძირძველი, 
უწევს  სიკვდილთან  დავა…

პოეტს  ცა  უყვარს  -  მზის  ველი,
სად  ვარსკვლავებიც  ჰყვავან...
არ  უყვარს  კაცი  პირსველი,
კუდს  რომ  აზომებს  ყავარს...

და  უყვარს  -  ღმერთიმც  გიშველის!..
ვინც  იტყვის:  -  უფლის  ყმა  ვარ!..


წუმპეში  ფეხს  არ  ისველებს,
ელტვის  მწვერვალთა  ჰავას;
ვალს  იღებს  ტიტველ-შიშველიც
და  უკვდავების  ავანსს;

პოეტი  ვერცროს  ისვენებს,
ბედთან  დუელში  გავა,
ვიდრე  ,,გაიგებს  კისერი,
რამდენს  იწონის  გავა…”

უფალთან  ჩოქვით  მიმსვლელი
ცისას  აჰბღავის  თავანს…
თუმც  ცით  არც  იცის  ვის  ელის,
სანამ  მარილზე  წავა…

საიალაღოდ  ცის  ველი
ჰყოფნის  -  კარგად  თუ  ავად…

24.  7.  2009 წ. 



2*

ცისკრის  სონეტი
პოეტს

      რა  ვუყოთ,  თუკი  პოეტი  ვარ  ხელით  წასული,
      საქართველოში  ხომ  ფეტვივით  თესავენ  ვარდებს?!.

                                                              ტ.ტ.

ცაა  პოეტის  ლურჯი  ტრამალი
სადაც  შური  და  ბოღმა  არ  ხარობს…
ყივის  პოეტის  სული  -  მამალი!  -
რომ  გაუთენოს  დილა  სამყაროს…

რომ  მოახედოს  ღვთისკენ  მავანი,
რომ  ბოროტების  ხუნდი  აჰყაროს…
არც  რამ  ვინმესგან  აქვს  დასამალი,
ხორცს  მისი  სული  გინდაც  გაჰყარონ…

სიკვდილის  ლანდი  თუმც  გდევს ფრთამალი,
შიშის  გეტყობა  არც  ნატამალი,
გულო,  ავისთვის  ვერმოსახმარო,
გაჩენის  დღიდან.  როგორც  ქვამარილს,
გლოკავს  ეს  მიწა  -  ცოდვით  საპყარი,
უკურნებელი  ტრფობით  საპყარო!!!

24.  7.  2009  წ.



3*

დაუმარხავი  ცხედრისა…

          ორკეცი  სონეტი


გული  ბევრჯერ  მახვილს  ვახე,
სიმწრით  მეც  წამომცდა  ,,ვახ-მე!”
წუთისოფელს  ვეჭვ,  რომ  ვეპიტნავები…
ფიჩხი  გულის  ალზე  ვახმე
და  ცხოვრებაც  -  ვისთვის  მახე
(რომელშიაც  ბევრჯერ  ნებით  გავები…),
მწიფეს  ვესვრი  -  მაყრის  მკვახეს…
-  ბულბულობენ  ცხრა  ნომერი  ყვავებიც…

ვიდრემდის  მზე  თვალებს  ახელს,
ვუხმობ  ლექსის  აბორტმახერს
-  მომაცილე!  ბევრს  ნუ  მეღადავები!..
გულს  ცოდვებშიც  ხშირად  ვამხელ…
თითქოს  ცა  თავს  ჩამომამხეს…
მზეს  მიქრობენ  ეს  ღრუბლები  -  შავები…

ლექსებს,  ვიცი,  კვლავ  ბევრს  დავხევ…
მოლოდინით  გავილახე
გული  -  სიყვარულის  გზებით  მარები…
შეღმართს  ავყევ,  ჩაღმართს  -  ჩავყევ…
ცხადში  მაინც  ვერსად  გნახე,
სიზმრად  ცრემლის  ტბორში  ნაბანავები!..

უშენობით  მოვიჯაყე…
ტკივილს  ხსოვნის  ღველფში  ვახვევ…
გულს  გასენილს  უბრად  ვეგლახავები…
შენ  რომ  უნდა  დაგემარხე
რატომ  მომარიდე  სახე?!.
-  ცხედარს  რატომ  ამარიდე  თვალები?!.
ზღვაც  ვაშრე  და  წყალიც  ვნაყე…
ზურგით  მიმაქვს  ცოდვა  -  სოფლის  ვალები…
,
24.  7.  2009  წ.


4*

ნაკლული  სონეტი
ნიკას  -  ჩერქეზას  და  ქეთს


არ  ჰგავს  ეს  ღამე  ღამეებს  ჩავლილს...
სულ  სხვაა,  ახლა  გარეთ  რაც  ოხრავს...
მოიხაზირა  ზაფხულმა  ჯავრი,
გაზაფხულამდე  გამოსაცოხნად...

დაიძრა  ხსოვნა  ზედ  გულზე  გავლით...
წამლეკოს  ლამის  ჯავრის  ღვარცოფმა...
როს  ვჭვრეტ  -  კაცობისს  გასვლიათ  ყავლი
და  კაცობად  თვლის  ბევრი  დამცრობას,
სინანულის  ცომს  ლოცვებში  ვავლებ
სულის  თონეში  გამოსაცხობად...

24.  7.  2009  წ.  15  სთ.


5*

გავაჭრებული  წუთისოფლისა


ჩემი  ფერები…
-  რა  თქმა  უნდა  -  თეთრი  და  შავი…
ვერ  ამიჭრელა  თვალი  ჯერაც 
ჭრელაჭრულებმა…
უფალმა  ახალ  ცოდვათაგან  დამიცვას!..
ამინ!!!
როს  უნებლიედ  შემცოდველთა 
მესაჭურვლე  ვარ!..
ყელს  მოიღერებს 
მობულბულე 
ვარდებთან  ყვავი 
და  ცრუსოფელიც 
მაშინ  ნაღდად  მევაჭრულება…
ხანდახან  მაინც 
მეც  მაცდუნებს  მავნე  და  ავი...
მცხრალზე  კვლავ
გულში  სინანული 
სკდება  ჭურვებად...
და  ვუფრთხი  ამ  დროს 
ჩემივ  გულის
განწირულ  ბღავილს:
-  ალგეთურ  ლეკვებს
ძაღლებრ  ვერცროს  მოარჯულებენ!!!

24.  07.  2009  წ.



6*  ქართული  ლექსის  ერთგულ  თანამოკალმეთათვის

ექსპრომტად  მინაწერი  როენას  ლექსზე
,, ოქროს  წვიმებად  მოგელოდი"


არცა  მოდერნი,
არც  პირმოთნენი,
მრავლის  მნახველნი,
მრავლის  მომთმენნი,
არც  ტვინის  ჭყლეტვით
რამის  მბოდველნი,
არც  მთლად  ცოდვილნი,
არც  უცოდველნი,
ქიცის  და  ქიცმაცურის  მცოდნენი,
ლექსის  ბებრულის 
ფარას  მოვდენით,
ჰა  და  ჰა,  კიდევ
მცირეოდენიც...
რომ  მოვიპოვოთ 
სული  მოთმენით!..
მცირეოდენიც...
მცირეოდენიც...
იქ  უყვართ  მშვიდნი
და  უშფოთველნი!,,
და  სულთან  ერთად,
გულიც  იქ  ავა,
სადაც  მიელის
ჯინჯილ-ორდენი!...

არც  ვყოფილვართ  და
ვერც  როს  გავხდებით
საქიაქონი 
ათას  გოთვერნის!..

24.  07.  2009  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს