ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ცირა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 აგვისტო, 2009


ღია კომენტარი მახათმა განდის ფროიდისადმი მიძღვნილ სტატიაზე

გამარჯობა მაჰათმა, (ყველა განდის გიძახით, ამიტომაც გავკადნიერდი და გადავწყვიტე სახელით მოგმართოთ :) )

პირველი, რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ არ მსურს  ქვემოთ გამოთქმულ ხუმრობანარევ კრიტიკას შევუერთდე. მასალა, რა თქმა უნდა, ზედაპირულად არის დამუშავებული და ტერმინებიც მთლად ზუსტად არ არის მოყვანილი, მაგრამ მერე რა? განა,  ამაზე წინასწარ თავად არ გვაფრთხილებთ???

როდესაც თქვენი სტატია წავიკითხე, თავიდან მინდოდა მოკლე კომენტარით გამოგხმიანებოდით, მაგრამ შემდეგ კომენტარებს გადავავლე თვალი და აზრი შემეცვალა. ასე რომ, მაპატიეთ, ამის შემდეგ თქვენზე მეტად კომენტარის ავტორებს მივმართავ.

ჩემთვის უცნობო მეგობრებო, ერთ-ერთმა თქვენთაგანმა ავტორს კითხვა დაუსვით, ეს სტატია საერთოდ რატომ დაწერეო?
რატომ? მოუნდა და დაწერა. ეს განა დასაძრახია? (ID, ასეთ ახსნას შეუსაბამებდა ალბათ თავად ფროიდი :) გამგონმა გაიგოს.)

ჰმ, უზნაძე და მასთან ერთად ბევრი ღირსეული და ნათელგონიერი მეცნიერი... არ ვიცი, არ ვიცი...

მსოფლიო აღიარება, ე.ი. პოპულარობა და აღიარებულის ჭეშმარიტი ღირებულება სამწუხაროდ ყოველთვის ერთმანეთს  არ ემთხვევა, მეგობრებო. ასეა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კინოში, თუნდაც ამ საიტზეც... განა ასე არ არის?

ღირდა ამ სტატიის დაწერა? ნამდვილად ღირდა.

მახსოვს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში ფროიდი, იუნგი, კანტი ზეკაცის თეორია, კომპლექსების თეორია, და ვინ იცის კიდევ რამდენი CRAP ყველას პირზე გვეკერა, გვაბოდებდა. იგივე მეორდება დღესაც, ოღონდ ახლა უკვე ჩვენი შვილების ყმაწვილობაში.

თავად მე ფროიდის მხოლოდ ერთი ნაშრომი მაქვს წაკითხული, ისიც ოცი წლის წინ და იცით რა მინდა გაგიზიაროთ? ბევრი გადასახარში იდეა კი მომაწოდა, მაგრამ  რაიმეზე პასუხი არ მიმიღია. პასუხები დაღვინების მერე მოდიან. (თუკი პიროვნება საერთოდ მოახერხებს დაღვინებას, რა თქმა უნდა.)

მაჰათმა, ამ საკითხზე საკუთარი სუბიექტური აზრის გამოთქმას რატომ იბოდიშებთ? ყოველ შემთხვევისათვის, კომენტარებზე თქვენი პასუხების წაკითხვის შედეგად მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.

მე  არც ერთი საქმიანი კომენტარი, (გარდა ცალკეულ სიტყვებზე ფუჭი გამოკიდებისა, რაზეც წინასწარ მოგვიბოდიშე, by the way), არ წამიკითხავს. თემატურ, კბილ-კბილა გარჩევამდე თუ მივიდოდა საქმე, იცოცხლე, მე ჩემდათავად ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოპონენტი ვიქნებოდი. მაგრამ თავად სტატია სუბიექტურ-მეგობრულ-აზრთა გაცვლითია, თანაც სრულიად უპრეტენზიო!!!

თქვენ უბრალოდ გვეუბნებით, მე ფროიდს ამაში და ამაში არ ვეთანხმებიო და მიზეზსაც, ასე თუ ისე, ნათლად გვისახელებთ. ოპონენტები კი გპასუხობენ, ტერმინები უფრო ზუსტად გამოიყენეო, თავად ნაშრომის დედააზრი კი რატომღაც იგნორირებულია. რატომ, მეგობრებო??? პასუხად არა ღირს?

არაუშავს,მე ჩემს აზრს მოკლედ მოგახსენებთ. (ასევე უპრეტენზიოს და სუბიექტურ-მეგობრულს).

ფროიდი, ეტყობა, ძალიან მგრძნობიარე, ხშირად მერყევი, თანაც ავადმყოფურად პატივმოყვარე და ეჭვიანი კაცი იყო. აქედან გამომდინარეობს მისი ურთიერთგამომრიცხველი თეორიებიც. ბევრი მისი აზრი უდაოდ მცდარია, ზოგი დამაფიქრებელი, ალბათ რაღაცაში მართალიც იყო.

თქვენ ამ ნაშრომში ყურადღებას ფროიდისეულ ერთ კონკრეტულ საკითხზე ამახვილებთ: სექსუალური ლტოლვის (ცნობიერისაც და ქვეცნობიერისაც), მნიშვნელობა ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.

ყველა დეტალს არ ჩამოვუყვები, ეს უამრავ დროს წაიღებდა, თანაც ტექსტის სიდიდის გამო ბევრს წაკითხვის სურვილიც გაუქრებოდა. ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ: თქვენს აზრს ძირითადად ვეთანხმები და აი რატომ.

მოდით, ფროიდისავე მეთოდს მივმართოთ და 'ფსიქოთერაპიულ' სეანსზე თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთადერთ კითხვას გავცეთ პასუხი.

(მამაკაცებისათვის): - ყოფილო ბიჭუნებო, გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე საკუთარი დედისადმი სექსუალური ლტოლვა?
(ქალბატონებისათვის): - გოგონებო, შეგყვარებიათ თუ არა ოდესმე საკუთარი მამა, როგორც მამაკაცი?

პასუხები ყველაზე გულახდილი საუბრების დროსაც კი უმრავლეს (უკიდურესად უმრავლეს!!!) შემთხვევაში უარყოფითი იქნება.

მაშ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? იმაზე, ჩემო მეგობრებო, რომ  ფროიდი, როგორც თავად აღნიშნავდა, დასკვნებს საკუთარ გამოცდილებებსა და შეგრძნებებზე დაყრდნობით აკეთებდა. ჩვენც შეგვიძლია ჩვენი დასკვნა გავაკეთოთ: სამწუხაროდ საცოდავ ფროიდს თავად ჰქონდა სერიოზული პრობლემები, (რაც ცხოვრებაში ხდება ხოლმე). მას ერთ რამეში მაინც გაუმართლა: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სცდებოდა, იგი დღემდე ბევრ სხვა, მეტად ღირებულ მეცნიერზე უკეთ ახსოვთ.

რას ვიზამთ? ასეთი უსამართლოა ცხოვრება...

რაც შეეხება მის აზრს, რომ სექსუალური ლტოლვა კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ძალაა, ამაში ფროიდი, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც მართალი იყოს.
სიტყვა 'ნაწილობრივს' ერთი დელიკატური დეტალის გამო ვხმარობ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური. ამას როგორი ახსნა უნდა შევუსაბამოთ? იქნებ, თვითგანადგურების ინსტინქტი? (რომელზეც სხვათა შორის, ადრეულ პერიოდში ფროიდიც ბევრს საუბრობდა!)

ღირს თუ არა დღეს ფროიდზე საუბარი?

გპასუხობთ: - აუცილებლად ღირს, მეგობრებო. იმიტომ რომ თითოეული ფილოსოფიური თეორია, თუნდაც მცდარი, (და მითუმეტეს პოპულარული!) განხილვად და დასაბუთებულ მიღებად ან უარყოფად ყოველთვის ღირს.

განვითარებისა და თვითგანათლების საკუთარ ეტაპს თითოეული თაობა თავიდან გაივლის. ჩვენმა ბაბუა-ბებიებმა იფიქრეს, იკითხეს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე  თავიანთი აზრებიც დაგვიტოვეს. დღეს ამას ჩვენ ვაკეთებთ.  ხვალ და ზეგ ზიგმუნდ ფროიდისა და სხვათა და სხვათა წიგნებს ჩვენი შვილიშვილები წაიკითხავენ და შემდეგ გათენებამდე იკამათებენ ამაზე. აბა, როგორ გინდათ? მაფიქრალი კაცი არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას მამა-ღმერთმა.

ასე რომ, მოდით ნუ გავღიზიანდებით და თუნდაც არაპროფესიონალურ-სუბიექტურ აზრის გამოთქმაზე ერთმანეთს ნუ გავქილავთ, მეგობრებო. ბოლო-ბოლო,  ყველა ჩვენგანი, განა, სიტყვის თავისუფლებაზე არა ვდებთ თავს?!

პატივისცემით

ცირა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები