ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2009


თავი 43. ანდრო ("გაცვლა")

31 დეკემბერს დედამ ამბავი მოუტანა, - ასპირანტურაში ჩარიცხული ხარო...
სხვა დროს, ალბათ, სიხარულით მეცხრე ცას მისწვდებოდა თეონა, მაგრამ ახლა მხოლოდ გაიღიმა და ცრემლები წამოუვიდა.
- რა გატირებს? – ჰკითხა ნინუცამ...
- არაფერი... ასპირანტურაში ჩავრიცხულვარ...
- აბა რა იქნებოდა? სამი გამოცდიდან სამივეში 5 მიიღე და... შენ რა ეჭვი გეპარებოდა?
- არა... არ მეპარებოდა ეჭვი...
- თეონა, ბ-ნმა ნიკოლოზმა დაგირეკა, მოგილოცა ასპირანტობა და ნაახალწლებს ჩემთან მოვიდესო...
- კარგი, დედა...
- წამო, ნამცხვრებს მიხედე...
- დედა, მე გამოვაცხობ... დაანებე თეონას თავი... – ნინუცა გვერდით მიუჯდა დას და ხელი მოხვია.
- თეონა, დედიკო, მეც ძალიან შემეცოდა გივი, მაგრამ... ის ხომ შენი არც ქმარი იყო და არც საქმრო? გასაგებია, ახლოს იყო შენთან... გასაგებია, უყვარდი, მაგრამ... თან კი ნუ გადაყვები ახლა?! თავი აიყვანე ხელში...
- დეე, სულ არ გეცოდები? გივი კი არა, მე არ გეცოდები?... მე ხომ უგულო ტიკინა არ ვარ, დედა? იმ დღეს ჩემს გადასარჩენად მოვიდა... მე სიკვდილს გადამარჩინა და თავად...
- შენ რომ ის სისულელე არ გაგეკეთებინა, გივი ისე გიჟივით არ მოვარდებოდა აქ... ისე განერვიულებული აღარ წავიდოდა აქედან და...
- მე მაბრალებ გივის სიკვდილს?... – ფერი დაკარგა თეონამ.
- დედა, დაანებე-მეთქი თავი... მე გამოვაცხობ, რასაც მეტყვი! ოღონდ ახლა არ არის ასეთი ლაპარაკის დრო!... სადისტი ხომ არ ხარ?
- აბა რა ვქნა? ვიდგე და ვუყურო, როგორ იკლავს თავს ჩემი შვილი? მე რაღა დავაშავე? რა სჭირდა საიმისო, წამლები რომ დაელია?! ჩემზე იფიქრა საერთოდ? რა უნდა მექნა?! რა უნდა მეთქვა?! როგორ უნდა მეცოცხლა, - იფიქრა ამაზე? იცით, საერთოდ, რა არის შვილის სიკვდილი?!... და ახლა კიდევ მე მეუბნებით “სადისტი ხომ არ ხარო”? – თინა შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. არ უნდოდა შვილებისთვის დაენახებინა ცრემლიანი თვალები.

თეონამ წელი აითრია და სამზარეულოში გავიდა, - მართალი იყო დედა!


* * *

ახალი  წლის დღეებმა ჩაიარეს.
თეონა ყოველდღიური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა.
ცდილობდა, საერთოდ აღარ ეფიქრა მომხდარზე... საოცრად ეცოდებოდა გივი, მაგრამ... მართლაც და ვინ იყო გივი მისთვის? – მასზე შეყვარებული ადამიანი, რომლის ოჯახის წევრებმა, ლამის, ომი გამოუცხადეს თეონას, მის ნახვამდეც კი...

5 იანვარსვე მივიდა ინსტიტუტში. თემა დაიმტკიცა...
თემა კი მეტად მიმზიდველ პირობებს ითვალისწინებდა, - კვლევის დაწყებიდან ერთი წლის თავზე თეონას საფრანგეთში მოუწევდა გამგზავრება მთელი წლით.
“არ იქნება კომედია, ხელმეორედ რომ შევხვდე ჟერარს?” – ხანდახან გაკრთებოდა მის გონებაში,  მაგრამ თეონა თავიდან იცილებდა აბეზარ ფიქრებს....

- მორჩა, არანაირი შეყვარებულები... არანაირი გათხოვება! ჯერ სწავლას უნდა მივხედო! – გამოაცხადა ოჯახში.
- კი, თუ დაგანებეს თავი!  შენ რომ თვალებს დახუჭავ, იმათაც აუხვევ თვალებს? სარკეში მაინც ჩაიხედე... – ხელი ჩაიქნია ნინუცამ.
- რისთვის ჩავიხედო სარკეში? ლამაზი ვარ?
- ძალიან!... შენი სილამაზე მომცა და... იმდენ ვინმეს უყვარხარ!
- და რა ყრია ამ სილამაზეში? უბედნიერეს ქალად მაქცია ამ სილამაზემ  ან რომელიმეს სიყვარულმა? პირიქით, ნინუცა, ჩემზე უბედური ადამიანი არ მეგულება დედამიწაზე...
- ღმერთს ნუ სცოდავ, თეონა... გათხოვდები და...
- გათხოვება არ მიხსენო, ნინ... ჩემს სიყვარულს მხოლოდ უბედურება მოაქვს! უფრო ზუსტად კი, ჩემს გვერდით ყველა უბედურია! და მეც, მათთან ერთად...

თეონა დისერტაციაზე მუშაობაში ჩაეფლო.
იმ პერიოდში ყველა კვლევითი ინსტიტუტის სათავო ინსტიტუტი – მოსკოვში იყო, ამიტომ თეონასაც ხშირად უწევდა მოსკოვში გამგზავრება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ძირითადად მოსკოვში იყო და ხანდახან ჩამოდიოდა თბილისში 1-2 კვირით.
საბჭოთა კავშირში ნებისმიერ ენაზე დაწერილი დისერტაცია, ბოლოს, მაინც რუსულად უნდა თარგმნილიყო და ამიტომ თეონამ გადაწყვიტა პირდაპირ რუსულ ენაზე დაეწერა ნაშრომი: დაცვა მაინც მოსკოვში მოუწევდა და...

მოსკოვში მამის მეგობრები, უშვილო ცოლ-ქმარი ეგულებოდა და დაბინავებაც მათთან შესთავაზეს მოსკოველებმა. ალა ალექსანდროვნა და დმიტრი სერგეიჩი თეონას მოსკოველ დედობილ-მამობილად იქცნენ.
ჩასვლის პირველივე დღეს გამოუცხადეს:
- აი, გასაღები და აი, ჩუსტები... ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლშიო...

მათი სახლი კინოსტუდია მოსფილმის პირდაპირ მდებარეობდა და ნებით თუ უნებლიედ, კინოსტუდიის წინ უწევდა სიარული.

აეროპორტიდან ტაქსით მოდიოდა-ხოლმე და როგორც კი მძღოლს მოსფილმს უხსენებდა, მაშინვე ისმოდა პასუხად:
- ააა, მეც არ ვიფიქრე, საიდან მეცნობით?... თქვენ მსახიობი ხართ!... ოღონდ ვერ ვიხსენებ, რომელ ფილმში თამაშობთ...

ერთ-ერთმა “პირდაპირ დაუსახელა” ფილმი, რომელშიც თამაშობდა, - “ჯადოქარი”...
მარინა ვლადი ეგონა... თეონამ, რა თქმა უნდა უარი უთხრა და მერე ბევრს იცინოდა ამაზე, - თმის ფერის გარდა, არაფერი ჰქონდა მარინა ვლადისთან საერთო!

ნებისმიერ უარს, - მსახიობი არ ვარო, – თავმდაბლობად უთვლიდნენ...
- თქვენი გარეგნობის ადამიანი, ცოდვაცაა, მსახიობი არ იყოს... შეიძლება ავტოგრაფი გთხოვოთ?
- მე მართლა არ ვარ მსახიობი და... ჩემი გვარი მოგიწეროთ? – მხრებს იჩეჩავდა გაკვირვებული თეონა.

ლენინის სახელობის დიდი ბიბლიოთეკა, - კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, - ლაბორატორია...
აი, თეონას სამოძრაო გზა...
და მაინც, ლამის ყოველ დღე, ავტობუსის მოსვლამდე, რომელიმე კინოსტუდიის რეჟისორის შემოტევის მოგერიება უწევდა... კინოსტუდიები კი... ერთდროულად შვიდი კინოსტუდიის რვა რეჟისორმა შესთავაზა ფილმში გადაღება. განსაკუთრებით აქტიურობდა ლენფილმის რეჟისორი... “საცდელი გადაღების გარეშე დაგამტკიცებ მთავარ როლზეო”, - ეუბნებოდა...
თეონას დიდი ხნის ოცნება იყო მსახიობობა, მაგრამ...
მამა წავიდა კატეგორიულად წინააღმდეგი, - “ჩემს შვილს მსახიობად არ გავუშვებო”.

ამასობაში მაისიც მოვიდა. თეონას ყოველ დღე ელაპარაკებოდნენ თბილისიდან. არც ეს დღე იყო გამონაკლისი:
- მამა, მსახიობად არა და... მომღერლობა რომ შემომთავაზონ? ამაზეც უარი ვთქვა? – მოულოდნელად თქვა თეონამ.
- თეონა, ნუ მეხუმრები...
- არ ვხუმრობ, მამა... ჯერ არავის შემოუთავაზებია, მაგრამ... მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვიკითხე, -  გულიანად იცინოდა თეონა.
- ჭკუით იყავი მანდ...
- მამა, ორი კვირით მოვდივარ... შაბათს მანდ ვიქნები, ხომ დამხვდები?
- აბა რას ვიზამ? რომელ საათზე ჩამოხვალ?
- 5-ზე...

თეონას თვითმფრინავი ზუსტად 5 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში.
ბარგის გარეშე იყო წამოსული, ერთი პატარა ჩანთითა და ხელ-ჩანთით, ამიტომ არც ბარგის დალოდება დასჭირდათ და მალე წამოვიდნენ სახლში.

სუფრა გაშლილი დაახვედრეს.
ქართულ საჭმელებს მონატრებული თეონა გემრიელად ილუკმებოდა.
იცოდა, მათი ფაკულტეტი 4 დღის წინ უნდა გამოსულიყო სტუდენტურ თვითშემოქმედებით  ფესტივალზე და გამოსვლის შედეგებით დაინტერესდა.
- გადაიდო ის საღამო და დღეს გამოდიან... – უთხრა დედამ.
- მამააა.... – ლუკმა გაეჩხირა ყელში თეონას, - წამიყვანე რაა?! მომზადებაში ვერ მივეხმარე და... ნახვით მაინც ვნახო, რას იზამენ?!
- კი ბატონო, წავიდეთ!...

თეონა ფეხზე წამოხტა. გარდერობს ეცა. ლამაზი ლურჯი კაბა გადაიცვა და ჩანთა გადაიკიდა.
დედაც გაყვა.
დარბაზში მეორე რიგის ცენტრალური სკამები დახვდა მათთვის დაკავებული. თეონასთვის კი არა, ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის.
- დედა, მე სარეპეტიციოში შევალ, ბავშვებს ვნახავ...
- არ დააგვიანო... მალე დაიწყება!

თეონას სარეპეტიციოში შესვლა და სტუდენტების კივილი ერთი იყო, - არავინ იცოდა თეონას ჩამოსვლის ამბავი. გარშემო შემოეხვივნენ, ვიღას ახსოვდა წამღერებ-წაცეკვება?!
- თეონააა, ასე არასოდეს გამხარებია შენი დანახვა. მიშველე რამე... მგონი, ნელი ვერ მღერის სათანადოდ... მოუსმენ?
- წამო, ოთარ...

მოუსმინა და... კინაღამ გადაირია, - სიმღერის დროს ნელი ვარდებოდა ყველაფრიდან: რიტმიდან, ტონალობიდან, ხასიათიდან, ლამის ფეხსაცმელებიდანაც კი...
- ოთარ, ამის გამოყვანა არ შეიძლება... – ჩუმად გადაულაპარაკა თეონამ, - სად მონახე?!
- სად მოვნახავდი? დავიღუპე... ვინ შეცვლის ახლა მაგას?
- რა ვიცი, აბა?
- შენ ვერ შესძლებ?
- გადაირიე? 2 საათის ჩამოსული ვარ მოსკოვიდან...
- თეონააა, უარი არ გვითხრა, რააა? ჩვენც ხომ ცოდონი ვართ?
- არასოდეს მიმღერია ეს სიმღერა, ხალხო...
- “ქალაქური” გვიწერია განაცხადში... რა შეგიძლია, რომ იმღერო?
- “მუხამბაზი”... “ოდესაც გიცქერ”... შესძლებთ?
- ოღონდ გვიხსენი და.... შევძლებთ!

უცებ შეკრიბეს ვაჟთა შვიდკაცა, უცებ დააზუსტეს ტონალობა... მხოლოდ პირველი სტროფის გამღერება მოასწრეს და...
- გავდივართ! – დაიძახეს ზევიდან.

პირველ ორ ნომრად – გუნდი გადიოდა...
მესამე ნომერი – ცეკვა “სამაია” იყო...

წამყვანი მეოთხე ნომერს აცხადებს: “მუხამბაზი”...  ასრულებს ვაჟთა ვოკალური ანსამბლი... სოლისტი – თეონა გელოვანი!...

ჟიურის თავმჯდომარე ვერ მიხვდა, რატომ იხუვლა დარბაზმა, რატომ წამოიშალა ფეხზე 800 ადამიანი ტაშისკვრითა და ოვაციებით. განა კი ვინ გამოვიდა ამ სცენაზე ასეთი? ან რატომაა ვაჟთა ვოკალური ანსამბლის სოლისტი – თეონა გელოვანი?
თავმჯდომარემ მხრები აიჩეჩა, დაჯდა და მოსასმენად მოემზადა.
სულ 2-3 ფრაზის წამღერება იყო საკმარისი, რომ თავმჯდომარემ დიიიდი “10” მოხაზა ამ ნომრის გვერდით – ეს კი უმაღლესი ქულა იყო!

“ხარჯი – ხარჯიაო” და... 2-3  სიმღერა კიდევ ამღერეს...
მათი საკუთარი ანსამბლი – ერთი წლის წინ დაიშალა და ახლა პროფესიონალები უწევდნენ აკომპანირებას. მათ მხოლოდ ტონალობა ჰკითხეს და 2-2 წუთში მომზადდა თითოეული სიმღერა.
- ეეეჰ, ნეტა შენნაირად არ გვაწვალებდნენ დანარჩენებიც... – ჩაილაპარაკა ანსამბლის ხელმძღვანელმა.
- რატომ, გაგაწვალეს? – ჩაეცინა თეონას...
- არა, არ გაგავაწვალეს... დაგვტანჯეს!

დასკვნით კონცერტზე მათი ფაკულტეტიდან მხოლოდ თეონას ორი სიმღერა და კიდევ ერთი ცეკვა გაიტანეს.

მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები თეონამ ამ დასკვნით კონცერტს შეუფარდა, - კონცერტის მეორე დღესვე გაფრინდა.



* * *
გავიდა კიდევ ერთი თვე ამ ლაბორატორიასა და ბიბლიოთეკებს შორის სირბილში.

ლაბორატორიის ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე რესტორანში აღნიშნეს.
რესტორნის კიბეზე ეშვებოდნენ უკვე, როცა თეონას ვიღაცამ ჯერ ჩუმად და შემდეგ – ხმამაღლა დაუძახა.
მის წინ მათი ფაკულტეტის აკომპანიატორი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ერთ-ერთი წევრი იდგა და უღიმოდა.
- შენ თეონა არ ხარ?
- კი, მე ვარ, ანდრო... – თვალგაბრწყინებულმა თეონამ ანდრო გადაკოცნა. თავადაც ვერ ახსნა, რატომ გაუხარდა ასე ამ ახალგაზრდა კაცის ნახვა, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა სულ რაღაც 10 დღის უკან...
- მეგონა, თვალი მატყუებს-მეთქი... აქ რას აკეთებ?
- მე მთელი წელია, აქ ვარ... ასპირანტურაში...
- როგორ, მაისის დასაწყისში თბილისში არ იყავი?
- ]კი, ჩამოსული ვიყავი 2 კვირით... 4 დღეა, რაც დავბრუნდი... და შენ რას აკეთებ მოსკოვში?
- გასტროლებზე მივდივართ, გერმანიაში... მოსკოვში გავლით ვართ... ბუბას მივყვებით...
- კიკაბიძეს? უი, რა კარგია... როდის?
- ხვალ საღამოს... გინდა მანამდე შევხვდეთ ერთმანეთს?
- კარგი... როცა მოიცლი, დამირეკე... აი, ჩემი ნომერი... სახლში ვარ ხვალ.

მთელი დღე ელოდა ანდროს ზარს.
ანდრომ საღამოს 6-ზე დარეკა. ბოდიში მოუხადა თეონას, - “ფულის გადახურდავებაზე შეგვექმნა პრობლემებიო” და რადგან სხვაგან ვერსად წავიდოდნენ, შეთანხმდნენ, რომ მატარებლის ბაქანზე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ამ შეხვედრას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, - თეონას ბუბასთვის ავტოგრაფი უნდა გამოერთმია და დმიტრი სერგეიჩისთვის ეჩუქებინა.
- სასტუმროდან გამოსვლის წინ დაგირეკავ... – უთხრა ანდრომ.

დმიტრი სერგეიჩმა ცნობათა ბიუროში დარეკა და გერმანიისკენ მიმავალი მატარებლის გასვლის დრო იკითხა. მატარებელი 20.15-ზე გადისო...
19.00 ხდებოდა, როცა  დმიტრი სერგეიჩმა, ლამის, ძალით “გააგდო” თეონა სადგურში, “დაგაგვიანდება და ავტოგრაფს ვეღარ გამოართმევო”... ის ხომ ბუბას ფანი იყო?!

მატარებლის ბაქანზე ნახევარი საათით ადრე მივიდა, მაგრამ... ანსამბლის წევრები არ ჩანდნენ, - სულ ტყუილად დადიოდა ბაქანზე მატარებლის გასწვრივ!
მატარებელი წავიდა...
თეონამ სახლში დარეკა.
- ვიღაც ანდრეიმ დარეკა, ამ ნომერზე დამირეკოსო... – უთხრა დმიტრი სერგეიჩმა.

- ალლო, ანდროს დაუძახეთ, თუ შეიძლება?!
- თეონა, შენ ხარ? სად ხარ? თქვენებმა მითხრეს, სადგურში წავიდაო... ასე ადრე რას აკეთებ მანდ? მარტო ხარ? ბაქანზე დგახარ? – მიაყარა კითხვები ანდრომ.
- ანდრო, საიდან დავიწყო პასუხი, დავიბენი... ჰო, მარტო ვდგავარ ბაქანზე, დავიღალე ლოდინით, ახლა მოსაცდელში გავალ და იქ დავჯდები.
- დაგველოდები? – აშკარა სიხარული გაისმა ხმაში.
- აბა რას ვიზამ? საათნახევარია გელოდებით!

მათი მატარებელი 23.00-ზე გადიოდა...
22.00-ზე – ბაქანზე იყვნენ გასტროლიორები...
ანდრო ადგილს ვერ პოულობდა. ბაქანზე შემოსასვლელ გზას გაჰყურებდა.
და აი, უცებ ანდრომ თეონა დაინახა. მოდიოდა ისეთი ლაღი და ჰაეროვანი, ისეთი საოცრად ლამაზი, რომ ანდროს გული შეეკუმშა. ასეთი რამ პირველად დაემართა...
არა, გოგოების მეტი რა უნახავს? მაგრამ ეს სულ სხვანაირი იყო, რაღაცნაირი, რომლისთვისაც ანდროს სახელი ვერ ეპოვა.

როცა სარეპეტიციოში შევიდა თეონა,  ანდრო დაიბნა და პატარა ბავშვივით გაწითლდა. თეონა, რატომღაც, პირდაპირ ანდროსთან მივიდა და “ამა და ამ სიმღერას ამა და ამ ტონალობაში თუ დაუკრავთო”? კიდევ კარგი, ბიჭებმაც იმარჯვეს და 2 წუთში “დასვეს” სიმღერა... კარგად იმღერა თეონამ... ანდროს ყბა ჩამოუვარდა მოულოდნელობისგან...
“ერთი ასეთი სოლისტი მოგვცა და ჩვენი ანსამბლის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს...
და საერთოდ, ასეთი მაგარი გოგო სიცოცხლეში არ შემხვედრია... სულ მე მიყურებდა... არა, სხვებსაც კი უყურებდა, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ჩემთვის ეყურა? არააა, თეონა არ უნდა დავკარგოთ... ანსამბლმა, რა თქმა უნდა!... და არც მე... მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი?!”

მაგრამ, კონცერტი დამთავრდა და... ანდრო, თავის ანსამბლიანად, მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თეონას გარეშე!

და აი, სრულიად მოულოდნელად ხვდება თეონას... და სად?
მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში!
კიბეზე 10-მდე ადამიანი ეშვებოდა, მაგრამ ანდრომ მხოლოდ ერთს ჰკიდა თვალი, - იქ მისი თეონა მოდიოდა!..
“მისი”...
ხო, აბა?
სულ მისი საკუთრებაა! ნეტა თუ იცნობს მაინც?! ან რა აუცილებელია, რომ იცნოს?

“სულ ერთხელ ვყავარ ნანახი და... ბედნიერი ვიქნები, თუ გამიხსენა მაინც...”
იცნო!...
გაიხსენა!...
გადაკოცნა!...
შეხვედრაზე დათანხმდა...
გასაცილებლად მოვიდა!...

“იმ დღეს ლურჯი კაბა ეცვა... ახლა კი – ზღვისფერი ბლუზა აცვია!
არა, ეს ზღვისფერი უფრო უხდება! ზუსტად მისი თვალებისფერია...
რა ზღვა, რის ზღვა?! ამ ფერს, აწი, თეონასთვალისფერი ჰქვია!
ვახ, რა ძალიან ლამაზია!...”

- მოხვედი, თეონა?
- მოვედი, ანდრო... რას ამბობ? რომ არ მოვსულიყავი, დიმოჩკა სახლის კარებს არ გამიღებდა.
- ვინ დიმოჩკა? – და უცებ იგრძნო ანდრომ, როგორ წაუჭირა ყელში სპაზმმა, იეჭვიანა!
- მამაჩემის მეგობარია, დმიტრი სერგეიჩი... – გაეცინა თეონას, 72 წლისაა.
- ააა, მაშინ არ ღირს...
- რა არ ღირს? – გაუკვირდა თეონას.
- ეჭვიანობა... 72 წლის კაცზე როგორ ვიეჭვიანო 30 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ? – გაეცინა ანდროს და თვალებში ჩახედა თეონას.
- და რატომ უნდა გეეჭვიანა? – ანდროს თვალების ასე ახლოს დანახვამ, ცოტა არ იყოს, დააბნია თეონა.
- ისე, უბრალოდ ვთქვი... ნეტა ახლა ჩვენთან ერთად მოდიოდე...
- უუფ, კარგი იქნება, მაგრამ... მერე ავტოგრაფი როგორ მივუტანო დიმოჩკას? – ხუმრობაში სცადა გატარება.
- ავტოგრაფს ქორწილში მივართმევდით...
- ყავს ცოლი... ალოჩკა...
- მის ქორწილში კი არა, შენს ქორწილში-მეთქი... – გულიანად გაეცინა ანდროს.
- თუ ხათრი გაქვს, ქორწილი არ მიხსენო... გთხოვ!... – უცნაურად შეეცვალა სახე თეონას და თვალები აუწყლიანდა. უძირო ზღვას დაემსგავსა თეონას თვალები.
- გამომხედე ერთი... – ხმა დაუსერიოზულდა ანდროს, - ასეთი თვალები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს!... შენ რომ დაავიწყდე კიდეც ადამიანს, შენს თვალებსა და ხმას ვერ დაივიწყებს!... – ნიკაპში ამოსდო ხელი და თავი ააწევინა.
“საოცარი თვალები გაქვს... თვალი-ქამელეონი”... - გივის ნათქვამი გაახსენდა თეონას და შეაჟრიალა.

- რა მოხდა? რა გითხარი ასეთი? ნუ მოიწყინე, რაა? – ანდრომ ლოყაზე დაგორებული ცრემლი თითით მოწმინდა და საოცარი სითბოთი გაუღიმა.
- არა, არ მოვიწყინე, - უპასუხა თეონამ, თუმცა ცრემლები ისე მოგორავდნენ ლოყებზე, სავსე საგუბარიდან წყალი გამოსასვლელს რომ იპოვის და უწყვეტ ნაკადად რომ გამოდინდება
- კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. წამო, ავტოგრაფი გამოვართვათ ბუბას...
- ანდრო, ამ ღია ბარათზე მომიწეროს ხელი, კარგი? ისე არ დაიჯერებს დიმოჩკა.
- ბატონი ბრძანდები...

ცოტა ხანში ავტოგრაფიანი ღია ბარათი თეონას ედო ჩანთაში, თავად თეონა კი ანდროს ემშვიდობებოდა.
- გამცილებლებმა დატოვეთ ვაგონი... – გამოაცხადა გამცილებელმა ქალმა.
- ნახვამდის, თეონა, - ანდრო დაიხარა, თეონა გადაკოცნა და  სწრაფად შევიდა ვაგონში.

ტუჩთან საეჭვოდ ახლოს აკოცა ანდრომ... ლამის ენის შეხებაც კი იგრძნო თეონამ ტუჩის კუთხეში... 340 ვოლტზე შეერთებულივით აცახცახდა.
- თეონა, მე შენ მოგძებნი... ნომერი დაიმახსოვრე... – ანდრომ ტელეფონის ნომერი უთხრა თეონას, - სახლის ნომერია... იქნებ მე ვერ მოგნახო და... შენ მაინც დამირეკე... ერთხელ დამირეკე და მერე მე ვიცი... 20-ში ვბრუნდებით!... აქაც მოგძებნი!... – მატარებელი დაიძრა. ბაქანზე ხმაურმა იმატა.
- ანდრო, აღარაფერი მესმის...  დამირეკე, გესმის? დამირეკეეეეეე!.......

მატარებელი თვალს მიეფარა.
თეონა სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სადგურიდან და სახლისკენ მეტროთი წავიდა.
მთელი გზა უაზროდ უღიმოდა ანდროს სახეს, მის თვალსა და გულში ჩარჩენილს...
საკმაოდ მაღალი, თხელი,  გვერდზე გადავარცხნილი, მოგრძოდ აჩეხილი წაბლისფერი თმით, ღია თაფლისფერი თბილი თვალებით...  და საოცრად გულშიჩამწვდომი ხმით.

მიხვდა თეონა, რომ რაღაც ახალი ფურცელი გადაიშალა მისი ცხოვრების წიგნში!
და რა იქნება შემდგომ?
დაფრთხა თეონა, შეეშინდა...  ჯერ არავისთან გამართლებია და... რა იქნება ანდროსთან?

ფოსტაში შეიარა და თბილისში დარეკა. ყურმილი ნინუცამ აიღო.
- ნინუცა, ანდრო გავიცანი... – გამარჯობის ნაცვლად მიაყვირა თეონამ... ეგონა, მთელ  მოსკოვს ესმოდა მისი გულისძგერა...
- ვინაა ანდრო?!
- ანდრო!
- ანდრო თუ ანდრეი?
- ანდრო...


* * *
დადგა 20 რიცხვიც....
თეონა, ქვეცნობიერად, სულ ანდროს ზარს ელოდა. კვირა დღე იყო და არსად ეჩქარებოდა. ყველა საქმე გვერდზე გადადო...
თან თავის თავზე ბრაზდებოდა:

“ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, კიდევ შეგიძლია ვინმეზე ფიქრი?!
არა და, რა დავაშავე?
მთელი ჩემი დანაშაული ის იყო, რომ ჯაბამ ვერაფერი მითხრა დროულად?
ან ის, რომ დათომ მომიტაცა?
თუ ის, დათოს სახლში, მის გვერდით საწოლში რომ მეძინა?
ან იქნებ ის, რომ ამ ერთი თვის განმალობაში, ნებით თუ უნებლიედ, ქალიშვილად დავრჩი?
იქნებ ის, რომ გივის ასე თავდავიწყებით შევუყვარდი?

მაგრამ, მოხდენითაც, როგორ არ მოხდა?
მოხდა ის, რომ დათომ მაშინვე შესძლო სხვა ქალის დაფეხმძიმება...
ჯაბამ ცოლი მოიყვანა და მარიკაც ფეხმძიმედაა...
გივი მოკვდა...
მოოო-კვდააააა!
მოკვდა!
ფუუუ, რა საშინელი სიტყვაა!”

საღამოს 16 საათზე ტელეფონმა დარეკა:
- თეონააა, ანდრო ვარ! მაპატიე, რა? შერემეტიევოდან ვნუკოვოში გადავდივართ და... ძალიან მალევე მიფრინავს ჩვენი რეისი...
- და რა,  გინდა, რომ ვნუკოვოში მოვიდე? – გაუკვირდა თეონას.
- მინდა, ძალიან მინდა, რომ მოხვიდე, მაგრამ... ვერ ვბედავ გთხოვო...
- როდის იქნებით ვნუკოვოში?
- ალბათ ერთ საათში... ან ოდნავ ადრე...
- კარგი, ანდრო... აზრზე არ ვარ, რატომ ვაკეთებ ამას, მაგრამ... მოვდივარ! ცნობათა ბიუროსთან დაგელოდები...
- სად მიდიხარ? – ჰკითხა ალა ალექსანდროვნამ.
- აეროპორტში... ვნუკოვოში. ანდრეი ჩამოდის და მალევე მიდის...
- არ დააგვიანო... – დაადევნა ალამ კიბეებზე, - დროზე დაბრუნდი...

სულ რაღაც ნახევარ საათში ვნუკოვოს აეროპორტში იყო.
გასტროლიორები ჯერ არ მოსულიყვნენ.
ჟურნალი იყიდა და მისი თვალიერებით შეიქცია თავი.
- თეონააა! – გაიგო ნაცნობი ხმა, მაგრამ ეს არ იყო ანდროს ხმა... ის გაცილებით უფრო შორი წარსულიდან მოდიოდა.  და ვიდრე ვინმეს დაინახავდა, ვიღაც მაღალი ბიჭი გადაეხვია.

თეონამ ხელით გაიწია მისგან და სახეზე შეხედა.
- რეზიკოოოო! – ახლა თეონამ იყვირა და გუდაუთის მეგობარს სიყვარულით მოხვია ხელები, - როგორ გამახარე, რომ იცოდე! აქ საიდან გაჩნდი? რა ქარმა გადმოგაგდო?
- დუბნაში ვარ, თეონა... ფიზიკის ინსტიტუტში... შენ რას აკეთებ აქ?
- მე ასპირანტურაში ვარ და ჩემი თავი ხანდახან სტიუარდესა მგონია, იმდენად ხშირად მიწევს ფრენა. მოკლედ, როცა ჰაერში არ ვარ, - ან მოსკოვში ვარ და ან თბილისში.
- აეროპორტში რაღას აკეთებ? ახლა მიფრინავ თუ მოფრინავ?
- მეგობარს ვხვდები... გერმანიიდან ბრუნდება...
- ხო, მართლა, გილოცავ გაბედნიერებას...
- რას მილოცავო? – დაიბნა თეონა...
- მითხრეს “ჯაბამ ცოლი მოიყვანაო და გილოცავ გაბედნიერებას-მეთქი”...
- და მე რა შუაში ვარ, რეზიკო?
- როგორ, შენ... და ჯაბა... არა? – სიტყვა ყელში გაეჩხირა რეზიკოს.
- არა, რეზი... არა, სამწუხაროდ!
- რატომ მომექცა ასე? მან ხომ გარკვევით მითხრა, რომ... შენ მისი... – რეზიმ ნერვიულად შეიხსნა საყელო, - რომ შენ მისი საცოლე ხარ?!...
- როდის გითხრა ეს, რეზიკო? – სპაზმმა მოუჭირა თეონას...
- 2 წელი არაა ჯერ... ახალი წლის დღეები იყო!
- ჰო, მაშინ, ალბათ, ვიყავი...
- კარგი... აღარ მინდა ამაზე... დიდხანს იქნები მოსკოვში?
- ძირითადად ახალ წლამდე... მაგრამ ხანდახან ვბრუნდები-ხოლმე თბილისში, ხომ გითხარი?!
- ტელეფონი მომე შენი... როცა მოსკოვში ვიქნები, დაგირეკავ... ცუდი არაფერი იფიქრო, თეე...
- არა, რეზიკო, არაფერს ვიფიქრებ!
- აბა, კარგად იყავი... გნახავ-ხოლმე... დუბნის მატარებელი გამასწრებს, დროზე თუ არ წავედი... – რეზიკომ თეონა გადაკოცნა, მიბრუნდა, 2-3 ნაბიჯი გადადგა და უკან დაბრუნდა, - თეე, წამომყვები დუბნაში? სულ წამომყვები?
- კარგი ბიჭი ხარ შენ, რეზიკო, მაგრამ... ვერ გაგწირავ! უბედურებისთვის ვერ გაგწირავ... ვიყოთ მეგობრები!
- კარგი, ამაზეც სხვა დროს ვილაპარაკოთ! სულელი ვარ! მე ყოველთვის ასე უადგილო ადგილას გთავაზობდი-ხოლმე ხელსა და გულს და მართალი იყავი, თუ უარს მეუბნებოდი!... სხვა სიტუაცია სჭირდება ამას! გნახავ... აუცილებლად გნახავ, თეეე!

თეონამ თვალი გააყოლა რეზიკოს.
“რა შუაშია “უადგილო ადგილი”, რეზი? მე შენ ვერასოდეს გაგწირავ! ვერასოდეს! ძალიან მიყვარხარ საამისოდ!”

- ქალბატონო, ვის ესაუბრებოდით ახლა? – თეონამ ვერც კი გაიგო, როდის მიეპარა ანდრო, ზურგიდან შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.
- ანდრო? როდის მოხვედი? – თეონას ცოტა გაუკვირდა ანდროს ასეთი უცერემონიო დამოკიდებულება მის მიმართ და ხელი გააშვებინა.
- როდის და ის ლამაზი ბიჭი რომ გელაპარაკებოდა.
- ხო, ნამდვილად ლამაზია... სულითაც და ხორცითაც... ჩემი მეგობარია, რეზიკო...
- წამო, კაფეში დავსხდეთ. – ანდრომ თეონა მეორე სართულზე მდებარე კაფეში აიყვანა და მსუბუქი ვახშამი აიღო, - დილიდან არაფერი მიჭამია!

თეონასაც მოშივებოდა. გემრიელად მიირთვეს ვახშამი.
- თეონა, კიდევ როდის გნახავ?
- როცა თბილისში ჩამოვალ, ყველაზე ადრე, - მაშინ!
- და ეს როდის იქნება?
- არ ვიცი... რა გეჩქარება?
- თეონაა, არ გაგიკვირდეს, რასაც გეტყვი, კარგი? გერმანიაში სულ შენზე ვფიქრობდი. რომ ჩამოხვალ თბილისში, დაიფიცე, რომ დამირეკავ!
- დაგირეკავ... არ მინდა დაფიცება... დამიჯერო უნდა!
- დაველოდები შენს ზარს... რა ჯადო გამიკეთე ასეთი?
- როდის გაგიკეთე რამე? – ალალად გაუკვირდა თეონას... ლამის კვადრატული გაუხდა თვალები!
- ამას უფრო სხვა კითხვა მოუხდებოდა, - როდის მოასწარი და შემაყვარე თავი?!
- ააა, აი, თურმე რა...  არა, ანდრო... არ უნდა გიყვარდე... პირიქით, - თხოვნა მექნება შენთან, - ჩემზე, სხვანაირად, არასოდეს არაფერი იფიქრო, კარგი? ვართ და ვიქნებით მხოლოდ მეგობრები!
- მიზეზი?
- მე ასე მირჩევნია...
- და მიზანი?
- არ მინდა უბედური იყო...
- კარგი, ვეცდები, თუ გამომივიდა რამე... მაგრამ თუ თავს ვერ მოვერიე, მაშინ ჩემი სურვილი უნდა გაითვალისწინო...
- რა სურვილი?
- ცოლად გამომყვები...
- მიზეზი?
- მიყვარხარ!
- მიზანი?
- მინდა, რომ ორივე ბედნიერები ვიყოთ!


(გაგრძელება იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები