ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ცირა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 აგვისტო, 2009


ომი, რომელიც სისხლის ღვრის გარეშე შეიძლება მოვიგოთ (ქართულ ენაზე)

    ამას წინათ ამ წერილის ინგლისური შემოკლებული ვარიანტი ურაკზე დავდე.  ზოგიერთმა კომენტატორმა მირჩია, რომ მისი ქართულ ენაზე ხილვა უფრო უპრიანი იქნებოდა. ვითვალისწინებ ამ შენიშვნას და ამჯერად წერილის უფრო ვრცელ ქართულ ვარიანტს გთავაზობთ. მასთან გაცნობისას გთხოვთ მხედველობაში მიიღეთ, რომ იგი ერთი წლის წინ არის დაწერილი და უცხოური აუდიტორიისათვის იყო გათვალისწინებული.
          პატივისცემით
          ავტორი         

                      ომი, რომელიც სისხლისღვრის გარეშე შეიძლება მოვიგოთ


                6 აგვისტოს საღამოს პიცა-შოფში ჩემი უფროსი ქალიშვილის გასაცილებელი წვეულება გადავიხადეთ. ნინომ ჰაი სქულის მეთორმეტე კლასის დამთავრება სამშობლოში გადაწყვიტა. მისი ამერიკელი ბესთ ფრენდები ამ “სიგიჟეს” ჯერ აღშფოთებული პროტესტით შეხვდნენ, შემდეგ კი ცხარე ცრემლების ღვრით დაემშვიდობნენ და მტკიცედ დაჰპირდნენ, რომ სულ მალე თბილისში თავად ჩამოაკითხავდნენ. 10 აგვისტოს დადგომას მე, ურთიერთგამომრიცხველი გრძნობებით შეპყრობილი, გულისფანცქალით მოველოდი. ამ დღეს ნინო კიევის გავლით სამშობლოში უნდა გადაფრენილიყო...
ჩვენ ქართველები ვართ და ეს არის ჩვენი ამბავი...

                ამბობენ, კონფლიქტის დროს ყველას თავისი სიმართლე აქვსო. ეს აზრი, შესაძლოა, ბრძნული იყოს, მაგრამ ჭეშმაიტებისაგან ძალიან შორს გახლავთ. არსებობენ განსხვავებული პოზიციები, სიმართლე კი ყოველთვის ერთია. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, ჭეშმარიტება კი, მოდით, ერთად ვიპოვოთ.   

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კრემლს არ აწყობს, რუსეთის ოფიციალური პირებისა და პრესის მიერ პრო-ამერიკულ და პრო-დასავლურ სიცრუედ ინათლება. ესეც ღირშესანიშნავი დეტალია. რუსეთი დასავლეთის საზოგადოების გადაბირებას, დაბნევასა ან, სულ ცოტა, განეიტრალებას მაინც ცდილობს. მიზანს ნაწილობრივ აღწევს კიდეც. ჯარების არ იყოს, მას მასმედიის უზარმაზარი მექანიზმი გააჩნია. გათვლა მარტივია. დასავლური დემოკრატიის პირობებში განსხვავებული, ხშირად საკუთარი მთავრობებისაგან რადიკალურად გამიჯნული იდეების ატაცება თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტალური უფლებების ნათელი გამოვლინებაა. მოსკოვი ცივილიზაციის ამ უდიდეს მიღწევას: პრესისა და სიტყვის თავისუფლებას თავის სამხედრო არსენალში რიცხავს და საკმაოდ წარმატებულად იყენებს კიდეც. საკუთარ ტერიტორიაზე კი იგივეს გაკეთება დაუშვებლად მიაჩნია.
თავად რუსეთში პრესისა და ტელევიზიის საკითხი სრულიად საპირისპიროდ იჭრება. იქ მთავრობა და მრავალმილიონიანი მოსახლეობა ოფიციალური მასმედიის დირიჟორობით გასაოცარ თანხმობაშია. ასეთი უნისონი ადოლფ ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა. რუსეთში თითქმის ყველა ერთნაირად ფიქრობს და ერთნაირად მსჯელობს... საინტერესო სურათია. კრემლის მიერ დახატული იდილიის თქვენ გჯერათ? მე არა.

                “გაუმარჯოს მამა და მარჩენალ სტალინს! იგი ჩვენზე ზრუნავს, ჩვენ კი მის ნებას უსიტყვოდ დავემორჩილებით!” რუსების დევიზი წინათ ეს იყო და, სამწუხაროდ, დღესაც იგივე რჩება. ამჟამად რუსეთში სოციალური გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის მიზანია იმპერიის ყველა დროის უამრავ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა შორის რუსეთის “სახე” გამოავლინოს. თუ იცით, ვინ ლიდერობს? დიახ ბატონებო, კარგად მიმიხვდით! იოსებ სტალინს დროგამოშვებით ნიკოლოზ II თუ უწევს კონკურენციას და ისიც მხოლოდ თავისი მოწამებრივი სიკვდილის წყალობით.

                საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. მასში სხვადასხვა ხალხების შვილები გვერდიგვერდ ათასწლეულობით ცხოვრობენ. თავად ქართველებიც მეტ-ნაკლებად განსხვავებულ დიალექტებზე ვსაუბრობთ. როგორც ნიუ-იორკელს ტეხასელისაგან აქცენტით ადვილად გამოარჩევთ, ასევე მეგრელი კახელში არ აგერევათ. რუსებმა ამის გამოყენებაც გადაწყვიტეს და ჩვენი ეროვნულობაც კი ეჭვქვეშ დააყენეს. “დაანაწევრე და იბატონე!” ეს პრინციპი ყველა იმპერიის ქვაკუთხედია. რუსებს ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. პატარა საქართველოს მრავალეროვან საზოგადოებაში შუღლისა და მტრობის გაღვივება მათ კარგა ხანია დაიწყეს. ეს მხოლოდ ოსებს და აფხაზებს არ ეხებათ. ისინი მეგრელებსა და სვანებს წვეთ-წვეთად გვინერგავენ, თქვენ ქართველები არა ხართო. ქვეყნის შიგნით არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ახლა საერთაშორისო პრესის ფურცლებიდან მოგვმართავენ, ქართული ენის მონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე სვანებო, კოდორის ხეობაში დაბრუნება თუ გინდათ, აფხაზეთის ხელისუფლებას დაემორჩილეთო. ეს ბაღაფშის სიტყვებია.
თურმე რუსებს სუვერენულ  მეზობელ ქვეყნებში მარტო ჯარის შემოყვანის უფლება კი არ ჰქონიათ, ახალა ნაციონალობასაც თავად გვიდგენენ. გპასუხობთ, “მზრუნველო” ბატონებო: ნუ გაირჯებით და ჩვენი ინტერესების დასაცავად ტანკებით ნუ შემოგვიტევთ! ჩვენ ყველანი ქართველები გახლავართ! სვანებს რომ ვერ გადაიბირებენ, რუსები ხვდებიან, ამიტომ მათ ისტორიის გადაწერაც დაიწყეს. ინტერნეტით შევიტყვე, რომ თურმე სვანები კავკასიაში ჩვენი წელთააღრიცხვის მეათე საუკუნეში მოსულან, მაგრამ საიდან, ამას არ აკონკრეტებენ. ალბათ, ჯერ ვერ მოიფიქრეს. საბედნიეროდ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ბერძენი ისტორიკოსები ჰეროდოტე და სტრაბო ძველი წელთააღრიცხვით მეხუთე საუკუნეში შავი ზღვისპირეთში მოსახლე სხვა ქართველულ ტომებთა შორის სვანებსაც მოიხსენიებენ. ალბათ, ეს ანტიკური ელინებიც, ამერიკელი და თანამედროვე ევროპელი ჟურნალისტების მსგავსად, სააკაშვილმა ‘მოისყიდა’. როგორი გრძელი ხელები ჰქონია ქართველ პრეზიდენტს! მას ორიათასხუთასწლიანი დროის კორიდორიც კი ვერ აფერხებს!

                  უძველესი ისტორია იქეთ იყოს და ჩვენს თანამედროვეობას დავუბრუნდეთ. ოსებთან და აფხაზებთან ქართველებს გასაყოფი არასოდეს გვქონია. საიდან ვიცი? თავად მე აფხაზეთის გაგრაში ვარ დაბადებული. მამა გალელი მყავს, დედა კი ოჩამჩირელი. ქმარს რუსული სისხლი ურევია, შვილებს კი ამერიკელი თინეიჯერებისაგან ვერ გამოარჩევთ. ჩვენი ოჯახისათვის საქართველოში დატრიალებული კოშმარი პრესის ფურცლებიდან მიღებული თავშესაქცევი ინფორმაცია კი არა, პირადი ტრაგედიაა. მის გამომწვევ მიზეზებს კი შიგნიდან ვიცნობთ.

                  მსოფლიო პრესაში კონფლიქტის გამწვავების სურათი ისე იხატება, თითქოს ქართული მხარე მოსკოვის პროვოკაციას წამოეგო და ომი თავად წამოიწყო, რუსეთმა კი კონტრ დარტყმით უპასუხა. მოდით, ფაქტები გავიხსენოთ. პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას რამოდენიმე თვის განმავლობაში რუსების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მზადებაზე აფრთხილებდა. მეგობარმა ქვეყნებმა ეს შიში გადაჭარბებულად მიიჩნიეს. ოსებმა ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმები გააძლიერეს (ეს თავდასხმები სრულიად შეწყვეტილი არც არასოდეს ყოფილა.), შემდეგ ექვსი პოლიციელი მოკლეს. ამის საპასუხოდ ქართველებმა კონფლიქტის ზონაში ცხრამეტი ქვეყნის ელჩი ჩაიყვანეს და ყველაფერი თავისი თვალით ანახეს. განა, ეს უკიდურესად მშვიდობიანი და დემოკრატიული ნაბიჯი არ იყო? მაგრამ საქმეს არც ევროპელი და ამერიკელი ელჩების სიტყვიერმა აღშფოთებამ უშველა. ის ფაქტი რითიღა ავხსნათ, რომ ოსებმა ცხინვალის გახიზვნა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი დღით ადრე დაიწყეს და ამის შესახებ ტელევიზიით მთელს მსოფლიოსაც აცნობეს? თუმცა, დარწმუნებული ვარ, რუსები ამასაც “ლოგიკურ” ახსნას მოუძებნიან.

                  სააკაშვილი ამბობს, რომ ქართულ ჯარებს კონფლიქტის ზონაში გადასვლის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის ტანკებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოს საზღვრები დაარღვიეს. ცნობისათვის: საქართველოს რუსეთისაგან კავკასიის ქედი საიმედოდ იცავს. ჩვენს მიწაწყალზე მოხვედრა ჩრდილოელ მეზობელს მხოლოდ ამ ავადსახსენებელი როკის გვირაბით შეუძლია. იგი კი სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
საკუთარი საზღვრების ჩაკეტვა და მტრის ინტერვენციის შეჩერება ქართულ ჯარს მხოლოდ ცხინვალზე გავლით შეეძლო. რუსები ეთნოწმენდაზე ალაპარაკდნენ. რომელ გენოციდზე შეიძლება საუბარი, როდესაც ცხინვალი პრაქტიკულად უკვე ევაკუირებული იყო, ქართული საჯარისო ერთეულები კი თავგანწირვით როკის გვირაბის ჩასაკეტად მიიჩქაროდნენ? სრულიად ლოგიკურია, რომ ბრძოლები ცხინვალის ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო მთავრობის ბანდ-ფორმირებებთან გაიმართა. ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა და საკმაოდ კარგად შეიარაღებულმა არმიამ ისინი ადვილად გაანადგურა, ტერიტორიის 70% ერთ ღამეში დაიკავა და რუსეთის 58-ე არმიას პირისპირ შეეჯახა.

                  ამ ბრძოლების დეტალებზე ბევრს ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ საუბრობს. ეს გასაგებიც არის. თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა. რუსი სამხედრო ექსპერტების ცნობით ქართველებს არც ერთი ხელჩართული ბრძოლა არ წაუგიათ, რითაც ნატოს ჯარების ტაქტიკური უპირატესობა დაამტკიცეს. ეს შეტაკებები ყველა სამხედრო სახელმძღვანელოში შევაო, ამბობენ რუსი სპეციალისტები. ემოციურ სააკაშვილს ერთხელ წამოსცდა, ჩვენმა ოცმა ბიჭმა რუსების ელიტარული დესანტის სამოცდაათი სპეც-ნაზელი გაანადგურა, დანარჩენები კი გაიქცნენო. ადგილობრივ მედიაში გაიჟღერა, 58-ე არმია ქართველებმა გაანადგურეს, მისი გენერალი კი ჯარზე წინ გარბოდაო.

                თუმცა, მიუხედავად ყოველივე ამისა, საბრძოლო დაპირისპირების უაზრობა თავიდანვე ნათელი იყო. რაოდენობას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის არმიას ზღაპრული ურჩხულივით წაჭრილი თავის ადგილზე სამი ახალი ამოსდიოდა. ეს შედარება ჩემი არ არის. საქართველოს ერთ-ერთ ტელეკანალზე გაჟღერებულ კომენტარს დავესესხე. მთელი ქართული ჯარი სამასი სპარტელივით ბოლომდე რომ დამდგარიყო, რუსეთის უთვალავ ძალას მაინც ვერ შეაჩერებდა. ბრძოლების ბედი რუსეთის ავიაციის დაბომბვებმა გადაწყვიტეს. მოგვიანებით სააკაშვილი გამოტყდა, რომ მიუხედავად იმპერიის მოსალოდნელი აგრესიისა, პატარა მეზობლი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოდენა სამხედრო მანქანის დაძვრას იგიც კი ვერ წარმოიდგენდა. ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული რუსეთი 21-ე საუკუნეში ასეთ ბარბაროსულ მეთოდებს თუ გაბედავდა, არავის ეგონა.

                გასაოცარია, მაგრამ ფაქტია. ქართულმა მცირერიცხოვანმა ჯარმა რუსეთის უზარმაზარი სამხედრო მანქანის სამი დღით შეჩერება მოახერხა. სასტიკი ბრძოლები ცხინვალთან გაიმართა. სწორედ ამის შედეგად დაზიანდა დაცარიელებული ქალაქის უდიდესი ნაწილი. ოკუპანტებს როკის გვირაბით დაწყებული აგრესია როდესაც ჩაუფლავდათ, მათ ჩვენს მიწაზე შემოჭრა აფხაზეთიდან განახორციელეს. (ივლისში აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია სწორედ ამ მიზნით განახორციელეს!!!) როდესაც ნათელი გახდა, რომ აგრესორთა ნამდვილი მიზანი თბილისის აღება და საქართველოს კანონიერად არჩეული მთავრობის დამხობა იყო, სააკაშვილმა ჩვენი მცირერიცხოვანი ჯარები სასწრაფოდ დედაქალაქის დასაცავად გადმოისროლა.
კონფლიქტის მეორე ზონაში, აფხაზეთში ქართველებს ჯარები საერთოდ არ ჰყავდათ. პრეზიდენტის ბრძანებით ზემო აფხაზეთი პოლიციის ნაწილებმაც დატოვეს. ეს 100% ქართული მოსახლეობით, სვანებით დასახლებული მთის სოფლები მთლიანად გაიხიზნა. ცნობისათვის: ამ ტერიტორიებზე აფხაზები არასოდეს სახლობდნენ. ამიტომაც მოუწოდებენ დღეს “ქართული ენის მონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე სვანებს” (ხომ კარგი ფორმულირებაა? მე მსგავსი ცინიზმი და თავხედობა ჯერ არ გამიგია!) უკან დაბრუნებას და აფხაზეთის იურისდიქციიის ცნობას.

                  არის კიდევ ერთი პატარა ნიუანსი. რუსები აცხადებენ, რომ ბრძოლებში მხოლოდ 70-80 ჯარისკაცი დაკარგეს (სააკაშვილის პირიდან მოვისმინე, ცოცხალი ძალის დანაკარგები რომ დაემალათ, რუსებს მკვდრები ეშელონებით გაჰქონდათო.). კრემლი იმასაც ამტკიცებს, ქართველებმა რუს სამშვიდობოებს შეუტიესო. უცნაური ამბავია. თუკი მათივე სიტყვებს დავუჯერებთ, კბილებამდე შეიარაღებული და ამერიკელების მიერ საუკეთესოდ გაწვრთნილი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ქართული ჯარი მსუბუქად შეიარაღებულ ხუთას სამშვიდობოს თავს თუ დაესხა, ეს უკანასკნელები ცოცხლები როგორღა გადარჩნენ? 70-80 მკვდარი რუსი ჯარისკაცი და სრულიად განადგურებული 58-ე სახელოვანი არმია!!! სად არის მართალი და სად ტყუილი, მიდი და გაიგე! ერთი კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ. სააკაშვილმა მშვიდობიან მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვაში მოუწოდა, ჩვენ მცირედი დანაკარგები კი გვაქვს, მაგრამ ჯარი მთლიანად გამოვიყვანეთ, რუსები კი მიყენებული ზარალის გამო გაცოფებული არიან და არავის დაინდობენ. მათთან კონტაქტს ყოველნაირად მოერიდეთო.

                  დამეთანხმეთ, რომ უცნაურზე უცნაური სიტუაციაა. ნატო ჯარებით რომ არ დაეხმარებოდა, სააკაშვილმა წინასწარ იცოდა. ამას ევროპისა და ამერიკის რეაქციაც ადასტურებს. უზარმაზარ რუსეთს რომ პაწაწინა საქართველო ომით ვერასოდეს მოუგებდა, არც ეს იყო ვინმესთვის უცნობი. მაშ რა მოხდა? როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ომი საქართველომ წამოიწყო? მე გეტყვით როგორაც. განა არ იცით, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ კბილებამდე შეიარაღებულ გერმანიას პოლონეთი თავად დაესხა თავს, ფაშისტები კი მხოლოდ თავს იცავდნენ? რუსებიც ზუსტად იგივე ლოგიკით მოქმედებენ. ეტყობა, მსგავსი ამბები კაცობრიობის ისტორიაში წინათაც ხშირად ხდებოდა. ეზოპეს იგავ-არაკი გაიხსენეთ, რომელიც იმაზე მოგვითხრობს, თუ “საცოდავ” მგელს პატარა “თავხედმა” თიკანმა დასალევი წყალი როგორ აუმღვრია. იმას, რომ მტაცებელი წყაროს სათავესთან იდგა, თიკანი კი დაბლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მგელს შიოდა.

                  ის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ამ აგრესიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამზადებდა უკვე მსოფლიოს ყველა სერიოზული პოლიტიკური ძალა აღიარებს. კრემლის მიზანი სააკაშვილის პრო-დასავლური მთავრობის ძალისმიერი მეთოდით დამხობა იყო.

                  გენოციდი! ქართველ ხალხს ვინმეს წინააღმდეგ გენოციდი არც არასოდეს განუხორციელებია და არც არასოდეს განახორციელებს. იცით, რატომ ვარ ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ ჩემი ერის სულს კარგად ვიცნობ. ეს რუსეთი არ არის, სადაც თავიანთი პრეზიდენტისა და ხელმძღვანელობის ბრძანებებს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრმად ემორჩილება. რუსი ჯაშუშებისა და დივერსანტების დაპატიმრების გამო სააკაშვილზე გაცეცხლებულმა პუტინმა როდესაც უბრძანა, ქართველებს განსაკუთრებული სისასტიკით მოექეცითო, რუსებმა თავიანთი ყოფილი ძმები ნახირივით სატვირთო თვითმფრინავებში ჩაყარეს და ისე გამოაძევეს. ეს ისინი, ვისაც გაუმართლდა და ამ დარბევების დროს დიდ ქალაქებში იმყოფებოდნენ. სხვებს კიდევ უფრო სასტიკად მოექცნენ. იყო მსხვერპლიც. ჩვენ მაშინ ჩრდილოელი მეზობლების საქციელმა გაგვაოგნა. თურმე სად ყოფილხარ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.
სააკაშვილმა ან ვინმე სხვამ ქართველ ხალხს კიდეც რომ უბრძანოს, განსხვავებული ეროვნების ან სარწმუნოების თქვენს მეზობლებს დაერიეთ და ფიზიკურად გაუსწორდითო, მოსახლეობა ასეთ რამეს მაინც არასოდეს დაემორჩილება. ჩვენში ყველა დამოუკიდებლად აზროვნებს და საკუთარ საქციელზე პასუხსაც თავადვე აგებს. ეს ეროვნული ტრადიციაა, რომელსაც ქართული მსოფლმხედველობა ათასწლეულობით ეყრდნობოდა. ქართველი კაცის ეს ინდივიდუალური თავისუფლება ზოგჯერ გაერთიანებაში გვიშლის ხელს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ერს კეთილად ადგება ხოლმე.

                მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერია ებრაელთა გაუგონარმა დარბევებმა და მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ მოიცვა, ეგრეთწოდებული “შავრაზმელები” სამხრეთ კავკასიასაც მოადგნენ. ჩვენმა ხალხმა რელიგიურ ფანატიზმს ამოფარებულ სისხლისმსმელებს კუდით ქვა ასროლინა. იმ ძნელბედობის ჟამს საქართველოში ებრაელები დარბევებს გადაურჩნენ.

                მინდა ამ შორეულ ამბებთან დაკავშირებული ჩემი ერთი პატარა პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ. ოთხმოციან წლებში მოსკოვში ნათესავებს ვსტუმრობდი. ჩემმა რუსმა რძალმა თევზის საყიდლად გამაგზავნა. ყოფილ საბჭოთა კავშირში პროდუქტების დეფიციტი ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. მეც გრძელ რიგში დიდი ხნით ჩადგომა მომიწია და უნებლიედ ერთ უცნაურ საუბარს შევესწარი. მომლოდინეთა ერთი ჯგუფი საუკუნის დასაწყისში ებრაელთა დარბევებზე მსჯელობდა. სიტყვამ სიტყვა მოიტანა და საქართველოსაც გადასწვდნენ. ის, რომ ჩვენში ებრაელთა დარბევები არ გამოუვიდათ, ამ ხალხმა ჩემზე უკეთ იცოდა. მათ მხოლოდ ქართველთა ამ უცნაური ლმობიერების მიზეზი ვერ აეხსნათ. ერთმა ორმოც წელს მიტანებულმა ქალბატონმა საკუთარი ვერსია წამოაყენა. ქართველებმა ებრაელები იმიტომ შეიწყალეს, რომ ისინი წინასწარ გაუძარცვავთო. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. საქართველოში ებრაელები არასოდეს არავის გაუძარცვავს. ენის წვერზე სულ მიტრიალებდა, პოგრომები ნადავლისათვის კი არა, ებრაელი ხალხის, როგორც ერის გასანადგურებლად იყო ორგანიზებული. თქვენ კი თქვენსავე მეზობლებს თავდაყირა ფეხებით რომ ჰკიდებდით და ცოცხლად სწვავდით, მაშინ მათი ქონება პირწმინდად მიიტაცეთ მეთქი. იმ დროს მე ახალგაზრდა ვიყავი და უფროსების საუბარში არ ჩავერიე (ესეც ქართული აღზრდის ანაქრონიზმია). დღეს ასე უკვე აღარ მოვიქცეოდი. ამ ხალხს ქართველების არალოგიკური გულმოწყალება აკვირვებდა. მე კი, მრავალეროვნულ ეზოში გამოზრდილ ქართველს, საერთოდ მსგავსი კითხვის წამოჭრა მაოცებდა.

                  დღეს, როდესაც მარტო კონფლიქტური ზონები კი არა, მთელი საქართველო დაიბომბა, რუსის ტანკები კი ჩვენს მიწაწყალზე დათარეშობენ, ქართველი ებრაელები პროტესტის ნიშნად ისრაელის ქუჩებში გამოდიან და თავიანთ ქართველ და-ძმებს თანადგომას უცხადებენ.

                  გენოციდი! რამოდენიმე დღის წინ გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა საქვეყნოდ განაცხადა: “ცხინვალი აღარ არსებობს. იგი ომის შემდგომ სტალინგრადს ჰგავს.” რუსების ცნობებით ქართველებს 2000-ზე მეტი ოსი ეროვნების მოსახლე დაუხოცავთ. მე ეს ინფორმაცია ერთი წამითაც არ დამიჯერებია. ჩემი ეჭვები სულ მალე დადასტურდა კიდეც. ცხინვალში შესული უცხოელი ჟურნალისტები გენოციდის დამადასტურებელ ნიშნებს ომგადატანილ ქალაქში ამაოდ დაეძებდნენ. ცხინვალი სტალინგრადს არ ჰგავდა. იგი ისრაელის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზიანებულ ბეირუთის შემოგარეებსაც კი ვერ შეედრება. ნგრევის უმრავლესობა კი სწორედ რუსული ბომბების შედეგია, როდესაც ისინი ცხინვალში ქართულ ჯარებს ეომებოდნენ. ქართველებისაგან ვითომ დაბომბილ საავადმყოფოს ჟურნალისტებმა დიდი ვერაფერი შეატყვეს. შენობა შიგნიდან არისო დაზიანებული, განმარტეს რუსებმა, მაგრამ ჟურნალისტები შიგნით არ შეუშვეს, საშიშიაო. ნეტავი, რა უნდა ყოფილიყო ასეთი საშიში?

                მე რომ მკითხო, საერთაშორისო ჟურნალისტებზე მამაცი ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. თბილისი მიწასთან გასწორებული რომ არ არის, ჩემი აზრით, ეს ნატოს კი არა, ფოტოკამერებითა და ვიდეოკამერებით “შეიარაღებული” გულისგამწყალებელი ჟურნალისტების ჯარის დამსახურებაა. ჩემი სამშობლოს გადარჩენას ხუთმა მათგანმა სიცოცხლეც შესწირა. თოთხმეტი დაჭრილია. განა მარტო ის ფაქტი, რომ ყველა ეს ჟურნალისტი რუსების ან ოსების იარაღს ემსხვერპლა, ბევრ რამეზე თავად არ მეტყველებს?

                ჩვენ ქართველები ვართ და თავისუფალი პრესის არ გვეშინია. პირიქით, მისი იმედი გვაქვს. მოდით, ნახეთ, გადაიღეთ, გამოქექეთ, გამოიკვლიეთ, სიმართლე იპოვეთ და მთელს მსოფლიოს აცნობეთ. მაკლაჩის ჟურნალისტმა ტომ ლასსეტერმა 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში დაადასტურა: “რუსული ოფიციალური პირების ცხინვალის აღწერასა და სინამდვილეს შორის განსხვავება დამტკიცებულია.” მორგის ოსი ექიმი იძულებული იყო გამომტყდარიყო, რომ ქართველთა შეტევის შედეგად 40 მიცვალებულზე მეტი მორგში არ დაფიქსირებულა. მიცვალებულები ვერც ქუჩებში იპოვეს და ვერც მასობრივ დასაფლავებებს ან კუბოებს მოჰკრეს თვალი. სად აორთქლდნენ 2000-ზე მეტი გენოციდის მსხვერპლთა ნარჩენები? ამის გამოძიებას ოსები კი არა, ქართველები ითხოვენ. რუსები კი საერთაშორისო ჟურნალისტებს მუშაობაში ყველანაირად ხელს უშლიან. ზონაში შესვლა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ და ისიც შეზღუდულად. ეზიარეთ, ბატონებო, რუსულ დემოკრატიას!

                ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაჩელ დენბერი ამბობს: “აქ შეუსაბამობაა, დიდი შეუსაბამობა... საიდან მოდიან ეს ციფრები(2000-ზე მეტი დახოცილი მშვიდობიანი მოსახლე!), ჩვენთვის გაუგებარია.”

                19 აგვისტოს მათიაშ იორშმა თემურ იაკობაშვილთან საუბრისას განაცხადა, ეს რუსეთია, ცხინვალში ეთნოქმენდა ვინც განახორციელაო.

                ეთნოწმენდისა და და გენოციდის საკითხი უკვე ყველასთვის ნათელი გახდა. ქართველების სიმართლეს თავისდა უნებურად თავად რუსი ოკუპანტები და მათ ზურგს ამოფარებული სეპარატისტებიც ამტკიცებენ. ჰკითხეთ ხალხს თბილისში აფხაზებზე და ოსებზე რას ფიქრობენ. მერე იგივე კითხვა სეპარატისტებს დაუსვით და სიძულვილი ვისაც ასაზრდოვებს, მაშინვე აღმოაჩენთ.

                ჩემს სამშობლოში გენოციდი მართლაც მოხდა და ახლაც გრძელდება. მას რუსი ოკუპანტები და სეპარატისტები ანხორციელებენ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან 400 000-ზე მეტი ადამიანი განიდევნა. აქედან 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი იყო. სამხრეთ ოსეთშიც იგივე განმეორდა. დღევანდელი აგრესიის შედეგად უკვე 158 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანია დაფიქსირებული. უმრავლესი მათგანი ეთნიკურად ქართველია. მე რუსებს ერთ რამეში ვეთანხმები: მოდით, ვკითხოთ აფხაზეთის მოსახლეობას (და არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენს მხარეზეა, მაგრამ ხმის ამოღების ეშინიათ და მიზეზიც ააქვთ. რუსები ურჩებს როგორაც უსწორდებიან, თავადაც ხომ დარწმუნდით?), ვისთან სურს ცხოვრება, რუსებთან თუ ქართველებთან და პასუხიც ნათელი გახდება. საქართველოს მრავალეროვან სახელმწიფოს ალტერნატივა არა აქვს. კრემლმა ეს იცის. კრემლს ეს აცოფებს. კრემლს ამის ეშინია!

                  საქართველოში ეთნო პრობლემა საერთოდ არ არსებობს. მაშ, რაშია საქმე? რაში და ზესახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროს დაყოფაში. ჩვენ დიდი თამაშის მსხვერპლი შევიქენით. აქამდე თუკი გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი გასულ საუკუნეს ჩაბარდა, რუსეთის ბომბებმა მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა. თუმცა მე რუსების საქციელი არ მიკვირს. დასავეთის შენელებული რეაგირება უფრო მაოცებს. პირველი დღიდან მოყოლებული საქართველოში განვითარებულ მოვლენათა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თვალყურს გაფაციცებით ვადევნებ. ინტერნეტში სტატიებს მიბმულ კომენტარებსაც ვკითხულობ. მინდა საზოგადოების განწყობა გავიგო. ამერიკელთა უმრავლესობა საქართველოს უთანაგრძნობს, მაგრამ ერაყისა და ავღანეთის ფონზე ახალი ომის დაწყების ეშინია. ეს გასაგებიც არის. ამას ირანისა და კორეის ბირთვული პრობლემებიც თან ერთვის. ამერიკას რუსეთის მხარდაჭერა ესაჭიროება. მაგრამ დაისმება ბუნებრივი კითხვა: განა შეიძლება ენდო ისეთ პარტნიორს, რომელიც შენს დაშანტაჟებას ცდილობს? პოლიტიკური გათვლები ერთი საქმეა, უხეში ზეწოლა და ამერიკის საერთაშორისო პრესტიჟის შერყევის მცდელობა კი სულ სხვა რამ არის.

                  დღეს მარტო მრავალათასწლიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი კი არ წყდება. საქმე ბევრად უფრო რთულად არის. დასავლეთის ცივილიზაციას პუტინის ავტორიტარული რეჟიმი დაუპირისპირდა და ისე მოხდა, რომ ეს პირველად საქართველოში დაიწყო. შუა აზიიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი ერთადერთი ნავთობსადენი, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს, სწორედ საქართველოზე გადის. ამაშია ჩვენი ძალაც და ჩვენი უბედურებაც. სხვა შემთხვევაში რუსეთი ასე არ გადაირეოდა. მას ევროპის დამონება სურს, “თავხედი” საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა კი ამაში ხელს უშლის. ენერგორესურსები უაღრესად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, მაგრამ განა თავისუფლება უფრო ძვირფასი მონაპოვარი არ არის? დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოსახლეობას ამ საკითხის აქტუალურობა, შემინდეთ შეუნიღბავი გულახდილობა და, ცოტათი მივიწყებული გაქვთ. ჩვენ კი, რკინის ფარდის უკნიდან ახლად გამოსულ აღმოსავლელებს “კეთილი მამა და მარჩენალისა” და “უფროსი ძმის” ჩექმა კარგად გვახსოვს.

                    ინტერნეტის გვერდებზე გამოქვეყნებულ კომენტარებში ზოგიერთი დასავლეთელი ამერიკას რუსეთს ადარებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გავლენის სფეროებს შეეხება. ხომ არ გადაირიეთ, მეგობრებო? სჯობია, ჰიპნოზიდან დროზე გამოფხიზლდეთ. გაიხსენეთ, რა ღირებულებებს ავრცელებს დასავლეთი და რას უპირისპირებს ამას რუსეთი. განა, ამერიკელი ჯარისკაცები ირაკსა და ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას მიზანდასახულად კლავენ და ძარცვავენ? განა ისინი უნიტაზებს და ძველ მატრასებს იპარავენ? რუსი ჯარისკაცები სწორედ ასე იქცევიან. ასე, რომ ნუ საუბრობთ იმაზე, რაზედაც წარმოდგენაც არა გაქვთ და ნუ შეურაცხყოფთ თქვენსავე ჯარისკაცებს. ფიქრობთ, პუტინის ავტორიტარულ რეჟიმში თქვენ მთავრობისადმი საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის საშუალება გექნებოდათ?! პირის გაღებასაც ვერ გაბედავდით და თუ გაბედავდით, ვლად ლისტიევისა და პოლიტკოვსკაიას კვალს დაგიყენებდნენ. მე ვიცი, რომ რუსეთში დღესაც კი არიან ისეთი პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას სასტიკად გმობენ. მათი გამბედაობა აღტაცებას იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი გაბედული ხალხი ძალზედ ცოტაა.

                    21-ე საუკუნეში ‘სფეროთა გავლენებზე’ საუბარს როგორ ბედავთ? თქვენ ამბობთ, რომ ამერიკა ზუსტად რუსეთივით იქცევა. ნება მომეცით ვიკითხო, მექსიკა ამერიკის გავლენის ქვეშ იმყოფება თუ არა? თუკი მეხიკოს რომელიმე გადაწყვეტილება არ მოეწონება, განა ამერიკა თავისი სამხრეთელი მეზობლის საზღვრებში იჭრება? მე ასე არ მგონია. დემაგოგიას თავი დაანებეთ და 21-ე საუკუნის რეალობას დაუბრუნდით. გავლენათა სფეროების დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, უფლება აქვს საკუთარი ბედი თავადვე გადაწყვიტოს და ეს სამართლიანია! ამერიკა სწორედ ასეთი პრინციპით მოქმედებს. ამ სიახლეს უნდა შეეგუოთ, ძველი დესპოტიზმის დამცველებო!

                    საქართველოს დღევანდელ მთავრობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ამერიკის პროექტი” უწოდა. შეცდა ბატონი ლავროვი. ამ პროექტს გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისორია აქვს და იგი ათენის მზიან ქუჩებში ჩაისახა. მას სახელად დემოკრატია, “ხალხის მმართველობა” ეწოდება. იმ დროს არც ელინებმა და არც მათმა დაუძინებელმა მტერმა, სპარსეთის იმპერიამ, ჯერ არარსებულ რუსებზე და ამერიკელებზე არაფერი იცოდნენ. მას შემდეგ თავისუფლების სული ევროპას ზევიდან მუდამ დაჰფარფატებდა. სხვათაშორის, ჩვენი წელთააღრიცხვის შუა საუკუნეებში რაღაც დემოკრატიის მაგვარი სლავებსაც ჰქონდათ. მას “ნოვგოროდის ვეჩე” ერქვა სახელად. ხალხი ქალაქის მოედანზე იკრიბებოდა და თავის აზრს ყვირილით ამტკიცებდა. ვისი ხმაც გადასძალავდა, გამარჯვებულიც ის იყო. მე დემოკრატიის ბერძნული ფორმა უფრო მომწონს. ანტიკური ელინები ხმებს ცივილურად მაინც ითვლიდნენ.

                    საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომლის ფრთებს ქვეშაც ყველა სხვა რელიგიის ხალხები თავს სრულიად დაცულად გრძნობდნენ. ჩვენი დიდი მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის მიბაძვასაც სააკაშვილი ზოგჯერ აშკარად ცდილობს, სალოცავად ქრისტიანულ ეკლესიაში, სინაღოღაში და მეჩეთში ერთნაირად დადიოდა. ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა. ამაზე მეტი ტოლერანტობა რაღა გინდათ? ასეთ გახსნილობას ბევრი თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწეც კი ვერ იჩენს. ქართველ ებრაელებზე უკვე მოგახსენეთ, ამჯერად ჩვენს მუსულმანებს გავიხსენებ.
თავისუფლება უფასოდ არასოდეს მოდის. მას მოპოვება და დაცვა სჭირდება. მუსულმანური სამყაროთი გარშემორტყმული საქართველო ურიცხვი მტრის წინააღმდეგ მუდამ ხმალამოწვდილი იბრძოდა. აქამდე რომ მოვაღწიეთ, ნამდვილად ღვთის მადლი და სასწაულია. საქართველოს მოსახლეობა დიდი დავით აღმაშენებლის დროიდან ერეკლე II-ის ზეობის ბოლო წლებისათვის 12 მილიონიდან 200 000-მდე შენცირდა. ასეთი იყო თავისუფლების ფასი, რომელიც საქართველომ გადაიხადა. ჩვენს სახელოვან მეფეს, ერეკლე II-ს სპარს და თურქ მეზობლებთან გაუთავებელი თავდაცვითი ბრძოლები უწევდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს მას შეატყობინეს, რომ მტრის სისასტიკითა და დაუნდობლობით შეშინებული ბორჭალოელი მუსულმანები, ახლა ქრისტიანი ქართველები ჩვენც არ დაგვერიონო, ოჯახებიანად აიყარნენ და საქართველოდან გასაქცევად დაიძრნენ. (რუსეთის მსგავსი პროვოკატორები, ალბათ, მაშინაც ბლომად იყვნენ.). ამბობენ, მეფემ ბრძოლის ველი მიატოვა და მათ დასაბრუნებლად გამოუდგა, თქვენ ჩვენი მოსახლეობა ხართ, არავინ არაფერს დაგიშავებთ, სად გარბიხართო. ბორჭალოელი მუსულმანები მეფის სიტყვას ენდნენ და უკან გამობრუნდნენ. მათი შთამომავლები დღესაც საქართველოში ცხოვრობენ.

                მე ამ ქართველი წინაპრის საქციელი მეამაყება. ზოგიერთ მკითხველს შეიძლება მსგავსი ამბების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეეპაროს, თქვენ რა იცით, მაშინ რა ხდებოდაო, მაგრამ მთავარი ესეც კი არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოში თაობები დღემდე ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდით. ჩვენს შვილებსაც იგივეს ვასწავლით. ტყუილად ნუ ჰგონია პუტინს, რომ ქართველი კაცის გულში სიძულვილის მარცვალს ჩათესავს და იგი იქ გაღვივდება. ამის გაკეთება ჩინგიზ-ხანმა, აღა მახმად ხანმა და შაჰ აბასმაც კი ვერ მოახერხეს. ჩვენ ირანელები არ გვძულს და თურქებთან ვმეგობრობთ კიდეც. რუსებთანაც იგივე იქნება. ჩვენ ბევრი კარგი რამ გვაკავშირებს. მთავარია, დრომ ნალექი ჩარეცხოს.

                  საქართველო ევროპისაკენ ყოველთვის მიილტვოდა. “ამერიკის პროექტის” მაგვარი რამ ჩვენში დიდი ხანია არსებობს. თავიდან დასავლეთთან კავშირის დამყარებას ლუდოვიკო XIV-ის კარზე ვცდილობდით. მაშინ მზე-მეფემ ჩვენი პატარა ქვეყნისადმი ინტერესი არ გამოიჩინა. მოგვიანებით საქართველო იგივე მიზეზებით ერთმორწმუნე რუსეთს დაუკავშირდა და 1783 წელს გეორგიევსკში მეგობრობის ტრაქტატს მოაწერა ხელი. ამ “მეგობრობამ” მხოლოდ თვრამეტი წელიწადი გასტანა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველო გადაყლაპა, მაგრამ ვერ მოინელა. მეოცე საუკუნის დასაწყისში თავისუფლება დავიბრუნეთ, თუმცა სულ ცოტა ხნით. ევროპის წაყრუების წყალობით 1921 წელს საქართველო წითელმა რუსეთმა დაიპყრო. ჩვენი დამოუკიდებელი მთავრობა საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველო თავისუფლებისათვის ბრძოლას საბჭოეთის წლებშიც განაგრძობდა. ჩვენი დისიდენტები ციხეებში ცოცხლად ლპებოდნენ, ჩვენ კი ჩუმ-ჩუმად ამერიკის ხმას ვუსმენდით.

                    საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ისევ დამოუკიდებლები ვართ და ასე ნანატრ თავისუფლებას ამჯერად არაფრით დავთმობთ. ჩვენ ამერიკის ან ვინმე სხვის პროექტები არ ვართ. ჩვენ დამოუკიდებლობისათვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. დიდ საიდუმლოებას არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამერიკა და დასავლეთი ევროპა დემოკრატიის ცენტრები არიან. ბუნებრივია, რომ საქართველო მათკენ მიილტვის. ერთი პერიოდი გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ რუსეთიც იგივეს აკეთებდა. სამწუხაროდ, თურმე ვცდებოდი. არაუშავს. იქნებ ისინიც გონზე მოეგნონ. რა დროს გავლენის სფეროებზე ლაპარაკია? ევროპელებო და ამერიკელებო, თქვენ გჯერათ, რომ თქვენი ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას აპირებენ? ეს ხომ ნონსენსია და მეტი არაფერი. მსოფლიო ერთია და მასში თანასწორად არსებობის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, დიდსაც და პატარასაც. ოთხმოცდაათიან წლებში დასავლეთი რუსეთს ფეხზე წამოდგომაში გულწრფელად ეხმარებოდა. ამას უძახით დაპირისპირებას? რუსეთი ძალიან მდიდარი ქვეყანაა და მას შესაცოდებელი არაფერი სჭირს. პატიოსანი ეკონომიური განვითარების პირობებში მას ღირსეული ცხოვრება გარანტირებული აქვს. მაშ, ენერგო რესურსებზე სრული მონოპოლია და ევროპის მტკიცე კონტროლის ქვეშ ყოლა რაში სჭირდება? ეს ვის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს? რა საჭიროა მიილტვოდე ჰეგემონიისაკენ, როდესაც შესაძლებელია იყო დიდი და ძლიერი ოჯახის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, შესაძლოა, ყველაზე მდიდარიც კი? რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკის მიზეზი მარტო გაუმაძღრობა არ გახლავთ. როდესაც რამე არ მოსწონს, კრემლი მილსადენების საკეტებს ატრიალებს, ან საწვავზე ფასებს უზომოდ ზრდის. ასეთი ენერგო-პოლიტიკა საქართველომ საკუთარ ზურგზე სუსხიანი ზამთრების პირობებში არაერთხელ გამოსცადა. მოსკოვი თუკი ახლა თავისას გაიტანს, მომავალში მისი შეჩერება ბევრად უფრო გაჭირდება. მე ამაზე დიდად არ ვიდარდებდი, რუსეთი მართლა დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ეს მწარე რეალობა კარგად უნდა გავითავისოთ. ავტორიტარული სისტემა დემოკრატიულისაგან ძირფესვიანად განსხვავდება. იგი საშიშია,საშიშია, საშიშია! ეს ყველამ უნდა შეიგნოს. თუკი რუსეთმა გაიმარჯვა, მაშინ დაივიწყე ბებერო ევროპა თავისუფლებაც და ხალხის თვითმმართველობაც. რასაც კრემლი გიბრძანებთ, იმას იმღერებთ, ეს კი მტკივნეულიც არის და დამამცირებელიც. ამერიკასაც მსოფლიო ლიდერობაზე უარის თქმა აუცილებლად მოუწევს.

                    ზოგიერთი დასავლეთელი კომენტატორი საქართველოში შექმნილ ვითარებას ერაყსა და ავღანეთს ადარებს და საზოგადოებას გაწელილი და საეჭვო ღირებულების ომით აშინებს. მსგავსი აზრები ჩვენს გაოცებას იწვევს. ეს ხალხი, დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასოდეს ყოფილა. დღეს ინტერნეტში ილან გრინბერგის სტატია წავიკითხე. აი, რას წერს ადამიანი, რომელიც ქართველებს იცნობს: “საქართველო რაღაც იტალიის მაგვარი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც დედები წმინდანებად აღიქმებიან და ემოციების მსახიობური წარმოჩენა სრულიად მიზანშეწონილია, სადაც საგზაო პოლიცია ფეხმძიმე ქალებისათვის ჯარიმის გამოწერაზე უარს აცხადებს და ზრდასრული კაცები სიახლეს ეთაყვანებიან...”
იგივე სტატიაში ვეცნობით კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინკოლნ მითჩელის აზრსაც, რომელმაც საქართველოში თითქმის ათი წელიწადი დაჰყო: “საქართველო კაშკაშა სინათლის მფრქვეველია ბნელ სამეზობლოში. ბევრ იძულებით გადასახლებულ ქართველს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც უცხოვრია, სადაც ადგილობრივი ამბები ქართული კუნძულის მაგიურ რეალიზმთან შედარებით საშინელებათა მოთხრობებს ემსგავსება. პირქუში სლავების მიერ არყის ხუხვის სცენებს მადლიანი ქართული ღვინის სმის ბობოქარი ზეიმი, აზარტული ხუმრობები და უზენაესი სტუმარ-მასპინძლობა ენაცვლება...”
კიდევ ერთ ამონაწერს მოგაწვდით. ნიუ-ჯერსელი სეილ ბროდი ამბობს: “მათ (ქართველების) კულტურას ერთხელ მაინც თუ ეზიარებით, ამ ხალხის შეყვარება გარდაუვალი რამ გახდება...”

                  განა ამ ამონაწერებში დახატული სურათი ერაყსა და ავღანეთს ოდნავ მაინც გაგონებთ? ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ამ ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ჩვენ ყველანი, ბუნებრივია, შეცოდებასა და სიმპათიას განვიცდით, მაგრამ მათ დასავლეთის ფასეულობების სიყვარულს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. იქ გრძელ შავ სამოსში გახვეული ქალებიც კი ინტერნაციონალური ძალებისათვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. ქართველები კი ამერიკის ბუნებრივი მოკავშირეები არიან, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ფასეულობები გვაკავშირებს. მე მხოლოდ სააკაშვილის მთავრობა არ მყავს მხედველობაში. მე მთელ მოსახლეობას ვგულისხმობ.
ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი, დასავლეთის მთავრობებში ყველამ ძალიან კარგად იცის.

                    მაგრამ ცინიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? ამ რამოდენიმე წლის წინ რუსეთმა ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე მაცხოვრებელ ოსებს და აფხაზებს თავისი პასპორტები დაურიგა და საკუთარ მოქალაქეებად გამოაცხადა. (ზუსტად ისევე, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა ჩეხოსლოვაკიაში!). შემდეგ კი პროვოკაცია მოაწყო და ამ “მოქალაქეების” დაცვის მიზეზით ქვეყანაში შემოგვეჭრა. (პუტინი ისევ ადოლფ ჰიტლერის ნაბიჯებს მიყვება.) რუსეთმა მარტო კონფლიქტური ზინების კი არა, მთელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. თავად გენოციდზე ლაპარაკობს და ჩვენს მოსახლეობას და უცხოელ ჟურნალისტებს დღისით-მზისით ყველას თვალწინ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგაც ხოცავს. ქართველთა შორის დაღუპულთა უმრავლესობა ბრძოლების შემდეგ დღეებზე იმიტომ მოდის, რომ ძველი ბარბაროსული საომარი “კანონების” თანახმად კრემლმა დაპყრობილი ქალაქები გასაძარცავ-ასაწიოკებლად სეპარატისტულ ბანდ-ფორმირებებს გადასცა. ყველაფერი ეს ვიდეო კამერებზე რომ არის დაფიქსირებული, პუტინის რუსეთს არ ადარდებს. მე თქვენ გჭირდებით. აბა, თუ მაგრები ხართ, სცადეთ და შემაჩერეთო, თავხედურად იღრიჭება დაუსჯელობაში დარწმუნებული აგრესორი. მკვლელებს და ბანდიტებს პრეზიდენტმა მედვედევმა მედლები ჩამოჰკიდა და გმირებად მონათლა. საქართველოს სამაგალითო დასჯა რუსეთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებაო, ირწმუნება აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი.

                  ახლა მითხარით, ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო მანდატზე საუბარი საერთოდ როგორ შეიძლება? ეს იგივეა, მგელს ცხვრის ფარა სამწყემსაოდ მიაბარო. რუსეთი ჩვენი პატარა ქვეყნის ერთი მესამედის მითვისებას ცდილობს, გაერო კი აგრესორს მშვიდობისმყოფელის მანდატს აძლევს, რითაც მკვლელებისა და ყაჩაღების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას პრაქტიკულად აკანონებს. ამის მოთმენა შეუძლებელია. ჩვენ ასეთ ცინიკურ უსამართლობას არასოდეს შევურიგდებით.
სად არის ამ ჩიხიდან გამოსავალი? ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ საქართველო ნატოსგან სამხედრო ჩარევას მოითხოვს. როგორი პოლიტიკური სიბეცეა. ჩვენ ომი ყველაზე ნაკლებ გვაწყობს. ნებისმიერი სერიოზული სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენი პატარა და ლამაზი სამშობლოდან აღარაფერი დარჩება. ასეთი რამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ იმის დაშვებაც ხომ არ შეიძლება, რომ მსოფლიომ მხოლოდ სიტყვიერი აღშფოთება გამოხატოს და იმას, თუ როგორ თანმიმდევრულად ანადგურებს თბილისს რუსეთი, თვალი შორიდან ადევნოს. ამერიკის სადაზვერვო წყაროებიდან უკვე ყველამ ვიცით, რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში შშ 21-ის ტიპის რაკეტები შეიყვანა და საქართველოს დედაქალაქს დაუმიზნა. თბილისი მილიონნახევრიანი ქალაქია. ნატოს ხელში უამრავი პოლიტიკურ-ეკონომიური ბერკეტებია. დარწმუნებული ვარ, ძალების სწორი გათვლისა და ეკონომიური სანქციების გონივრული შეზავების შემთხვევაში ნატოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შეჩერება ერთი გასროლის გარეშეც შეუძლია. მოდით, ვცადოთ, მოდით, დავამტკიცოთ, რომ 21-ე საუკუნის ღირსეული შვილები ვართ.

                “გამარჯვებულმა რუსეთმა საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში აღმოაჩინა. ეს კი კითხვას ბადებს, იყო თუ არა საერთოდ გამარჯვება...”, წერს რუსეთის დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრე გოლტსი.

                კრემლმა რამდენიც არ უნდა იტრაბახოს, ჩვენ ქართველები თავს დამარცხებულად მაინც არა ვგრძნობთ. თბილისმა მთელი სამყარო გამოაფხიზლა და რუსეთის ჭეშმარიტი სახე დაანახა. მართალია, უმძიმეს ფასად, მაგრამ საქართველომ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწია. ჩვენ ასეთი სიმწრით მოპოვებულ დამოუკიდებლობას არასოდეს დავთმობთ. ეს მიხეილ სააკაშვილმა ნათლად განაცხადა.

                დღეს მთელი მსოფლიო საქართველოს მხარში უდგას. მოვა დრო, როდესაც თავად რუსეთიც დემოკრატიულ ქვეყნად გარდაიქმნება. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ეს არის ჩვენი იმედი და შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან ერთადერთი საიმედო გამოსავალიც მხოლოდ ამაშია.

                დასავლეთის ზეწოლის ქვეშ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას აუცილებლად დაიწყებს, მაგრამ შეეცდება ქვეყანაში თავისი სამხედრო საყრდენები დატოვოს. ეს ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ. დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეგრეთ წოდებული რუსი ‘სამშვიდობოები’ ნეიტრალური საერთაშორისო ძალებით უნდა ჩანაცვლდნენ, რომლებიც ქართველების, აფხაზებისა და ოსების ინტერესებს მიუკერძოებლად დაიცავენ. Mხოლოდ ასეთ ვითარებაში აღდგება სამართლიანობა.
ახლა ჯერი თქვენზეა, ბატონო დასავლელო ევროპელებო, დაიცავთ თუ არა საქართველოში თქვენსავე საკუთარ ღირებულებებსა და დამოუკიდებლობას.


            ცირა გელენავა-ვოლობუევა

            21 აგვისტო, 2008წ.

P.შ. პარასკევს, 22 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოდან გასვლა დაიწყეს. გზად ისინი პურის ყანებს ცეცხლს უკიდებენ, ხოლო ქართველ მეხანძრეებს მის ჩაქრობას ავტომატების მუქარით უკრძალავენ. რამოდენიმე დღის წინ აგრესორთა სამხედრო ავიაციამ საქართველოს ტყე-პარკებს, მათ შორის საერთაშორისო ნაკრძალად გამოცხადებულ ბორჯომის ტყე პარკს და ატენის ხეობას ცეცხლი წაუკიდა. 500 ჰექტარამდე ტერიტორიები მთლიანად გადამწვარია. განადგურდნენ წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ნაძვის ჯიშები. დაიხოცა უამრავი ცხოველი და ფრინველი, მათ შორის მურა დათვები და უწყინარი შველები. გუშინ ღამით ოკუპანტებმა გალმუხურის საბავშვო ბანაკიც გადაბუგეს. ასეთია მოსკოვის “სამშვიდობო მისიის” მახინჯი სახე. რუსების მიერ ქართული გემების აფეთქების შედეგად შავ ზღვაში 6 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ეს ბარბაროსები ჩვენს სამშობლოში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობას ცდილობენ, ეს კი მარტო საქართველოს კი არა, მთელი სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია.

                ოკუპანტები საპორტო ქალაქ ფოთიდან, რომელიც კონფლიქტის ზონიდან ასობით კილონეტრში მდებარეობს, გასვლას საერთოდ არ აპირებენ. ხოლო სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ბუფერულ ზონად გამოცხადებულ ქართულ სოფლებში სახლებს დღესაც წვავენ.

                ერთი უნდა განახათ მათ მიერ განთავისუფლებული “სამხედრო ტყვეები”, რომელთა უდიდეს უმრავლესობასაც სასტიკად ნაცემი სამოცდაათ წელს გადაცილებული ბებიები და ბაბუები შეადგენენ.

                საქართველოს მსოფლიოს თანადგომა დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება. მთელი ჩვენი ტერიტორიებიდან სანამ ბოლო ოკუპანტი არ გავა და მათ ინტერნაციონალური ნამდვილი მშვიდობისმყოფელები არ ჩაენაცვლებიან, ამ რეგიონში მშვიდობა არ დამყარდება. კავკასიაში სტაბილურობა კი ნამდვილად მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.
   
                                            28 აგვისტო, 2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები