ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ცირა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 აგვისტო, 2009


ღია კომენტარი ბატონი ფლე-შის “თინეიჯერის პროტესტზე”

            ღია კომენტარი ბატონი ფლე-შის “თინეიჯერის პროტესტზე”

თუ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა: “რა არის პირადად ჩემთვის პოეზია?” ალბათ, ხშირად დაგისვამთ და პასუხიც ყოველთვის სხვადასხვაგვარი მიგიღიათ. ადამის მოდგმის უდიდესი ნაწილისათვის პოეზია მშვენიერებასთან ზიარება, სულის განსპეტაკება, რაღაც მიუწვდომელი, არამიწიერი ჰარმონიისათვის თვალებში ჩახედვაა...უფრო ბანალურად რომ ვთქვათ, ადამიანს ყოველდღიური პრობლემები: მავანთა უსამართლობა, მოყვასის გაუტანლობა, ბიზნესსა თუ სიყვარულში ხელმოცარვა, ყველა სახისა და ჯურის გაუგებრობები ყელში როდესაც ამოგივა, აიღებ ხელში ყდაგაცრეცილ ლექსების წიგნს, ტახტზე წამოწვები და ამქვეყნიურ ამაოებას ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გაეპარები. აი, იქ რა დაგხვდება, ეს უკვე შენს მიერ შერჩეულ წიგნზეა დამოკიდებული...

არის ადამის მოდგმაში ჩათესილი ერთი პაწაწინა სარკალური კასტა, მას მოკვდავთა ენაზე ‘პოეტების საძმოს’ ეძახიან. ამ კასტის ერთ-ერთმა უბრწყინვალესმა წარმომადგენელმა ჩვენ, დანარჩენ მოკვდავებს, თავისი კასტის უდიდესი საიდუმლო გაგვიმხილა, მე “არც მიწისა ვარ, არც ცისა”-ო, შეგვატყობინა. იქედან მოყოლებული ჩვენ ყველამ ვიცით, თუ ვინ არიან ჩვენსა და ზეცას შორის ჰაერში გამოკიდული იდუმალი არსებები.

მე ჩემდათავად თქვენ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. იგი რაღაც ბაბილონის კოშკის მაგვარი ამბავია. ხომ გახსოვთ? ბაბილონის კოშკი პირამიდის მსგავს კიბეებს წარმოადგენდა. გაამაყებულმა ადამიანებმა მისი მხოლოდ 91 მეტრის სიმაღლემდე აღმართვა მოახერხეს. ამ პროექტის ჩაფუშვაზე განგებამ იზრუნა... მაგრამ ღმერთის ხატებად შექმნილი არსება ზეცაში დაუკითხავად აძრომის განზრახვაზე ხელს ასე ადვილად როგორ აიღებდა? ამჯერად ჯიუტმა ადამიანებმა ეშმაკურ ხრიკს მიმართეს და უხილავი კიბე შექმნეს. ვის მხრებზე დგას ზეცაში ასაძრომი ეს ახალი გამოგონება, ალბათ, უკვე მიმიხვდით. ვინ არიან ცასა და მიწას შორის გამოკიდებულები? ვინა და, ჩვენი ძვირფასი პოეტები, მეგობრებო!

ყველაფერი გადასარევად იქნებოდა, ერთი ნიუანსი რომ არა. კიბე უხილავია. მისი ყოველი საფეხური ლექსების მიერ გამოწვეული ემოციებისაგან შესდგება.ზოგიერთ მათგანს ზევით, ზეცისკენ ავყავართ, ზოგიერთს კი ქვევით, უფსკრულ-ჯოჯოხეთისაკენ. ერთი სიტყვით, სრული ქაოსია, მაგრამ რას ვიზამთ? ჰაერში მოფარფატე პოეტებს ლოგიკურ თანმიმდევრობასაც ხომ ვერ მოვთხოვთ? ჰოდა დავრჩით ადამის პირმშოები მამა-ზეციერის მიერ ბოძებული ჭკუის კოლოფების იმედათ. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო. თითოეულ ჩვენთაგანს ერთი ასეთი კოლოფი მხრებზე გვაქვს დამონტაჟებული, თანაც შიგ სხვადასხვა წონის ნაცრისფერ მასას ვატარებთ. თუკი ოდესმე იმ უხილავ კიბეებზე ფეხის შედგმას გავბედავთ, ეს ღვთის მიერ ნაბოძები ნაცრისფერი საუნჯე უნდა გამოვიყენოთ. არ ვიცი, მამა-ზეციერმა საქმე ასე რატომ გაგვირთულა. იქნებ იმიტომ, რომ მისი შვილები ვართ და ნების გამოვლინების, ე.ი. არჩევანის უფლება მოგვცა? (იცით, რომ ძველ აღთქმაში არის ერთი ადგილი, სადაც ღმერთი გვეუბნება, განა არ იცით, რომ თქვენ ღმერთები ხართო?) ანგელოზებს საქმე ბევრად უფრო გამარტივებული აქვთ, ისინი კონკრეტულ ბრძანებებს იღებენ, იმიტომ რომ მსახურები არიან და ზეციურ კიბეებზე თავისუფლად ადი-ჩამოდიან. ერთხელ ეს საოცარი სანახაობა იაკობმა იხილა.

ალბათ უკვე ფიქრობთ, ეს პატიოსანი ადამიანი ან თვითონ რისთვის ირჯება, ან ჩვენ ნაცრისფერ ტვინებს რისთვის გვაჭყლეტინებსო? ახლავე მოგახსენებთ, რისთვისაც. დღეს დილით ურაკპარაკზე შემოვირბინე და ბატონი ფლე-შის “თინეიჯერის პროტესტს” გადავეყარე. ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა ვაღიარო: თავადაც ჯანყი სულის მატარებელი ვარ და უხილავ კიბეებზე უნებართვოდ ასეირნ-ჩამოსეირნება ძალიან მიყვარს. ახლა, ვდგავარ და ვჭოჭმანობ, შევადგა თუ არ შევადგა ბატონი ფლეშ-ის მიერ გადებულ საფეხურებზე ფეხი. მოდი, გავრისკავ და შევადგავ. თქვენც უკან გამომყევით. ვნახოთ, კიბეები საით წაგვიყვანს.
ვკითხულობ:

თინეიჯერის პროტესტი

“შევეცი მაგ თქვენს შმორიან მორალს,
უმორალოს და ამორალურს,” -- ვახ, ბატონო ფლეშ-ო, ამ ‘თქვენს’-ში ვის გულისხმობთ? მთელს კაცობრიობას თუ მის გარკვეულ ნაწილს? მგონი ვყანყალებ, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, საით მივდივარ.

“ათასწლეულების კეთილ დიქტატორს,
ჩახჩუებულ და ჩაფსმულ ტირანს,
მგლებისგან დაგლეჯილი კამეჩის ფაშვივით აქოთებულს,
რომელიც ნებით კი არ გადადგა მარადიული საბრძანისიდან,
დრომ დაამხო მისი მოჩვენებითი უბიწოება.”-- ვინ არის ეს კეთილი დიქტატორი, ჩაფსმული ტირანი, თანაც აქოთებული, რომელიც ნებით არ გადადგა, მაგრამ მისი მოჩვენებითი უბიწოება დრომ მაინც დაამხო? ამ საფეხურს ცუდი სუნი მართლაც უდის, მაგრამ მე ბუნებით სტალკერი ვარ და შემდეგ ნაბიჯს მაინცა ვდგამ.

“რკინის კედელზე მილეწილი მინის ბოთლივით
თავზე გადაამსხვრია მოგონილი ზნეობა,
მზის მესამე სოფლის მდგმურს რომ ედო ოქროს ბორკილად.”—საინტერესოა. ვინ არის მზის მესამე სოფლის მდგმური, რომელსაც მოგონილი ზნეობა ოქროს ბორკილად ედო? ვშიშობ, რომ კაცობრიობას ცნობისმოყვარეობა დაღუპავს, მაგრამ სწორედ ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, შემდეგ საფეხურზე მაინც გადავდივარ.

“მორჩილ-მოშიშთა მეუფეო, ფარო და მეფევ,
უჩინ-მაჩინო, უპიროვ და სამპიროვანო,
ადამის ხელით ტახტშერყეულო,
სინდის-ნამუსის პიედესტალი გამოგეცალა,”-- მგონი, უკვე ვხვდები ვისაც უწოდებს ავტორი მორჩილ-მოშიშთა მეუფეს, ფარს და მეფეს, უჩინ-მაჩინს, უპიროს და სამპირიანს. საითკენ მივაბიჯებ, იმასაც ვხვდები, მაგრამ მაინც მივაბიჯებ.

“მორალი-შენი კათედრების მთავარსარდალი,
ძვირფას საქონელს რომ ეძახდა მიწიონელი,
დაბერდა, დალპა, გაიხრწნა და გარდაიცვალა,
წავიდა ისე, როგორც დღემდე ყველა წასული,
წასავლეთიდან მოუსავლეთში,
წავიდა და თან გაიყოლია ნაზირები და ვეზირები,-
ეთიკების და ესთეტიკების დამპალი ნორმები,
ქცევებისა და კოდექსების მყრალი წესები,”-- საინტერესოა. მორალი და მისი ‘ეთიკების და ესთეტიკების დამპალი ნორმები’, თანაც ეს ‘ქცევებისა და კოდექსების მყრალი წესები’ ყოფილა ყველა ბიწიერების თავი და თავი.. მე სულელს კი აქამდე მეგონა, რომ სიმყრალე და სიდამპლე მაშინ იწყებოდა, როდესაც პატიოსნების მორალს და მის სამართლიან წესებს არღვევდნენ!!!
ვკითხულობ:

“უნაყოფო და უხარება-სახარება,
დოგმატიკა და ჰომილეტიკა.”—აი, კიდევ ერთი ‘მარგალიტი’! თურმე სახარება ყოფილა უნაყოფო და უხარება. და არა ის, რომ სახარებით გახარების უუნარობა იწვევს უნაყოფობას. ლექსით გამოწვეული ემოციები ჩემთვის უკვე სრულიად გარკვეულია. გმირულად მივუყვები დაღმა ჩამავალ კიბეებს.

“მე-ელექტრონის ღვიძლი შვილი, ურჩი, უზრდელი,
შენივე ნებით მოგონილი ზრდილობის პოზით,”-- “მე-ელექტრონის ღვიძლი შვილი, ურჩი, უზრდელი”. მგონი, ლექსში ეს ერთადერთი მართალი ადგილია. თურმე, თინეიჯერსაც ჰქონია თვითკრიტიკის უნარი. თუმცა არა. მე აქ ვცდები. თინეიჯერს ურჩობა და უზრდელობა კარგ საქმედ მიაჩნია. სამწუხარო სურათია.

“ფერფლის ფოთლით და ფიჩხის გვირგვინით,
ვესწრები ათი მცნების პანაშვიდს.”—აქ ავტორის თეოლოგიური ცოდნა მოიკოჭლებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალი აღთქმის გინებას ვუსმენდით (უპიროვ, სამპიროვანო!), ახლა კი ათი მცნების პანაშვიდში გადაგვისროლეს. ათი მცნება და მასთან ერთად ყველა ებრაული კანონი ქრისტემ გააუქმა, ბატონო სანდრო; კანონი ჩემით შესრულებულიაო და დღეიდან მე ვარ (გადარჩენის) გზაო. თუმცა ამას არაუშავს, ამას ყველაფერს ჯომ თინეიჯერი ამბობს და მას უცოდინარობა ეპატიება. გავაგრძელოთ კითხვა, ე.ი. ქვევით დაშვება.

“ისე ვარ ახლა პროცესიით დამძიმებული,
როგორც ეს შენი ერთგული და მოდური მრევლი,
გულში მალულად ფარსი რომ უდევს,
გულის გარეთ კი...ყალბი ფიცი და ყალბი ლოცვა.”—ამაში თინეიჯერი მართალია. სამყარო სიყალბითა და სიცრუით არის სავსე. ასე რომ, ვერ შევედავებით.

“არ დაიჯერო, რომ ეს შენი მორწმუნე მრევლი,
ერთგულია და არ გაგიმეტებს,”-- იგივე სამართლიანი პათოსია.

“ბრბო ნუ გგონია ბლუ და ჰარიფი,”-- ეს ადგილი სრულიად გაურკვეველია. რომელ ბრბოზეა აქ ლაპარაკი? მოდურ მრევლზე თუ ეკლესიაში არ მოარულებზე? და რატომ “ნუ გგონია ბლუ და ჰარიფი”? იმიტომ, რომ ღმერთი ბრბოს ცრუ მორალით ატყუებს, არა-ბლუ და არა-ჰარიფი ბრბო კი ამას მიხვდება და გინებით უპასუხებს? გასაოცარი პასაჟია, ნამდვილი ‘მარგალიტი’.

“ამ პანაშვიდზე სამში- სამი აფერისტია,
შენ კარგად იცი, მათი ხელიდან
გაყიდული ხარ თხასავით და გამეტებული,” -- ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ ჩავწვდი, რა ხალხია შეკრებილი ამ პანაშვიდზე.

“კი, იცი, მაგრამ არ შეიტეხავ,
არ აღიარებ იმოტომ, რომ აღიარება
შენივე ხელით შენი თავის დამარხვას უდრის.”—აქ კი, ნურას უკაცრავად, ვერ გავჩუმდები! თურმე ღმერთი ისეთი ფლიდი და მშიშარა ყოფილა, რომ სიმართლესაც ვერ აღიარებს!!! იმიტომ, რომ სიმართლე მას დამარხავს!!! (დასკვნები თავად გააკეთეთ).

“ორი ათასი წელიწადია,
ხატს შენად შექმნილს, მზისქვეშეთი რომ ჩააბარე,
მოძღვრავ ამაოდ, ჩასჩიჩინებ, ანჯღრევ, აფრთხილებ:”-- აქამდე მხოლოდ ვხვდებოდით, ახლა კი დანამდვილებით ვიცით, თინეიჯერი ქრისტეს გინებით ეჩხუბება (ორი ათასი წელიწადია). ვნახოთ, რას ედავება.

"არ იპაროო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი...
უფრო ბაცაცობს, უფრო იხვეჭს, უფრო იპარავს...
"არ იმრუშოო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი...
უფრო ჩათლახობს, უფრო ბოზობს, სოდომ-გომორობს,
რა სიწითლე და რისი სირცხვილი,
მაგ შენმა შვილმა პროსტიტუცია
შემოსავლიან პროფესიად გამოაცხადა,
კაცის კაცთან და ქალის ქალთან დაქორწინება
აღიარა და ზარ-ზეიმით დააკანონა.
"არა კაც ჰკლაო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი...
ამდენი ომით, ქიშპითა და რევოლუციით,
აწყობს და ახდენს გაუგონარ სასაკლაოებს...”—ისევ ძველი შეცდომა. თინეიჯერი ქრისტეს ისევ ათ მცნებაზე საყვედურობს, უფრო სწორად, მგონი, ათი მცნების შეუსრულებლობაზე. ჰო, ნამდვილად ასეა. მთელს ლექსში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც, ეტყობა, თინეიჯერი ნარკოტიკული გაბრუებიდან გამოფხიზლდა და იმას კი არ გაჰკივის, ბიბლიური მცნებები არიან დამპლებიო, არამედ იმას, რომ მცნებები არ სრულდება და ეს შენი, ქრისტეს ბრალიაო. ესეც მცდარი აზრია, მაგრამ ზემოთ თქმულთან შედარებით მაინც პროგრესია. რას ვიზამთ? გაბრაზებულ ბავშვთან გვაქვს საქმე. უხილავ კიბეებზე დაბლა აღარ მივექანებით. ადგილზე ვიტკეპნებით, თანაც ვყანყალებთ.

“დაძმარდა შენი შეუვალი ჭეშმარიტება,
გუბეში ჩამდგარ წყალივით ლპება,”-- ისევ ძველი სიმღერა. რატომ ‘დაძმარდა’ შეუვალი ჭეშმარიტება და წყალივით რატომ ლპება? ჭეშმარიტება კი არ დაძმარდა, ჭეშმარიტების შეუსმენლობის გამო ღვთიური მოთმინების ფიალა ივსება. ეს არის და ეს. გავაგრძელოთ კითხვა.

“პირველყოფილი ტალახისაგან
ამოყორილი შენი ხატის ზნე და ბუნება,
როგორც ჯოგი და როგორც ნახირი,
საწაღმართოდან მიბალახობს უკუღმართისკენ.”—ვინ მიბალახობს და ვინ არა. ზოგი უხილავ კიბეებს ზევით აუყვება და ზოგიც ქვევით. ჩვენ ჯერ-ჯერობით თინეიჯერთან ერთად ჯიუტად ქვევით ჩავუყვებით.

“დაფუტუროვდა შენი ყველა ქადაგ-მოძღვრება,
როგორც მხსნელმა და როგორც მესიამ,
ბოღმა და შური ვერ აქციე კეთილშობილად,
სამყარო- შენი ღია ციხე და იმპერია,
ვერ მოაწყე და ვერ გახადე უბოროტებო,
ეს კი არა და,
დროის მსვლელობამ,
ხორცის ტალახით მოზელილი შენი ადამი,
თანდათან უფრო მოყვითალო ლაფად აქცია.”—და მერე ვინ მოგახსენათ, რომ “მხსნელისა” და “მესიის” მიზანი ბოღმისა და შურის გაკეთილშობილება იყო? ეს ხომ ნონსენსია? ქრისტემ კაცობრიობის ცოდვები იტვირთა და ყველა ჩვენგანის მაგივრად ჯვარზე სიკვდილი მიიღო. (ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება, დანაშაულს -- სასჯელი. ეს სამყაროს უცვლელი პრინციპია!) ქრისტე დაგვპირდა, თუკი ცოდვებს მოინანიებთ და მე მხსნელად მიმიღებთ, ჩემს მიერ უკვე გაღებული სისხლით ცოდვებისაგან გამოისყიდებით და დასჯას გადაურჩებითო. მოკლედ რომ ვთქვათ, გადარჩენის გზა გვიჩვენა, (მე ვარ გზა!), თანაც, არაფერს არ გვაძალებს. არჩევანი ჩვენზეა. ჩვენთვის ბოძებული თავისუფალი ნება არ დავივიწყოთ, მეგობრებო. (ჩვენ პატარა ღმერთები ვართ!) ასე რომ, ადამმა მოყვითალო ლაფად გადაქცევა ქრისტეს კი არა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
ვაგრძელებ კითხვას.

“იშლება ნელა ორი სიმართლის-
ცისა და მიწის ზღვარდამდები ზღუდე-ტიხარი...
მალე შედგება "პრო" და "კონტრას" ჭრელი ქორწილი.”—აი, როგორც იქნა ბოლოშიც გავედით. “ჭრელ ქორწილში” ბატონი სანდრო, ეტყობა, არმაგედონის ფინალურ ბრძოლას გულისხმობს, მაგრამ მე ვერაფერს დავიჩემებ. ეს ჩემეული ვარაუდია. ავტორს, შესაძლოა, იოანეს წინასწარმეტყველების საერთოდაც არ სჯეროდეს.

ახლა ავტორის მიერ აგებული კიბეების სულ ბოლო საფეხურზე ვდგავართ. აქედან დაბლა თუ გადავიხედავთ, შესაძლოა, ცეცხლის ენებიც კი დავინახოთ, მაგრამ თქვენ ამის ნუ შეგეშინდებათ, ჯოჯოხეთში ჯერ არ ჩავცვივდებით. ეს ხომ მხოლოდ პოეტური, წარმოსახვითი კიბეები იყო? ასე რომ, გადმოვაბიჯოთ გვერდზე და ისევ ჩვენ-ჩვენს ოთახებში აღმოვჩნდებით.

მე ამ ლექსზე ამდენ ყურადღებას არ გავამახვილებდი და არც თქვენ მოგაცდენდით, კიდევ ერთი საიდუმლო რომ არ ვიცოდე. ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული? არა, ბატონებო და ქალბატონებო. ასე, შესაძლოა, მხოლოდ ეკლესიის მსახურნი ფიქრობდენ. პოეტებს, მწერლებს და საერთოდ ნებისმიერი სახისა და ჟანრის შემოქმედებს ფეხს უამრავი ადამიანი გვისწორებს. ემოციებით, რომლებსაც ჩვენ უხვად ვაფრქვევთ, ირგვლივ მყოფები საზრდოობენ. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ მართლა ვქმნით უხილავ კიბეებს და საით წავაბრძანებთ ‘მრევლს’, ამაზე პასუხისმგებლობაც სრულად გვეკისრება.

დემაგოგია უძლიერესი ინსტრუმენტია და იგი საკმაოდ მარტივ პრინციპზეა აგებული. უნდა აიღო მართალი და ტყუილი და ერთმანეთში ჭკვიანურად გააზავო, ეს არის და ეს. სიმართლე მსხვერპლს ჯერ თვალებსა და გონებაზე უნდა გადაეფაროს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაყლაპავს გაბრიყვებული ადამიანი შხამიან დატყუილს ტკბილი კანფეტივით.

“თინეიჯერის პროტესტი” დემაგოგიის კლასიკური ნიმუშია. რა იყო მასში მართალი და რა ტყუილი? ის, რომ თანამედროვე საზოგადოება გაუსაძლის სიდუხჭირეში, თვალთმაქცობაში, გარყვნილებასა და სხვა უამრავ მანკიერებაში იხრჩობა, ეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა.

არის თუ არა ღმერთის მიერ დაწესებული კანონები (მე ამ შემთხვევაში ებრაულ-ქრისტიანულ კანონებს ერთიანობაში ვგულისხმობ!) მანკიერი და უვარგისი? პასუხი ერთგვაროვანია: არა და არა!!! ბატონი ფლე-ში კი სწორედ ამას გვიმტკიცებს: “მოგონილი ზნეობა”, “მორალი --... დაბერებული, დამპალი, გახრწნილი და გარდაცვლილი”, “ეთიკისა და ესთეტიკის დამპალი ნორმები”, ქცევებისა და კიდექსების მყრალი წესები”... ჩემი ‘ფავორიტი’ ლანძღვის ამ კორიანტელში “უნაყოფო და უხარება-სახარება”-ა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ჩვენს უბედურობებში (სიმართლე!) ღმერთის მიერ მოცემული კანონების მანკიერება(ტყუილი!) ყოფილა დამნაშავე.
ხო, მართლა! ამას ყველაფერს ბატონი სანდრო კი არა, მოუმწიფებელ-ჩამოუყალიბებელი თინეიჯერი ამბობს! ასე რომ, შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ.

ბატონ სანდროს ერთ-ერთმა პოეტმა ამ ლექსის კომენტარში ჩაუწერა, რა მაგარი პროტესტიაო. ეს პროტესტი კი არა, ბილწსიტყვიანი ლანძღვაა (შევეცი მაგ თქვენს შმორიან მორალს!!!!!) და ყველა იმ ადამიანის სულში ჩაფურთხებაა, ვინც ამ “შმორიან მორალში” სულ მცირედი ნუგეშის პოვნას თავგანწირვით ცდილობს. შედით ეკლესიებში და იმ ხალხს ჩახედეთ თვალებში, ვინც იქ რწმენამ მიიყვანა. რა იყო, ასეთები არ გეგულებიან?

იმისათვის, რომ მართალი კაცი გერქვას, მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიარული სულაც არ არის აუცილებელი. იქნებ, ვიღაც ბუდისტია ან მუსულმანი, ებრაელი ან იეღოველი, იქნებ სულაც ათეისტიც კი იყოს. (რწმენა ან ურწმუნოება ყველას პირადი საქმეა), მაგრამ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტე ღმერთის ისეთი უმსგავსო ეპითეტებით მოხსენიება, როგორიცაა: “კეთილი დიქტატორი”,”ჩაფსმული ტირანი”, “აქოთებული”, “უჩინ-მაჩინი”, “უპირო”, “სამპიროვანი”, ეს უკვე მეტისმეტია. ამას პროტესტი კი არა, საკუთარი ხალხის რწმენის შეურაცხყოფა ჰქვია!

წინასწარმწტყველ მუჰამედზე ვიღაცეებმა მულტფილმი გადაიღეს და მთელი მუსულმანური სამყარო მაშინვე ყალყზე შედგა. ჩვენ კიდევ ქრისტეს შეურაცხყოფას არ ვიმჩნევთ. ეს უხერხემლობაა!!! პატივი ეცი საკუთარ ხალხს და მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებ პატივი სცე სხვასაც!!! თუ არა და, მართლა ავტორისეული “მოყვითალო ლაფი” ვყოფილვართ და მეტი არაფერი!

ფინალად ავტორს ერთი ანეგდოტი მინდა გავახსენო. ათეიზმის ლექციაზე ლექტორმა სტუდენტებს ზეცისათვის ‘ფიგის’ ჩვენება უბრძანა. ყველამ სიამოვნებით შეკრა სამი თითის კომბინაცია და ხელი ჰაერში აიშვირა, ერთი სტუდენტის გარდა!
-- შენ რაღას უცდი, აბრაამ? – იკითხა ლექტორმა.
-- თქვენ თვითონ არ გვითხარით, პატივცემულო, ღმერთი არ არსებობსო? ჰოდა, თუკი არ არსებობს, მაშინ ‘ფიგი’ ვისღა ვაჩვენო? და თუკი ღმერთი მაინც არსებობს, რაში მაწყობს მასთან საქმის გაფუჭება?

ჭკვიანი ხალხია ებრაელები, ბატონო სანდრო! ჰოდა, ქრისტიანული სიყვარული და შემწყნარებლობა თუ არა გვყოფნის, იქნებ მათ თანდაყოლილ სიფრთხილეს მაინც მივბაძოთ?

კეთილი სურვილებით     
ცირა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები