ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2009


თავი 48. ანდრო თუ გოგა? ("გაცვლა")

გაგრაში თეონას სახლის პირდაპირ მდებარე ძველი სასახლე – ახლა სანატორიუმს ეკუთვნოდა. სანატორიუმის ტერიტორია – დახურული იყო. მხოლოდ დამსვენებლებს უშვებდნენ.  მაგრამ კარისკაცებს ისე მოეწონათ ეს ცქრიალა გოგონები, - თეონა და ნინუცა, რომ შესვლაზე მათ არ ეუბნებოდნენ უარს.
განსაკუთრებით თეონას ცნობდნენ, რადგან იმ დროს, როცა თეონა გადიოდა პლაჟზე, ტერიტორია თითქმის უკაცური იყო...
ან რომელ დამსვენებელს მოუვიდოდა აზრად დილის 6 ან 7 საათზე ბანაობა? აღარ გათენდებოდა კარგად? და დილის 9 საათისთვის პლაჟი ხალხით ივსებოდა...

თეონამ არ იცოდა, რომ ანდრო სწორედ ამ სანატორიუმში ისვენებდა.
ანდრომ რომ უთხრა, მე სულ გხედავ, იცოდეო. – სერიოზულად არ მიიღო თეონამ.
აბა, როგორ შეეძლო ანდროს თეონას მუდმივად თვალთვალი? – ვერანაირად!

ანდრო აივანზე იყო გამოსული და თბილისიდან წამოღებული დურბინდით გასცქეროდა ზღვას.  თბილისში რომ გეკითხათ მისთვის, - ეს დურბინდი რად გინდაო? – ვერაფერს გიპასუხებდათ... უბრალოდ, ძალიან უყვარდა თოლიების ყურება და გადაწყვიტა დურბინდით ეწარმოებინა დაკვირვება მათზე.

ახლაც ნაპირზე მსხდარი თოლიების გუნდი შენიშნა და იქით მიაპყრო მზერა. ზანტად გაიღვიძეს თოლიებმა. ფრთები შეაფართხუნეს... მხრებში გაიშალნენ...
ჯერ ერთი თოლია აიჭრა ზეცაში... მას მეორე მიჰყვა, მესამე...  სხვები – ნაპირზე ისხდნენ და ზღვის თავზე მოფარფატე თოლიებს შესცქეროდნენ.
აფრენის თანმიმდევრობით დაეშვა სამივე და როცა მესამე თოლიაც დასაჯდომად მოემზადა, ერთად წამოიშალა 30-მდე თოლია.
ყველა ერთი მიმართულებით გაფრინდა, - ზღვის სიღრმისკენ...
ანდრომ მათკენ მიმართა დურბინდი.
თოლიებმა რაღაცის გარშემო დაიწყეს ტრიალი და ყვირილი... გამყინავი ხმით კივილი! მერე ერთ-ერთი თოლია წყალზე დაჯდა და სულ სხვა ხმაზე იყვირა. მაშინვე გამოეპასუხა კიდევ 2-3 თოლია, რომელთაც ნაპირისკენ აიღეს გეზი.
ისეთი გნიასი ატეხეს ნაპირს მოახლოებულებმა, რომ ანდრომ თავისთვის გაიფიქრა,- “ნაღდად დაიხრჩო ვიღაც და იმას დასტრიალებენო”...

“დაიხრჩო!...
რა მარტივად გამოუტანე, ანდრო განაჩენი იმ უბედურს?!” – ანდრომ დურბინდით ახლა სანაპიროს გახედა, – “არც მაშველები ჩანან ჯერ!... ადრეა!... მოიცა, ჩავალ დაბლა...”
ანდრომ ერთხელ კიდევ გახედა იმ ადგილს, სადაც თოლიები ტრიალებდნენ და...

“რამსიშორესაა გასული? აღარც კი ჩანს, თითქმის... თითქმის კი არა, სულაც არავინ ჩანს! და, იქნებ, არც არავინაა იქ?
მაგრამ, რომ იყოს? უნდა ჩავიდე!”

ეზოში ჩავიდა და პლაჟისკენ დაიძრა.
არავინ იყო. მხოლოდ დიდი ცისფერი პირსახოცი ეფინა ქვებზე და შავი, ზურმუხტისფერბურთებიანი კაბა ეგდო პირსახოცის კუთხეში. იქვე ეყარა ქოშებიც.
უეცრად ერთ-ერთი თოლია, თითქოს თმაში ჩააფრინდაო, დაეტაკა ანდროს და წყლისკენ უბიძგა.
თოლიამ პატარა წრე დაარტყა და ისევ შეუტია ანდროს...

- რა, ვქნა, ვინა ჰგონიხარ ამ თოლიას, ჰაა?... – გაიგონა ერთ-ერთი მაშველის ხმა, - რა უნდა ნეტა?
- რა ვიცი, აბა....
- მოიცა, მოიცა... ხედავ, რა ხმაზე ყვირიან თოლიები? იქ რაღაც მოხდა... ხომ არ დაიხრჩო ვინმე? აააი, იურაც მოვიდაააა! ბიჭებო, მოდით ნავი მოვიტანოთ... უფრო მალე ვნახავთ, რა მოხდა და თუ დაიხრჩო ვინმე, უფრო მალეც ვიპოვით!
- წამო, შოთა, წამო... მეც ზევიდან დავინახე თოლიები და... არ მომეწონა.
- მეც რომ წამოვიდე, შეიძლება?
- იცი ცურვა?
- კარგად!... იქნებ გამოგადგეთ მეც?!
- წამო, ჰააა, ბიჭები მაინც არ არიან ჯერ...

ანდრო ნავში ჩახტა და სკამზე დაჯდა.
შოთამ და იურამ ნიჩბები მოუსვეს და ნავიც სწრაფად გასრიალდა ზღვის სარკისებურ ზედაპირზე თოლიების მიმართულებით.
უეცრად ზღვის იმ ადგილიდან, რომელსაც თოლიები დასტრიალებდნენ, საოცარი ხმა მოისმა.
ეს არ იყო სიმღერა...
არც კივილი...
არც რომელიმე ჩიტის ამოძახილი...
ვერცერთი მიხვდა, რა იყო ეს, მაგრამ სამივეს რომ ბურძგლებმა დააყარეს ტანზე, - ცხადი იყო...
- ეს ხმა რომ ღამე გამეგო, ვიფიქრებდი ზღაპარში ვარ და სირენას სიმღერა მიხმობს-თქო... ამ დილაუთენია კი – რა ვიფიქრო, აღარ ვიცი... – თქვა შეშინებულ-გაოცებულმა შოთამ და მთელი ძალით მოუსვა ნიჩბებს.
- ვაიმე, ეს რა არის? შეხედეთ, როგორ განათდა იქაურობა! – წამოიძახა ანდრომ, რომელიც პირით თოლიების მიმართულებით იჯდა... - შეხედეთ... ქალი!... ქალი ამოვიდა ზღვიდან... მაგრამ... მაგრამ ეს ადამიანი არ არის! გამჭვირვალეა და ოქროსფერ სხივებშია გახვეული! – ფერდაკარგული ანდრო უაზროდ იშვერდა ხელს “იმ ქალის” მიმართულებით, რომელსაც ვერავინ ხედავდა ანდროს გარდა.




* * *
თეონამ საკმაოდ ღრმად ჩაყვინთა...
არა, კი არ ჩაყვინთა, წყალი მიათრევდა სულ დაბლა და დაბლა.
სხეული ისე დაუმძიმდა, რომ ხელის აწევასაც კი ვეღარ ახერხებდა, არა თუ მოსმას.
ფეხებზე წამოცმული ლასტებიც მიბმულ ლოდებად გადაექცნენ თითქოს, - ვერც თავს ითავისუფლებდა მათგან და არც თავისით სცილდებოდნენ ფეხიდან.
კიდევ ორიოდე მეტრით ჩასრიალდა ფსკერისკენ და...

თეონას ხერხემალში რაღაც დატკაცუნდა, თვალისთვის უხილავი არხი გაიხსნა და...  თაია ყიფლიბანდიდან ამოიჭრა, გასროლილი საცობივით!
თავისუფლად გამოარღვია წყლის სივრცე...
ზედაპირზე ამოსრიალდა და მაშინვე შენიშნა მის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წყლის ზედაპირზე დასრიალებდა.
- გივი?...
- კი, მე ვარ... შენ ვინ ხარ?
- მე – თაია... იგივე თეონა, რომელსაც შენ აქ ელოდები...
- არაა... შენ არ ხარ თეონა! მატყუებ!... – მაშინვე უარყო გივიმ.
- მართალი ხარ, მე არ ვარ თეონა... თეონა იქ არის, ზევით! და მე თაია ვარ!
- სად ზევით? ჩვენთან? როდიდან? რატომ?! – მიაყარა კითხვები და დაბნეული მიაჩერდა ამ ულამაზეს არსებას, რომლის მსგავსი საერთოდ არავინ იყო დედამიწაზე... – ვინ თაია ხარ?
- ახლა ახსნის დრო არ არის... თეონას სხეულს უნდა შველა!...
- სად არის თეონას სხეული? – შეშფოთდა გივი...
- იქ, დაბლა... წყლის სიღრმეში...
- არაააა.... – იყვირა განწირული ხმით. – მითხარი, რა ვქნა?
- ნაპირზე ხედავ ხალხს?
- კი...
- ერთ-ერთ თოლიას გაჰყევი და ის ხალხი აქ მოიყვანე...
- როგორ? ისინი ხომ ვერ მხედავენ?
- შენ ვერ გხედავენ, მაგრამ ხედავენ თოლიას! თოლიას გაჰყევი-მეთქი...

გივი თოლიას ტანს შემოეხვია და თავი ნაპირისკენ მიუბრუნა.
თოლიამაც არ დაახანა და ნაპირისკენ გაფრინდა.

თაია ისევ წყლის სიღრმეში ჩაცურდა. თეონა იპოვა და მის წყლიდან ამოყვანს შეეცადა. არაფერი გამოუვიდა.
სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, სირენას ხმაზე ამღერდა... დელფინს მოუხმო!
"ზღვის ცხოველებიდან ხომ დელფინს აქვს ყველაზე უკეთესი სმენა?! სისწრაფესაც დიდს ავითარებს... მალე მოცურდება!... ის ამოიყვანს თეონას ზღვის სიღრმიდან."

ხმა გააძლიერა, უფრო მაღალ და სულისშემძვრელ ხმაზე ამღერდა! ეს ხმა სხეულის ყველა უჯრედში ძვრებოდა თითქოს... არ შეიძლებოდა ამ ხმის დავიწყება!
სირენების ხმის გაგონებაზე, ძველად, მეზღვაურებს ეშინოდათ...
და ახლაც დაინახა თაიამ, როგორ შეხტა ნავში სამივე მამაკაცი.
ერთ მათგნში – ანდრო იცნო და... გადაწყვიტა დანახებოდა!
უნდოდა თაიას, რომ ანდროს თეონა კი არა, უშუალოდ ის,  თ ა ი ა  შეყვარებოდა!

“უსამართლობაა... თეონა უყვართ და... არცერთს თვალით არ უნახავს თეონა... უუუფ, რა სისულელეს ვამბობ? სწორედაც, რომ თეონა ჰყავთ ნანახი და არა მე! რაოდენ სამწუხაროც გინდა იყოს, თეონას სხეულში დაბრუნებულს აღარაფერი მემახსოვრება. მაგრამ მინდა... მინდა, ჰო, მინდა, რომ მე დამიმახსოვროს...  მხოლოდ ანდრომ! სხვას არც დავენახები არავის! ყველას დავტოვებ, როცა ჩემი წასვლის დრო მოახლოვდება... ყველას შეველევი... ანდროს გარდა! მას სხვა მუხტი აქვს, სხვა ძალა, სხვა ენერგია!
ანდრო – ჩემია!
დანარჩენი ყველა – თეონას ყავდეს!...”

თაია ზღვის ზედაპირზე ამოცურდა და...  წყლის თავზე დაიწყო ლივლივი. შემდეგ მისი ოქროსფერი ნათება შემოიხვია გარშემო და რაღაც საოცარი შუქით გაბრწყინდა.

მის შუბლზე შვიდი დიდი ბრილიანტი აელვარდა ათას ფერად...
თავზე დადგმული ალმასების დიადემა რაღაც უხილავ იმპულსებს აგზავნიდა ყოველ მხარეს. და ამ იმპულსთა ძალა იმდენად დიდი და მომნუსხველი იყო, რომ...
შეუძლებელი იყო თაიას ერთხელ მაინც დანახვა და მისი არშეყვარება!

ერთხელ კიდევ გაჰკვეთა სივრცე იმ საოცარმა ხმამ და დაინახა კიდეც თაიამ, როგორ ამოცურდა ზღვის ზედაპირზე დელფინის შავ, ლაპლაპა ზურგზე გაწოლილი თეონას გაფითრებული და უსიცოცხლო სხეული.
დელფინმა ზურგიდან გადაასრიალა თეონას სხეული და კიდევ ერთხელ ამოჰკრა ზურგი, მის წყლის ზედაპირზე ამოსაცურებლად, შემდეგ კი სწრაფად ჩაცურდა წყლის სიღრმეში და გაუჩინარდა.

- შოთა, შენ ნავი დაიჭირე და მოგვიმარჯვე... შენ კი, ძმაო, წამო, წყალში ჩამომყევი, გოგო ამოვიყვანოთ. – იურა წყალში გადახტა და თეონასკენ გასცურა, სწრაფად დაიჭირა თეონა და ისევ ნავისკენ გამოცურა.
- ვაა, დელფინმა ამოიყვანა სიღრმიდან?!.... გავგიჟდი! აქ დელფინები თუ იყვნენ, აზრზე არ ვიყავი... – თქვა შოთამ.
- რას უყურებ, თუ ძმა ხარ? ზღვის ყურების დროა? – შეუძახა იურამ ანდროს, რომელიც მონუსხული მისჩერებოდა თაიას და სხვა ყველა და ყველაფერი დავიწყებოდა.
- ანდრო, თეონას მიხედე!... – გაისმა იმ ქალის უნაზესი ხმა, რომელშიც ვერცხლის ზანზალაკებიც წკრიალებდნენ  და... ვიდრე ანდრო გონზე მოვიდოდა,  გაუჩინარდა.

ანდრო წყალში გადახტა, მაგრამ თვალებით სულ ამაოდ დაუწყო ძებნა იმ მანათობელ ულამაზეს არსებას. იმ "ქალის" კვალიც კი აღარსად ჩანდა!
გონს მოეგო ანდრო. თეონასკენ გაცურა და იურას მიეხმარა გოგონას ნავში აყვანაში. იურამ ანდროს “გადააბარა” თეონა, თავად კი ნავში აძვრა, რათა ადვილად აეყვანათ (ან იქნებ – აეტანათ?) ნავში თეონას სხეული.
წყლიდან ამოყვანის დროს თეონამ ოდნავ შეატოკა ქუთუთოები და ამოიკვნესა.
- ბიჭებო, ჩქარა, ცოცხალია! – იყვირა ანდრომ და ნავში ახტა, - თეონა, მომხედე, თეონა...
- იცნობ, ბიჭო? – თითქმის ერთდროულად იკითხეს მაშველებმა.
- რას ქვია “ვიცნობ”? ამის გამო ვარ ჩამოსული გაგრაში! ჩქარა, რააა!
- მეტი სიჩქარე არ აქვს ამ ნავს! ეს კატერი კი არ არის?
- გასაგებია.... მაგრამ, მაინც, ჩქარა ცოტა! – ანდროს კალთაზე ჰყავდა გადაწვენილი თეონა, მისი თავი კი – მკერდზე ჰქონდა მისვენებული.
- რა ლამაზი გოგოა! კი ღირდა ამის გამო ჩამოსვლა!
- იცი რა? მოდი პირქვე დააწვინე, ანუ მუხლზე მუცლით გადაიწვინე. თუ წყალი აქვს ნაყლაპი, ამოუვა...  ისე, ცოცხალია, ნუ გეშინია!
- რა იცი? 
- ქუთუთოები უკრთის!

ანდრომ წელიდან ასწია თეონას სხეული. იურა მიეხმარა და გადმოაბრუნეს. ისევ ანდროს მუხლზე გადაკიდეს, ხურჯინივით. თეონას ხველება აუტყდა, მაგრამ წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი.
- თეონა, როგორ ხარ, თეეე... გამეცი ხმა! – ანდრო ფრთხილად ეფერებოდა ზურგზე.  ღმერთო ჩემო, მის მუხლებზე იყო გადაწოლილი მხოლოდ საბანაო კოსტუმში ჩაცმული მისთვის საყვარელი გოგონა!... სხეულის უზადო ნაკვთები ნებისმიერ მის მნახველს გააგიჟებდა... მაგრამ...

მაგრამ, უცებ, ანდროს თვალწინ დაუდგა რამდენიმე წუთის წინ ნანახი ქალის ხატება, ცრემლჩამდგარი დიიიდი ცისფერი თვალებითა და წელზე დაფენილი ოქროსფერი თმით...
გული შეეკუმშა ანდროს!
თავი გაიქნია და განდევნა უსაგნო ზმანება.
“რა სისულელეზე ვფიქრობ?! გამჭვირვალე და ოქროსფერი ქალი მინდა ახლა მე? როგორი ლამაზიც გინდა იყოს, - მე რეალური ქალი მჭირდება! მე თეონა მიყვარს!”
“მაგრამ, შენ მოსვენებას ვერ მოგცემს ამ ქალის სახე!”
“სადაა, მერე, ის ქალი? ფა-ფუ! გაქრა!... და თეონა, სრულიად რეალური და ახლობელი, სრულიად ხელშესახები და ჩასახუტებელი ქალი, – აგერ მყავს, ხელებში მოქცეული... რამ უნდა გამაგიჟოს, რომ იმ გოგას დავუთმო თეონა?!”

ნაპირზე, თეონას ცისფერ პირსახოცთან ხალხი ირეოდა.
ნინუცამ, გოგამ, გურიმ და ლევანმა პლაჟზე მოაკითხეს თეონას, - დღეს ხომ რიცაზე უნდა ასულიყვნენ?!
თავიდან – მხოლოდ ელოდნენ თეონას წყლის სიღრმიდან გამოცურვას...
შემდეგ – ცოტა აღელდნენ, რადგან დრო გადიოდა, თეონა კი არსად ჩანდა.
მერე გოგამ შორს, ზღვის სიღრმეში ნავი დალანდა... ისიც დაინახა, როგორ ხტებოდნენ ნავიდან ბიჭები...
შემდეგ დააფიქსირა, რომ ორნი ჩახტნენ და სამნი ავიდნენ ნავში... არა, ორნი ავიდნენ და ერთი – აიტანეს...
გოგამ თეონას გრძელ ოქროსფერ თმას მიამსგავსა იმ გოგონას თმა, არანორმალურად იყვირა:
- თეონაააა! – და ზღვისკენ გაიქცა.
- გოგა, ტანსაცმლიანი ხარ! – გაეკიდა გური და ნაპირთან შეაჩერა.

დაინახეს, რომ სწრაფად მოიწევდა ნავი მათი მიმართულებით.
ნავში რომ ანდრო იჯდა, ამას წყალი არ გაუვიდოდა. ეჭვის კი არა, რეალური სურათის საფუძველზე ამბობდა გოგა, - ნავში ანდრო ზისო.

ამასობაში ნაპირთან მიცურდა სამაშველო ნავი....
ანდრომ ხელებზე გადაიწვინა თეონა და ნავიდან გადავიდა.

- აფსუს, ჩემი პალიტრა? სად ნახავ კიდევ ასეთ სურათს? ვერ გაიგებ, ვერ გადაწყვეტ ადამიანი, რომელი უფრო მშვენიერია, გოგო თუ ბიჭი... – ჩაილაპარაკა ნაპირზე მდგომმა ვიღაც მამაკაცმა.
- აბაა? თქვენ ეგა ბრძანეთ, ჩემო ბატონო! – ეს კი ქალის ხმა გამოეპასუხა იმ მამაკაცს...

ანდრომ გამარჯვებული სახით ჩაუარა გოგას და სანატორიუმისკენ წავიდა.
- სად მიგყავს? ახლავე დააწვინე აქ!
- გოგა გქვია, ხო?
- მერე?
- ჰოდა, ახლა აქ არ არის ამის გარკვევის დრო... თეონა იხრჩობოდა და ძლივს გადავარჩინეთ... მე ხომ მარტომ არ უნდა ჩავკეტო ჩემს ნომერში? შენც წამოდი... ნინუცაც...
- მოგეხმარები მაინც...
- ეს შეიძლება!... აირბინე მესამე სართულზე და კარი გაგვიღე.... N 317... თეონას – მე ამოვიყვან...

ლიფტით მალე ასრიალდნენ ზევით.
გოგამ კარი ღია დაახვედრა თეონას.... უფრო სწორად, - ანდროს.
ანდრომ საოცარი სინაზით დააწვინა თეონა თავის ლოგინზე, თხელი ადიალა გადააფარა... ოთახში შემოსულ მორიგეს ჩაის გაკეთება სთხოვა და კვლავ თეონას დახედა.
- ღმერთო, რა ლამაზია! სულ არ მიკვირს, მის ხელში ჩასაგდებად ამდენი კაცი რომ ებრძვის ერთმანეთს... – ხმამაღლა ჩაილაპარაკა ანდრომ. - გოგა, მოდი აქ, თუ ძმა ხარ! დიდი ხანია თეონა გიყვარს?
- კი, დიდი ხანია, თითქმის 4 წელი!... სადღაც, მეორე კურსის მეორე სემესტრიდან! მაგას რა მნიშვნელობა აქვს?...
- არანაირი... რა ვქნათ ახლა მე და შენ? ძველი დრო იყოს, - დუელში გამოგიწვევ... მოხულიგნო ელემენტები ვიყოთ, - ქუჩის ჩხუბს დავიწყებდით... მაგრამ ცივილური ხალხი ვართ... მოდი, შევთანხმდეთ...
- “სდელკას” მთავაზობ? საინტერესოა! გისმენ...
- ეს არ არის "სდელკა", გოგა! მოდი, ვიმსჯელოთ, ვისთან უფრო ბედნიერი იქნება თეონა!
- შენ შენს მოტორზე არ ხარ, ბიძია! – გაოცებულმა შეხედა გოგამ... – გესმის, რას მეუბნები? სია ჩამოვწეროთ და + და – დავუსვათ? მე სურათი კი არ მაქვს გასაყიდი? ეს გოგონა, თეონა – ჩემი სიცოცხლეა! უბრალოდ, მოვკვდები მის გარეშე!
- კაი, კაი... Много на себя не бери...
- რას მეუბნები?
- რას გეუბნები და... მაშინ არ იყო შენი სიცოცხლე, როცა თეონას ის ჯაბა უყვარდა და შენ მხოლოდ გვერდით მდგომ მეგობრად გთვლიდა? და მაშინ, როცა გათხოვდა და გამოთხოვდა... სად იყავი მაშინ?...  ან მაშინ, როცა ის ექიმი ჰყავდა გადაკიდებული და მოსვენებას არ აძლევდა?... გინახავს, რა მედალიონი ჰკიდია ყელზე?
- კი, დავინახე...
- და წარწერა მედალიონში? გინახავ, რა წერია შიგ? "ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან"... მე დღეს ვნახე და შენ გინახავს-მეთქი?
- არა...
- კარგი... აქ, გაგრაში რომ შემთხვევით არ შეხვედროდი, აქამდე არ იყო “შენი სიცოცხლე”?
- მე ყოველთვის მიყვარდა თეონა... და  მისი კეთილდღეობისთვის ვერ  ვეუბნებოდი რამეს! უკან ვიხევდი! კარგი მინდოდა მისთვის...
- ჰოოო-და გაგახარებს ღმერთი! მოდი, ერთხელ კიდევ გამოიჩინე ეს კეთილმოსურნეობა და... ამჯერად, მე დამითმე თეონა! კარგი?... და პატიოსან სიტყვას გაძლევ, თუ არც ჩემთან გაუმართლა, რაშიც ძაააალიან ეჭვი მეპარება, ჩემი ხელით მოგიყვან თეონას!
- არა ხარ-მეთქი ჭკუაზე... რა სისულელეს მეუბნები? თეონა პინგ-პონგის ბურთია, ხან ერთთან რომ იყოს და ხან - მეორესთან?
- მართალია, არ არის!... მაგრამ არც საცდელი კურდღელი თუ ბაჭიაა, ამის დედა ვატირე! – ანდრო ბოლთას სცემდა ოთახში... - თეონას უნდა, თავი შემოგწიროს, რადგან შენ გიყვარს და თანაც საუკეთესო მეგობრად გთვლის!... მაგრამ შენთან არ აკავშირებს ის გრძნობა, რასაც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია! ის გრძნობა, რომელმაც ტვინის ყველა უჯრედი უნდა მოიცვას და სულის ყველა სიმს ჩამოჰკრას ხელი! გამიგე, რას გეუბნები?
- და თუ ზუსტად მასე მიყვარს თეონა?
- ვაახ! არ მისმენ, გოგა? საქმეც მაგაშია, რომ შენ გიყვარს და არა მას უყვარხარ!
- შენ ამბობ, რომ ჯობია თეონას უყვარდე და შენ არ გიყვარდეს თეონა?
- არა, მე ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ცოლი და ქმარი ერთდროულად იქნებიან ერთმანეთის მეუღლეებიც და საყვარლებიც! როცა ქალი ერთთან წევს და მეორეზე ფიქრობს, - ეს კატასტროფაა, გოგა! თეონას სიყვარულს გაფიცებ, უთქვამს თუ არა თეონას შენთვის, რომ შენ როგორც  ძმას ისე გიყურებს??
- კი, მერე?
- მერე – არაფერი, გოგა! წაიყვან თეონას ცოლად და სულ მალე მიხვდები, რომ ასეთ ქორწინებას სიკეთე არც შენთვის მოუტანია და არც მისთვის! იფიქრე ამაზე... კონკურენტი კი ხარ, მაგრამ... კონკურენტობა არ ნიშნავს მოსისხლე მტრობას! დაფიქრდი...
- დღეს რიცაზე მივდიოდით... – ჩაილაპარაკა გოგამ და თავი დახარა...
- ანდრო, სად ხარ... – გაისმა თეონას მისუსტებული ხმა.
- აქ ვარ, თეონა... – ანდრო საწოლზე ჩამოუჯდა თეონას და ფრთხილად ჩამოუსვა ხელი ცვილისფერ ხელზე...
- ხელი მომკიდე, ანდრო...
- აქ ვარ, თეონა...  შენს გვერდით ვარ  და სულ გვერდით გეყოლები...
- და გოგა სადაა? დღეს რიცაზე მივდიოდით...
- მეც აქ ვარ, თეონა!...
- მეჩვენება... – ხელი გაუქნია თეონამ და უცნაურ “ზმანებას” და თვალები ისევ  დახუჭა.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები