ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ცირა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 სექტემბერი, 2009


ისევ ქალი და ისევ მამაკაცი...

დღეს მახათმა განდის მიერ წარმატებულ ქალთა შესახებ ინგლისურიდან თარგმნილ წერილს  გავეცანი და მასში აღძრულმა საკითხებმა იმდენად შემიტყუეს, რომ ორიოდე მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმა ჩემდა თავადაც გადავწყვიტე.

თემა უაღრესად საინტერესოა და მიუხედავად მრავალმხრივი შესწავლისა, მაინც საკმაოდ ნედლად რჩება. მახათმას სტატია თითქმის ყველამ ქალთა ემანსიპაციის თვალთახედვით შეაფასა და ალბათ ამ კუთხითაც არის დაწერილი.

პირადად ჩემთვის ქალის გონებრივ პოტენციაზე ლაპარაკი ცოტათი ღიმილის მომგვრელიც კია, (განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ასეთი სახელოვანი მოჭადრაკე მანდილოსნები გვყავს.). არსებობს ჭკვიანი მამაკაცი და ჭკვიანი დედაკაცი, ისევე, როგორც ბრიყვი კაცი და ბრიყვი ქალი. როგორია მსოფლიო მასშტაბით მათი პროცენტული შეფარდება , მე არ ვიცი. ვშიშობ, რომ მსგავსი კვლევა არც არავის ჩაუტარებია.

გვაქვს თუ არა ქალებს და მამაკაცებს ყველა სფეროში (ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ-გონებრივს ვგულისხმობ) ერთნაირი შესაძლებლობები? მკვლევარები ამტკიცებენ, რომ არა. ზოგ მეცნიერებებში ქალები ვჯობივართ  'ძლიერ სქესს', ზოგში კი კაცები პირველობენ, (თუმცა ამ დიფერენცირებაშიც აღრევები ხშირად მოსულა.).

ფიზიკურად კაცები გვჯობიან? ნურას უკაცრავად! განტელების ტრიალში ნამდვილად დაგვჯაბნით, ჩვენო ძვირფასო მამაკაცებო, სამაგიეროდ ელასტიურობაში ჩვენთან ახლოსაც ვერ მოხვალთ. გარემო პირობებთან შეგუებასა და სიცოცხლისუნარიანობაშიც ქალბატონები გჯობივართ, ფიზიკურ ამტანობაში კი, იმედი მაქვს, რომ კაცები და ა.შ და ა. შ. ჩამონათვალი უსაშველოდ შეიძლება გავაგრძელოთ.

რა მტკიცდება ყოველივე ზემო თქმულით? მხოლოდ ის, რომ ერთი ოჯახის ორი განსხვავებული ინდივიდი ვართ, ერთმანეთის შემავსებელი და ღირებულების თვალსაზრისით აბსოლუტურად ტოლფასი.

სხვათაშორის,  ბიბლიაში თავად ღმერთი  ქალს და მამაკაცს სრულიად თანასწორ ჭრილში განიხილავს.( ამის დასამტკიცებლად თუნდაც  ერთი დედაკაცისა და მისი უამრავი ქმრების შესახებ ქრისტეს კომენტარი გავიხსენოთ!). უსასრულობაში ღმერთისთვის ქალი და მამაკაცი  უსქესო არსებაა, სრულიად თანასწორი და ყველაფერზე თანასწორადვე პასუხისმგებელი.

რაც შეეხება "ძვირფას ჭურჭელს" და ბიბლიის ამ მონაკვეთში მოყვანილ სხვა შედარებებსაც, ეს მოციქულ პავლეს სიტყვებია და ისინი  იმდროინდელი საზოგადოების მოწყობა-ორგანიზებას უფრო ასახავენ, ვიდრე თავად ღმერთის მიერ ქალისა და მამაკაცის როლისა და დანიშნულების განმარტებებს. (ბიბლიის ასეთი თამამი ინტერპრეტირების გამო ბევრი დოგმატი უეჭველად შემაჩვენებს.). სხვათაშორის, პავლე თვითონაც გვეუბნება, რასაც ვამბობ, ღმერთის დანაბარები კი არ არის, მე თვითონ ვამბობო. თანაც ამატებს, ჩემზე სული წმინდაა გარდმოსული და ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორად ვაზროვნებო. საოცრად მართალი და პატიოსანი კაცი იყო მოციქული პავლე, გონებაგახსნილი და საღი სიახლის ხალისით მიმღებელი. იგი არაფერს იბრალებდა. ნეტავი ყველა მღვდელთმსახური ასეთივე თვისებებით ხასიათდებოდეს. მაგრამ, მოდით ჩვენს თემას დავუბრუნდეთ, ე. ი. ქალსა და მამაკაცს.

პავლეს დროში ქალი საკმაოდ დაჩაგრული არსება გახლდათ, საკუთარ ოჯახში ჩაკეტილი და ხშირად სრულიად გაუნათლებელიც. ასეთ აღზრდას შედეგად  რა მოაქვს, ჩვენ ეს კარგად ვიცით. გამოუშვი ასეთი მოუმზადებელი ქალი ქუჩაში თავისუფლად სახეტიალოდ. როგორ გგონიათ, ამას რა მოჰყვება? მოვიდა ქრისტე და გაუთლელ-განუვითარებელ ქალებთან საუბრები დაიწყო, (ნამდვილი რევოლუცია იყო იმ დროისათვის!) მაცხოვარს უკან უამრავი დიაცი დაჰყვებოდა. ქრისტე ღმერთი იყო და მათთან ურთიერთობა არ უჭირდა. მისი მოყვარული გული ყველა ადამიანის ნაკლოვანება-არასრულყოფილებას იტევდა. შემდეგ ქრისტე ზეცით ამაღლდა და ეკლესია მწყემსის ფიზიკურად მასთან ყოფნის გარეშე დარჩა.

მოდით, თავი პირველ ქრისტიანთა საიდუმლო შეკრებაზე წარმოვიდგინოთ . კაცები ცალკე ზიან და ქალები ცალკე. რომელიღაც ძმა სხვებისათვის საკუთარი აზრების გაზიარებას ცდილობს. საკითხი, რა თქმა უნდა, ქრისტესა და მის სწავლებას შეეხება. დანარჩენი ძმები მის სიტყვებში ჩაწვდომას ცდილობენ. როგორ გგონიათ,  ამ დროს ჩვენი გაუნათლებელ-საზოგადოებასშეუჩვეველ-გაუთლელი ქალები რას შვრებიან? რა თქმა უნდა, ყაყანებენ, მითუმეტეს რომ მათ წინაშე ქრისტე-მესია კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავი დგას, თანაც გაუგებარ რამეებზე მონოტონურად ლაპარაკობს.( მოციქულ პავლეს ორატორობა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა; იგი წერაში უფრო ძლიერი იყო.) ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა.

ეკლესიებში ქალებმა პირები მოკუმონ. რაიმეს კითხვა თუ უნდათ, სახლებში საკუთარ ქმრებს გამოჰკითხონ!

ასეთი იყო თავისი დროის ყველაზე პროგრესული მამაკაცის განაჩენი 'ქრისტეში  დებისადმი'. ქალბატონებო, ამის გამო მოციქულ პავლეს ჩვენ არ უნდა გავუნაწყებდეთ, იმიტომ რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო( თუმცა კი ღვთის რჩეული!!!!) და უსაზღვრო მოთმინებასა და სიყვარულში ქრისტეს ვერ გაუტოლდებოდა. (თანაც, ჩვენი ბნელ-გაუნათლებელი წინაპარი ბებიებიც კარგი ვინმეები ბრძანდებოდნენ, ალბათ.)

შემდგომში ქრისტიანმა მამაკაცებმა მოციქულის ეს აკრძალვა, რომელიც მხოლოდ ეკლესიას შეეხებოდა, ცხოვრების ყველა სფეროზე განავრცეს, რის შედეგადაც ქრისტეს მიერ მამაკაცთან გათანასწორებული ქალები კიდევ ორი ათასწლეულის განმავლობაში ისევ ბნელ ოთახში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.

დღეს ქალთმოძულე და სუსტი მამაკაცებისაგან ხშირად გაიგონებთ, ქალები ჩვენსავით ჭკვიანები თუ ხართ, კაცობრიობის დანვითარების ისტორიაში და მეცნიერებაში ჩვენნაირივე კვალი რატომ არ დატოვეთო? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ქალები ბნელ ოთახში ვიჯექით!

არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ამაში ქრისტიანობას ვადანაშაულებდე. პირიქით, სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან შედარებით იგი ქალებისადმი ყველაზე შემწყნარებლური და ლმობიერია. (ქრისტეს ყოვლისმომცველი სიყვარულის ადამიანური უმეცრებით ჩაქრობა შეუძლებელია და იმიტომ!). ქალები ქრისტეს დაბადებამდეც დაჩაგრულები იყვნენ და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც სურათი დიდად არ შეცვლილა.  ასეთი გახლდათ კაცობრიობის ისტორია და ჩვენ ეს ყველამ ვიცით.

ამ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა და დემოკრატიულ, ან შედარებით თავისუფალ ქვეყნებში ქალსა და მამაკაცს შორის სოციალური წონასწორობა მეტ-ნაკლებად აღდგა. შესაბამისად, საზოგადოებასა და მეცნიერებაშიც ქალის როლი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ძალიან კარგია და ძალიან სასარგებლოც.

ამ ცვლილებებმა სუსტი და კონსერვატორულად განწყობილი მამაკაცები უკიდურესად გააღიზიანეს. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ მუსულმანურ თურქეთში საოჯახო ძალადობის მსხვერპლებად ყველაზე ხშირად ჭკვიანი და განათლებული ქალები ხდებიან. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ინტელექტუალურად სუსტი მამაკაცები ჭკვიანი ქალის გვერდზე ყოფნას ვერ უძლებენ და საკუთარი უსუსურობის გადაფარვას მუჯლუგუნებით ცდილობენ. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია.

ნიშნავს თუ არა თანასწორობა ყველაფერში ერთნაირობას? რა თქმა უნდა, არა. ასეთი სიმახინჯისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ქალი ქალად უნდა დარჩეს და მამაკაცმა მამაკაცობა შეინარჩუნოს. გახსოვთ, ჩვენ ზევით უკვე აღვნიშნეთ, რომ ქალები და მამაკაცები უფალმა განსხვავებულ სფეროებში განსხვავებული უნარებით დაგვაჯილდოვა. ვფიქრობ, რომ ეს უნარები რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ქართული ტელევიზიით ჩვენს პარლამენტში გენდერული უთანასწორობის თემაზე მსჯელობას შევესწარი და ლამის სიცილით მოვკვდი. ზოგიერთები ამ დისბალანსის აღდგენას კატეგორიულად მოითხოვდნენ. ნათლად წარმოვიდგინე, როგორ დგას მიხო და  გენდერული წონასწორობის აღსადგენად მაროს პარლამენტში ძალად მიერეკება:

-- წადი, დედაკაცო, სამსახურში, თორემ მთელი ევროპის წინაშე თავი მოგვეჭრა და ეგ არის!

ალბათ, აღნიშვნის ღირსად ღირს ის ფაქტი, რომ პროგრესული მამაკაცები ქალთა უფლებებს თავად ქალებზე მეტი თავდადებით იცავენ. ჩვენი მახათმაც, ეტყობა, ამ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება და ამისათვის მას  ქართველი მანდილოსნების სახელით დიდი მადლობა მინდა რომ მოვუხადო.

როდესმე თუ დავფიქრებულვართ იმის თაობაზე, რომ ყველაზე განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებშიც  კი ქალები პოლიტიკაში ნაკლებად ებმებიან. მე არა მგონია,რომ ამის მიზეზი გენდერულ დისკრიმინაციაში იმალებოდეს. ჩემი აზრით, მიზეზი უფრო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენივე ჰორმონალურ-ემოციური თვისებებიდან გამომდინარე ქალებს ეს ასპარეზი ნაკლებად გვაინტერესებს. (გამონაკლისები აქაც არსებობენ და მერე როგორი კაშკაშა გამონაკლისები. მარტო ინდირა განდის მაგალითი რად ღირს.) სამაგიეროდ განათლების სფეროში ქალები მსოფლიო მასშტაბით ნამდვილი ჩემპიონები ვართ.

რაც უფრო მეტად ვფიქრობ სქესთა შორის თანასწორობის თემაზე, მიტ უფრო ვრწმუნდები, რომ ჭეშმარიტი თანასწორობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როდესაც ყველა თავის არჩევანს ჯანმრთელ და თავისუფალ საზოგადოებაში აკეთებს, ყოველგვარი ავდმყოფური გადახრების, არაჯანსაღი მიმბაძველობისა და, მითუმეტეს, დესპოტური აკრძალვების გარეშე. თუკი ასეთ იდეალურ ბალანსს ჩვენს სამშობლოში ოდესმე მაინც მივაღწევთ, პოლიტიკოსებად უფრო მეტი მაინც მამაკაცები გვეყოლება, ქალები კი ისევ სკოლებისა და ბაგა-ბაღებისაკენ დავიწყებთ ყურებას და იცით რატომ? იმიტომ, რომ კაცი მონადირედ არის გაჩენილი, ქალი კი ოჯახში თბილი კერიის შესანარჩუნებლად და ამაში დისკრიმინაციული არაფერია. ადამში მონადირე თუ ჩაკვდება, ასეთი ვაი-მამაკაცი ევას ლოგინშიც აღარ მოეწონება. ხოლო ევა კულტურისტობას თუ გადაწყვეტს, არა მგონია, მონადირეებში მას ბევრი თაყვანისმცემელი  გამოუჩნდეს. ასეთ შემთხვევაში გამრავლების პრობლემას რაღა ეშველება ? მითუმეტეს ისეთ პატარა ერში, როგორიც ჩვენა ვართ?

მაჰათმამ თავის წერილში სამი ქალბატონის  წარმატებული ბიზნეს-კარიერის შესახებ მოგვითხრო. ბარაქალა მათ ქალობას. ბიზნესი ალბათ, სწორედ ის სფეროა, სადაც ქალებიც და კაცებიც თითქმის ერთნაირი სასტარტო მონაცემებით არიან დაჯილდოვებულები. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და ასეთი წარმატებული ქალები ჩვენს შორისაც მოიძებნებიან, მაგრამ ამის მისაღწევად საქართველოში ჯერ ბიზნესს უნდა მიეცეს არსებობის საშუალება და გენდერულ თანასწორობაზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიზრუნოთ.

მახათმას წერილში ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მისი გმირების არაჩვეულებრივმა შრომისუნარიანობამ და სიბეჯითემ მიიპყრო.  აი, რაში დევს წარმატების მთავარი საიდუმლო. თუკი ეს თვისებები ადამიანს გაგაჩნია , მაშინ არა აქვს მნიშვნელობა,  ამ ქვეყანაზე მამა-ზეციერმა ვინად მოგავლინა, კუნთმაგარ ადამად თუ თვალებჟუჟუნა ევად, ორივე შემთხვევაში წარმატება ერთნაირად გარანტირებული გექნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები