ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2009


თავი 2. პირველი მოგზაურობა საკუთარ წარსულში... ("შორია დედამიწამდე...")

თეო ედემის ბაღში, ჩანჩქერთან ლოდზე შემომჯდარიყო და წყალს გაჰყურებდა.
საოცარი სიმშვიდე იყო ირგვლივ. სიმშვიდე და არა სიჩუმე...
სიჩუმისა კი – რა მოგახსენოთ?!
ათასნაირი ფრინველის ხმა ისმოდა მდინარის პირას, ირგვლივ გაშლილი ულამაზესი ტყიდან...

მდინარის პირას თბილოდა...
“მზე ჩახჩახებდა-თქო” მინდოდა, რომ მეთქვა, მაგრამ ვერ ვიტყვი, - უცნაური ნათელით იყო ყველაფერი განათებული. 
იყო ნათელი და არ ჩანდა სინათლის წყარო!

ჰაერი იყო საოცრად გამჭვირვალე, ცისფერი და... სურნელოვანი!
თეომ ღრმად ჩაისუნთქა ეს უცნაური სურნელი, ნაზავი იასამნის, ვარდისა და სუმბულის სურნელისა... მაგრამ არა მძაფრი, არამედ უნაზესი, ჰარმონიული ნაზავი და თან მათრობელაც...

- რამხელა ლოდია... ზედ წამოწოლაც შეიძლება! – ჩაილაპარაკა თეომ და ამ უზარმაზარ ლოდზე გადაწვა.

ცას ახედა... ულამაზეს ლურჯ ცას... ასეთი ცა არსად ენახა...
და უცებ მიხვდა, რომ საოცრად მოენატრა სახლი... დედა, მამა, ბებია, ნინუცა...
თავისი მეგობრები მოენატრა... ნათესავები... თბილისის ქუჩებში სიარულიც კი აუხდენელ ოცნებად ექცა.
ცრემლები წამოუვიდა.
და უცებ გონებაში მოვიდა: “ღრმად ისუნთქე”!....

თეომ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ეს სურნელოვანი ჰაერი და...
სიმშვიდე დაეუფლა!... თვალები თავისით დაეხუჭა და ძალიან სწრაფად ჩაეძინა.
მალევე გაეღვიძა.
სიზმარი იყო თუ ხილვა, გამოღვიძებულზე თავადაც ვეღარ აცნობიერებდა, მაგრამ... ნახა, რომ ფრთები ჰქონდა გამოსხმული და ფრენა შეეძლო ჩიტივით!
და თეოც ჩიტივით დაფრინავდა ედემის ბაღის თავზე...

ისევ დახუჭა თვალები, მაგრამ ნოსტალგია აღარ მოსძალებია.
- გიორგი, სად ხარ? – ჩაილაპარაკა თვალდახუჭულმა.
- აქ... შენს გვერდით... – ჩაესმა ხმა იქვე, სულ ახლოს...

თვალები გაახილა და წამოჯდა, - მის გვერდით გიორგი იდგა და უღიმოდა.
- ხომ გითხარი, მე სულ შენს გვერდით ვიქნები-მეთქი? სადაც შენ ხარ, იქ ვარ მეც...
- როგორ, სულ მე უნდა მდიო? აბა, სხვებს თავს დაანებებ?
- არა... ჩემი სული, მოზაიკასავით, 365 ნაწილისგან არის შედგენილი. და 1/365 ნაწილი, მამა-ღმერთის თხოვნით, მუდმივად შენს სიახლოვეს იქნება!
- როდემდე?
- არ ვიცი... ვიდრე საჭირო იქნება!... გინდოდა რამე?
- ჰო, დალაპარაკება მინდოდა ვინმესთან...
- გისმენ...
- წარსულში სამოგზაუროდ მარტო უნდა წავიდე?
- აუცილებლად!... და მერე მომიყევი-ხოლმე, რასაც ნახავ... კარგი?
- კარგი... როდის შემიძლია წასვლა?
- თუნდაც ახლავე... ისე, ძალიან შორეულ წარსულში კი არ მოგიწევს გადანაცვლება? სულ რაღაც 2000-2100 წლით უკან... თქვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 90 წელში...
- და რატომ “ჩვენს წელთაღრიცხვამდე”? ეს რა, საერთო წელთაღრიცხვა არ არის?
- არა, თეო... ჯერ მხოლოდ დედამიწაზეა რამდენიმე სხვადასხვა წელთაღრიცხვა და... ახლა მთელი სამყაროს მასშტაბით რამდენი იქნება, ხვდები?
- ერთ კითხვაზე მიპასუხებ?
- ვეცდები...
- ამ ადგილს რატომ ქვია სამოთხე?
- პლანეტების განვითარებაა ნაგულისხმები... 3 : 4-ზეა... მეტს ნურაფერს მკითხავ... დრო მოვა, თავად მიხვდები...
- და ედემი?
- ედემის არა... ადამის ბაღი უნდა ყოფილიყო... აქედან წამოვიდა ადამი გეას ხალხის ჯიშის გასაუმჯობესებლად...
- რაო? – გაოცებულმა შეხედა თეომ.
- ოოჰ, თეო... ძალიან ბევრს მალაპარაკებ!
- საინტერესოა და...
- გეთანხმები, საინტერესოა... მაგრამ ადრეა ჯერ ამის გაგება შენთვის!
- კაი, ბატონო, - ჩაილაპარაკა დაღონებულმა თეომ და თავისი ზღვისფერი თვალები შეანათა, - როდის წავიდე?
- მოემზადე და წადი... გეაზე უსხეულოდ წახვალ... მხოლოდ სულის სახით!
- და როგორ უნდა წავიდე?
- სადმე, შენს საყვარელ ადგილას დაწექი და თვალები დახუჭე. მაგაზე მე ვიზრუნებ...
- ამ ლოდზე რომ დავრჩე?
- არა, უფრო მშვიდი გარემო შეარჩიე...
- მაშინ ტყეში შევალ... გახსოვს, სულ პირველად რომ მნახე? იქ ვიქნები...
- ნება შენია, თეო... გიმეორებ, დაწექი და თვალები დახუჭე.

სირბილით წავიდა თეო და ტყის კორდზე წამოწვა.
ცას ახედა, ხეთა მწვერვალებს შორის რომ მოჩანდა.
სიომ დაჰბერა და ხის კენწეროები შეარხია. მდაბლად დაუკრეს თავი ხეებმა.
სიომ ახლა ბალახებსა და ყვავილებს გადაურბინა... ყვავილებმა დაიჩურჩულეს, - როგორ გვიყვარხარ და მოგვნატრებიხარო...

თეომ ხელები გაშალა, ბალახებსა და ყვავილებს მოეფერა თლილი თითებით... ღრმად ჩაისუნთქა სერნელოვანი ჰაერი, მოეშვა, მოდუნდა...
თავისით დაეხუჭა თვალები და... ფრთაშესხმული აიჭრა ცაში.


* * *

-  გიორგიიიი! – იყვირა გეადან “დაბრუნებულმა” თეომ, როგორც კი ჩანჩქერის  პირას თავის საყვარელ ლოდთან მივიდა.

ჩანჩქერის ყურება უყვარდა თეოს... სულს ესალბუნებოდა ჰაერში ალმასებად გაშლილ-აელვარებული წვეთები! ის უზარმაზარი ლოდიც თავისად დაიგულა, თუმცა არც არვინ ეცილებოდა...
სამოსიანად ჩადიოდა წყალში და... წყლიდან მშრალი ამოდიოდა! ეს აოცებდა ყველაზე მეტად!
და თუნდაც გაშიშვლებულიყო, არვინ იყო მისი დამნახავ-გამკიცხავი.

თეო ლოდზე ავიდა და იმ სიმაღლიდან კიდევ ერთხელ იყვირა:
- გიორგიიიი!
- აქ ვარ... გისმენ, თეო...
- გიორგი, საქართველოში ვიყავი ისევ!... კოლხეთში... წარმოგიდგენია?
- რა თქმა უნდა... და რა ნახე იქ?
- მამაჩემი, გაი რომაელი ლეგიონერი ყოფილა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 90 წელს იბერიაში ჩასულა, მოსწონებია იქაურობა და დარჩენილა. შემდეგ  თვითონ  და  მისი  ერთ-ერთი  მეგობარი  ლინუსი კოლხეთში გადასულან.
- მშვენიერია... შემდეგ? – იღიმებოდა გიორგი.
- გაის კოლხი ასული გულსუნდა შეყვარებია, ცოლადაც მოუყვანია და შვილიც შეძენია. შვილს ისინი თოლიგეს ეძახდნენ. თოლიგე - მე ვიყავი. და იცი, როდის დავბადებულვარ? ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში,  80 წლის 4 ივლისს...
- საინტერესოა...
- მაცალე, - თვალებანთებული ლაპარაკობდა თეო, - ჩვენი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა თურმე, მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 76 წელს კოლხეთში რაღაც მძიმე სენმა იფეთქა.. ეს სენი კოცნითაც გადადიოდა. ალბათ, შავი ჭირი თუ იყო. მე ავად გავმხდარვარ.  ჯერ მხოლოდ 4 წლის ვიყავი.  ყოველდღე უარესად ვხდებოდი. გაი და გულსუნდა ძალზე ღელავდნენ ჩემი ავადმყოფობის გამო, მაგრამ ვერაფერს მშველოდნენ, -  სიკვდილის პირას ვიყავი! მომაკვდავს დედამ, გულსუნდამ მაკოცა და თავადაც დაავადდა. ჩემი გარდაცვალებიდან მან მხოლოდ 10 დღე იცოცხლა. რა საშინელებაა, ესწრებოდე საკუთარ გარდაცვალებას და ვერაფერს შველოდე საკუთარ თავს!
- მიეჩვევი, არაფერია! და მამაშენს, გაის რაღა დაემართა? სად წავიდა?
- გაის, ჩვენი სიკვდილის შემდეგ, საქართველოში ოჯახი აღარ შეუქმნია თურმე. იგი 2-3 წლის შემდეგ რომში დაბრუნებულა და მალე დაღუპულა კიდეც 35 თუ 37 წლის ასაკში. იცი როგორ შემეცოდა სამივე?
- რატომ?
- რა, “რატომ”?
- ჰო, რატომ შეგეცოდა?
- ყველა დაიღუპა და...
- ჰო, მაგრამ ისინი აქ დაბრუნდნენ... რა თქმა უნდა, ყველა აქ არ არის, მაგრამ... ახლა სად არიან ნეტა?
- სად უნდა იყვნენ? თუ აქეთ წამოვიდნენ, აქ არ იქნებიან?
- თეო, ოდესღაც შენც წამოხვედი აქეთ, როცა თოლიგე გერქვა... მაგრამ, მერეც ხომ იყავი გეაზე?
- კი... სულ ახლახანს... როცა თეონა ვიყავი... – ცრემლიანი თვალები დამალა თეომ.
- და მათ შორის კიდევ 5-ჯერაც... – გაეცინა გიორგის.
- სულ გოგო ვიყავი?
- არა, თეო... სულს არა აქვს სქესი... მას შეუძლია დაიბადოს ხან მდედრის და ხან მამრის სხეულით...
- მდედრი... მამრი... – ცრემლებს შორის სცადა გაცინება თეომ.
- ცრემლი შეიშრე... სატირალი არაფერი გაქვს! ის რაც ხდება შენთან, ზოგს სიზმრადაც არ დაესიზმრება!
- რა ხდება ასეთი? მე ხომ მარტო არ ვარ აქ? მე არ ვარ ერთადერთი და განუმეორებელი...
- მართალია, არ ხარ! მაგრამ განა ყველას ეძლევა აქედან იმავე პლანეტაზე და იმავე სხეულით დაბრუნების უფლება? ხელმეორედ შობის გარეშე!
- ვიცი, ბევრნი არიან ასეთები!
- ხო, მაგრამ ერთსა და იმავე ეპოქაში ასეთ სიტუაციაში მხოლოდ 7 სულია-ხოლმე...
- დედამიწაზე?
- არა, ჩემო კარგო, კოსმოსში! მაგრამ, ძირთადად, სამ პლანეტაზე მიდიან-ხოლმე: გეაზე, თაიასა და დარზე... მხოლოდ ამ სამ პლანეტაზე არიან ქალები და კაცები... დანარჩენ 4 პლანეტაზე ზუსტად რომ მდედრები და მამრები არიან...
- უუუფ... სულ დამაბნიე... ამდენს კი ვერ ვაანალიზებ?
- მართალი ხარ... ცოტ-ცოტობით მეტს ისწავლი...
- მეორედ როდის ვიყავი? ან სად?... კიდევ მინდა საკუთარი წარსულის ნახვა!
- ნახე მერე... ვენ დაგიშალა?
- ახლავე შემიძლია წასვლა?
- რა თქმა უნდა... – გიორგი დაფიქრდა და უცებ, თითქოს გადაწყვეტილება შეცვალაო, ჰკითხა, - თეო, სხეულით თუ შესძლებდი შენს წარსულში გადასვლას?
- როგორ, აბა?
- იქ ხომ ერთ-ერთი სხეული შენ გეკუთვნის? იმავე სხეულში მოთავსდები...
- და კოლხეთში რატომ ვერ გამიშვი სხეულით?
- ჯერ ერთი იმიტომ, რომ სულ 4 წლისა იყავი, როცა დაიღუპე... მეორეც, - პირველ ჯერზე ვერ გაგიშვებდი სხეულით... არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდი. ერთ რამეს კი გეტყვი და კაააარგად დაიმახსოვრე: რეინკარნირების დროს არ იცვლება ადამიანის თვალის ფერი, გამოხედვა და სახელის პირველი ასო!... ანუ შენი სახელი ნებისმიერ რეინკარნაციაში “თ”-ზე დაიწყებოდა...  ნებისმიერ რეინკარნაციაში გექნებოდა ასეთი არაჩვეულებრივი ზღვისფერი თვალები და ამ თვალებითა და გამოხედვით უნდა გიცნოს ყველამ! 


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს