ნაწარმოებები



ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2009


ნოსირი

  თვითონვე მაფრთხობს მობილურის ზარი, ამ ნახევარი წლის წინ რომ დავაყენე; პირველივე  ბგერები  მაჟრჟიალებს ხოლმე ტანში. რამდენმა მითხრა, რა დროს “შავლეგ შენი შავი ჩოხააო”, მაგრამ რაღაც ჯიუტად არ ვცვლი. იმ საღამოსაც გამცრა ტანში, ზარისა თუ სიმღერის ხმაზე, დავხედე მობილურს, ბესო იყო.
  —ბარო, ბესო!__რაღაც შხრიალი ისმოდა—ბესო, გამარჯობა!—უფრა ხმამაღლა ჩავძახე. გაითიშა საერთოდ. რა ხდება? არ ახასიათებდა ბესოს ზარის გამოშვება. სანამ  მე დავრეკავდი ისევ გაისმა: “ შავლეგ შენი შავი ჩოხა”
  —ალოოო, ბესო? არ გესმის?—ისევ შხრიალის ხმა.
  —ბესო! ბესო!—ვიღაც მძიმედ სუნთქავდა.
  —ბესო!
  —ჰო,— მომესმა უცებ, რაღაცნაირად შვებით ამოვისუნთქე.
  —ბესო არ გესმოდა? რა გჭირს?
  —ბიჭო, ის მოკვდა... დემური...
  —რააა?
  —ჰო, რა, მოკვდა დემური.—შევძრწუნდი. მამამისზე ამბობდა. კლასელები ვიყავით, მამამსი ქართულს გვასწავლიდა.
  —რა მოუვიდა, ბეს? როდის?
  —გუშინ მოკვდა, შაბათს ვასაფლავებთ, ვისაც შეძლებ უთხარი.
  —ჰო, ბესო, კარგი.
  —კარგი აბა.
  —დროებით, კარგად.—გაითიშა მობილური და დაბნეული და შეწუხებული მივაჩერდი ტელევიზორის ეკრანს.
  —ვინ იყო?—მკითხა ცოლმა, სასხვათაშორისოდ, ვითომ არ აინტერესებდა.
  —ბესო იყო, მამა მომიკვდაო.
  —რომელი მა, აქ რომ იყო ის ბესო?—მითხრა შვიდი წლის ქიმ.
  —ხო, ქი- ის ბესო.
                                                                                    ***
  სამიოდე დღის ნაპოვნი მყავდა ბესო, გაოცებისაგან სამარშრუტი ტაქსი გავაჩერე და ჩამოვედი როცა მობილურში ჩამძახა, ბესო ვარო. ოთხმოცდაცამეტი წლიდან არ მენახა, თექვსმეტი წელი იყო გასული. მეორე დღესაც დამირეკა და მითხრა, ნახევარ საათში მაქ ვიქნებიო. აზრზე არ ვიყავი, საიდან გაიჩითა გულანშაროში. საქართველოში მეგულებოდა,  სენაკში. ვინაა? მაშინაც მკითხა მეუღლებ.
  —კლასელია, ათწუთში მოვლენ.
  —არ წავიდე?—მკითხა. პანაშვიდზე მივდიოდით. გავბრაზდი.
  —შენ წადი!
  —რა გაყვირებს? არ წავალ თუ საჭიროა! უბრალოდ მელოდებიან თანამშრომლები, მე მაინც წავალ და მალე მოვალ.
  —წადი თქო, აბა რა გითხარი?
  —არა, ნაწყენი ხარ და იმიტომ!
  —ვაა! გეუბნები, თექვსმეტი წლის უნახავი კლასელი მოდის-მეთქი და კიდევ იმას ამბობ თუ წავიდე და თუ წამოვიდეო...…
  —ჰოდა, მოვალ მალე, ხომ?!
  —ჰოდა, წადი-მეთქი!—ვცდილობ მშვიდად ვთქვა. სადარბაზოში ჩავდივარ. მეზობელი მესალმება და ბანკის ვებერთელა კარში უჩინარდება, პატარა ტაქსა ვერ ასწრებს მინის კარში შესვლას და გარეთ რჩება, მეზობელი გზას ვერ აგრძელებს ეტყობა, ღიმილით აღებს კარს და ტაქსას აცლის შესვლას. სიგარეტს ვუკიდებ. კორპუსის ყვითლად შედღაბნილ კედელს ვეყრდნობი. ყველაზე მეტს მე და ბესო ვჩხუბობდით კლასში, არა ჩხუბში ერთადერთხელ გადაგვეზარდა, ისიც ფედის წყალობით; ქურდობას აპირებდა, მაშინ მეათეში იყო- ჩვენ მერვეში; ბესოს უთხრა, მამაზე როგორ შეგაგინა ამინო? არადა სისულელე იყო, ყველაზე მეტად ვაფასებდი მამამისს, როგორ შევაგინებდი და ამ სისიულელეზე თავის მართლებაც არ გამომივიდა; მოკლედ, კარგა დიდხანს ვურტყით ერთმანეთს, სანამ კლასელებმა არ გაგვაშველეს, სახე აწითლებული ჰქონდა, მე პერანგი ჩამოხეული. მისი სპორტული მოსასხამი გადავიცვი და ისე შევედით კლასში, თან დემურის გაკვეთილი გვქონდა, გაოცებული გვიყურებდა. მიხვდა, ეტყობა რომ ვიჩხუბეთ. სულ სხვა გზა აირჩია. ერთხელ მითხრა, მამაჩემმა ამოიოხრა, ამის დედა ვატირე, შენ კი არა ოდი უნდა იყოს ჩემი შვილიო.
***
  ომის შემდეგაც პირველი ბესო ვნახე. ვნახე რა, გამოიქცა საქართველოდან, არ ვიცი იჩხუბა თუ წაიეშმაკა, არ უთქვამს და არც მიკითხავს, უბრალოდ ძაღლები მომსდევენო მოითხრა. აქაც, გულანშაროშიც, არ იყო მაშინ მშვიდი მდგომარეობა, დოჟ დაბალის დიქტატურა მძვინვარებდა და საპოლიციო მმართველობა სუფევდა. თემოს ისეთი თავისუფალი და ლაღი ხასიათი ჰქონდა ორჯერ კინაღამ დააპატიმრეს, ორ კვირაში კი მამამისი ჩამოვიდა და წაიყვანა ისევ სენაკში, ეტყობა ჩააწყნარა იქაური სიტუაცია.
  —სად ხარ ბესო?—დავურეკე ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ
  —ბიჭო, ვერ მოგაგენი, კარგად აუხსენი აგერ ამას.
  —გამარჯობმა ძმაო—მომესალმა ყურმილში ბავშვური, ძალად დაბოხებული ხმა.
  —გაგიმარჯოს, მისმინე იცი გულანშარო?
  —კი, ორჯერ ვარ ნამყოფი.
  —ჰო, მაშინ ძველი სადგური რომ იყო იქ მოდით, ყოფილი ნეველის ქუჩა, ახლა ჰერაკლეს გამზირი ჰქვია, გაიგე?
  —კი, მალე მოვალთ.
***
  დემურის მაშინდელი გულანშაროში ჩამოსვლის გახსენებაზე გული დამწყდა; ქართული მწერლობის მეოთხე ტომი ნახა ჩემთან და გულდაწყვეტით მითხრა, ყველა ტომი მაქვს, მაინცადამაინც მეოთხე დავკარგე, არადა მახსოვს რომ ისიც ჩავაწყვე ყუთებში გუმიდან რომ გამოვედითო, ეტყობა ბესომ ან ვიღაცამ ათხოვა სხვას და დამიკარგესო. ვიფიქრე აუცილებლად გავატან ბესოს-მეთქი, ან როგორ მასვე არ გავატანე-მეთქი, უფრო სწორედ ვატანდი მაშინაც, ბესოს დარჩა; დემური ადრე წავიდა სადგურში, ბესო მერე მე გავაცილე, მაგრამ მხოლოდ ფოიემდე; სიცხიანი ვიყავი და სიარული არ შემეძლო, ჯერაც ძველი სადგური იყო გულანშაროში, დევნილების სატუმროც იდგა, ლამაზად.
    სადარბაზოსთან შავი მერსედესი გაჩერდა. ბესო იყო საჭესთან. დიდი კეპით. გადმოვიდა.
  —ვა, რამხელა ხარ, ოდი!—მოვიქციე მკლავებში და ზურგზე ავუბრახუნე ხელისგულები, კინაღამ ცრემლი წამომივიდა.
  —რა დროს სათვალეა, ბეს!—დავუწყე სიცილით, აღელვება რომ დამემალა.
  —სათვალე და ახლა ნახე, —მითხრა და კეპი მოიძრო: აბსოლიტურად მელოტი თავი აულაპლაბდა, ულიანოვის Mმსგავსად ჰქონდა თმა კეფაზეღა შერჩენილი.
  —სად გააქრე ტო, თმა?—გულწრფელად გამიკვირდა, მეც საკმაოდ მელოტი ვიყავი, მაგრამ ბესომ მაინც გამაოცა.
— წარმოიდგიონე, მამაჩემმაც კი არ იცის მელოტი რომ ვარ, ამ კეპით ვწვები ლოგინში—გაიცინა კაცურად.
— რუსეთში მეგულებოდი
— ვიყავი, ორი წელი...
— როდიც ჩამოხვედი? მას მერე სულ სენაკში ხარ?
— ბიჭო, შვილი მომიკვდა შარშანწინ, მოსკოვში და მერე წამოვედი.
— რას ამბობ, რა დაემართა—ისე ზერელედ თქვა ვერც მივუსამძიმრე.
— ჰო, რა, სამი თვის იყო, დაბადებდან დაჰყვა, ხერხემლის რაღაც, არ ვიცი, მოკლედ თერთმეტი ოპერაცია გავუკეთეთ, არაფერმა არ უშველა...—ახლაღა დაეტყო სევდა.
—ცოლი?
—ცოლი, დარჩა იქ, მოსკოვში, რაღაც ვერ შევეწყვეთ მერე. ჰო, აი, გაიცანი; ფედი გახსოვს? აი, იმის დისშვილია, ესენიც სენაკელები არიან, კარგი ბავშვებია.—სამი ბიჭი იყო; ასე ცხრამეტ-ოცი წლისანი თუ იქნებოდნენ.  მივესალმე სამივეს.
—აბა წავედით...
—არა, არა ჩვენ პატარა საქმეზე ვართ—მითხრა Bბესომ. გამიკვირდა.
—შენ ხომ არ გაგიჟდი?! წამოდი საქმე მოიცდის
—არა, მართლა საქმე გვაქვს, ზარს ველოდებით—მითხრა ფედის დისშვილმა, შავგრემანი იყო. გამეღიმა, სწორედ ფედი რომ გამახსენდა  ბესოს მოლოდინში.
—თქვენ დამცინით?—გაოცებული მივაჩერდი—აბა ავედით და მაგი თქვენი საქმე იქიდან მოაგვარეთ!
***
—ეს ჩათქმული მქონდა, ყველაზე ახლობელისთვის უნდა გამეხსნა—ვეუბნები Bბესოს და ოცლიტრიან მინის ბოცას ვდგამ მაგიდაზე,.
—არ გინდა ბიჭო, ვერ დავლევ, თან ნასვამი ვარ—მეუბნება ბესო, სხვები უფრო მორცხვობენ, ბავშვებია ჩვენთან შედარები.
—მოიცა რა! შენადა, მოსკოვში, ტორო თუ ნახე?
—ოუ, როგორ არ ვნახე, მაგის ჭკუა მოვ...ნ!—გადაიხარხარა Bბესომ—წარმოიდგინე, რესტორანში ვარ, და როინი მეუბნება, გინდა ტორო განახოო, როგორ არ მინდა, ათი წელია არ მინახია–მეთქი, წამოდიო და მივყავარ. ვხედავ, დარბაზში ზის ტორო, ირგვლივ ჩაჰალსტუხებული “როჟები” და აბამს თუ აბოლებს; არ იცნობ? არ შეცვლილა- რა აფერისტი და სიაბანდი იყო ისეთია. ჩემს ნახვაზე გაეყინა სიფათი; ეტყობა იფიქრა რამე ისეთი არ მითხრას ახლა ამანო, მაგრამ ვის ეცალა ამდენი ფიქრისთვის, რავა ხარ შე ბოზო-მეთქი და გადავეხვიეთ ერთმანეთს.—სიხარულისგან ხარხარებს.
  —ვა, საქმეებს აწყობს?
  —ხო რა, ზოგს ატყუებს, ზოგს აგდებს, ზოგისგან ყიდულობს, ზოგთან ასაღებს, და დასდევენ მერე, ერთი ქალაქიდან მეორეში, მოსაკლავად.
  —მომატყუა ვითომ? დამირეკა, აქ ვყიდი ყველაფერს და გულანშაროში ჩამოვალ, იქ ვიყიდი სახლ-კარსო.
  —იმის ტყუილები არ გაიშვა!—გაიცინა Bბესომ.  ამასობაში ჩემი ცოლი მოვიდა. გავაცანი და ახლა იმათ გააბეს მუსაიფი. Bბესო ადრეც ძალიან უშუალო იყო და დარჩენილა ასეთი. ხარხარი და სიცილი ენაცვლებოდა ერთმანეთს. თუ არ ჩავთვლით ტოროს, არავინ არ მყავდა ნანახი კლასელებიდან ოთხმოცდაცამეტის მერე, არათუ ნანახი, ხმაც არ გამიგონია რომელიმესი. ბესომ მითხრა რომ ჩვენი სამი მეგობარი ასევე კლასელი იყვნენ სენაკში მასთან მეზობლად.
  —გინდა ნომერი?
  —აბა არ მინდა?
  —გელასი და კუსასი მაქვს.
  —გოგოები არა არიან მაქ, ჩვენები, ვინმე?
  —გოგოები ვინ, გელას დაა და მორჩა, ვასია! მარა თბილისში ვიცი, თეასი და თაკოსი. შენ სკაიპი გაქვს?
  —კი, ჩავრთავ ახლა კომპს.
  —ვა კარგია, თეას სკაიპი ვიცი. მოიცა დავრეკავ ახლა ჩართე-მეთქი.
  — მომე მე დავრეკავ!—ვეუბნები და ვკრიბავ მის ნაკარნახებ ნომერს. გავიდა.
  — დიახ გისმენთ?—ისმის ხმა,თითქოს ერთი თვე გასულიყოს, უცებ აღდგა ნაცნობი  ხმა.
  — თეა შენ ხარ?
  — დიახ, თეა ვარ. რომელი ხარ?
  — ოდი, ვარ თეა, როგორა ხარ?
  — ვიინ?
  — ოდი ვარ, გოგო, შენი კლასელი...
  — ვაიმეე, ოდი!...—ყვირილი ისმის,-- თაკო ოდია გესმის, ქალდანი!
  — თეა როგორ ხარ, ძლივს გიპოვე...
  — რამდენი ვეძებეთ შენი ნომერი არავინ არ იცოდა... ისევ კუნძულზე ხარ?
  — კი აქა ვარ, ბესო მოვიდა ეს წუთია ჩემთან და იმან მომცა ნომერი....---
  — მომე რა, მითხრა ბესომ და გამომგლიჯა ტელეფონი.
  — სვეტებო როგორა ხართ?... რა ვიცი შემთხვევით მომიწია აქ მოსვლა... ხო გოგო, სკაიფში შემოდი რა,... ხო ჩავრთავთ ახლა,... მითხარი... კი...კი ჩავიწერ... როგორ, ერთი. ცხრა. თეა. ცხრა. სამი. რაა გოგო ეს, როგორი სკაიფია.?
  — წამო რა ვნახოთ მითხრა Bბესომ მოუთმენლობა ეტყობოდა და შევედით კაბინეტში.
  — გახსოვს მარის რომ გაჯავრებდით სკოლაში?—მეუბნება ბესო და ვიცინით.
  — აბა არ მახსოვს?—მერე მე ვკითხე—შენ ხომ არ განგიახლდა თეას სიყვარული, ჰაა?
    —არა, კაცო, რა სიყვარული!—შეშფოთდა ბესო, მაგრამ შევატყვე რაღაც სიხარულით აუელვარდა  სახე.
  —თეა, შენ ხარ ?
  —კი მე ვარ, ვიდეოთვალი არ გაქვს?
  —არა, მაგრამ შენ გხედავთ.
  —რა არის გოგო, რამხელა გასუქებულხარ!—ყვირის ბესო
  —არ დაუჯერო თეა, არც კი შეცვლილხარ!—ვეუბნები მხნედ, მაგრამ გულს მწიწკნის თეას, დაქალებული, ოდნავ მობერებული სახე,— როგორა ხარ თე, რამდენი შვილი გყავს?
  —ორი, პირველი მეორე კურსზეა, მეორე მერვე კლასში...
  —რა ამბავია გოგო, გაგიზრდია,—ყვირის ბესო,— ქმარი სად გყავს, დაგვენახოს ერთი სიძე.
  —ქმარი აქაა, მოვა ახლა.
  —მომიკითხე, თე!—ვეუბნები, მინდა ცოტათი დავამშვიდი ბესო თორემ ვხედავ თავს ვეღარ ერევა—თაკო არაა ახლოს?
  —არა, თორემ მოვიდოდა, დავურეკე, ბიჭები, დაგველაპარაკებიან-მეთქი.
  —სადაა გოგო და, შენი ქმარი დაგველაპარაკოს ერთი,—ბესო ვერ ამჩნევს მიკროფონ ვთიშავ.
  —ალო, ალოოო!—შეწუხებული გვიყურეს ეკრანიდან თეა— არ ისმის თქვენი ხმა.
  —რა ჭირს?!—ამბობს ბესო,— რატო არ ისმის?
  —მოიცა მივწერ არ ისმის-მეთქი— ვკრიბავ ასოებს კლავიატურაზე.
  —ბიჭებო არ ისმის!
  —მოიცა შევეცდები ჩავრთო, ითიშება ხანდახან ინტერნეტი.
უცებ ითიშება ეკრანი. ბესო გაკვირვებული მიმზერს.
  —შენ გათიშე?
  —არა, არა...
  —რა, არა გათიშე, ვასია—ისე წყინს შემეცოდა.
  —მოიცა ვცდი ისევ.
  —არა არ გინდა, იყოს.
  —წამო,წამო ახლა თორემ გატყობ სიყვარულის ახსნას დაუწყებ მალე.
  —რა, Bბესო, ახლაც გიყვარს?—შეეკითხა ჩემი ცოლი.
  —ხო, რა გოგო! ქმარი არ ყავდეს ახლაც მოვიყვანდი, ცოლად.
  —გახსოვს მის დაბადების დღეზე კინაღამ რომ გვცემეს?—ვეუბნები მოგონებებში გადავარდნილი.
  —რა კინაღამ, მაგენის დედა მოვ...ნ,—ხარხარებს ბესო—თეას სამივე ძმა მე დამესია, დედამისს ის შტერი, პიჟონი, ვანო, სიძედ მიაჩნდა უკვე; მე რაში ვაწყობდი, ავარნდილი ბიჭი.—სამივე ერთად მაკავებდნენ. ისე ხელი როგორ არ დამარტყეს კი მიკვირს: ვანოს, დედამისს და მამამისს ერთად ამოვუტრიალე ყველაფერი... საცოდავი გენა,  მოსკოვში დაიბრიდა შარშან, სამმა გაიჩხირა რაღაც ბანძობა, მაინცადამაინც ამან ვერ გაუძლო.
  —ის უმცროსი იყო ხომ?—ვეკითხები თან ვგრძნობ მეთანაღრება გული.
  —ხო უმცროსი, უფროსი სტავროპოლშია, მომდევნო ვორონეჟში.
  —პეტრესი რა იცი? არსად გამიგია მაგაზე.
  —არც მე ვასია, მაგას ხო გახსოვს დედა ბერძენი ყავდა და ათენშია მგონი; ოუ, გაცინო, შარშანწინ შემთხვევით კუსას შეხვედრია მარტვილში, ორივე დამჯდარან და უტირიათ. წარმოიდგინე ერთი საათი ტიროდნენ თურმე.—ხარხარებს  ბესო და ვგრძნობ, მასაც ცოტა უკლია ტირილს.
  —იცი რამე ნომერი?
  —კუსამ იცის, დავურეკოთ, მოგვწერს.
  —ნანა, ნანასი იცი რამე?
  —ხო ნანა, წალენჯიხაშია, გათხოვდა. მაგისი ძმა გახსოვს?
  —კი, პაატა...
  —ხო, მაგიც დაიბრიდა, ოთხი წლის წინ, გაიჩხირა უაზროდ.
  —მოსკოვში რამაზი თუ ნახე?
  —კი, კარგადაა.
  —რაო, როგორაა, ქურდობა უნდოდა მახსოვს.
  —უნდოდა კარგია, ვის არ უნდა, მეც მინდა აგერ—გაიცინა Bბესომ.
  —არა აქვს შანსი?
  —რა ვიცი, შანსი ყველას აქვს, მთავარია როგორ გამოიყენებს. თუ გინდა რამე, იქითკენ მიდიოდე უნდა;  აი შენ რაც გინდოდა ხომ იმას აკეთებ ბავშვობიდან? ხატავ და არ იცვლი ხომ ამ გზას?
  —კი მასეა, ხუთი წლიდან სხვა რამ არც მდომებია__ვიგრძენი მიამიტურად გამომდიოდა, მაგრამ ბესოსთან არაგულწრფელობა და პოზა ტეხავდა, არასოდეს თვითონ არაგუილრწფელი არ ყოფილა ჩემთან.
  —ა, ბიჭებო, შეხედეთ,—მიუბრუნდა ყმაწვილკაცებს,—რაც თავი მახსოვს სულ წიგნები და ხატვა, თავის თავისთვის არ Uუღალატია კაცს,— ბიჭებმი ცოტა არ იყოს სამუზეუმო ექსპონანტივით მიყურებენ, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას,
  —Bბესო არ დაგავიწყდეს იცოდე, დემურთან კატალოგს გაგატან, ჩემი ნახატებისაა პატარა ბროშურა, და მწერლობის მეოთხე ტომიც უნდა გაგატანო.
  —აბა ბიჭო, როგორ დამრჩა მაშინ? იცი რამდენი მიყვირა. ძაან გაუხარდება. ამ ბროშურაზე საერთოდ გაგიჟდება.
  —ჩხუბობდით ბესო?—ეკითხება ჩემი ცოლი.
  —ჰოო,—ჩაფიქრდა ბესო,— სულ ომში ვარ ჩემო დაო, იქ კი- არა რა! რაღაც ჩემებური შეხედულებები მაქვს...
  —მაგას არ გეკითხება, ერთმანეთში თუ ჩხუბობდითო
  —ოოო, რას ქვია თუ ვჩხუბობდი,— დაიწყო ხარხარი— მოკლული მყავდა ცემით ოდი,— ხარხარებს, მერე ქის რომ შეხედა, დაამატა— აბა, ქი, სულ ვჩხუბობდით, ვხოცავდით ერთმანეთს.
***
  წიგნი და კატალოგი მაინც დარჩა ბესოს იმ დღეს. ღამის ოთხზე თუ დილის ოთხზე დამირეკა, ძლივს გამოვფხიზლდი
  —ოდი, იცი ოდი...
  —ვიცი  ბესო, წიგნი დაგრჩა...
  —ხო ამის დედა მოვ..ან, გადაირია დემური, როგორ დაგავიწყდაო.
  —ნუ იდარდებს ბიჭო, ჩამოვალ ან გამოგიგზავნი, რაც მთავარია მისამართი ვიცი უკვე, არ ადარდო მაგაზე კაცი.
  —ხო, ვასია.
  —როგორ იმგზავრე, ყველა მთავრალი იყავით
  —არაა პრობლემა, ბოლო ბორანს მივუსწარით, სულ სიცილ ხარხარით ვიმგზავრეთ  კუსა და გელა გადავრიე. გაგიჟდნენ უჩვენოდ როგორ წახვედიო. დავთქვით ერთხელაც სამივენი ჩამოვალთ
  —გაიხარე, აბა თქვენ იცით, დემური მომიკითხე.
  —კარგად ვასია.

***
  —სენაკისკენ, როდის გადის?—ვეკითხები ავტოსადგურში მძღოლს. ჩასუქებული კაცია, სუმოს მოჭიდავის ტიპის, მიყურებს და მეუბნება.
  —თერთმეტზე მე გავდივარ, თბილისში და წაგიყვან
  —მერე იქ როდის იქნები?
  —თუ ბორანზე არ დაგვაგვიანდა 5 საათზე
  —ო არა, უფრო ადრე არის რამე?
—ადრე ბაქო გადის და იმას უთხარი თუ წაგიყვანს.
  ვეძებ ბაქოს ავტობუსს, ძლივს დავითანხმე მძღოლი, წავეყვანე. მოუვლელი ავტობუსია “ლაზი” რომ ერქვა საბჭოთა დროს და ახლაც, რა თქმა უნდა, იგივე ქვია, ოღონდ ახლა თუ გამოდის არ ვიცი.
    როგორც კი ბორანზე ავიდა ჩვენი ავტობუსი, ვებერთელა უკრაინული ხომალდიიყო, რაღაცნაირად უმწეობის გრძნობამ შემიპყრო. პირველად მივდივარ საქართველოში 16 წლის შემდეგ, თან კლასელები უნდა ვნახო რამდენიმე. ვინც საქართველო შემორჩნენ, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახია.
  ძველ სენაკში ვაჩერებინებ, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. პატარა მოკლეზე გადაჭრილი ბილიკით შევდივარ ტიპიური რუსული სამხედრო საცხოვრებლებით მოფენილი დასახლებისაკენ. როგორც კი მატარებლის ლიანდაგებზე გადავდივარ, სამგლოვიარ მუსიკის ხმა მეფეთება. იქვე შემოღობილიში მოხუცი უჩხიკინებს გიდელს. მოდი ვკითხავ-მეთქი გამიელვა ფიქრმა და სწორედ მაშინ მომიბრუნდა  თვითონ.
  —უკაცრავად ბატონო, საათი ხომ არ იცით რომელია.
  —სამია, ბატონო ჩემო. თუ იცით აქ ვისი პანაშვიდია?
  —სოხუმელია ბატონო. ვინ- არ ვიცი.
  —მადლობთ ძია კაცო—რაღაც კომიკურ ხასიათს იღებდა ამდენი ბატონოს ძახილი. გადავეჩვიე ეტყობა
  მივუახლოვდი კორპუსს, იქ გვერდზე გამდგარ რამდენიმე ადამიანთან დავაზუსტე რომ მართლა ჩემი მასწავლებლის გასვენება იყო, შემდეგ რამდენიმე ადამიანს შევუერთდიო და შევედი მისასამძიმებლად. დაფხავებული იყო კიბის სახელურებიცა და საფეხურებიც, ჩამონგრეული კედლები, სარემონტოდ გამზადებულს გავდა. მასწავლებელს ღია ნაცრისფერი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, თმა მთლიანად თეთრი, გამახსენდა- გუმში ერთადერთი კაცი იყო ვინც თმას იღებავდა, დამენანა. სიბერეს დანებდა ეტყობა. Bბესოს ჩამოვართვი ხელი და ჩავედი ეზოში. სასწრაფოდ დავურეკე კუსას
    —სად ხარ კუსა?
  — აქ ვარ სუფრას ვუზივარ.
  —ხო, მე ჩამოვედი და ეზოში ვარ.
  —კარგი.
    ცოტა ავღელდი, ველოდები როდის გამოვა. ვებერთელა სეფაა, გაშლილი. ბრეზენტით გადახურული.
  —უკაცრავად ბატონო, აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება.—მეპატიჟება ხნიერი კაცი სეფისკენ.
  —არა, მადლობთ, მეგობრებს ველოდები.—მერე მეღიმება და ვეუბნები, —მე ფარნავაზის ბიჭი ვარ.—თვალებში ცრემლი უკიაფებს
    —ვაი ჩემს თავს!—და მიკრავს მკერდში—კი ვერ გიცანი შვილო მაპატიე.
  —რას ამბობ როგორ მიცნიობდი!—ვეუბნები და გულიმეთანაღრება, ვერც სახელს ვიხსენებ მისას და ვერც გვარს, უბრალოდ ვცნობ სახით.
  —შენი მასწავლებელი იყო ხომ?
  —დიახ, თან ბესოს კლასელი ვარ.
  —ვა, საცოდავი მამაშენი ტირილშიც ვერ ჩამოვედი.
  —არა, მამა კარგადაა, ცოტა გული აწუხებს
    —ვაა, ჯანდაბა ჩემს თავს აბა რა გავიგე კაცო... შეწუხდა... ვაი, მგონი და დაგეღუპა ხომ?—თავ ვუქნევ— ხო საცოდავი. აბა ფარნავაზი კარგადაა ხომ.?—ტირის კაცი—მომიკითხე იცოდე. კაცური კაცია მამაშენი. სოფლის ბურჯი იყო იცოდე.
  —გაიხარე
    —მართლა, ერთი ჭიქა თქვა უნდა, კუნძულიდან ჩამოხვედი კაცი.
  —აუცილებლად; კუსას ველოდები და გელას; და ერთად დავსხდებით.-- ვემშვიდობები და ეზოს ბოლოში ვებერთელა თეთრგაზეთგადაკრულ მორზე ვჯდები. რაღაცნაირად მწყდება- გული ერთი საათი გავიდა და კუსა არ ჩანს. გელას ვურეკავ არ გადის. ვდგები და ვწრიალებ. რამდენიმე ადამიანი ვიცანი, მაგრამ სახელი არ ვიცი არცერთის და არ მივდივარ. უცებ მობილური ახმაურდა “ შავლეეგ...” საჩქაროდ გავთიშე- კუსაა. ავიხედე. ისაა, ბავშვური სახე, მე რო მახსოვდა გავსებია, ჩასუქებულა, ეშმაკური ღიმილთღა ვიცანი.
  —დავრეკე, თუ ხელი მობილურისკენ წაიღო ისაა-მეთქი—გადამეხვია კახა.—ქუჩაში ვერ გიცნობდი!
  —როგორახარ ?!
  —რა ვიცი ოდი ვართ რა. გელა სადაა ამდენ ხანს ნეტა? მოიცა დავურეკო— სად ხარ ბიჭო?... როდის...გზაზე... მოიცა.
  —მოვდივართო მითხრა.
  გავიხედე შარასკენ. ვხედავ მოდის გელა. ტანი ისეთივე გალეული აქვს როგორიც იყო, სახე გაუხეშებია ცოტა, მაგრამ დიდად არაა შეცვლილი. თვითონ თქვა სანამ არ გაიღიმე ვერ გიცანიო. მისი დაც არ შეცვლილა. და ხატია ასევე ჩვენი კლასელი, რომელიც მეთერთმეტე კლასიდან გათხოვდა. ეტყობა მე ვერ მიცნო. სახე იმდენად აქვს შენარჩუნებული შეუძლებელია არ იცნო. გამოხედვაც იგივე ბავშვობისდროინდელი
  —ხატია, როგორ ხარ?!--ვეუბნები და მეღიმება
  —ვაიმე., ოდი!—გადამეხვია,—შენა ხარ, კი  ვერ გიცანი!—ცრემლი უდგას მასაც თვალებში.-- აგერ ჩემი ბიჭია, გაიცანი— ხელს ვართმევ ყმაწვილს, თვრამეტის იქნება ალბათ, დაიხარა და გადამკოცნა.
  —როდის მოასწარი გოგო?—მეღიმება.
  —შენ რამდენი გყავს ოდო?
  —მე ერთი.
  —გოგო თუ ბიჭი?
  —ბიჭი, შვიდისაა.—მეღიმება, მაგრამ ვხვედბი რამდენად ვარ შეცვლილი მათი ყურებუისას. მაინც მოულოდნელი იყო იმის გაგება, თითქმის ყველანი რომ აღნიშნავდნენ, გზაში შეხვედრისას ვერ გიცნობდითო.
  —წამოდი შეგვყევით—გვეუბნება გელა
    —ჩვენ ვიყავით უკვე.
  —მერე რა, ისევ შევიდეთ ერთად
    —გაგიჟდი რა წესია,—გაბრაზდა კუსა
    —მიდით, ეგერ ერთი ჯგუფი შედის და ეყევით—ვეუბნები. მიდიან.
  —როგორ შეცვლილა ხატია,—ამბიობს კუსა სინანულით.
  —კი მაგრამ, აქვე ვცხოვრობო, ამდენხანს როგორ ვერ ნახეთ შენ და გელა მაინც?—ვეუბნები გაკვირვებით.
  —რა ვიცი, არ შეგვხვედრია როგორღაც.
  —პეტრეზე მითხრა ბესომ, რომ გინახია
    —აბა ბიჭო, ისე მოულოდნელი იყო გაშეშებულები ვიყავით კარგა ხანს. რენესი ხომ არ იცი რამე?
  —მისი ძმა გამეჩითა ამას წინათ სკაიპში, ტელეფონის ნომერს მოგცემო და მერე არ შემოსულა.
  —რომ გაიგებ ძმურად მეც მომწერე
    —აბა რას ვიზამ, ტოროსი იცი?—ვეკითხები ღიმილით?
  —სად ნახე?
  —მოსკოვიდან დამირეკა, დამპირდა ჩამოვალ გულანშაროშიო.
  —როგორ ძლებენ იმ მოსკოვში? მთელი გუმი იქაა: ჩვენი ოცმეთაური, ასმეთაური, კამბატი... ყველა იქაა. ბოლოსდაბოლოს, მათ არ ვებრძოდით? იმ მოსკოვში როგორ ძლებენ!— თავზე შემოიწყო ხელები კუსამ.
  —რა ვიცი, მე გამიჭირდებოდა. იმიტომაც არ წავედი, ისევ კუნძული ვარჩიე.
  —აქ რატომ არ ჩამოდიხარ, ახლა ხომ უკეთესი სიტუაციაა?—გაოცებული ვუყურებ და ვეუბნები:
  —ახლაც ჩათვალე არ ვარ! ეს საქარველო არაა, რაღაც კოშმარია, ასე დასაცინი არასოდეს ვყოფილვართ ქართველები.
  —რა გვექნა ოდი, რუსს რას მოუგებ!
  —მაშინ არ დაგვეწყო.
  —არ დაგვიწყია!—ამბობს მტკიცედ— ყველა ვარიანტში შემოგვიტევდა!
  —ისევ სამხედროში ხარ?
  —კი, ახლა ცოტა ხნით ტრენინგების სამსახური მაბარია, მაგრამ როგორც კი შტატები ჩამოვა ისევ საწყობში გადავალ.
  —ომში მოგიწია?
  —სენაკში ვიდექით, მერე ბათუმში გადაგვიყვანეს, მთელი სამე თვე იქ ვიყავით.
  —შენ რა გითხარი, მცოდნოდა;  სამი საათის სავალია კუნძულიდან, ბორანით!—ვამბობ დანანებით.
  —არ ვიცოდი. ხომ გეუბნები თემომ ააგდო შენი ადგილი. აგერ ერთი თვის წინ.—ამბობნს კუსა და წამწამებს აფახულებს ჩქარჩაქარა- ესღა შემორჩენია ჭაბუკობიდან—სამივენი ვაპირებდით წამოსვლას, ერთ კვირაში, შენთან. ეჰ, საცოდავი დემური. რამდენს გვეჩიჩინებოდა გახსოვს.
                                      ***
  დემური მღვდლის შვილი იყო, ტრაბახობდა კიდეც ამით. ამ გლახებივით უტვინოების შთამომავალი კი არ ვიყავი, წიგნი ჩვენი ოჯახის ხელობა იყოო- ხანდახან გამოურევდა გაკვეთილზე. მართლაც ოთხივე ძმები სწავლულები გამოვიდნენ. დემური ფილოლოგი, დიომოდე, ფიზიკოსი, დურმიშხანი, ქიმიკოსი, და დემნა მათემატიკოსი.
  —ოდი სად ხარ, თბილისში?—მეუბნება ხატია და ცხვირსახოცს მალავს ჩანთაში.
  —არა, ხატია, კუნძულზე ვარ, გულანშაროში.
  —ვინმე არის ჩვენებური?
  —არა, უკვე მარტო ვარ, თითქმის ყველა შარშან წავიდა თბილისში, ომამდე..
  —თბილისში ხომ არიან ჩვენები, ნომერი იცით ვინმემ?—ამბობს გელას და, ნინო.
  —ბესომ მითხრა ახლახან რომ იყო ჩვენთან და მას შემდეგ ხშირად ვესაუბრები, თეას და თაკოს. დავურეკე, მაგრამ მითხრეს ბავშვებს ვერ ვტოვებთ და შენ მიუსამძიმრე ბესოს ჩვენს ნაცვლადო.
  —მოდი, ბესოსთან ავიდეთ.—ვეუბნები გელას.
  —წამო,—ამბობს კუსა და ავდივართ მეორე სართულზე. ბესო ჩვენს დანახვაზე გვანიშნებს და პატარა ოთახში მიგვიძღვის, მიცვალებული სადაც ასვენია იმის საპირისპიროდ. ეტყობა მართლა რემონტია მთელს სახლში.
  —რა დაემართა ბესო, ასე უცებ?
  —რა ვიცი ბიჭო, კარგად იყო. დაულევია ცოტა და მარშუტკაში,- ყველას ეგონა თურმე ძინავსო,- გათავებულა კაცი, წიგნი ედო მუხლებზე თურმე გადაშილილი.
  —საცოდავი, რამდენჯერ დავაპირე წამოსვლა...—ხელი ჩავიქნიე.
  —გოგოებს უთხარი?—მეკითხება ბესო.
  —გისამძიმრებენ ბესო; ვერ წამოვალთო, მითხრეს. ბავშვებს ვერ ვტოვებთ სადმეო—ბესოს სახე წაუხდა.
  —ჰო კარგი,—მაინც ვერ დამალა—სად ყავთ ასე პატარა ბავშვები...
  —რა ვიცი, შეიძლება საშუალება არ ჰქონდათ— ვცდილობ რაღაც ვთქვა.
  —შენ რომ ამბობდი კლასელები შევიკრიბოთ სენაკშიო—მიუბრინდა კუსა ბესოს—აქ ჩამომსველები იყვნეენ ისინი?!
  —ბესო მოდი, ქუთაისლები არიან— შემოდის ბესოს და, ისეა შეცვლილი... თავიდან ბესოს დედა მეგონა, მერეღა ვიცანი, ასე ახალგაზრდა როგორ იქნებოდა-მეთქი ბესოს დედა. ისიც მასწავლებელი იყო, მუსიკას გვასწავლიდა. ყოველთვის ღიმილი გადამივლის ხილმე მის გახსენებაზე, სულ ერთი და იგივე შენიშვნას მაძლევდა: სიმღერების ტექსტს რომ ვწერდი, ფერადად ვაფორმებდი ხანდახან, ის კიდევ- ჩემი ნაწერის ქვეშ წითელი ხაზი არ გაუსვა, არ შეიძლება ჩემი ნაწერი შენ გაასწოროო. ეტყობა მე ვერ ვხატავდი ტალღებს კარგად.
  ისეთი სევდა მომაწვა, ვინანე, რამ წამომიყვანა-მეთქი.
  —ბიჭებო, მარი მოვიდა, წამო ვნახოთ—ამოვიდა ხატია.
  —ვა, მარიც მოვიდა.—წამოიძახა კუსამ  და ორაზროვნად გამიღიმა. რაღაცნაირად შემითრთოლდა გული.
  ჩავედით ყველანი, სეფაში შეგვიძღვა გუმელი მეზობელი, რომლის სახელი ისევ ვერ გავიხსენე, და კუთხეში მარტო დამგდარ ქალთან მიგვიყვანა, რომელსაც ორო ბავშვი ჰყავდა ატატებული მკერდთან, ორი-სამი წლისანი თუ იქნებოდნენ. გვრდით გელას და ედგა. მას მიუბრუნდა და უთხრა ხმამაღლა:
  —ეს, კუსა, გელა და ეს ოდი ხომ?—ნინომ თავი დაუქნია. გადავკოცნეთ სამივემ. ვცდილობ როგორმე ამოვიცნო მასში მარი: საშინლად გამხდარი, გალეული, კბილები რაღაცნაირად ჩაშავებული თუ რაღაც. ხმა, ხმა მაინც ხომ უნდა შერჩენოდა? ხმა რაღამ შეუცვალა. არც ღიმილი, არც გამოხედვა. ღმერთო ასე რამ შეცვალა?
                                ***
  სასაფლაომდე ფეხით გავყევით გზას, ზვიადი დამემგზავრა, მთელი რუსეთის ამბები მომიყვა,თუ მიდიხარ ისევ-მეთქი ვკითხე. “ალბათ კიო”, “მერედა რას მიდიხარ იმ გასაწყვეტლებში-მეთქი”, ეშმაკურად გაიღიმა და მითხრა “გასაწყვეტადო” და გაიცინა.
                                ***

  —ამის დედა ვატირე, კაცს დაბადებიდან წიგნი არ გაუგდია ხელიდან!— დამწუხრებული დაჰყურებს ბესო საფლავის ბორცვს, ნიჩბით რომ ასწორებენ  ჭირისუფლები. დანანებით ვუქნევ თავს. ლამისაა გული ამომივარდეს, ათიოდე წუთი ვყრიდი მიწას სამარეში და კინაღამ გამივარდა ნიჩაბი ხელიდან, კიდევ კარგი გელამ, დააგდე და მე გავაგრძელებო მითხრა. უცებ ვერც მოვედი გონზე, მერე გამახსენდა ხელში ნიჩბის მიწოდებაზე ვააშინერსო რომ ამბობდნენ და დავაგდე.
                                ***
  მესამე ჭიქის მერეღა ვკითხე მარის, მათემატიკას რა უყავი მეთქი?
  —ესენი ვარჩიე— მითხრა, ბავშვებზე მიმითითა და გაიღიმა. შორიდან, ძალიან შორიდან მოვიდა, მის გაბადრულ სახეში ატივტივდა, ოცი წლის წინანდელი გოგოს სახება.
  —ეს ვინაა, რაა!—ბორგავს კუსა.
  —რა მოხდა.
  —შტერია ეს ახვარი, ერთი საათია სამი სადღეგრძელო აქვს ნათქვამი. ქორწილი ხომ არაა?
  —კარგი მოეშვი—კინაღამ გამეცინა.
  —ამ ჩათლახს, ჯერ დემურის ხსენების არ უთქვამს და ვიღაც თესლის შვილის ხსენებას ამბობს!
  —კარგი დაწყნარდი—შევწუხდი.
  —მოკლეს კაცი და ახლა კიდევ დასცინიან!
  —ბიჭებო აბა კარგად მე უნდა წავიდე!—წამოდგა მარი—მეუღლე მელოდება.
  —წამო გავაცილოთ—ვეუბნები კუსას.
  —წამოდი, ამ ახვართან მაინც არ გაიჩერება.
  —რა  ქნეს ასეთი?
  —ახვრებმა ბიჭო, დემური გამოუშვეს სკოლიდან და ვიღაც თესლი არჩიეს! და ამ ახვარმა გუმელმა სევერიანმა, იმას დაუჭირა მხარი; დემურის დაბარებული ჰქონდა, ის ახვარი არ მოუშვათ  ჩემს ტირილშიო. ეს კიდევ სადღერგრძელოებს უკვეთავს.
  —დემური როგორ გამოუშვეს სკოლიდან?—გაოცებისაგან არ ვიცი რა ვთქვა__მერე ვინ მიიღეს ეს რომ გაუშვეს?
  —მაგათი დედაც!—გავეშებულია კუსა.
  მივყვებით ყველანი მარის.
  —ერთი გაგვაცანი რა ქმარი გყავს ასეთი,—ამბობს გელა—ხუთი ბავშვის მამა.
  მარის ეცინება.
  — აი, გაიცანით—  არ ველოდი ასე უცებ; გაზ ოცდაოთხთან ატუზელი. ორმოციოდე წლის საქმიანი კაცი წარმოგვიდგინა. ყველამ გადავკოცნეთ.
  —ხშირად დაგირეკავთ აწი—ვეუბნები მარის.
  —რა თქმა უნდა. მე არ მაქვს მობილური, მაგრამ აგერ  მეუღლეს დაურეკეთ და არაა პრობლება.
  —აუცილებლად, რომ მოხვდები ჩხოროწყუში აუცილებლად გვნახეთ.—ამბობს დინჯად ბატონი ბაგრატი და ნაზად სვამს მარის მანქანაში.
  —ვინაა?—ვეუბნები კუსას, როცა საკუთარ გამონაბოლქვში უიჩინარდება მანქანა.
  —ჩხოროწყუს გამგებელია.
  —    იქნება.— ვამბობ ჩუმად. მერე ბიჭებს მივუბრუნდი და ვეუბნები.
  —    მეც წავედი ბიჭებო.
  —    რას ამბობ, ხომ თქვი ვრჩები დღეს შენთანო—ამბობს გელა —    არა წავალ,—ერთი სული მაგვს ახლავე გავიქცე.
  —    წამო ბესო ვნახოთ.—ამბობს კუსა. ბესო გამოვიხმეთ. ბრაზდება:
  — არა გამორიცხულია. ჩვენ ჩამოვჯდეთ უნდა.
  —    არა, რა! გარგ შემთხევაში, ახლა მაინც არ გვექნება რამეს თავი. მერე ჩამოვალ.  თქვენაც ჩამოხვალთ და მაშინ ჩამოვჯდეთ. ახლა არაფრის ხალისი არა მაქვს.— ვეუბნები და მივდივარ ცენტრალური მაგისტრალისკენ. ბესო გადამეხვია ერთხელაც და წავედი. გელა და კუსა მომყვებიან. მეც წამოვალო, ბესომ.
  —ხომ არ გაგიჟდი შენ მიხედე რა შენს საქმეს.
  —ხო კარგი. აგერ ბიჭები გაგყვებიან.
  გავედით მაგისტრალზე და ველოდები ფოთისკენ მიმავალ მანქანას. ძლივს ერთმა გაგვიჩერა, მაგრამ სწორედ მაშინ გვირეკავს ბესო და იძულებული ვართ გავუშვათ ავტობუსი.
ცოტა ხანში თვითონ მოდის შავი მერსედესით.
  —დაჯექით.
  —ბიჭო მიხედე შენს საქმეს—შევწუხდი სერიოზულად.
  —ჰო, რა დაჯექით ახლა.
  სამივენი უკანა სავარძელზე ვსხდებით.
  —გაიცანით ეს ჩემი ცოლია—გაოცებული ვაჩერდები წინა სავარძელზე მოკალათებული ქალის კეფას.—გაიცანი გოგო, ჩემი ძმები არია.— ქალი უხერხულად იხედება ჩვენსკენ და უხმოდ გვიქნევს თავს.—ეს წუთია ჩამოვიდნენ მოსკოვიდან ეს და დედამისი.—ოდი საით, ფოთში ხომ?
  — და რა, იქ უნდა წამოხვიდე?—ვეკითხები უკმაყოფილოდ.
  — მერე რაა, ოც წუთში მიგიყვან.
  — გამორიცხულია!
  — რაა, გამორიცხული ბიჭო? რაუნდა მაგას.?—ამბობს ბესო და სიჩქარეს უმატებს.
  — გააჩერე.
  — რა იყო?
  — გააჩერე, არა მივდივარ.—არ აჩერებს და სარკიდან მიყურებს.
  — გააჩერე არ მივდივარ, გელასთან  ვრჩები ნოსირში.
  — აგაშენა ღმერთმა—ამბობს გელა.
  — ნაღდად?—ეჭვით მიყურებს ბესო.
  — ნაღდად. წაგვიყვანე, ნოსირში.
  ბესო მანქანას მკვეთრად ატრიალებს და ნოსირისკენ კრიბავს სიჩქარეს. ელვის უსწრაფესად უჩინარდებიან მაგისტრალის გაყოლებაზე ხეები და სარკმლის წინ მიმქროლავი სანახები შეუმჩნევლად მიმაქანებენ წინ, ბავშვობაში.


20.0V.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები