ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


ჩემს სამშობლოში _ მე ემიგრანტი./პოემა/

წვიმს... უსინათლო ქალაქი ახლა
მღვიმეს წააგავს ხვლიკთა საბუდარს,
ქვაფენილზე კი შედედებულ სისხლს
იტაცებს ღვარი
და ჩაღამებულ სადარბაზოთა
დატბორვას ლამობს.
1.
ისევ ისვრიან, ეძებენ სიკვდილს,
ტყვიის ჯერია ისევ გაბმული
და დათალხული დედების კივილს
ცა ყორნისფერად აქვთ დაძაძული.
პირქუში მზერა, ნისკარტი ყორნის,
მზარავი ელდა, კუბო თუთიის,
უსახურ გვამებს ძერები კორტნის,
ფერები მრუმე, როგორც მუმიის.
თუთიის კუბო, ზმანება უხმო,
თბილისის გზაზე, ეგრისის გზაზე.
გუბდება ცრემლი უფრო და უფრო,
ეკლები შიშის მესხმება ტანზე.
შავ მერცხლებივით დები, დედები
ძაძებით, უხმოდ დგანან საფლავთან,
ციდან დაეშვა ღამე ვედრებით,
მაცილის ტყვიით, როცა დამთავრდა
სიცოცხლე, როგორც სხივი პატარა,
ბარტყის აფრენა ციცქნა ბუდიდან
გაღიმებული იდგა სატანა,
ჩვენს ჯოჯოხეთში ჩანთქმას უცდიდა.
გარეთ მტერია, შიგნით მტერია,
ტყვიის ჯერია ისევ გაბმული,
აღარც ერია, აღარც ბერია,
სისხლისფერია ახლა მამული.
2.
ვუცქერ მდუმარედ _ მკვდარი ქალაქი...
საჭურის სულთა როკვა, ზეობა
იყო ცხადი თუ სიზმრად ნანახი
სისხლით გამომთვრალ ვამპირთ ღრეობა.
ღამეა მუნჯი, სამყარო მთვრალი
ცოდვების გამო ვეღარ იძინებს,
ციდან მოსწყდება ღვართქაფად ღვარი
და ქვის საწოლზე დაიქვითინებს.
ეს მე ვარ, ვინაც თოვაში ბინა,
მზეში ვერ ჰპოვა მცირე საჩრდილო,
ტაძარმა ოხვრით ამოიგმინა,
დედა კივილით მომძახის, _ შვილო!
და გულ-ღვიძლს ბუღრავს ბოღმა გაჩრილი,
არ შეიძლება, რომ არ ვიყვირო,
შენ მაინც რატომ გეცვლება ნირი,
უფლისციხის ქვის ბერო ქვითკირო.
ცხოვრება ნუთუ სულ ამაოა_
უფლის ხმას ძრწოლით მივაპყარ ყური_
და ერთი დიდი სასაფლაოა
ცხუმი, გუმისმთა და კელასური.
დღეები ფლიდი, გონჯი, ავსული,
გონის ამრევი შიში და ელდა
და ვდგავარ ისე, ვით დაძაძული,
შვილის ცხედართან მდუმარი დედა.
3.
მეგონა, მიწა ჩაიქცეოდა,
მეგონა, ზეცა ჩაიქცეოდა,
სარკოფაგებში ველურ ჯალათთა
სისხლი ღვარებად ჩაინთქმებოდა.
ვუმზერ ჭუბერზე გაყინულ ბავშვის
თვალებს და ჟრჟოლით მოდის ნაღველი,
რომ მიმატოვა მთელმა სამყარომ,
ნუთუ არაა ჩემი საშველი?!
4.
ღრუბლებში მთვარე მოცურავს ნელა,
ქედებზე უკვე წვება ნისლები,
თანდათან როგორ მშორდება ყველა,
თურმე არავის აღარ ვჭირდები.
ჩემს სამშობლოში მე – ემიგრანტი
სამშობლოს ვეძებ საქართველოდან,
თურქი, მონღოლი თუ ემირატი
მმტრობდა და არვინ მე არ მშველოდა.
მთის წყალმა, ერთ დროს თავისუფალმა,
ჭაობში როგორ ჰპოვოს ადგილი.
სხვა არაფერი, იცის უფალმა,
ქართველობისთვის რომ ვარ დასჯილი.
5.
ფერდობზე გულთეთრა ბალახი,
ჭალებში ჭილი და ლელი,
ენგურის მურწა და კალმახი
ნეკერჩხლის ფერივით მწველი.
წყარო სიპ ლოდებზე დახლილი,
ყვავილთა ფარდაგი ჭრელი
და სევდა, კანკელთან განცდილი,_
ბედიის ლოდივით ძველი.
6.
აფხაზეთო, სულის სიმო, ცრემლო, ცრემლზე
უფრო მეტო,
როგორ უნდა გიორგულო, როგორ უნდა
გაგიმეტო,
ვანაცვალო შენს ცას სხვა ცა,
შენს მზეს სხვისი ბოსლის ჩრდილი.
რუსულ ჩექმით გადათელილ
შენს მოლისფერ მინდვრებს ვტირი.
აფხაზეთი, ტკივილი და ნანა, როგორც ლოცვა
ტკბილი,
სხვა ზეცის ქვეშ ღამე გატყდა, სანატრელი
გახდა ძილი.
მესიზმრება, მელანდება, მენატრება ჩემი ოდა,
გული გატყდა, რწმენა გატყდა, მუხლმაც
ლამის ჩაიჩოქა,
ყველა მგლეჯდა, ყველა მწეწდა,
სიყვარულს კი არვინ მთხოვდა,
მელანდება, მენატრება, მესიზმრება ჩემი ოდა.
გამომიღებს კარებს ცირა
და მომაწვდის დოქით ღვინოს,
პალმის ჩრდილში მზე დაწვება,
ცოტათი რომ მოიჩრდილოს,
ცოლი აკვანს დაღუღუნებს
და დაგალობს,_ ნანა, – შვილო,
მკრთალ ბურანში თითქოს ვხედავ
ტაოსა და საინგილოს.
ვაი, ხვალ თუ ჩემი ბედი
ა, იმგვარი ბედის გახდეს,
ძარღვი გაწყდეს, ივერიის
საქართველო დასამარდეს.
ვაი, ხვალ თუ დასაცავი
გოჯიც უკვე აღარ დარჩეს.
ვინც გადარჩეს, უსამშობლოდ
გათათრდეს და გადაჩარჩდეს,
ვაი, ხვალ თუ დასაცავი
არაფერი აღარ დარჩეს.
7.
რუსი მოდის... რუსი მოდის...
ხიშტებით და ჯინჯილებით,
ვაი მეფეს, ვაი მსახურთ,
ფოჩებზე რომ იყიდებით.
ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა,
სხვის მსახურად ვის ვჭირდებით,
ათენსა და ისტამბულში
მონებივით ვიხიზნებით.
გაგრა სისხლით გაღებილი,
ცრემლდაღვრილი ქვები ლოდის,
ცა, საავდროდ აღრენილი,
რუსი მოდის... რუსი მოდის...
8.
თითქოს ბელზებლის შხამისგან
გაშავდა ქართვლის რუკა,
ბრძანება მთავარსარდლისა
მწყობრად დახევა უკან.
თითქოს ზარები ბედიის
თავგანწირულად რეკავს.
და ვერ ხვდებიან ბიჭები
სარდლის ამ მზაკვრულ გეგმას.
ვერ იჯერებენ ბიჭები,
იწირებიან ცეცხლში,
დაფლეთილ მკერდით შედიან
ზეციურ სამოთხეში.
ჩემო ტანჯულო ქვეყანავ,
გამოკვებილო სისხლით,
მოყვარე მტრისგან ძლეულო,
გულში ფარული ისრით,
გამარჯვებული ვმარცხდებით
ძმები, შეკრული ფიცით.
9.
ტოტალური ღალატი,
ტოტალური ცინიზმი,
ტოტალური მკვლელობა,
ყინვის შანდლებია წინ,
ყინვის მათრახებია
და ავსულთა მსვლელობა.
წვეთავს შხამი გორგონას,
სისხლისფერი მდინარე
წყევით მიედინება.
კარნავალი არის დღეს,
თავად ლიუციფერმა _
ანტიქრისტემ ინება.
დგანან დაღვრემილები
უსამშობლო შვილები,
მეფის ნასუფრალით კი
კარისკაცნი ძღებიან.
სოროში მოცახცახე
მშიერი ბახალები
სიკვდილს, როგორც საჩუქარს
ისე ეგებებიან.
ტოტალური ღალატი,
ტოტალური ღალატი,
დადის, როგორც საზარი
აგონია, სიკვდილი,
თითქოს ,,სალოვკაში” ვარ,
,,ტროიკა” წერს განაჩენს
და ვაგდივარ საკანში
ასე ღონემიხდილი.
რჩება ხსოვნის ეკრანზე
ორად-ორი სახელი,
სიკვდილი... ჯოჯოხეთი...
ჯოჯოხეთი... სიკვდილი...
ტოტალური ღალატი,
ტოტალური ღალატი,
ტოტალური ღალატი
და იუდას სიცილი...
10.
მოღალატე მეფითა და
მოღალატე ვეზირებით,
სამშობლოში უსამშობლოდ
ვილევით და ვეწირებით
უცხო ტომს და უცხო ჯილაგს
და შინაურ ცოდვის კაცებს.
ტახტი გინდა, ოქრო გინდა,
ვინ რას გიშლის, იავკაცე!
მდიდარი ვარ არა პურით,
ფულითა და ვექსილებით,
მოღალატე მეფითა და
მოღალატე ვეზირებით.
11.
კოშმარული ხილვის წელი,
მაგიური ცოდვის ხელი,
ძრწოლისა და შიშის მგვრელი,
უსასოოდ ზიხარ, ელი,
როგორც ლოტი, როგორც ნოე,
როგორც ადამ პირვანდელი.
ღრუბლის ზედა მარჯვნივ მჯდომარს
და ბიბლიურ ნათელს ელი;
ერთ შავ ჯამში ჩათქვეფილი
კაცი ტლუ და კაცი ბრძენი,
ვაი ამერ, ვაი იმერ,
ვაი, ცოდვილ სამწყსო ჩვენი.
12.
წმიდაო, სიმონ კანანელო,
უფლისა თვალო მოციქულო,
მიწავ, დედასავით სანატრელო,
ცაო, ლაჟვარდებით მოსირმულო;
ჟამი ყოფილი თუ არყოფილი,
ცრემლით, ნგრევითა და შენებითა,
ათონში შენს საფლავს დამხობილი
უხმოდ  მოქვითინე ვედრებითა.
ცრემლია, მამაო, შენს მიწაზე
და ჩვილთა უგონო ატირება,
შავი გრაგნილები დაჭრილ ცაზე,
დედათა გულმწარე აკივლება.
სიზმარში ყველა ანგელოსი,
ვაიმე, ცრემლებით მეცხადება,
სამშობლომკვდარი ვარ სამშობლოში,
დღე მოდის ისე, ვით შეცხადება.
წმიდაო, მიწყალე მტრის ჯინაზე,
მოსრე და დაამხე ავთ ბუნება,
და სანამ ცოცხალ ვარ, გევედრები,
მომასწარ კერასთან დაბრუნება.

13.
შორს, ნისლში ტაო, აქვე ცხუმია
და ქართვლის გულზე ყაყაჩოსფრად დაწინწკლული
ლურჯი მინდვრები,
მაპატიე თუ, როგორც დედას შვილებდაკარგულს,
ისე, იმგვარად მენატრები
და მომინდები.
ვიდექი, სადაც საქარავნე გზები დიოდა,
წარმტაცეს ოქროს საწმისი თუ
ბროლის თასივით მოქათქათე
აბრეშუმები,
და გადიოდნენ შირვანის თუ
ტამბოვის გზებით
უთვალავ ფერით დატვირთული
ჩემი ურმები.
14.
ვიდრე მაცილი ასჯერ დამცდიდა,
მე ჩემს კერაზე მეჭირა თვალი,
მემტერებოდა დღიდან აკვნისა
რუსის ხიშტი და ჩემი ძმის ხმალი.
ვიდრე მაცილი ასჯერ დამცდიდა,
მე ჩემს კერაზე მეჭირა თვალი,
სხვისი სამადლო მაინც რა მჭირდა,
გულრიფშის ცა და ღალიძგას წყალი.
მიუსერა და ჩემი ეშერა,
თავადიანთა სამურზაყანო,
რა ცოდვის გამო მე ეს მეწერა,
თქვით, ძველი საყდრის ბერო მამანო!
15.
ვტოვებდი სახლ _ კარს, ქარი ბღაოდა,
ძაღლი კარებთან უხმოდ მიცდიდა,
მწვავდა არესის მუხანათობა,
რომ მაშორებდნენ ჩემი მიწიდან.
გავედრებ, ჯვარო ილორისაო,
ჩვილის უნაზეს უმანკოებით,
მშვიდობით, ცაო კოდორისაო,
მშვიდობით, ცაო, ოღონდ დროებით.
16.
და უცხო, ცივი, მღვრიე ქალაქი,
თითქოს ბურუსი, მირაჟი თითქოს,
მოვა კი ვინმე ჩემი ერთგული,
სანუგეშებლად გაიღებს სითბოს?!
ფიქრები: ცხუმის ცა მოქვითინე,
ფიქრები: ფსოუს დაჭრილი მიწა,
რა იყო მაინც, რა ბედისწერად,
რა განსაცდელად სამშობლო იქცა.
სივრცე ხილული და უხილავი,
ჟამი განცდილი და განსაცდელი,
ხსოვნაში ცრემლი არის მამული,
როგორც სექტემბრის დღე შარშანდელი.
დედა პარმაღზე კითხულობს გაზეთს,
კადრს ერთი წუთით ვაბრუნებ უკან,
დუმან რუსული ზარბაზნები და
ნაღმები, როგორც ჭადრები, დუმან.
ქალაქი გახდა ყინვის გისოსი,
დედა, შეჩერდი, ჯერია ტყვიის,
ტირის თოჯინა თვალებბუსკუნა,
ტირის ლარნაკი, იებიც ტირის.
დრო, დრო სად არის, მოძრაობს კადრი,
ეცემა დედა და წყდება ლენტი,
ფრესკებს ზედ გულზე ეხლება ტყვია,
წინ ცხედრით სავსე ნაცნობი ხედი.
სამშობლო! დედა! ზოგჯერ ეს ფიქრი
ძილში ციებით შემაფრთხობს მწარედ,
გავაღებ ფანჯრებს _ ღამე უმთვარო
და ჭოტის ცივი კივილი გარეთ.
მე რასაც ვუცქერ, ცოდვის კალოა,
ეს მგლების ხროვის ჟამია მხოლოდ,
ჟამი ჟამს მისდევს, წლები წლებს ერთვის,
ჭეშმარიტების გარეშე ვცხოვრობთ.
მე ცოდვილი ვარ, შენ ცოდვილი ხარ,
სამყარო ახლა არის ცოდვილი,
და ეს ცხოვრება რისთვის ან რატომ
რის საფასურად არის მოსჯილი.
მაგრამ ხომ იყო ქეთევან, დავით,
იყო ცოტნე და იყო ილია,
თუ ეს ცხოვრება იმათი ნათლის
ქვეშ მორიალე მრუდე ჩრდილია.
აქ როცა ვზვავობთ, იქნება მაშინ
ცაში ვმარცხდებით განწირულები,
პირველი კეთრი როდის გვეყრება,
როდის ბერწდება ჩვენი სულები.
და რაც მეგონა, რომ იყო წმინდა,
თურმე სანაგვეს ნეხვივით ყარდა,
და იყო ჩემი ცხოვრება ომი
მტერთან, ძმასთან და საკუთარ თავთან.
ტანჯვით, კირთებით ცხოვრება ჩემი
დგას უფლის წინ და განკითხვას ელის,
მე, ვისაც მქონდა სული მწყერჩიტის
თუ საშოვარზე გასული მგელის.
ბავშვი ტირილით ხვდება გაჩენას,
მოხუცი ცრემლით ტოვებს ცხოვრებას,
ნუთუ აქ არის, აქ ყველაფერი,
იქ არაფერიც არ გველოდება.
მაგრამ ეს ფიქრი მღვრიე ფიქრია,
ტაძრის, ბიბლიის გარეთ ვცხოვრობდით.
რომ სულზე მეტად ხორცზე გვეფიქრა,
ტახტს ვანგრევდით და დაშნით ვომობდით.
ვუცქერ სვეტებზე მილურსმულ პორტრეტს,
არის სატანა? არის მესია?
მაგრამ ხომ იცი, ხსნაც და დაღუპვაც,
მხოლოდ და მხოლოდ მაინც შენშია.
ვხედავდი კერპებს თუ როგორ კვეთდნენ
თავებს და გვამთა დგებოდა ზვინი
და ედებოდა მბზინავ დარბაზებს
გაავებული ველური ჟინი.
გვამი და გვამი, სისხლი და სიხლი,
ვაფათურებდით ბნელეთში ხელებს,
და თითქოს ყელზე ლაოკოონის
რკინის ჯაჭვებით ახვევდნენ გველებს.
17.
გაყოფილია ტკივილი ორად,
ცრემლები ორად, ქვითინი ორად,
ღიმილი ორად, ხარხარი ორად,
მდედრად და მამრად, კაცად და ღორად,
გაყოფილია სამყარო ორად.
გალიის ჩიტად, ყანების ქორად,
გზა მიდის მარცხნივ, გზა მიდის მარჯვნივ,
გაყოფილია ბილიკი ორად,
ახლადამოშლილ სურნელად იის,
ყვავებისაგან დაძიძგნილ მძორად,
სამოთხეებად, ჯოჯოხეთებად,
ქვესკნელი ძირს და ზესკნელი ცაში,
რაველისა და ჰენდელის ბგერად,
მარშად, რომელიც გაბრუებს გზაში...
გაყოფილია სამყარო ორად.
18.
სამშობლო, სევდა უზარმაზარი,
სამშობლო გახდა დიდი ბაზარი,
ცხოვრებას არვინ არ მიმარტივებს,
ვყიდი საცვლებს და პრეზერვატივებს.
ელიავას ბაზარი, ნავთლუღის ბაზარი
და ლილოს ბაზარი.
ეს ჩემი სახლია, ყანა და ვაზია
და ჩემი საფარი.
ქარში და წვიმაში,
თოვლში და ყინვაში,
დახლისპირ დამდგარი.
იქ _ ბზიფი, კოდორი,
გალი და გუმისმთა
დაფერფლილ _ დამწვარი.
19.
სიცხეშიც, ქარშიც დგახარ და დგახარ,
გაგხუნებია სახე, ხელები,
დახლთან მოწყენილ ბეღურას ჰგავხარ,
წინ მღვრიე, ჭრელი, უშნო ხედები.
შენ მაინც დგახარ, დგახარ და დგახარ,
ბედისგან უღვთო ყოფით მისჯილი,
ბაზრის კუთხეში მორცხვად რომ ჩანხარ,
ჩემი სამშობლოს არის სირცხვილი.
გაივლის ეს დრო, ეს ჯოჯოხეთი,
სამყაროს ცოდვის, ანომალიის,
შენ გაყიდული ხარ სილამაზე
და ფრთებმოცლილი ჩიტი გალიის.
რა ქნას ფრინველმა თავისუფალმა,
გისოსებს შუა თუა გაჩრილი,
სხვა არაფერი, იცის უფალმა,
ქართველობისთვის რომ ხარ დასჯილი.
20..
ვაი, ერო უმრევლო და უმწყემსო და დაცემულო,
მტრის ძალით და მოყვრის ხელით ნაგვემო და გაცემულო,
ზეცა, ტყვიით დასერილი, უიმედოდ სხვისი არი,
ვგდივარ ახლა ბზიფის პირას ნაცემი და ნატყვიარი.
ვაი, ხალხო, ხრიოკ ველზე გამოსულო საბალახოდ,
შენი ასე დამცირება, ღმერთმა ქნას, და აღარ ვნახო.
21.
                  განცხადება
(მიმართვა მსოფლიოს სახელმწიფოებისადმი)

მოდით, იყიდეთ ჩემი სამშობლო,
გამოვაცხადეთ უკვე ტენდერი,
არ დაგვიწუნოთ, ოღონდ, ბატონო,
რა ვუყოთ, თუკი არის ბებერი.
                            საქართველოს მთავრობა.
22.
აკვნებით და ხელში ხმლებით,
დაბრუნდებით ღირსებით,
ტყუილების დიდი მთებით,
ვივსებით და ვივსებით.
ნაწილ-ნაწილ, წვეთ-წვეთობით,
ვილევით და ვიცლებით,
ამ საერთო საფლავიდან
სხვაგან სად გავიქცევით,
ხან დიქტორი გვაქილიკებს,
როგორ ცუდად ვიქცევით,
სახლი _ არა, პური _ არა,
შიმშილისგან ვიქცევით.
იქ საფლავებს ვეღარ ვტირით,
აქ დღეებს ვკლავთ ოცნებით,
ყველაფერი მოგვარდება,
ჩვენც თუ დავიხოცებით.
23.
ვაი, ჩემი საყდარი და
ვაი, ჩემი ფუძის სვეტი,
დაფლეთილი აბჯარი და
სული, ხორცზე უფრო მეტი.
ჯვარცმა იყო, გვემა იყო,
ცრემლი იყო ჩემი ბედი.
უფლის ხატს და უფლის სამსჭვალს
დაჩოქილი თაყვანს ვცემდი.
სხვა ანბანსაც ვერა სცნობდა,
მე რომ წიგნს და ეტრატს ვწერდი,
ყველა ხიზანს ვიფარებდი,
პურს ვუყოფდი, პატივს ვდებდი,
ბოლოს ყველა ამიხირდა,
ცეცხლით მსდიენ სამარემდინ.
ამდენ ომში ვკვდები, ნანა,
გავილიე, გავნახევრდი,
ზეცა შემრჩა დახანძრული,
მიწა შემრჩა მისახედი,
აჩეხილი ვენახი და
ამოთხვრილი სისხლში ხედი.
24.
არ მეძინება, ცოდვის ღამეა,
და ერთი მწარე ფიქრი მაწუხებს,
სამშობლო უკვე გაყიდულია,
რომ ცრემლი ყელში მაჭდობს მარწუხებს.
ეს ყოფა რაა,  გრძელი ქვითინი,
ჯვარცმის რა მწარე ჟამი მელოდა,
ჩემს სამშობლოში _ მე ემიგრანტი
სამშობლოს ვეძებ საქართველოდან.
სინათლე თითქოს დამარხულია,
რა ეშველებათ ჩიტებს ავდარში?!
და გადარჩენის ფიქრში ოცნების
ჩუმად შევდივარ, როგორც ტაძარში!..
                                    1993წელი











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები