ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2009


* * *

სიკვდილი უნდა კარნავალს ჰგავდეს,
სიცოცხლე უნდა ჰგავდეს გაფრენას,
ლექსი _ ირმების ხმამაღალ ყვირილს,
ქალი _ ნისლების მოლზე დაფენას.

წვიმის სქელ თქეშში თუ ვილუმპები,
ვნება უფრთოდ არ დაიურვება,
გალას არ იყოს, ისე მწყურდები,
ტანში ცეცხლივით მიტანს ხურვება.

მე სული ჩემი ლექსში ვიგულვე,
შეუძლებელი ხომ მაინც შევძელ,
ვაი მას, ვინაც ისე წავიდა,
ვერ გაიხედა ზეცისკენ ერთხელ...
                                        1988წელი
***
დავიგვიანე მე თქვენთან მოსვლა,
წითელ ნიშანთან ვდგავარ და ველი,
რა მელოდება? სასახლე მონსტრთა,
პარნასი ან თუ გვამების ველი.
გახევებულ და გულშავი მზერით
ჩასაფრებული გუნდები სვავთა,
გადალიგვებულ უსახურ ფერით
ჩაჟანგებული ხუნდები ავთა.
ძეძვები იყო ხშირი, უვალი,
ცა იყო მძიმე, გონება ყარდა,
ჩიტიც არ სტვენდა თავისუფალი,
ანგელოსთა და ქერუბიმთ გარდა.
ყოფით დაწეწილ თოკს თუ ვეწევი,
ვიცი, ეს წამიც ხვალ იწარსულებს
და სადღაც მაინც წამოგეწევით
ჩემზე წინ მწვანე შუქზე წასულებს...
                                        1994წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს