ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2009


მოსე (რომანი-გაგრძელება- IV თავი)

                               
                                თავი მეოთხე

,,მოსე!’’
და ცეცხლი ედება ბუჩქნარს...
,,მოსე!’’
და ირგვლივ მიმოიხედა....
,,მოსე!’’
ნამდვილად არ მეჩვენება...
,,ეგვიპტეში შენს ხალხს ხსნა უნდა
მონობისაგან’’...
განა რა მოხდა?...
,,არაფერი. დრო მოვიდა!’’
და მე რაღა ვქნა?...
მოსეს  გულში კი:
არა, ნამდვილად არა ვარ გიჟი,
ცეცხლწაკიდებულ ბუჩქს ვუსმენ
და არაფერი არ მეჩვენება....
,,არ გეჩვენება! ეს მე ვარ, ვინც ვარ!
მე ვარ უფალი შენი მამისა!’’
იწვის ბუჩქი და... თანაც არ იწვის?
შეუწვაობა არის ნიშანი თავად უფლისა.

და საუბარი რომ არ შეეძლო, ხან ეს იფარა, ხან იწუწუნა, გრძელიაო ეგვიპტის გზა, თანაც საშიში ... რადგან ..... სად შემიძლია დავარწმუნო ურწმუნო მონა უფლის ძალაში, რა სასწაულით? რომ დათმოს ძველი ნაჩვევი ჭირი, ახალი ლხინის შოვნის იმედით. ცარიელ იმედს ცარიელი სიტყვის ანაბრად ვინ წამოჰყვება?......
,,მცირედმრწმენო, როგორ მიბედავ?
მე გიბოძებ სასწაულს და ბაგეს საუბრად.... 
რომ გაიყვანო ჩემი ხალხი შენ ეგვიპტიდან!’’....
ფარაონი?....
,,თუ გაკერპდა და არ გაგიშვათ  ჩემს სამსახურად, მას მე მივხედავ!’’

ბუჩქს შეუწვავს ცეცხლი ეკიდა.... სახედაფარულს, შიში მქონდა, რომ უფალი  მეხილა თვალით....

არა, ეს წერა, ჩემი წერაა..... ბოლო- ბოლო როდემდე უნდა ვიტყუო თავი......
ჰაჰაჰაჰა... ვითომ, მოსე გეწვია, მეგობარო, თავად მოსე და....  რაო, რა გიამბო?.....
ერთი პატარა დეტალი მაინც თქვი ისეთი, ბიბლიაში რომ არ იყოს ......
მოსე იმ ბუჩქს,  ხელითაც რომ  შეეხო?....
რომელ ბუჩქს, ცეცხლწაკიდებულ მაყვლის ბუჩქს, შეუწვავს?
და ბიბლიის მიხედვით, უფალმა იმ მიწაზე, სადაც ის მაყვლოვანი იზრდებოდა, მოსეს ფეხიც კი არ დაადგმევინა, წმინდააო..... და ხელით როგორღა შეეხო.....
შეეხო, შეეხო.... დეტალი მინდა არაბიბლიურიო, და აჰა!
მოსე  შეუწვავ მაყვლოვანს ხელით შეეხო, რადგან მცირედმრწმენს უნდოდა დარწმუნება, მართლა რომ არ იწვოდა და თბილი რომ არ იყო.....
ეს თავად გითხრა? ...
კი, თავად.
არა, ეს წერა, ჩემი წერაა..... მორჩა, აღარ დავამატებ სასმელს ჭიქაში..... ისედაც  საკმარისზე მეტია.

და მაყვლოვანის ბუჩქს შეუწვავს ცეცხლი ეკიდა....
ლურჯად მკრთომარე, მოლივლივე ნათელს მაფრქვევდა
გრილს და საამურს და თავისკენ ისეთი ძალით მეზიდებოდა...
სახედაფარულს, შიში მქონდა რომ უფალი თვალით მეხილა!
შეხების სურვილს, გაუსაძლისს, ვემსხვერპლებოდი,
ანგელოზმა ფრთებით მიფარა.....
,, შე, უგნურო მცირედმორწმუნევ,
უმადლოდე შენს ანგელოზს ,რომ ვერ შემეხე!
აწ ეგ ხელი კეთრის ბუდედ გადაიქცევა....’’
უფალო, მერე  რით გემსახურო?
,,მორჩილებით, დიდი რწმენით და ისევ რწმენის
სასწაულით გაჯანსაღდები....
ჩაიყავი უბეში ხელი! ახლა დახედე!’’
უფალო, გმადლობ!....
,,კეთრის და კვერთხის გველად ქცევის სასწაულით
დაგეხმარები,  კვლავ მეურჩები?....’’
როგორ გავბედავ?
,,მაშ კარგი, თუ არ გასჭრა მათზე მხოლოდ  ამ ორმა ძალამ,
კიდევ განიჭებ წყლის სისხლადქცევის სასწაულებას!..... ’’

გამაყრუებელი დუმილი იდგა...... შორიდან ტანკების ბორბლების ხმა გარკვევით ახლოვდებოდა....
პატრიარქი: ,,წავიდეთ ტაძარში და ვილოცოთ!’’.....
,,არა , ჩვენ ღმერთს შევფიცეთ, რომ არ დავთმობთ!’’
ტანკების ბორბლების ხმა...... რაღაც ყმუილისებური სიჩუმე მოლოდინისა.... ეშმა თუ კიოდა....თუ.....
და ფანდურზე დაკრულმა სიმღერამ ხანჯალივით გაკვეთა შედედებული მკივანი სიჩუმე.....
........დაააუკარიიიით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეეეცეს......

ლოზუნგების ქვეყანა წითელსახადმოხდილი თითქოს იმ ერთ ღამეში გამოფხიზლდა....
...... რუსთაველზე  შევარდნილ რუსულ ტანკს ხის ჯოხს გამეტებით ურტყამს ახალგაზრდა ვაჟი.....
ეს სურათი ჩემთვის  მარადიულად დროში უცვლელი  ქართული ხასიათის სიმბოლოა.... 
გახსოვთ, ქართულ ზღაპარი?.....ნაცარქექია სადგისით ათვინიერებს უზარმარაზარ დევს....
....... რწმენამ?..... ჯერ ვერა....სადა გვქონდა  საიმისო....  და პატრიარქის შეგონებაც როდი ვიწამეთ...
ვით ურწმუნოებს, მხოლოდ ხილული სასწაული გვეწყურებოდა და მივიღეთ!...
თავგანწირვის სასწაულმა გამოგვიყვანა..... წმინდანებმა დადეს სულები.....

დღეს კმარა....მძიმედ მიდის ყველა სტრიქონი...
ტკივილს....
ანაგლეჯს გულიდან კივილს და ცრემლს სინანულისას, ვეღარ ვერევი...
ნუთუ ორმოცი წელი უნდა ვიხეტიალოთ უდაბნოში,  ისე ვით მოსემ?....
თავისუფლება ნუთუ ასე ძვირი ხილია?....
...... არა, ახლა კი  ჭიქაში სასმელს დავამატებ...ვერ გავუძელი....
და ვარდისფერი ბურთულებიც წითლად ტირიან......

                    (გაგრძელება იქნება)                                                8 ოქტომბერი, 2009 წელი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები