ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ისევ ამედევნე...

              დილით ჯერ კიდევ საწოლიდან დაგინახე როგორ იცქირებოდი ჩემს სარკმელში. ფარდაც კი გადასწიე ცოტათი... სულ მთლათ შეიშალე არა?კიდევ კარგი დაიღალე და მალე ჩავარდი ქვევით თორემ, რა უნდა მეთქვა მეუღლისთვის?ან იმ აკაციაზე ასვლა რამ გაფიქრებინა,დავიჯერო ასე კარგად მოჩანს იქედან ჩემი  სამყარო?
              გაოგნებული ვარ....
              შენზე გულმოსულმა ოჯახზეც ავიყარე გული და სანამ ვინმე გაიღვიძებდა სახლიდან წამოვედი. ოხ,ეს ფოთოლცვენა...ისევ შეშლივით მომეფეთა თვალებში... როგორ დაუძონძავს კაბა... როგორ შეუხსნია გულისპირი მეძავ ქალივით და ჩამომჯდარა კარებთან... გამხმარი ნეკერჩხლის ფოთლები რომ ვარდის თაიგულს მირჩევნია,გაუგიგია სადღაც და მას შემდეგ სულ ხმელი ფოთლებით ხელში მელოდება კართან შემოდგომაზე... ახლაც ატუზულა. თვალი ავარიდე და აბეზარ მათხოვარივით ავუქციე მხარი.
              ქუჩაში გამოსულს ისევ ამედევნე...
              არა,რა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...ბოლოს და ბოლოს გათხოვილი ქალი მქვია და რას იფიქრებს ხალხი ჩემზე?როდემდე უნდა მსდიო ჩრდილივით?ან ეგ ხელების ფათური და კაბის აფრიალება რაღა წესია ვიცოდე?ერთი ხელით თმებს ვისწორებ,მეორეთი კაბას...რაღა დღეს ჩავიცვი კაბა,შავრვლით ხომ ადვილად გაგექცეოდი...
              აუ, უკვე ზედმეტზე გადახვედი... აიღე, რა, ხელი წელიდან! მართლაც, აუცილებელი ხომ არაა მტკაველ-მტკაველ გამიზომო ყველაფერი? ან ეგ მკერდისკენ გაპარებული მზერა რაღა ბედენაა ვიცოდე.სულ დაკარგე ნამუსი არა?ეხლა შემთხვევით რომ დამინახოს ვინმემ,ხომ მომეჭრა თავი?არ მისმენ ხომ? მე ჩემთვისის ვლაპარაკობ,შენ შენთვის...რას მიჩურჩულებ ვიცოდე მაინც... მივდივარ ჩემთვის... გამატარე რა! წინ მაინც ნუ მეღობები,სულ დაკარგე ნამუსი? არ იცოდე მაინც როგორი ეჭვიანი ქმარი მყავს...
              კიდევ კარგი,იმ ღამეს ვერ შეგამჩნია ჩემს გვერდით რომ იწექი გაბანგული... ნეტა სად გაქრი მაშინვე? საწოლისქვეშ ხომ არ დაიმალე? ვაი,სირცხვილო!.... ისე, შენ ხომ არ გაიტანე დილით იმ ღამის ამბები გარეთ? არა?!  აბა რატომ მიცქეროდა ყველა და თან ჩუმად იცინოდა?
              გამაგიჟებ ღმერთმანი!
              იქნებ ვინმემ მაინც აგიხსნას,რომ ასე არ შეიძლება. ყველაფერში ყირაზე გადასვლა გაგიგიათ ხალხნო? შუა ქუჩაში რომ მომხვიე ხელი და მელაქუცები,შენზე ჯვარდაწერილში ხომ არ აგერიე ნეტა?
            აღარ ვიცი სად დავმალო სირცხვილით თავი...
            ან სუნამო მიწილადეო რომ მევედრები,ვერ გავიგე რას აპირებ,უნდა დაისხურო? შენ? მამაკაცმა? განა, შენსგან არაფერი მიკვირს უკვე, მაგრამ ამასაც თუ იკადრებდი აღარ მეგონა... მაინც მომპარე...  სად გინდა ახლა დაარიგო ეს სურნელი?!...  აა,მიგიხვდი,გინდა ყველა დაარწმუნო,რომ ეს სურნელი ჩემსგან აგყვა არა?
            დიდი უცნაური ვინმე ხარ!
            ვის არ ვყვარებივარ,მაგრამ ასე კაცო?არც დღე.არც ღამე...მართლა დახურულ სივრცეში ხომ არ ჩავიკეტები შენი შიშით.არადა ცოდვა გამხელილი ჯობია,ჰაერივით რომ მჭირდები და უშენობასაც ვეღარ ვიტან?...
            გამაგიჟე უკვე  რა...
            ისე,მძიმე ხასიათის პატრონი კი ყოფილხარ შენ.
            გუნებაც მარტივით არეული გაქვს... ხან ისეთი წყნარი ხარ,შენი არსებობაც მავიწყდება,ზოგჯერ ისე აფორიაქდები, ლამის ფანჯრებს მიმტვრევ მუშტებით-გარეთ გამოდიო!...
            მაგრამ, ნამდვილად არასოდეს მენახე ისეთი,როგორიც ჩემს ქორწილში იყავი...
            რა დალიე ვიცოდე,რომ ასე დაითვერი?
            ან რა გექეიფებოდა იმ დღეს?
            არა, სიმართლე გითხრა,ნამდვილად არ ვიცოდი ასეთი ბრაზიანი თუ იყავი, თორემ შენი შიშით იქნებ ჯვრისწერაზეც მეთქვა უარი...
            ჯერ იყო და მთვრალმა ჩხუბი ატეხე,მერე მთელი ქორწილის მაგიდები პირქვე ააბრუნე.ბოლოს როგორც კი შენიშნე,რომ ჩემი მეუღლე არეულობიდან ჩემს გაპარებას ცდილობდა,ადექი და სულ თავზე დაგვაბურე გადახურულ-გადაჭიმული... თითქოს ხაფანგში მომიმწყვდიე, მაგრამ ქმრის ერთად კაცო?მსგავსი არაფერი გამიგია...
            მერე ვიფიქრე,იქნებ ვინმემ მიხედოს და დააძინოს მეთქი,მაგრამ შენც არ მომიკვდე...მთელი ღამე გაუთავებლად წიოდი ჩემი ახალი სახლის ფანჯრებთან და თავით ამტვრევდი კედლებს...
            დავიჯერო,ასე მღეროდნენ ყარაჩოღელები?...
            ერთი სიტყვით,შენი ვერაფერი გავიგე,ის კი ვიცი,რომ პირველი ღამე ქმართან განმარტოება არ მაცალე და შენც მაწანწალასავით ქუჩაში გაათიე....
            მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
            ვიფიქრე წლები მოგიშუშებს იარებს მეთქი,აქაც შევცდი... პირიქით,უფრო მომეჩვიე და სულშიც ჩამისახლდი. ამრიე მარტივით და ამიშალე გულის საღერღელი... ახლა ის დროა, საგიჟის კარებს უნდა ვაკითხავდე,მაგრამ იქაც რომ არ მიშვებ?
            ისევ გადამეღობე...
            ისევ დაეძგერე კაბას...
            შენ შემთხვევით იმის ილუზია ხომ არა გაქვს,რომ აქვე დაგნებდები?ან ამ კაბას რაღა ჩააცივდი ვერ გავიგე?...
            კარგი რა,ნუღარ მაშტერდები დეკოლტეში, ხელებიც მოაცილე ჩემს თმებს! ნახევარი საათი მოვუნდი ამ დილით მაგის გასწორებას...
            აუ,სულ ავიწეწე რა...კაბაც დამეჭმუჭნა,თმებიც ამებურდა...რა პირით შევხედო ახლა ქმარს?რას იტყვის კაცი,საიდან მოვიდაო?
            ოხ,როგორ არ მიყვარს ქარში სიარული,ნეტა მალე ჩადგებოდეს ეგ ოხერი ეგა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები