ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2009


ოდა მარტვილს


რაღაცამ  გული  უნდა  გატკინოს,
რომ  სიხარულზე  ლექსი  დაწერო...
-  ცაშიმც  ასულხარ,  ჩემო  მარტვილო,
საჭურჭლევ  ჩემო,  აურაცხელო!!!

მთელი  სიცოცხლე  როგორ  მტკიოდი...
გულს  მილოღნიდა  ფერი  ყვითელი...
-  საით  წაბრძანდა 
დიდი  გიორგი  -
უკვდავი  მორდუ  და  ჭყონდიდელი?!.

სად  ახლავს  ომში  აღმაშენებელს
სარდლად,
მოძღვრად  და
დარდის  მტვირთველად?!>
ან  რომელ  ნადიმს  დაამშვენებენ
ბრძენი  მორდუ  და  ყრმა  პირტიტველა?!.

ჯერ  ხმლის  ჩაგება  აბა  ვის  უნდა  -
მომხვდურის  სისხლი  ჯერ  ვინ  იკმარა?!.
-  იქნებ  თბილისი  გათავისუფლდა?!.
-  იქნებ  დიდგორმა  ჯავრი  იყარა?!.

რომელ  კუთხიდან  მოდის  ღალატი...
საით  მიგელავს  თეთრი  მხედარი?..
რომელ  დილეგში  დუმს  ლიპარიტი  -
თვალებდათხრილი  ქვეგამხედვარი?!.

ამირანივით  იკრებს  ძალღონეს
ერი  -
კვლავ  მკვდრეთით  ტანაზიდული...
და  ძარღვშიც  უკვდავ  გენს  მოაგორებს
სისხლი  -  ქართული  და  ჭყონდიდური!..

არ  დაბერდება  ჯიში  მხცოვანი,
ზიდა  ერთგულად  ჯვარი  რომელმან!..
გელათით  ზარად  რეკს  სახსოვარი:
-  გულზე  დამადგით  ფეხი  ყოველმან!..

გუმბათი  შენი  -
ჯვრით  შემკობილი,
ათასი  წელი  დგას  ცის  ჭიშკართან,
დაღლის,  დაცემის  უარმყოფელი,
ელდად  მომხდურთა  და  მოსისხართა!..

დე,  სულს  მარადი  რწმენით  ნაღმავდე
ძეგლი  -  სივრცეთა  გამაოგნები!..
და  შენს  გუმბათქვეშ  ისევ  აყვავდეს
ივანე  მინჩხის  საგალობლები!..

ათასი  წელი
გულს  მიკორტნიდა
სვავი  შავი  და
სნება  ყვითელი...
ჭყონდიდი  დარჩა  თუმცა  ჭყონდიდად,
მაგრამ  აღარსად  ჩანს  ჭყონდიდელი...

და  მაინც,
როგორც  ღრუბლის  ნახევი,
ქარს  მიაქვს  ეჭვის  ლანდიც,  ვერაგი...
-  მიწიდან  დგება  ნოქალაქევი
და  რუხის  ციხის  რუხი  პერანგიც

მთელდება  ისევ 
და  წყლულთ  იშუშებს  -
ხავსსა  და  სუროს  იფენს  ქვითკირი...
და  ისტორიის  სულიც  პირქუში
ბნელ  აღსარებას  ამბობს  ქვითინით...

და  მეც  კვლავ  ველი,
რომ  გადიწევა
საუკუნეთა  ჯანღის  ფარდები...
-  შენს  თბილ  აკვანში  ახლა  ირწევა
მორდუ  ახალი  გოლიათების!!!

მაშ,  რად  გსურს,
უქმად  გული  ატირო?.. –
შენი  წუწუნი  ვის  ყურთ  სმენია?!.
-  ცადამაღლება  შენი,  მარტვილო,
ხომ  თვით  ღვთის  ნება-განაჩენია?!.

ღიაა  შენთვის  ცა  დღეცისმარე
და  საამაყო  -  შენი  მკვიდრობა!..
და  მრევლიც  შენი  როგორ  იკმარებს
ერთ  მორდუობას  და  ჭყონდიდლობას?!.

ეს  სისხლი  ისე  როგორ  დაწდება,
რომ  არ  იმღეროს  ერთი  მაჭრულიც?!.
ანდა  ეს  გული  როგორ  გაცვდება
წვრილმანზე  ზრუნვით,  ვაინაჩრულით?!.

დაუბრუნდება  ყველა,  უკლებლად,
ბრძენი  და  გმირი  -  მამულ-დედულეთს!..
მწარეა  შენი  თავისუფლება...
მკაცრი  -  ბრძანება:
-  ქართლს  უერთგულეთ!..

ერთად  დავდგებით  გაშლილ  დროშებთან
წინაპრები  და  ახალუხლები!..
პონტოს  ზღვასავით  არ  ამოშრება
სისხლი  -  მწყურვალი  თავისუფლების!..

ნიადაგ  ველი  ზეცის  გაღებას
და  გულიც  უცხო  ხილვით  ითრობა...
უკუნისამდე  მეამაყება
ეს  მორდუობა  და  ჭყონდიდლობა!..

პონტოს  ზღვის  მხარეს  სივრცეს  გასცქერი:
-  ხომ  არ  ბრუნდება  შორით  მედეა?..
იცი  ვინც  არის  შენი  დამქცევი,
ვინ  ერთგული  ან  მტერმოკეთეა!..

გულს  არ  გაიტეხ  შენ  გაძარცვულიც,
თუმც  დაკაწრულან  შენი  ფრესკებიც...
-  სიმღერად  ცისკენ  ერთხელ  აძრული,
ვეღარასოდეს  ჩაიმეწყრები!..

იდექ  ასე  და 
ყური  მიადე
ცას  -
რომ  უსმინო
ჩურჩულს  ღვთისმშობლის!..
როგორ  გიხდება  ეგ  სიდიადე
და  ირგვლივ  თესვა  ღვთისმოშიშობის!..

იდექ  ასე  და 
ციდან  ლოცვიდე
მზისქვეშ  ქართული  აკვნის  მრავლობას!..
ნანას  უმღერდეს  ახალ  ჭყონდიდელთ
მკვდრეთით  აღდგომის  გარდუვალობა!..

დამეჟანგვოდა  გული  ულექსოდ,
ვით  სახნისი  ან  ხმალი  ულესი...
-  ამაღლდი,
შენ,  ღვთის  უერთგულესო!..
-  გემრავლოს
ქვეყნის  უერთგულესი!!!

1986 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები