ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2009


ცოდვის ტირილი

      ქარი გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ღმუოდა.
    _ ცოტა ნელა იარე, ბექნუ! გზას ნუ უთამამდები, თორემ თუ ხევში ჩავცვივდით, ნადირთა და ფრინველთა საღორღნად დავრჩებით.
    _ დაგავიწყდა? გათენებამდე უნდა მოვასწროთ ბეჩოში ასვლაც და უკან დაბრუნებაც.
    ეგ იყო და ეგ, კარგა ხანს ერთმანეთისათვის ხმა არ გაუციათ. უცხო სოფელში მიდიოდნენ, გზა მათთვის უჩვევი იყო და ამიტომაც უნდა ეფრთხილათ. დაქნეული მათრახივით დახვეულ ბილიკს ბოლო არ უჩანდა. ნახევარმთვარის მკრთალი, უსუსური ციაგი სანახევროდ თუ უნათებდათ. დაბლა, გზის ქვემოთ, რუს ჩხრიალი ისე ისმოდა, თითქოს აუწყობელ, მოშლილ ფანდურზე ვიღაც უკრავსო.
      _ საშიშ და ხიფათიან საქმეს ვკიდებთ ხელს, ბექნუ!
      _ არ უნდა წამომეყვანე, ვაჟკაცს ასეთი სიმფრთხალე არ შეშვენის.
        ჯურხა არ შეპასუხებია. აზრიც არ ჰქონდა. ბექნუს უკან ისე მიჰყვებოდა, თითქოს გაუკვალავ თოვლში მიდიოდნენ. სამიოდ დღის წინათ გაიგეს, მთის ამ მონაკვეთს გვარლიანების გვარმა უნდა გაუწიოს პატრონობაც და ბატონობაცო. ეს განზრახვა გვარში სახელდებულმა ბეთქილმაც მოიწონა:
      _ აბა, ასე უპატრონოდ სანამდე უნდა იყოს მთა მიგდებულიო. არ დარჩა მოხუცი თუ ახალგაზრდა, ამ აზრს რომ აღტაცებით არ დასთანხმებოდა.ბრძენი, კითხული და მეომარი უმეტესად ამ გვარიდან გახლდათ. სადაო საქმის საბოლოო გამჩხრეკელ-დამდგენელად, უთუოდ, რომელიმე გვარლიანი უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, მათ ერთგვარი პატივითა და შიშითაც ეპყრობოდნენ. ამ ბოლო დროს, რამდენიმე თავზეხელაღებული გვარლიანის გამო, ეს გვარი გარკვეულწილად, შიშის ზარსაც სცემდა მთელ ხეობას. ასე რომ, მათ უკვე წინასწარ, თითქოსდა, მთის ბატონ-პატრონებად დაეგულათ თავი.
      ჯურხა გვარისკაცების შეკრებებზე ჩუმად იჯდა. საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვერ ბედავდა, მოღალატედ არ გამომაცხადონო. უბატონო მთა, ლაღი და თავისუფალი, ბატონს ვერ იგუებდა, თავისუფლების დამკარგველ ხუნდებს ვერ გაუძლებდა. ჯურხა ამას გრძნობდა, შეიძლება საქმე იარაღამდეც მისულიყო და მაშინ გაუგონარი საშინელება დატრიალდებოდა. ბედის ირონიით ბექნუსთან ერთად სწორედ მას დაავალეს ბეჩოში, გვარში სანდო კაცისთვის ეცნობებინა ეს ამბავი.
        ბალახი ცვრით ისე დანამულიყო, ახალი ნაწვიმარი გეგონებოდათ. მგზავრებს, ბექნუს და ჯურხას, ძნელად თუ შეატყობდით დაღლას, ისე შეუსვენებლივ მიჰყვებოდნენ ბილიკს. გვარში ერთიც არ უნდა დარჩენოდათ შემომტკიცების გარეშე.
        კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. ეშინოდათ, მეზობლებმა არ გაგვიგონო. არადა, უახლოესი მეზობელი იმდენად შორს სახლობდა, ყვირილითაც ვერ მიაწვდენდით ხმას. ბერდომ რომ გაიგო, საიდუმლო საქმეზე იყვნენ მისულნი, სტუმრები წინასწარ გააფრთხილა, ჩუმად, ჩურჩულით ვილაპარაკოთ, ცოლმა არ გაიგონოსო. ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა სხვა გვარის ქალს.
      საიდუმლო გეგმა კი ასეთი იყო: მოულოდნელად ხალხისათვის უნდა განეცხადებინათ – დღეიდან მთის ამ ნაწილს ჩვენი გვარი უბატონებსო. სოფელში თითო ხევისთავი უნდა ჩაეყენებინათ, რომლის გადაწყვეტილებასაც ხალხი უსიტყვოდ დაემორჩილებოდა. მთავარი ძალაუფლების ხელში აღება გახლდათ, თორემ მმართველობის რომელ ფორმას აირჩევდნენ, რა ეჩქარებოდათ, დროთა განმავლობაში შეცვლიდნენ.
    ...გულიზარს არ ეძინა. ეჭვმა შეიპყრო. რა ისეთი აუცილებელი იყო ამ შუაღამისას სტუმრობა. დღისით, მზისით ვერ ამოვიდოდნენ?! რაღაც მნიშვნელოვანი ამბავია, ალბათ. ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, მაგრამ ქალს მთაში იმის უფლებას ვინ მისცემს, ოჯახის უფროსის ნებართვის გარეშე გადაწყვეტილება მიიღოს. სტუმრები რომ წავიდნენ, ვერც მერე შეჰბედა ქმარს. რადგან ბერდომ არაფერი თქვა, ალბათ, ასეა საჭიროო, ჩათვალა ქალმა. სტუმრები ჩუმად, ისე ფეხაკრეფით გაიპარნენ, რომ ჩაძინებულ სოფელს მათი სტუმრობა არც გაუგია.
      გვარლიანები უკვე საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. ვის მთის უფროსად დაეგულებინა თავი, ვის _ წესრიგის ზედამხედველად და ვის – სადავო საქმეთა მომრიგებლად.
შემაღლებულ, მოტიტვლებულ გორაკზე შეეყარა ხალხს თავი. ხალხი, როგორც ერთი, ისე        გარინდებულ-გაქვავებულიყო. ეს დუმილი იყო სწორედ აუტანელი, ზაფრისდამცემი. გამომსვლელთათვის საგანგებოდ შერჩეულ ადგილას პირველი ბექნუ გვარლიანი დადგა. მარჯვენა ხელი შემართა და სმენადქცეულთ, ბოხი, ოდნავ ჩახრენწილი ხმით მიმართა:
    _ ხალხო, ეჭვს ვერ შეიტანთ, რომ ჩვენი გვარი მთაში გამორჩეული, სახელოვანი გვარია. ხომ ხედავთ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ბარის წესწყობილებას რატომ უნდა ჩამოვრჩეთ? მოკლედ გეტყვით: ჩვენი გვარის გადაწყვეტილება საბოლოოა, მთა დღეიდან ჩვენ უნდა დაგვმორჩილდეს!
      ხალხი მოულოდნელობისაგან დაიბნა. რამდენიმე წამს ვერ გარკვეულიყო, რა უნდა მოემოქმედა. ბოლოს, უკანა რიგიდან ერთმა ხანდაზმულმა კაცმა წამოიძახა:
      _  რას დადუმებულხართ, ვერ ხედავთ, ყმობას რომ გვიპირებენო.
      ახალგაზრდა, არყით სახეალეწილმა გვინჯუა გვარლიანმა უხუცეს მთიელს სიტყვა შეაწყვეტინა.
    _ თქვენი გადასაწყვეტი აღარაა, დაგვმორჩილდებით თუ არ დაგვმორჩილდებით! ვინც წინააღმდეგ წავა, ჩვენ იმისი ძალაცა გვაქვს, რომ გავუსწორდეთო. ვინა ხართ თქვენ გვარლიანების გვართან შედარებით? _ ყვიროდა შეზარხოშებული გვინჯუა, რომელიც ძლივს გააშორეს შეკრების ადგილს.
        ამის შემდეგ, კრების წინასწარ დადგენილი წესრიგი სრულიად აირია.
      _ ხედავთ, ხალხო?! _ შესძახა აწოწილმა მწითურმა მთიელმა, რომელსაც კისრის არეში ღრმა  ნაჭრილობევი აჩნდა. _ თურმე რა სდებიათ გულში ამ ძაღლთაპირებს. თავისუფალ მთიელს ხელებზე ბორკილს, პირზე კლიტეს, ფეხებზე ხუნდებს გვადებენ. თუ საჭირო გახდება, დავიხოცებით და თავისუფლებას არ დავთმობთ!
      – მართალია! _ მართალია! _ შესძახეს აქეთ-იქიდან. _ ახლა თუ დავმორჩილდებით, თავს ვერასდროს დავიხსნით! _ წამოიძახა ვიღაცამ.
      _ აღიარეთ ნებით ჩვენი ბატონობა, თორემ მომავალში სანანებელი გაგიხდებათ! _ მედიდური ხმით დაიბუხუნა ისევ ბექნუ გვარლიანმა.
      _ ჩავხოცოთ!! ერთიც არ გავუშვათ აქედან ცოცხალი!.. იყვირა მოთმინებადაკარგულმა ჯამლეთ სალიანმა. წამის უსწრაფესად აქოჩრილ-ალეწილმა მასამ იხუვლა: _ ჩავხოცოთ! ჩავხოცოთ! _ გზები შეჰკარით!.. სამთავე გასასვლელი გადაკეტეთ, ცოცხალი არავინ გავიდეს აქედან!
      შეკრება ღრიანცელსა და ყვირილში გადაიზარდა. სროლის ხმაც გაისმა, რასაც შეყვირება და შეკივლება მოჰყვა ერთდროულად. პირველად დამზირ მურღვანის შვილი დაეცა, ფერდში სასიკვდილოდ დაჭრილი. ამან სულ გადარია მოწინააღმდეგე მხარე. გვარლიანები შედრკნენ, რაოდენობრივად საგრძნობლად ნაკლები იყვნენ ხალხთან შედარებით. ასეთ გააფთრებულ სასტიკ ბრძოლას მათგან არ მოელოდნენ. მასა თითქოს ერთ ცივ, ფოლადის მუშტად შეიკრაო, და გააფთრებით ეძგერა მტერს. ლურჯად მობიბინე, დილის ცვრით პირდაბანილი ველი ბროწეულისგულისფრად იღებებოდა.
                                                                                        დ ა ს ა ს რ უ ლ ი  ი ქ ნ ე ბ ა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები