ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2009


ცოდვის ტირილი/დასასრული/

        ნამდვილი სისხლიანი სასაკლაო შეიქნა. გვარლიანები ახლა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ. მათი დაჩეხილი სხეულებით მოფენილიყო ველი. ქალთა კივილი ცას სწვდებოდა და ქვეყანას აყრუებდა. ჯამლეთ სალიანმა რომ გადახედა ბრძოლის ველს, აღმოჩნდა, _ ერთი გვარლიანიც კი აღარ დარჩენილიყო ცოცხალი.
      _ გვარში არავინ დავტოვოთ! ახლა თუ არ გავუსწორდით, ხვალ სასტიკად გვაზღვევინებენ და მუდმივი მონობაც არ აგვცდება!
      _ ჯამლეთი მართალია! მართალია ჯამლეთი! _ ყვიროდნენ მთლად სისხლში მოთხვრილნი და კვლავ მოწინააღმდეგეზე მიიწევდნენ საომრად გავეშებულნი.
      _ შეჩერდით ხალხო! რამ გაგაგიჟათ, განგება შეგრისხავთ! _ გაისმა ვიღაცის ხმა, მაგრამ მისი უკვე აღარავის ესმოდა. ხმა ჩააკმენდინეს, გვერდით მისწიეს და თავქვე სირბილით დაეშვნენ, რომ გვარლიანების სახლები დაერბიათ. ომის ღმერთი, არესი, ზეიმობდა. არ ინდობდნენ არავის მამაკაცთაგანს მათი გვარიდან. თითქოს თანატოსს თავისი ცივი, ყინულის ხელები შემოეხვია მთისთვის და სასიკვდილო სარეცელზე აწვენდა.
        მკაცრი კაცის სახელით იცნობდნენ ჯამლეთს. მისი სიტყვა მთაში შეუვალი იყო. ცოლი, გულიზარი, კი მშვიდი ბუნების, სათნო ქალი გახლდათ. მეუღლის სიმკაცრესა და სიფიცხეს ოჯახში ამგვარი ხასიათი აწონასწორებდა.
        უცებ ბავშვის უიმედო, სასოწარკვეთილი ხმა შემოესმა გულიზარს. სასწრაფოდ კარი გააღო და აცრემლებული ბავშვი გულში ჩაიკრა. იცნო ჯურხას ბიჭი _ გვარლიანების გვარის გადარჩენილი ერთადერთი მემკვიდრე.
      _ დამმალე რა, გულიზარ დეიდა, დამმალე! _ შიშისაგან და ტირილისაგან გალურჯებული და დაოსებული ბავშვი ციებიანივით ცახცახებდა.
      _ მამა მოკლეს! ბაბუც მოკლეს!..
      _ ნუ გეშინია!  ნუ გეშინია!  აქ ვერავინ შეგეხება. ნუ ტირი. მე დაგიცავ, შვილო! _ ბავშვი თითქოსდა ცოტათი დამშვიდდა, ასეთი საიმედო თავშესაფარი რომ იპოვა. გაფითრებული გულიზარი კი კანკალებდა, მაგრამ არ დაიბნა, უმალ მოისაზრა; გავარდა, კიბე მოარბენინა, ბავშვი სხვენში აიყვანა და იქ გადამალა. ქალს ყველაზე მეტად მეუღლის მოსვლის ეშინოდა. ვაითუ, ჯამლეთს ბავშვი ენახა და მაშინ კი, ვინ იცის, მართლაც რას მოიმოქმედებდა. ყოველივეს, რაც გვარლიანების გვარის მიმართ მოხდა, გულიზარი გაოგნებული შეხვდა. ფიქრი იმისა, რომ ეს გვარი უძეოდ უნდა გადაგებულიყო, საშინლად აძრწუნებდა. ვერ გამოენახა ხსნის გზა, ძალა და საშუალება, რომელიც თავისი ხალხის ამ უმძიმეს ცოდვას გამოისყიდდა. გრძნობდა, რომ გარეგნულად თითქოსდა თავისუფალი ხალხი, სისასტიკით მიზნის მიღწევით, ხვალ თავისივე ცოდვის მონად იქცეოდა. მაღალი განგება ასეთ საგმობ საქმეს დაუსჯელს არ დატოვებდა. მთა უცილოდ დაიღუპებოდა. ხატის წინ დიდხანს ლოცულობდა თავაუღებლივ. იქვე საწოლზე მის პატარა ბექას ეძინა მშვიდად, ნებიერად. ლოცვას რომ მორჩა, დაიხარა. შვილს აკოცა. შემდეგ ისევ სხვენისკენ გაიქცა, საიდანაც ბავშვის გულამომჯდარი ტირილი ისმოდა.
საღამო ხანს დაბრუნდა ჯამლეთი სახლში. გულიზარი გაფითრდა. დაბნეულობასა და ნერვიულობას ვერ მალავდა. ჯამლეთს ბავშვის ხმა შემოესმა.
      _ ვისია ბავშვი? – იკითხა კაცმა.
    _ ბექაა. _ უიმედოდ იცრუა ქალმა.
    _ სტყუი! _ ჯამლეთი წამოდგა. ქალი კარის ზღურბლზე დადგა. მთლიანად ცახცახებდა. შიშისგან ხელები სახეზე აიფარა.
    _ გვარლიანების ნაბიჭვარს იფარავ? _ უმალ იაზრა კაცმა. _ როგორ გაბედე?! საერთო გადაწყვეტილებას ეურჩები?! ქმრის წინააღმდეგ მიდიხარ?
    _ შემეცოდა, შველას ითხოვდა. კარს ხომ ვერ დავუკეტავდი.
    _ ოჯახი მოღალატედ გინდა გამოიყვანო?! ჩემივე ხელით მოვუსწრაფებ სიცოცხლეს! _ წამოიძახა სასტიკად განრისხებულმა, სახედაკარგულმა ჯამლეთმა.
    _ ჯერ მე მომკალი!! _ იყვირა ქალმა ისეთი ხმით, რომ კაცი გაოგნდა.
    მთის წესებით ასეთი რამ წარმოუდგენელი გახლდათ. ქმრის დამყოლი და მორჩილი გულიზარი სულ სხვა ქალად ქცეულიყო. მის კერპ, გახევებულ სახეზე აშკარად იკითხებოდა, რომ ბავშვს არა და არ დასთმობდა. ჯამლეთი შედგა. მიხვდა ქალთან წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. წამსვე მზაკვრულმა ფიქრმა გაუელვა _ ხალხისთვის შეეტყობინებინა ყველაფერი. მათ მოთხოვნას კი ქალი უკვე ვეღარ შეეურჩებოდა.
      ჯამლეთს რომ მოუსმინეს, ყველამ თითქმის ერთპირად ამოიძახა, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა, არა და არ შეიცვლება! უნდა ჩაიქოლოს!!!
    გულიზარმა ფანჯრიდან დაინახა სახლისკენ დაძრული ხალხის მასა.
    _ ბავშვი გადმოგვეცით, თორემ სულ ერთია, ჩვენსას ძალით მაინც აღვასრულებთ!
    ქალმა იგრძნო, მთიელთა შეჩერება შეუძლებელი იყო.  გაუგონარი ცოდვის შემსწრე ხდებოდა. გიჟივით შევარდა საწოლ ოთახში. ადამიანის ფერი დაჰკარგვოდა. მძინარე შვილს ხელი დასტაცა, გულში იკრავდა, ეხვეოდა. რომ არ წაქცეულიყო, თავი ძლივს შეიმაგრა, კედელს მიეყრდნო. ცოტა ხნით ხატის წინ ჩაიჩოქა. ლოცვა რომ დაამთავრა, წამოდგა. ასე
გულახუტებული შვილით, კიბეებზე ძლივს, ბარბაცით ჩავიდა. გრძნობაგადასულ ბრბოს წინ დაუდგა და ტირილით ხმადაკარგულმა, ძლივს გასაგონი ხმით წარმოსთქვა:
    _ მიიღეთ, რასაც ითხოვდით!
    _ გვარლიანების წიწილა! _ იყვირა ვიღაცამ და წამის უსწრაფესად, მხეცადქცეულმა ხალხმა საწადელი აღისრულა ისე, რომ, არც იცოდა, სინამდვილეში ვის მოუსწრაფა სიცოცხლე.
      ღამდებოდა. შემაზრზენი სიბნელე ჩუმად, მზაკვრულად ეპარებოდა გარემოს. ნაგვიანევი მგზავრისთვის ძნელი გასაბედი უნდა ყოფილიყო პირდაღებული ხევის თავზე, მთის ციცაბო ბილიკზე სვლა. ცის დასალიერზე სუსტად მოციაგე, მკრთალი მთვარე შეძლებდა კი ცოდვით დამძიმებული მიწის განათებას?!

                                                                                                  დ ა ს ა ს რ უ ლ ი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები