ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2009


დაუსრულებელი პორტრეტი

        მარიცა მატარებელში გავიცანი.  მის    გარდა კუპეში კიდევ ორი ქალი დამხვდა. თავდაპირველად ვიფიქრე, ერთად არიან_მეთქი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აქვე გაეცნოთ ერთმანეთი. მატარებელმა ერთი დაიკივლა, მძლავრად შეყანყალდა და განრიგის მიხედვით, ზუსტად, თვრამეტ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე დაიძრა. აგვისტო ილეოდა. მატარებლის ქშენა, მგზავრების ყაყანი და ვაგონის კარის გაუთავებელი ჭრიალი ერთმანეთში ირეოდა. მე და ხანდაზმული ქალბატონი ნარის ერთ მხარეს ვისხედით, მარიცა ჩვენ წინ. მზემოკიდებული სახე სინაზეს ვერ აკლებდა. პოეტი რომ იყო, გაცნობისთანავე მამცნო. არასდროს სტრიქონი რა არის ისიც არ დამიწერია, მაგრამ პოეზია, განსაკუთრებით ხალხური მიყვარს და ამან მის მიმართ ჩემში განსაკუთრებული ინტერესი აღძრა. მარიცა საკუთარ თავზე ისე ხალისიანად საუბრობდა, მეც მისი ცხოვრების თანაზიარს მხდიდა. თავს ვერ ვუტყდებოდი, თორემ უკვე მომწონდა. მალე მოხუც ქალს მკვდარივით ჩაეძინა. ენად გავიკრიფეთ, ვიცინოდით, ჩვენი ხმა მგონი მეზობელ კუპეებამდეც აღწევდა. გვიან ღამით მისავათებულებს, სადღაც, სამი საათისთვის ჩაგვეძინა. დილით თითქმის ერთდროულად გაგვეღვიძა და ასე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფნი მივესალმეთ ერთმანეთს, რაზედაც ორივეს გაგვეღიმა.
          სადგურზე დამშვიდობებისას ტყავის პატარა მოშინდისფრო ხელჩანთა გახსნა და ქაღალდის ნაკუწზე თავისი ბინის ტელეფონის ნომერი დამიწერა. გზაში თავი აუტანლად მტკიოდა, რაც მგზავრობისა და უძილობის შედეგი იყო. სახლში მივედი თუ არა, ტახტზე გაუხდელად მივწექი და ჩამეძინა. საღამოს ტელეფონთან მოვკალათდი და მარიცასთან სასაუბროდ მოვემზადე. რა ვიცოდი, თუ გულდაწყვეტა მელოდა. ჯიბეები მოვიჩხრიკე და ტელეფონის ნომერს ვერ მივაგენი. მარიცა დავკარგე. რა გაეწყობოდა, ბედს უნდა შევრიგებოდი. მალე ყოველდღიურ საქმეებში ჩავეფალი და მარიცა თითქმის მიმავიწყდა. ბოლო პერიოდში გადაღლილობას და აშკარა დეპრესიას განვიცდიდი. ენერგიის აღსადგენ და ერთგვარ დამამშვიდებელ საშუალებად ყავის სმა ლამის ყოველდღიურ რიტუალად მქონდა გადაქცეული. იმ დღეს “რუსთაველზე” ბევრი ვიხეტიალე. რომელ კაფეშიც არ შევედი, არსად ნალექიანი ყავა არ ჰქონდათ. წვიმდა. სადმე მყუდრო ადგილას დასვენება გადავწყვიტე. ”კინოს სახლის” გვერდით ”სამოთხის კარი” _უცნაური წარწერა ჩანდა აბრაზე. დარბაზს გავხედე, და თვალს არ დავუჯერე, ჩემ წინ პროფილით მარიცა იჯდა. პიჯაკის ჯიბიდან ქაღალდი სწრაფად ამოვიღე და მარიცას პორტრეტის ხატვას შევუდექი. რომ დავასრულე, წამოდგა, როგორც ჩანს, კაფეში შესვლისთანავე შემამჩნია ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა და  ღიმილით მითხრა
    _ ნახატს არ მაჩუქებთ?
    _ რა თქმა უნდა!
    _ რატომ არ დამირეკეთ, თქვენს ზარს ველოდი.
      _ ტელეფონის ნომერი რომ დავკარგე?
    _ აი, ხომ ხედავთ, უბრალო ფურცლის ნაგლეჯსაც კი ვერ გაუფრთხილდით, ადამიანს როგორ გაუფრთხილდებით?! _მომიგო საყვედურნარევი ღიმილით.
    _ ადამიანს ნამდვილად გავუფრთხილდები.!
  _პაჟივიომ, უვიდიმ! _მიპასუხა რატომღაც რუსულად. Kკაფედან გამოსულებმა, ბევრი ვიხეტიალეთ. მთაწმინდაზეც ავედით.
    _ იმ ღამეს, რატომ არ მითხარით მხატვარი თუ იყავი?
    _ვაჟა-ფშაველა მგზავრობისას ერთხელ თურმე სამი დღით უცხო ხალხში მოხვედრილა და  ვინაობა არ გაუმხელია, მე ვიღა ვარ რო..
    _არა ხარ მართალი, ახლა სხვა დროა. ასეთი ხასიათით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.
წვიმდა. მთაწმინდაზე დიდხანს არ დავრჩენილვართ.
    _ მიყვარს ასეთი ამინდი, ხეტიალის ხასიათზე მაყენებს _ თქვა მარიცამ.  მე კი, პირიქით, წვიმა ხასიათს მიფუჭებდა და თბილ ოთახში ყოფნის სურვილს მიძლიერებდა. სახელოსნოში მივიპატიჟე. ჩემდა გასაოცრად, უარი არ უთქვამს. ვიცრუე, სინამდვილეში არავითარი სახელოსნოს პატრონი მე არ ვიყავი, საკუთარ ბინაზე ვიწვევდი, რომელსაც სახელოსნოდაც ვიყენებდი. ჭერის გარდა, ყველგან ჩემი ნახატები ეკიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მარტოობა ისე მთრგუნავდა, თუ არ ვხატავდი, შინ უსაქმოდ ყოფნას ქუჩაში სეირნობა მერჩივნა. ჩემმა ნახატებმა აღაფრთოვანა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, შეღამებამდე აღარ დაიცადა, როცა მომავალ შეხვედრაზე ჩამოვუგდე საუბარი.
      _ კვირას, ფერიცვალების ტაძარში წირვაზე ვიქნები და იქ შეგიძლიათ მნახოთო _ დამიბარა და წავიდა.
      მალე დავმეგობრდით, წირვიდან პირდაპირ კაფე ”სამოთხის კარში” მივდიოდით. იქაური გარემო ჩვენთვის ზედგამოჭრილი იყო. განსაკუთრებით ის, რომ ქუჩიდან მომიტინგეთა ხმა ჩვენამდე არ აღწევდა.  საათობით ვსაუბრობდით. ”სამოთხის კარი” ჩვენთვის საუკეთესო გასამარტოვებელი ადგილი აღმოჩნდა.
      _ ჩემი ბინა არ უნდა ნახო?_მეუბნება ერთხელ მარიცა. ხვალ ჩემი მეუღლე სანადიროდ მიდის, ნიკა, ჩემი ბიჭი, ბებიასთან მყავს გაგზავნილი, შეგიძლია მეწვიოთ.
მეორე დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. ყვავილები შევარჩიე და ოთხი საათისთვის მარიცასთან ვიყავი.
      მდიდრულად გაწყობილი ჩეხური პროექტით ნაგები ბინა წიგნებით იყო გამოტენილი. ისეთი იშვიათი გამოცემებიც ვნახე, რომელთა შესახებაც ადრე ყურმოკვრით გამეგონა. ერთ-ერთ კედელზე მარიცას ფოტო, ხოლო ქვემოთ ჩემ მიერ შესრულებული მისი პორტრეტი შევნიშნე. შემატყო, რომ მესიამოვნა და მზერა იმ ადგილის მივალურსმე.
      –მომწონს!.. იმიტომაც დავკიდე. თუმცა მაინც მგონია, რომ დაუსრულებელია. შენი აზრით, რა აკლია?¬
    _ სიბერე! მხოლოდ სიბერეში არის ადამიანის პორტრეტი დასრულებული.
    _მართალია. მიყვარს მოხუცები, მათ შორის ბევრი მეგობარიც მყავს. ხანდახან მგონია, ნამდვილი გერონტოფილი ვარ. ჩემი ბებრუხანა თაყვანისმცემლები, იცი რა სასაცილო და საყვარლები არიან?
    _და მაინც, კიდევ რა აკლია პორტრეტს?
    _ცოდნა, იმისი ბოლომდე შეცნობა, რასაც ხატავ.         
    მართალი იყო და აღარ შევპასუხებივარ.
    მარიცას ბინიდან ადრე წამოვედი, მის ქმართან უხერხული, მოულოდნელი შეხვედრისაგან თავი დავიზღვიე.შინ რომ დავბრუნდი ალერსისა და ნეტარებისაგან სასიამოვნოდ ქანცგაცლილს, უმალ ჩამთვლიმა. ზარის ხმამ გამომაღვიძა. კარებთან ორი ახალგაზრდა იდგა. მოზრდილი საქაღალდეებით.
  _მხატვარი, ჯიბო დორაშვილი ბრძანდებით?
  _დიახ.
  _ლიბერალურ_ქრისტიანულ-ეროვნულ-ჰუმანურ_სამარლობიანობის პარტიიდან ვართ. ხვალ “ბაქტერიოფაგის” შენობის წინ ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით მდგომარე აქციას ვაწყობთ, ხომ არ შემოგვიერთდებოდით?
    კარი უხალისოდ მივუხურე და თავი ისევ საწოლში შევრგე. ძილი აღარ მეკარებოდა. ენერგეტიკული კრიზისის გამო შუქი და გაზი ერთი კვირა მონატრებული მქონდა. ამიტომ, გაროფილ-გაყინულ ოთახში ჯდომას, ისევ საწოლი ვარჩიე.
    სამი დღის შემდეგ მომაკითხა. აღიზიანებდა შეკითხვა, სადარბაზოს კიბეებზე ვინმემ ხომ არ შეგამჩნიაო. მარტოხელა კაცი ვიყავი და მეზობლების ყბაში ჩავარდნას მაინც ვერიდებოდი.
მოგვიანებით თითქმის ყოველდღე ვხდებოდით, თუ სახლში არავის დაიგულებდა, მასთან მივდიოდი, თუ არა და ჩემს ბინაზე მეწვეოდა. ვიცოდი, ქმართან უსიყვარულობას და მარტოობის შიშს მოჰყავდა ჩემთან.
                                                                                                    დასასრული იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები