ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2009


დაუსრულებელი პორტრეტი/დასასრული/

      სიმშვიდეს დანატრებულ ქალაქში სხვადასხვა ლიტერატურულ საღამოებსა და გამოფენებზე დასწრება მისთვის ნამდვილი ჰობი იყო. ცდილობდა, არც ერთ მათგანს არ დაჰკლებოდა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, ამ დროს ერთმანეთისთვის  უცხონი ვხდებოდით. ხალხს უმეტესწილად წინასწარ აკვიატებული წარმოდგენები აქვს ხოლმე პიროვნებების მიმართ. მე ღრმად განათლებულის, ხოლო მარიცას ნაკლებინტელექტუალური ქალის სახელი ჰქონდა. უნდა ვაღიარო მარიცასთან შედარებით ნამდვილი ბატისტვინა ვიყავი. ფილოსოფიაში, რელიგიასა და ლიტერატურაში მისი ცოდნა მაოცებდა.”დორიან გრეის პორტრეტი’’ ამოჩემებულად მოსწონდა. ისეთ თემებზე მესაუბრებოდა, ადრე წარმოდგენაც რომ არ მქონდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს ფერწერაზე ეს სასიკეთო გავლენას ახდენდა. თანდათან ღრმა მისტიკურ თემებზეც დავიწყე ფიქრი, რაც მანამდე უცნობი, ან ბურუსით მოცული იყო ჩემთვის. ყველას აოცებდა ჩემი შემოქმედების ასეთი სწრაფი, სასიკეთო მეტამორფოზა. იგი თბილისის ელიტარული საზოგადოების  თითქმის ყველა გამოჩენილ ხელოვანთან  იყო დაახლოებული. მისი მეშვეობით ჩემი სამეგობრი წრეც თანდათან იზრდებოდა. მარიცას ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობას მამაკაცები შეადგენდნენ. ქალი მხოლოდ ორი ერთმანეთზე თავგადაკლული მეგობარი ჰყავდა _ ერთი მსუქანა, თეთრი, ფუმფულა, მუდამ სახეგაცისკროვნებული, დიდმკერდა ლანა, მეორე, გამხდარი, შავგრემანი, ნაღვლიანთვალება, ბერძნული წარმოშობის კამილა. განსხვავებული ბუნების გამო, მიკვირდა როგორ მეგობრობდნენ.  ცნობილი ადამიანებიდან ერთადერთი ვისი გაცნობისა და  დაახლოების სურვილიც მარიცას ჰქონდა კომპოზიტორი ვლასი მეურმიშვილი იყო, რომელიც დედაჩემის მხრიდან შორეულ ნათესავად მერგებოდა. მისი სიმღერები ხშირად ისმოდა რადიოში, ტელევიზიაშიც კვირა არ გავიდოდა,  რომელიმე არხის სტუმარი არ ყოფილიყო. კახელი გლეხის აქცენტითა და იუმორით, თავისებური, კოლორიტული ხრაშუნა ხმით, უბრალო ხალხში სიყვარულით სარგებლობდა. ზედმეტ სახელად “კახელო” ერქვა. “იყალთობაზე” გავაცანი. თბილისში რომ ჩამოდიოდა, მარიცა ურეკავდა და ხანდახან ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. სამოცდაათ წელს მიახლოებულ კომპოზიტორს თავის შვილზე უმცროს ქალთან ერთად ქუჩებში სეირნობა, საჯარო შეხვედრებზე გამოჩენა, ოპერაში სიარული ეუხერხულებოდა. ვინმემ ბერიკაცულ აცუნდრუკებაში არ ჩამითვალოსო. ერთ დღეს მარიცას დღეობაზე მისულმა, კედელზე მისი ფოტოს ქვეშ, ჩემი ნახატის ნაცვლად, ვლასის ახალი სიმღერის ნოტები შევნიშნე. გული ჩამწყდა. მინდოდა მეტირა. იქნება ჩემი გრაფიკა  სულაც გაანადგურა მეთქი _ვფიქრობდი. არაფერი მითქვამს. მთელი დაბადების დღე ჩამმწარდა ჩემთან საუბარში მარიცა აწუწუნდა, როგორ შეიძლება ვლასის ჩემს ლექსზე სიმღერა არ ჰქონდესო. მივხვდი კომპოზიტორისთვის ამის შესახებ მე უნდა მიმენიშნებინა. ერთი კვირის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი: _ თანახმაა_მეთქი.
      ტელეფონში მისი ბედნიერი შეძახილი ისმოდა. მეურმიშვილმა მარიცას ნოტები დაუდო წინ და უთხრა:
    _ამ მუსიკას ტექსტი ზუსტად უნდა მიუსადაგოთო. მარიცამ ორი კვირის თავზე ნაწვალები, მაგრამ ნოტებს ზუსტად მისადაგებული ტექსტი მართლაც მიუტანა და მაშინ გადაწყდა ახალი სიმღერა ვლასის საიუბილეო საღამოზე უნდა შესრულებულიყო. ოპერაში საგანგებოდ შერჩეული კაბით წასვლა გადაწყვიტა. ვაკის “ელიტმაღაზიაში” მიაგნო თავის გემოვნების სადარს. საიუბილეო აჟიოტაჟმა ქალქში პიკს მიაღწია. ბილეთები ხელზე იყიდებოდა. ხოლო საპატიო სტუმრებისთვის ოქროსფერი მოსაწვევები ჰქონდათ გათვალისწინებული. ის დღეები ვლასი არ რეკავდა.  თავმოყვარეობაშელახული მარიცა ბილეთს არ ყიდულობდა.მოსაწვევს კი არავინ უგზავნიდა. ოთახში ჩაიკეტა. არავისთან საუბარი აღარ სურდა. ტელევიზიით საიუბილეო საღამოს პირდაპირი გადაცემა დაიწყო. თავისი სიმღერის წინ, როცა საღამოს წამყვანმა ტექსტის ავტორის გვარი არ გამოაცხადა, ოთახში ლამის ყველაფერი დაელეწა.
მცირე ხნით დეპრესიაში გადაეშვა.
    დრო გადიოდა. თბილისში სამოქალაქო ომი ისევ მძვინვარებდა. პოლიტიკურად არასანდო პირებზე, მათ შორის ხელოვნების წარმომადგენლებზე, ფარული თუ პირდაპირი გზით, დევნა დაიწყო. მეც შერისხულთა შორის  აღმოვჩნდი.  ჩემი ეკონომიკური მდგომარეობის სრული განადგურების გამო ყველა ემიგრაციაში წასვლას მირჩევდა. მარიცას, სხვა გზა არა მაქვს _ მეთქი რომ გავენდე, თავიდან არ დამიჯერა, ეგონა, ვხუმრობდი. როცა დარწმუნდა, ისტერიული ტირილი აუვარდა.
      ერთი თვის თავზე თვითმფრინავის ტრაპიდან ხელი დავუქნიე და ჩვენი გზებიც გაიყარა.
      ემიგრაციაში პირველ ხანებში ბომჟურ ყოფას ვეწეოდი, მოგვიანებით ემიგრანტთა თავშეყრის ადგილას ვცხოვრობდი. მერე კათოლიკური ეკლესიის დარაჯად მოვეწყვე. იქიდან რომ გამომიშვეს, ვიღაც ღვთისნიერი პოლონელი ემიგრანტი შემხვდა და... ცელოფანის სლიპინა პარკებით ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ნაგავი გადამქონდა. ანაზღაურებასაც არა უშავდა. ემიგრაციაში ორ ათეულ წელზე მეტი დავყავი. გამოცდილი მწერლის ხელში ჩემი იქაური თავგადასავლები ერთი დიდი რომანის თემაა. მარიცას ამბების გაგებას ძნელად, მაგრამ მაინც ვახერხებდი. ბევრი რამ შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. ბებიაც გამხდარიყო. თავად კი  ისევ უშვილძიროდ გადაგებული ბერბიჭა ვიყავი.
    სამშობლოში რომ დავბრუნდი, აეროპორტიდან დავურეკე. აღელვებისაგან ხმა ვერ გამცა. ბინაზე ზარი რომ დავრეკე, კარი შვილმა გამიღო. ვერ ვიცანი, პატარა, ძვალსუსტი ბიჭის ნაცვლად, ზრდასრული კაცი შემომცქეროდა
    _ ერთი კვირაა ავად იყო, გუშინ წამოდგა, ახლავე გამოვაო, მამცნო მასპინძელმა. ზღურბლს მომდგარის სახეს, ახალგაზრდობის წლების ძველი ელვარების სუსტი ანარეკლიღა აჩნდა. მისაღები ოთახის ძველ სარკეს გავხედე, დროს ჩვენი პორტრეტები დაესრულებინა. სარკის უკან, სიღრმეში, სადღაც სიკვდილის უჩინარი ლანდიც იგულისხმებოდა.
სასტუმრო ოთახში გავედით. თვალი უნებლიედ მარიცას ახალგაზრდობის ფოტოს სწვდა. მის ქვემოთ კი მეუურმიშვილის ნოტების ხელნაწერის ადგილზე, ჩემი ხელით შესრულებული მარიცას პორტრეტი ეკიდა.
    _ “სამოთხის კარში” წავიდეთ და ყავა იქ დავლიოთ _ მომიბრუნდა უცბად მარიცა.
    _უხერხულია, ნუთუ სტუმარს თვითონ ვერ ვუმასპინძლებთ,_ შეაგება რძალმა.
    _ჩემი საქმისა მე ვიცი, დღეს სხვანაირად არ შემიძლია.
    შვილსა და რძალს ცოტა არ იყოს გაუკვირდათ ახლად ნაავადმყოფარი ხანდაზმული დედის ასეთი ამჩატება, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
    კაფეში ადგილების უმეტესობა თავისუფალი დაგვხვდა. შესასვლელი კარის თავზე მიმაგრებული ბილბორდიდან ჰოლივუდის სამი კინოვარსკვლავი პისტოლეტმომარჯვებული დაგვცქეროდა. იქაურობა მეტისმეტად გათანამედროვებული მეჩვენა, ძველებური პეწი და ქალაქური ეგზოტიკა დაჰკარგვოდა.
      მარიცა ჩემ პირდაპირ მეორე მაგიდასთან დაჯდა პროფილით, ზუსტად ისე, როგორც პირველი შეხვედრის დროს.
    _დამხატე! მოულოდნელად მუდარანარევი ხმით მომმართა.
  _არ შემიძლია, სხვა დროს ვცადოთ..
  _დამხატე! _ ახლა მოთხოვნის კილოთი გამიმეორა.
    მყისიერად ქაღალდი ამოვიღე. მოგრძო,    დაგრაგნილი ფურცელი მაგიდაზე გავშალე და ხატვა დავიწყე.
    ვხატავდი სულმოუთქმქლად. უნდა მომესწრო, რომ ეს წამი მარადისობასთან მიმეერთებინა.
ხაზები თითქოს თავისით გადადიოდნენ ქაღალდზე, ცდილობდნენ ძველი ჩინელი ოსტატების შეგონების გამართლებას. ერთი ხაზი გადმოსცემს აზრს, ორი განწყობილებას.
    მარიცამ ხელჩანთა გახსნა, სარკე ამოიღო, საკუთარ სახეს გულდასმით კარგა ხანს აკვირდებოდა. სიბერე თითქოს შავი, მკვლელი ურჩხულივით დასდგომოდა თავს.
პორტრეტი თითქმის დამთავრებული მქონდა, რამდენიმე კონტურიღა აკლდა დასრულებას.
    _შეწყვიტე! _ დაიყვირა უცბად, ნახატს დასწვდა და წამის უსწრაფესად ნაკუწებად აქცია.
                                                                                                                      დ ა ს ა ს რ უ ლ ი   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები