ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ნოემბერი 2009



         

      მღვდლების ცოლები

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.




საკუთარი გავლენიდან დაწერილი ლექსი

ვზივარ ულექსოდ და
თითქმის უსახელოდ,
ასე გაცილებით
წერაც იოლია,
ჩემში უმნიშვნელოდ
არის რუსთაველი,
მაგრამ უმეტესი
გალაკტიონია

პოეტს საუკუნე როგორ
აკინძვია,
ადრე გავიგე და გვიან
მოვისაზრე,
ახლა სისხლძარღვებში
ნიშნიანიძეა,
ხოლო აორტაში მიდუღს
გორგილაძე.

მიყვარს სიარული ყოველ
ღამით, გვიან,
ყოველ გზამსხვილიდან ყოველ
გზაწვრილამდე,
ანუ ბესიკამდე
ასათიანიდან,
ანუ წერეთლიდან
ბარათაშვილამდე -

რადგან ხეტიალსაც შნო აქვს
ხეტიალის,
სადღაც შორიახლო ყეფენ
დამბაჩები,
თუმცა პოეტებზე ბევრად
მეტი არის,
ახლა სტრიქონებზეც ბევრად
მეტი არის,
ყველა გენიოსზე
ბევრად მეტი არის,
ჩემში მამაჩემი...




                       
                          ცოლი

ცოლი, ვზივარ და გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
ცოლი, მტკივა და ქარი ჰფანტავს წვიმების მინორს,
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ნინო.

ცოლი, ყოველხანს და ყოველდღე, ყოველთვე თითქმის,
ცოლი, ყოველწამს სხვანაირად ვფიქრობ და ვღვინობ,
ვღვინდები ზოგჯერ ვიღვენთები რაც ასე ითქმის -
რომ ყველა კუთხით და ყველა დროს - მიყვარხარ ნინო.

ცოლი, ქარია და ზამთარი ბორგავს ვნებისებრ,
ცოლი, მინდა რომ შენს ტერფებთან ლექსები ვფინო,
თითქოს გეღირსე, მაგრამ ვხვდები მთლად ვერ გეღირსე
და საკუთარი თავის პოეტს, შემინდე ნინო.

ცოლი, ღამეა და შრიალი ისმის კაბათა,
ცოლი, ამ ლექსთან ყველა ჩემი სტრიქონი კნინობს,
შეხედე მთვარემ საკუთარი თავი დაბადა,
მე კი საკუთარ თვითმკვლელობას ვიგუებ ნინო.

თუმც ბოლოს მაინც გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
მაგრამ იმედი იმედია და პირველ ყოვლის -
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ცოლი.




             
            (სოსო ლიპარტიას)

მომართული ქარია, დასავლეთის ქარია,
ქარი პოეტური და ეპოქა და სერია
ძირითადად შავ-თეთრი, სადაც არაფერია,
სადაც ქარიც არ არის და გარკვევით წერია -

რომ არ დარჩეს პოეტი ვისაც ღამე ეთიოს
პოეტებთან ერთად და ხანა იყოს სართველი -
სტრიქონებით, რომელიც აღმოაჩენს გენიოსს,
ვინც იქნება სულით და ჰაბიტუსით ქართველი.

ასე დაუწერიათ, რაც თუ დაუწერიათ,
მნიშვნელობით პირდაპირ, ანდაც გადატანითი,
ქარმა ლექსის სურნელი ამინდებში შერია,
მაგრამ მახსოვს ქართული იყო იმ დღეს ამინდიც.

ანუ რაც მე დავწერე შემთხვევითი არ არის,
არაფერიც არ ხდება ეპოქაში შემთხვევით,
ბათუმიდან თბილისში ერთი ლექსით, გულით და
ტრადიციით ქართული, შენს მარჯვენას ვემთხვევი

ჩვენი სფერო - კაცია, პროფესია - პოეტი,
ჩვენი სფეროს პოეტიც - პროფესიით კაცია,
ცამდე ვივლით ბილიკებს ერთი სიმარტოვეთი,
სანამ ძვლამდე არ დავა ლექსის რადიაცია.

მომართული ქროლვაა, ცა დაიმსხვრა ოზონად,
მაგრამ ქარიც არ არის და ბევრი რამ წერია,
დილამ ის სიყვარული ერთი კვირით მოზომა,
რაც დღეს ჩემს ყველაფერზე უფრო ყველაფერია.





                    ოლივერ!

ყველაფერი ირევა ახლა ჩემი გულივით,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ,
მზე არის და არც არის, ერკელიობს სეზონი,
აწი შენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ, ერთნაირი ორივემ...

კარგად მოგვეხსენება, ცუდად მოსახსენებიც,
ვარდისფერ გზის მაგიერ მიაშურეს ლელიანს,
ნაბიჯებით ჩუმი და ნაბიჯებით მეფური,
პოეტებმა რომლებიც დაფნის გვირგვინს ელიან,
ჩვენც ხმას ვეღარ ვიღებთ და ვიზრდებით და ეგ არი,
თორემ ძმაო, პატარა, - ღმერთიც საყვარელია.

(როგორც ვატყობ ეს ლექსი ამოხეთქავს წესისებრ,
და მტერი გყავს მოსაჟლეტმოსავერლიბრებელი,
სამშობლოში რუსთველის, სამშობლოში გალასი,
ასე იყო მუდამ და გაგრძელდება ყოველთვის,
მაგრამ შიგნით შეხედე და გწამდეს რომ პალაშით
მოსა-რითმ-ვინიერე... -  ბელი არის პოეტი)

ასე ჩემო ოლივერ, იმგვარად თუ ამგვარად,
რაღაც უნდა ვიღონოთ გახსნილად და სატირით,
სანამ ამბიციები ისევ ჩვენში დამცხრალა,
სანამ უფრო გაზრდილა შედეგი და ზარალი,
მოდი თვითმარქვიების სულაც დედა ვატიროთ,
ვინც ჯვარს იწერს ხომ იცი ყველა მერი არ არის

და დრო მაინც აფასებს ყველას თავისებურად,
აწი ჩვენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
მზე არის და არც არის ერკელიობს სეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ ერთნაირი ორივემ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს