ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2009


გზაზე

        კაცი მოუხრეშავ, ატალახებულ გზას მიჰყვებოდა. სიარული ისე უჭირდა, თითქოს გაუკვალავ თოვლში მიდიოდა. ლაბადის საყელო ოდნავ აეწია, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ქალისკენ არც იყურებოდა. ქალს ცალ ხელში ქოლგა ეჭირა, მეორეში _ ხელჩანთა. ჩაცმულობაზე ეტყობოდა, ასე, ორმოციოდე წლის იქნებოდა.
        გულისგამაწვრილებლად, მოსაბეზრებლად წვიმდა. გზა დაცარიელებულიყო, ხანდახან მძიმე სატვირთო მანქანები თუ ჩაიხრიგინებდნენ და სხვა არაფერი.
მარჯვნივ გადაუხვიეს, ბეტონის ფილებით დაგებულ ხიდზე გადავიდნენ. ნაწვიმარზე მდინარე ცოტათი მოდიდებულიყო. ახლა ისინი გვერდიგვერდ მიდიოდნენ. ხმას არც ერთი არ იღებდა. სასაფლაომდე კარგა მანძილი რჩებოდათ, წვიმა თანდათან მატულობდა.
        _ შევისვენოთ, _ თქვა ქალმა.
კაცმა, თითქოს არ გაუგონიაო, სიარული განაგრძო. ასიოდე მეტრიც არ ექნებოდათ გავლილი, რომ აღმართის თავში ორი შემხვედრი დალანდეს. ხელში თოხები და ბარები ეჭირათ და ხორხოცით მოჰყვებოდნენ გზას. ეჭვი არ იყო, სასაფლაოდან ბრუნდებოდნენ. ,,მესაფლავენი იქნებიან. ალბათ, ჭირისუფალი სადილს აუტანდა და კიდეც გამოთვრებოდნენ” _ გაიფიქრა კაცმა.
      ასეც იყო. რომ მიუახლოვდნენ, უშანგი იცნეს, მაღალ-მაღალი, აწოწილი, კეხიანი ცხვირით. რა ცნობა უნდოდა, მაგრამ მთაში თუ ცოტაოდენი ნისლიცაა, ძნელად შეიცნობ ვინმეს.
        _ ,,მაშინაც ეს იყო, მაშინაც ეს იყო!” _ აგრძელებდა ფიქრს თავისთვის კაცი.
      _ როდის ჩამობრძანდით ქალაქიდან? _ იკითხა უშანგიმ.
    _ დღეს. _ უხალისოდ უპასუხა კაცმა.
        _ რას იზამთ, ამინდი ვერ დაგახვედრეთ კარგი. _ ლაპარაკის საღერღელი აეშალა უშანგის.
    _ აბა, აბა, რა პურ-მარილი გაგვიფუჭა?! _ ჩაერთო საუბარში მეორე მესაფლავე, მორგვივით დაბალი, ღვინისგან ლოყებწამობჟირებული, რომელსაც ცალი შარვლის ტოტი ჩექმაში ჩაეტანებინა, მეორე კი ზემოდან გადმოეშვა.
    _ვინ მოკვდა? _იკითხა კაცმა.
    _ალექსი... კვიჟინაძე, კიდევ ერთი დღე და მორჩა, დამთავრდა კაცი.
      _წავიდეთ, _ თქვა ქალმა.
      მერე აღარავინ შეხვედრიათ. ეს კია, ქალს ორჯერ ფეხი დაუსხლტა  და კაცი რომ არ შეშველებოდა, ალბათ, დაშავდებოდა კიდეც.
წვიმა არა და არ იკლებდა.  სასაფლაოზე შესასვლელი ჭიშკარი ძლივს გააღეს. იქიდან უკვე ვიწრო ბილიკი იწყებოდა. უკანასკნელად აქ ყოფნის შემდეგ საგრძნობი ცვლილება შეინიშნეს. საბაგირო გზის მშენებლობა დაწყებულიყო.  აქაურები გულისტკივილით ჩიოდნენ, ამოვლენ, ბატონო, ეს ტურისტები, ათასნაირი ჭრელ-ჭრელი ხალხი და შებილწავენ ამ წმინდა ადგილსო, მაგრამ ყური ვინ ათხოვა, მშენებლობა ისევ გრძელდებოდა. მის მარცხნივ და მარჯვნივ სულ ახალი საფლავები გაეჭრათ. მაინც რამდენი მომატებოდა ამ სამ წელიწადში, თანაც ახალგაზრდები. საფლავები უმეტესად  გრანიტის შავი და თეთრი ფილებისაგან გახლდათ ნაგები.
      ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის მონოტონური ხმა არღვევდა. ქალი ერთიანად ნერვიულ ცახცახს აეტანა. ცხვირსახოცი ამოეღო და უკვე იცრემლებოდა, კაცი თითქოსდა გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მარჯვნივ, უფრო პატარა ბილიკისაკენ გადაუხვიეს თუ არა, შავკაბიანი მოხუცი ქალი შენიშნეს, ბარით რაღაცას ასწორებდა.
      _ გიგა, შვილო! _ იკივლა ქალმა. გამოჩნდა თეთრი ქვა, ზედ ბავშვის დავარცხნილი თმა და ასევე ბავშვურად მომღიმარი სახე. ამღვრეული წყლის ნაკადი თავის გზას ასცდენოდა, რკინის მესერს შიგნით შევარდნილიყო და საფლავს წარეცხვით ემუქრებოდა. მოხუცს ბარის პირით ახალი თხრილის გაყვანა დაეწყო, რომ წყალი როგორმე ღობისთვის აეშორებინა. ქალს ნერვებმა უღალატა. კაცმა იგი რკინის ღობეს შემოყოლებულ ბორდიურზე დასვა. ცოტა ხნის შემდეგ ქალი გონს მოეგო.
      ახლა ისინი სამნი იყვნენ. მთლად გაწუწულნი, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ცდილობდნენ, წყლისთვის სხვა მიმართულება მიეცათ. საათ-ნახევრის შემდეგ თანდათან გადაიღო და უძალო მზემაც გამოიხედა.
      უკვე შებინდებული იქნებოდა, აღმართს რომ აუყვნენ.
    _ არ ვიცი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი, ქალბატონო მარიამ. _ ყოველი წვიმის დროს... ყოველი წვიმის... წარმოგიდგენია?!.._ აღარ ჩერდებოდა ქალი.
    _ ეგ არაფერი, სანამ სული მიდგას, ამათ მე მივხედავ. გულს იგი მიკლავს, მეზობელიც კი აღარ შემრჩა. გავიგე, შვილივით გაზრდილი ანტონაც ქალაქში აპირებსო გადაბარგებას.
    _ ჯერ ხომ არ გაუყიდია? _ გამოცოცხლდა უცბად კაცი.
    _ არა, _ უპასუხა მოხუცმა, _ ამბობენ, ვერ ნახა სასურველი მუშტარიო.
    კარგა ხანს უხდიდნენ სასაფლაოს მომვლელს მადლობას, რას არ ჰპირდებოდნენ. ხიდთან    დაშორდნენ ერთმანეთს.
    კაცი და ქალი ისევ მარტო მიჰყვებოდნენ გზას. ის იყო, სოფლის ცენტრში უნდა შესულიყვნენ, რომ კაცი შეჩერდა, მერე სევდიანად მოავლო თვალი დადუმებულ სოფელს. გულში რაღაც ჩასწყდა, განშორების სევდა, ტკივილი იგრძნო, _ მძიმე და ცივი, როგორ თანდათან შედიოდა სხეულში. თითქოს მედუზას შეჰხებოდა, ისე შეაჟრჟოლა.  ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ქალს, რომელიც იქვე მდგარ ჭადრის ხეს მიყრდნობოდა, უთხრა: _ განცხადება უნდა დავწერო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ქალმა გაკვირვებით შეხედა, მაგრამ სახიდან გაოცება მალევე გაუქრა:_  რატომო, არც უკითხავს, მისთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს