ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2009


"მშვიდობით, მეგობარო"

                                                          ***

ერთ დღესაც უცნაურ გარემოში გამოეღვიძა. სხვა ოთახი, სხვა კედლები, სხვა საწოლი... ხვდებოდა, რომ ნამდვილად არ იმყოფებოდა თავის სახლში. იმ საბანშიც კი, რომელშიც მას ბავშვივით ეძინა, ახლა უსიამოდ იგურსნებოდა და ბალიშიც კი ნერვებს უშლიდა. ნელ-ნელა გამოდიოდა ძილბურანიდან, საათის წიკწიკი კი გულს უწუხებდა...
სად ვარ?! – კითხვა, რომელიც არ ასვენებდა და თითქოს შიგნიდან ბურღავდა, ჯერაც პასუხგაუცემელი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ძალა მოიკრიბა, თავი წამოყო და გულდასმით მოათვალიერა ოთახი, რომელშიც იმყოფებოდა.
სად ვარ?! სად ვარ?! რიტორიკული კითხვა კვლავ განაგრძობდა მის ტანჯვა-წამებას, თუმცა ფიქრებს კარის ჭრიალმა მოსწყვიტა:
- გამარჯობათ ბატონო გოგი.
გოგიო?! გოგი, გოგი... სადღაციდან ეცნობოდა ეს სახელი, თუმცა ის, რომ გოგიდ მოიხსენიეს, ძალიან ეუცნაურა, რადგან ლევანს ვერაფრით გაეხსენებინა რა ერქვა და ვერც ის, თუ საიდან ეცნობოდა თეთრხალათიანი ბატონის მიერ წარმოთქმული სახელი გოგი.
ახალმა კითხვებმა უარეს დღეში ჩააგდეს. თავი საზარელმა ტკივილმა მოიცვა და თვითონ კი, ვეებერთელა კაცი, მოიკუნჭა და დაპატარავდა. უცებ მცირედი შვება იგრძნო...
- დამშვიდდით ბატონო გოგი, ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება!!! თქვენ კი დაისვენეთ, დასვენება გჭირდებათ... – თეთრხალათიანმა ნემსი ურნაში ჩააგდო და კარი გაიჯახუნა...


                                                                ***

-გამარჯობათ ბატონო გოგი.
-გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ... – კვლავაც ჩაფიქრებული და ოდნავ დანაღვლიანებული სახით გააგრძელა გზა კორიდორისაკენ. ის ფიქრობდა... ფიქრობდა კი არა მოსვენება ჰქონდა დაკარგული და არ იცოდა რა ექნა... მის მხრებზე კი ანგელოზი და ეშმაკი ცხარედ კამათობდნენ:
-შეცდომას ყველა უშვებს... ამშვიდებდა ეშმაკი.
-როგორ თუ ყველა უშვებს?!
-ძალიან კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ და მე მგონი, მე არ უნდა გიმტკიცებდე იმას, რომ შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია!!!
-მართალი ხარ,მაგრამ... შეცდომა?! შეცდომას გააჩნია!!!
და ასე უსასრულოდ მიდიოდა ცხარე კამათი... იმდენად უსასრულოდ და იმდენად გულწრფელად, რომ კაცი-შვილი ვერ გაიგებდა რიგ ეპიზოდში რომელი იყო ეშმაკი და რომელი ანგელოზი...
გოგის?! გოგის მათთვის არ ეცალა... გოგის ჰყოფნიდა თავის პრობლემები ან კი როგორ გაიგონებდა მათ ბრჯა-ბაასს, როცა გაქანებული ათეისტი იყო?! ის ფიქრობდა თავის განუყრელ მეგობარზე, რომელიც ასე დაუნდობლად გაწირა და ვინ იცის, იქნებ ის, უკვე აღარც ეწერა ცოცხლებში...

                                                                      ***

-იცი... მამაჩემმა ახალი მანქანა იყიდა.
-მართლა?!
-კი და შემპირდა, შენ და გოგის აუცილებლად წაგიყვანთ ზოოპარკშიო.
-აუ რა მაგარია!!! - გახარებულმა დედასთან მიირბინა და ყოველი შემთხვევისთვის, ნებართვის აღებით, თავი დაიზღვია. დედა, რა თქმა უნდა დათანხმდა, ან კი როგორ ეტყოდა უარს, როცა ლევანის დედ-მამა მათთვის ახლობლებზე მეტი იყვნენ...
გოგი და ლევანი, იდეაშიც კი არ იყვნენ, როცა მათი მამები დამეგობრდნენ. ლევანის მამამ, გიორგიმ ბაქარი ჯარში გაიცნო. მალე გაუგეს ერთმანეთს, დამეგობრდნენ კიდევაც, მაგრამ მას მერე მოხდა ის, რამაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეაკავშირა...
ერთ-ერთი წვრთნის დროს, როცა ოპერაცია უკვე წარმატებით სრულდებოდა, გიორგიმ დაინახა, რომ სასწავლოს ნაცვლად (განზრახ თუ შემთხვევით, დღემდე ყველასათვის უცნობია) ბაქარისკენ საომარი ყუმბარა ისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ახალგაცნობილი მეგობრის გადარჩენა მარჯვენა ფეხად დაუჯდა, მას არასდროს უფიქრია თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვა შემთხვევაში, რადგან მისთვის სხვა შემთხვევა წარმოუდგენელი იყო. ბაქარი კი ცხოვრების ბოლომდე თვლიდა, რომ ვერასდროს გადაიხდიდა მეგობრის ვალს, მაგრამ ერთი რამ კი ჩვევად გაიხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ჯერ გიორგიზე ფიქრობდა.



                                                                ***

გოგის დარდმა საბოლოოდ გადაუარა.
- სიკვდილს ვერავინ გაექცევა, ცას ვერავინ გამოეკიდება – ფიქრობდა ის. ცხოვრება გრძელდებოდა. ყოველდღე ერთი და იგივე: სამსახური, მეგობრები, ალკოჰოლი, ბანქო, ქალები, გართობა... მისი ყოველი დღე იმდენად ერთნაირი იყო, მაგრამ ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანი, რომ მის სიცოცხლეს ალამაზებდა და საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნოს ხდიდა. დრო და დრო დარდი მოაწვებოდა, კურცხალი ჩამოგორდებოდა სახეზე, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდებოდა და ისიც მხოლოდ მაშინ თუ მარტოდმარტო დარჩებოდა საკუთარ თავთან...
მთელი ეს ორომტრიალი, ყველანაირი გართობის ატრიბუტი, მას მხოლოდ თავის სინდისისგან გასაქცევად სჭირდებოდა... ვერც მეგობრებთან ერთობოდა ისე, როგორც უწინ, აღარც სექსი სიამოვნებდა იმდენად... თითქოს ყველას და ყველაფერს დაეკარგა გემო, მაგრამ მაინც ყოველთვის ცდილობდა ისე დაეძინა და გაეღვიძა, რომ საკუთარ თავთან არ განმარტოებულიყო....
სინდისი... საოცარ რამეს აღნიშნავს ეს სიტყვა, რომელიც რაღაც ვირტუალურს და წარმოსახვითს ასახავს, ამავდროულად კი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების...
ეს არის ისეთი რამ, რაც რაღაც დოზით ყველა ადამიანს გააჩნია და ადრე თუ გვიან მწარედ ახსენებს თავს...


                                                                ***

სისხამ დილით, წვიმიან ამინდში, უკვე ხანშიშესული და სულმთლად გაჭაღარავებული გოგი, ფიქრებს მანქანის მუხრუჭების წივილმა მოსწყვიტა... ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მართვის მოწმობა ახალი აღებული ჰქონდა, უცებ გადმოხტა შავი ფერის “ბმვ” – ს ფირმის ავტომობილიდან და მიირბინა მოხუცებულთან, რომელიც გაუნძრევლად ეგდო წვიმით გაჟღენთილ ასფალტზე...
ის-ის იყო პულსის გასინჯვა დააპირა ახალგაზრდამ, რომ გოგიმ მას ხელზე ხელი ჩაჭიდა. ბიჭი გაოგნებული, შეშინებული და შეწუხებული სახით უმზერდა მოხუცს...
- მაპატიე ლევან!!! მაპატიე!!! – აღმოხდა ბერიკაცს და ლევანის მკლავებში განუტევა სული.
ლევანი კი კარგა ხანს ვერ მოეგო გონს, მოხუცის გვამთან იჯდა გაოცებული და ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ მაშინღა გამოფხიზლდა, როცა პატრულის თანამშრომლებმა ხელბორკილი დაადეს და მანქანაში ჩასვეს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები