ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2009


***



მშვენიერი და შეუმჩნეველი,
როგორც ჩრდილი
ზარს შეფარებული...

***
მწვანე ქოხში მწვანე ლეიბი
ჰორიზონტთან მოთიბულ ბალახის,
საბნად ჰაერი სურნელოვანი
და ნიავს მოყოლილი სითბო ვარსკვლავების.

***
ღმერთის მზერა თუ არ ეხება,
არ დაიბადება
ყვავილზე ნამი,ფურცელზე სტრიქონი.

***
ადამიანს ვაზი შეუყვარდა,
ვაზს_ადამიანი
და ერთმანეთს  დაემსგავსნენ
გული და მტევანი.

***
კაცმა სარკიდან ისე გამოხედა,
ქალმა იგრძნო,რომ აღარ უყვარდა,
და გულში კიდევ ერთი
ყვავილი ჩაუქრა...

***
მზესავით ჩუმად იარე ბაღში_
სადღაც ხიდან კვირტი გამოდის
და სადღაც კვირტიდან
გამოდის ყვავილი...


გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
---------------
მშვენიერი და მოულოდნელი,
როგორც უდაბნოში
ხე აყვავებული...

***
თვალებზე ღრუბლის ჩრდილი
გადაგივლის
და სევდას შეგატოვებს ზეცისას.

***
ფრენისას წამითაც რომ გაჩერდეს,
ფრინველი ცის ბზარი გეგონება.


მწვერვალთან  ახლოს
------------------
და დიდხანს იდგა იმ ადგილას,
სადაც ერთმანეთს ეწვდებიან
თოვლი და ბალახი...

***
ის ღმერთზე ფიქრობდა
და ხატები აღარ ახსოვდა
და ხატები ხარობდნენ ამით.

***
ფერი_არა,
ხმა მახსოვს თვალების.

***
ხელი რომ დაგიქნია
უფსკრულში ვარდნისას,
შველა ითხოვა
თუ ამბორი გამოგიგზავნა?

***
მხოლოდ ერთხელ დააგვიანდა
და მაშინაც_
სიკვდილის მიზეზით...
და მერე სამუდამოდ მოვიდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები