ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


შენი წილი ცა

                        შენი წილი ცა
                  /ლირიკულ-ესეისტური პოემა/
                        /მცირე შემოკლებით/              “ხემ არ იცის ნაყოფს როდის გამოიღებს,
                                                                        ყვავილმა არ იცის, როდის გაიშლება"
                                                                                                თეოდორე იერუსალიმელი
1.
და როგორც ნისლი ქარში დევნილი,
მთვარეულივით გამოხვალ გარეთ
რუხ მგლისფერება და აღრენილი,
რკინის ბორბლებზე გუგუნებს ღამე.
რკინის ბორბლებზე გუგუნებს ღამე,
თითქოსდა უკუნ ტრამალზე მიჰქრი,
მერე ქალაქის დამტვერილ ცაზე
წრიალებს შენი დაღლილი ფიქრი.
და ასე დახვალ უცხო ქალაქში
და უხიაკი ფიქრებით ცდები,
მტვერში, ხმაურში და მუქ ტალახში
დაკარგულია უმზეო წლები.
შენ მძიმედ გეწვის დაღლილი მხრები
ლაოკოონის ტკივილებს იტან,
ვიღაცამ თითქოს ჩამოგსხნა ფრთები
რკინის თასმებით მიგაბა მიწას.
აქ შენი ფიქრიც ცაში საფრენად
ჯიუტად დადის უხმოდ ჩენილი,
ნუ გეშინია, შენ ხომ ამ ქვეყნად
სიყვარულისთვის ხარ გაჩენილი!
2.
აი, იმ კაცის უცოდველ ღიმილს
და გასაოცრად დაღარულ სახეს,
რომლის უფერულ სევდას და ტკივილს
ვერავინ იძენს, ვერავინ ამჩნევს.
რისთვის აგებენ ამდენ სასახლეს,
ან ქვეყნად რისთვის ირჯება ხალხი.
ან მზე მუდამჟამს რისთვის ანათებს,
ან რა სიმართლით ტრიალებს ჩარხი.
რამდენ კერასთან ქრება სინათლე,
რამდენ ჭერის ქვეშ აღარ თენდება,
და ცრემლი ყველგან, როგორც სიმართლე,
რად უნდა ზიდონ მხოლოდ დედებმა.
იტანჯებიან მწარე ურვისგან
და ათასები ჰქრებიან ქვეყნად,
მაგრამ ცხოვრება სიყვარულისგან,
ისევ და ისევ ფეთქავს და ფეთქავს.
სანამ არყოფნის წამები მოვა
და სანამ თეთრი ღრუბელი დადის,
ჩვეულებრივად მზე ნათობს როცა,
ჩვეულებრივად ცივა და ბარდნის,
და როცა გჯერა და როცა იცი,
ჩვეულებრივად ამოდის მთვარე,
დენივით დაგდის ხვალეზე ფიქრი
და მეგზურივით მოგყვება ღამე.
აღარავისი არა გაქვს რიდი,
რომ სევდას უნდა ზოგჯერ გამხელა,
რა უნდა გერქვას ამაზე დიდი,
ადამიანი გქვია სახელად!
3.
რეპროდუქტორის საზარელ ხრიალს,
რომელსაც უსმენ და აღარ გჯერა
და  წუთისოფლის უცნაურ ტრიალს,
გვაფორიაქებს რომელიც ყველას,
ნუთუ იმიტომ ჰქონია აზრი,
რაც ქვეყანაზე მტრობა არსებობს,
ნუთუ იმიტომ ირჯება ხალხი,
რომ დღევანდელი დღით იარსებოს.
ნუთუ იმ კაცსაც გამართლება აქვს,
რომელიც მუდამ თავისთვის ცხოვრობს,
თურმე ცხოვრება მართლაც ისაა,
არსებობისთვის იომო მხოლოდ.
სიცოცხლე მაშინ არის იმედი,
თუ შენი წილი სხივი იპოვნე,
კაცმა ხომ უნდა შესძლოს იმდენი,
რომ გაამართლოს თავის სიცოცხლე.
რაღაცის მაინც ხომ უნდა გწამდეს,
ვიღაცას მაინც ხომ უნდა ენდო,
რომ შენი წილი სიცოცხლის მნათე
შენი სიკვდილის შემდეგაც ენთოს.
გიშენებია სასახლეები
და ოქროებით ივსებდი კედლებს,
ზაფრით მიდიან შენი დღეები
და ესიზმრებათ შვილები დედებს.
და გარდასული ომების ფარდა,
ლოდ ყინულივით მზარავი ელდა,
ისევ და ისევ აცრემლებს მამას,
ისევ და ისევ აკივლებს დედას.
აი,  ის ბავშვიც, ხვალ რომ იტირებს,
უმამოდ უნდა დარჩეს, იაროს,
ობლად დარჩენილ უხმო ტკივილზე
პასუხი აგე, ადამიანო!
4.
და ბედისწერა სანამ გპატრონობს,
სიცოცხლე, როგორც სეანსი გადის,
ზოგისთვის გროში არის სამშობლო,
ზოგისთვის კიდევ კრამიტზე ხავსი.
მასზე ნუ დარდობ, რაც უკვე იყო,
შენ ის გეხება, რაც ახლა ხდება,
და ერთი კაცის სიკვდილთან ერთად,
მთელი სამყარო ყოველთვის კვდება.
გილგამეშიდან გაგარინამდე
ერთი ეპოქა უკვე დამთავრდა;
ახლა იწყება სულ სხვა სიმაღლე,
ახლა შენ მართლა მიხვალ ვარსკვლავთან.
ესტაკადები, ძაბვა უხეში
კვლავ ბლინდაჟები, სანგარში ხოხვა
და რობოტების საუკუნეში
სქოლიო უნდა დასჭირდეს ლორკას.
და გაფატრული იმპერიები
სამაროვნების კედლებში მიწვა,
რუკაზე ბავშვი დაეძებს ხატინს,
როგორც პლანეტის სიშლეგის ნიშანს.
ვიდრე სამყარო ოთხზე გაივლის.
ღილაკი ან სულ დათვლა ათამდე,
ზის თუჯის ქოხში აინშტაინი
და აყირავებს ბედის კამათელს...
5.
ფეხს ძლივს იკიდებს ჯამბაზი თოკზე,
გადასასვლელზე თამაშობს ბავშვი,
და კოშკურიდან დაშვებულ სპორტსმენს,
გულისფეთებით ელიან სახლში.
და ჯარისკაცულ ყვითელ ბარათებს
კვლავ ეწერებათ სტამბული... რომი...
და მშვიდად ვეღარ უცქერ პატარებს,
ვისთვისაც ასე უცხოა ომი.
და მერე ისევ მსჯავრი, მსაჯული.
და მერე ისევ ბინდი, სინათლე,
და აცრემლებულ თალხი წარსულის
წინაშე თავი თუ გაიმართლე?!
შენ დაიბადე და შენი წილი
დაგხვდა აღმართი და გზები ძნელი,
გაჩენის დღიდან დაობ და ტირი,
რაღაცას ეძებ, რაღაცას ელი.
შენი საწილე გზებიც გამუქდა,
შუბლზე წარსული დაღივით გაზის,
ბოლოს და ბოლოს იწამო უნდა,
მიწაზე შენი დადგომის  ფასი.
6.
გუშინ სიკვდილის გერგო სამოსი
და ბოლოს იგი ისე მოვიდა,
რომ თითქოს კარი სასაფლაოსი,
მოჭრიალებდა შენკენ შორიდან.
და შენ იგრძენი ადამიანი,
მხოლოდ იმიტომ მოვიდა ქვეყნად,
სხვებს დაუტოვოს გზები მზიანი
და მოევლინოს სიკეთეს ძეგლად,
და გამგებელთა მბზინავ დარბაზებს,
თუ ცდუნებისკენ ექცევა ხელი,
თუ რასაც ასე ვგრძნობთ და ვაფასებთ,
გახდება ქვიშა, ფერფლი და მტვერი.
და თუ ცოდვილი პლანეტის სახეს
ახალი შიშის ელდა ედება,
თუ უსაფლავო ჯარისკაცებზე
ცრემლი სასთუმლად იდეს დედებმა.
თუ ისევ  ფიქრობ სამყარო ძველი,
კვლავ ომის  ზარით გადაიარო,
ნუთუ ამდენი სისხლი და ცრემლი
აღარ იკმარე  ადამიანო?!
7.
შენ ხედავ როგორ თენდება მშვიდად,
ცა შინდისფერად  რომ იღებება,
ალუჩის ტოტზე იღვიძებს სკვინჩა,
ფრთით მოგახარეს დილა მერცხლებმა.
სხივი, რომელიც წრიალებს შენ წინ,
ხან აინთება, ხან ჩაიქრება.
უყურებ დილას და შენ არ იცი,
დღე ხვალინდელი თუ რას გპირდება.
ქალაქშიც მშვიდად თენდება ისევ
და ქარი ქუჩებს სახლებში დაჰყავს,
ქარში გაბნეულ ღრუბლებს და ნისლებს,
ქარი პოულობს და ისევ კარგავს.
ყრუ, უსასრულოდ განიერ კედლებს,
გარედან წყრომით ეხლება წვიმა,
სველ ქუჩის პირას გაკრეჭილ ხეებს
ასფალტის მძიმე მარყუჟი სტკივათ.
და შენი წილი ზეცის ნაფლეთი,
ვით შაბიამნის სითხე დაღვრილი,
დაჰყურებს მიწას გაოცებული,
შეშფოთებული და გადაღლილი.
და სანამ დგახარ მშობელ მიწაზე,
უნდა სიკეთის გზებით იარო,
რომ ცოდვით სავსე დედამიწაზე
მზესავით იდგე ადამიანო!!
                                          1979წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები